ხელთუბნის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხელთუბნის სამების ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ცენტრში. აშენებულია 1806 წელს.

ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა, ნაშენია აგურით (14 X 7 მ). კარ-სარკმლის საპირეები თლილი ქვისაა (გვხვდება რიყის ქვაც). ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთით და დასავლეთით. აღმოსავლეთით, სწორკუთხა საკურთხეველში განიერი, სწორკუთხა სარკმელია. სამხრეთის შესასვლელის თავზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი სარკმელია, მათ შორის შუა უფრო განიერია. ერთი განიერი სარკმელი ჩრდილოეთ კედელშია. დარბაზის განივი კედლები ორი წყვილი მძლავრი პილასტერით სამ ნაწილად იყოფა. შუა ნაწილი კვადრატულია და გუბათი ადგას თავზე. განაპირა ნაწილები ვიწრო, ტოლი ოთკუთხედებია, გადახურულია ცილინდრული კამარით. გუმბათქვეშა კვადრატი პილასტერებზე გადაყვანილი თაღებისა და გრძივი კედლების თაღების გადაკვეთით იქმნება. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით. გუმბათის ყელი შემოსაზღვრულია დაბალი სწორკუთხა ყრუ კედლებით და გადახურულია კრამიტის ოთხფერდა სახურავით, რომლის წვერზე მცირე ზომის პირამიდული სახურავიანი აგურის ნაგებობა დგას. აღმოსავლეთის ფასადის სარკმლის თავზე, ფრონტონის ქვეშ დიდი ზომის ჩაღრმავებული ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის სარკმლების გვერდზე ვიწრო დეკორატიული სარკმლებია. დასავლეთის შესასვლელის თავზე, სპილენძის სწორკუთხა ფირფიტაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომელიც დაზიანებულია და გვაუწყებს ეკლესიის აგების თარიღს (დამკვეთის ვინაობა არ იკითხება). ფასადებს შემოვლებული აქვს სამსაფეხურიანი აგურის ლავგარდანი. ნაგებობა გადახურულია კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.