დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
დიდი ატენის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის საერთო ხედი

დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია – ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ატენის მახლობლად ატენის სიონის მოპირდაპირე მხარეს, მდინარე ტანის მარჯვენა ნაპირზე, მთის ტყიან ფერდობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით.

იოანე ნათლისმცემლის ეკლეია

ეკლესია დარბაზულია (7,3 X 4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიულ აფსიდში ვიწრო სარკმელია. ასეთივე სარკმელია დასავლეთ კედელში. აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. ლავგარდანი თაროსებრია, აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესია მთლიანად იყო მოხატული. ფერადოვანი ლაქები შეიმჩნევა კამარაში, სარკმლის ჭრილში, შესასვლელის ლუნეტში.

მოხატულობის ფრაგმენტები შემორჩენილია საკურთხეველში და დარბაზის კედლებზე. საკურთხევლის მოხატულობა სამ რეგისტრად იყოფა. პირველ რეგისტრში (კონქში) წარმოდგენილი ვედრების კომპოზიცია გავრცობილი სქემისაა: მთავარი პერსონაჟების გარდა გამოსახულია ექვსფრდედები და ანგელოზები. მეორე რეგისტრში წარმოდგენილია მოციქულები. მესამე რეგისტრში გაირჩევა ეკლესიის მამათა მოწითალო-აგურისფერი აბრისები. საკურთხევლის სარკმლის წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. დარბაზის კედლებზე დარჩენილია სიუჟეტური კომპოზიციათა ფრაგმენტები: სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე - ხარება; ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, პეიზაჟის ფონზე - ანგელოზის ფიგურა. კამარაში კომპოზიციები გაყოფილია ვიწრო ორნამენტული ზოლით. კოლორიტში ჭარბობს ლაჟვარდოვანი ცისფერი, მოწითალო-აგურისფერი, მოწითალო-ოქროსფერი და ოქროსფერი ოქრა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]