ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია

ზემო ნიქოზის ღვთაების ეკლესია — კომპლექსი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის ცენტრში. მდინარე ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. კომპლექსში შედის ოთხი სხვადასხვა დროის ნაგებობა: ღვთაების ეკლესია, სამრეკლო, ეპისკოპოსის სასახლე და გალავანი. ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ღვთაების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთაების ეკლესია კომპლექსის ცენტრში დგას. პირველი სამშენებლო ფენა თარიღდება V-VI საუკუნეებით. ეკლესია რამდენიმეჯერ ისეა გადაკეთებული, რომ სამშენებლო ფენების დადგენა გაძნელებულია. მემატიანე ჯუანშერის ცნობით იგი ვახტანგ გორგასლის დაკვეთით აუგიათ. ნაგებობა თავდაპირველად სამნავიანი ბაზილიკა ყოფილა.

ეკლესია ამჟამად ჯვარ-გუმბათოვანია (16,7 X 11,15 მ), შიგნით და გარეთ შემოსილია თლილი ქვით. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით (ამოქოლილია) აქვს. აღმოსავლეთის და დასავლეთის მკლავი დანარჩენთან შედარებით დაგრძელებულია. ოთხივე მკლავში თითო სარკმელია. საკურთხევლის აფსიდის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნეა. ორივე სათავსი სწორკუთხაა, გადახურულია კამარით, დასავლეთით შესასვლელი აქვთ - აღმოსავლეთით - თითო სარკმელი. აფსიდის წინ ღრმა ბემაა, რომელიც გვერდებზე დიდი თაღებითაა გახსნილი. დასავლეთის მკლავი კამარით გადახურულ გვერდის ნავებს უკავშირდება შეისრული თაღით. გუმბათი აღმოსავლეთ კედლის კუთხეებსა და დასავლეთის კედლის დიდ შვერილ პილონებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა თაღები შეისრული ფორმისაა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა სარკმელია. იატაკი ნატეხი ქვისა და აგურისაა.

ეკლესია შიგნიდან მოგვიანებით შეულესიათ. შენობა გადახურულია ლორფინით. მარტივპროფილიანი ლავგარდანი გვიანდელია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმელი XIX საუკუნის ბოლოს გაუუქმებიათ და მის ნაცვლად მაღალი და განიერი სარკმელი გაუჭრიათ. გაუქმებული სარკმლისგან შემორჩენილია თაღები და თაღებზე აღმართული ჯვარი. სარკმლის თაღი სხივისებრად ნაწყობი ქვებითაა მიღებული. მასაც დეკორატიული თაღებით დამუშავებული თავსართი აქვს. გაგანიერებულია სამკვეთლოსა და სადიაკვნის სარკმლებიც. ფასადის მაღალ სარკმელს შემოუყვება ლილვებში მოქცეული არშია, რომელიც გარედან შეწყვილებული ლილვითაა მოჩარჩოებული. ლილვის კაპიტელები და ბაზისები ორნამენტირებულია. სარკმელთან სამი გირჩი და წრეში ჩასმული ჯვარია. დაბალი ცილინდრული გუმბათის ყელი გაწყობილია დეკორატიული თაღებით. შენობისათვის ოთხივე კეხზე მოგვიანებით ქვის ცხვრის თავები დაუდგამთ. ფასადებზე ძნელად გასარჩევი ასომთავრული, ნუსხური და მხედრული წარწერებია. მოგვიანებით არის აგებული ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კარიბჭეებიც. მათ შესასვლელებს წვრილ ლილვებში ჩასმული ჩუქურთმიანი არშია გასდევს. გარედან შეწყვილებულ ლილვებზე წყვილი თაღი გადადის. კაპიტელები და ბაზისები ორნამეტირებულია. სამხრეთ კარიბჭის მარცხნივ ეკლესიის რელიეფური გამოსახულებაა, თაღის ზემოთ ამოკვეთილია ჯვარი წარწერით — „1889 წელი“.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზემო ნიქოზი. სამრეკლო

სამრეკლო დგას გალავნის ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ნაგებობა ორსართულიანია (5,45 X 5,35 მ), ფასადები შემოსილია რუხი ფერის თლილი ქვით. სამრეკლოს პირველი სართული ჭიშკარია, რომელსაც ორივე მხრიდან შემოუყვება შეწყვილებულლილვიანი თაღები. დასავლეთის კედელზე ჯვრის სამი გამოსახულებაა. ფასადებზე რამდენიმე ძნელად წასაკითხი ასომთავრული წარწერაა. ზოგიერთ წარწერაში სამრეკლოს მშენებელი „გალატოზნი“ არიან მოხსენიებული, საიდანაც ვიგებთ, რომ იგი აუშენებიათ კალატოზებს: მემარნიშვილსა და გვრიტიშვილს. ნახევარწრიული კამარა ეყრდნობა სამ თაღს. მეორე სართული (5,35 X 5,45 მ) ზარების ჩამოსაკიდი ფანჩატურია. სართული ოთხივე მხარეს გახსნილია ორ-ორი შეისრული თაღით. თაღებს შორის დაბალი კოლონაა მარტივპროფილიანი კაპიტელებით და ბაზისით. სართულებს აკავშირებდა ხის კიბე. სამრეკლო გადახურულია კამარით. ოთხივე ფასადი მთავრდება ფრონტონით, რომელთა კეხზე ცხვრის თავის ქვის გამოსახულება დგას. სამრეკლოს ორივე მხრიდან ებჯინება მოგვიანებით აგებული გალავნის კედლები.

ეპისკოპოსის სასახლე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპისკოპოსის სასახლე დგას გალავნის გარეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთით. თარიღდება IX-X საუკუნეებით. სასახლე გეგმით სწორკუთხაა (11,2 X 21 მ), ორსართულიანი, ნაგებია რიყის ქვით და აგურით. კონსტრუქციული ნაწილები აგურისაა. სასახლის შესასვლელები ჩრდილოეთით (მთავარი) და დასავლეთითაა. პირველი სართულის სამხრეთ კედელში მოზრდილი სარკმელი და დიდი ბუხარია. ბუხრის ცენტრში პატარა ნიშია, ხოლო სარკმლის გვერდით - ოთხკუთხა ნიში. ამ ნიშთან, კედელში დატანებულია დიდი ზომის კერამიკული მილები. დასავლეთ კედლის მარცხენა კუთხეში ტრაპეციული ღრმა ნიშია, რომელიც მეორე სართულზეც გრძელდებოდა. ნიშის სამხრეთით მცირე სარკმელია, ხოლო იქვე, ახლოს - ოთხკუთხა ნიში. დასავლეთის კარის მარჯვნივაც სარკმელია, ჩრდილოეთის კარის გვერდებზე - თითო ნიში. მეორე სართულზე, სამხრეთ კედელში, შემორჩენილია ბუხარი, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში კი თითო ნიშის თუ სარკმლის ფრაგმენტები. ჩრდილოეთ კარის თაღოვანი ნაწილი ჩამოწეულია. გარეთა, გამოწეული ნაწილის გვერდებზე დაბალი კოლონებია გამოყვანილი. ზემოთ ხუთი მცირე კბილანა თაღია.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]