ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია (გორი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალდაბის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლდაბის სამხრეთით, ტყის პირას. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (7,8 X 4,6 მ), ნაგებია ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებითა და რიყის ქვით. შენობის კუთხეები, შესასვლელის გვერდები და არქიტრავი მუქი ღვინისფერი პორფირიტისაა, საბჯენი თაღები, კამარა და ლავგარდანი - აგურის. ეკლესიას თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილში აქვს. შიდა თაღი შეისრული ფორმისაა, გარეთა - ნახევარწრიული. ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთი გვერდი ოდნავ ნალისებრია. აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან კი სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ კედელთან ქვით ნაწყობი სატრაპეზოა. აფსიდის ჩრდილოეთ კედელში მცირე ნიშია. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის მიწის იატაკისაგან ამაღლებულია ერთი საფეხურით (შემორჩენილია დასავლეთ კედლის ძირში). დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. დასავლეთის კედელს კუთხის პილასტრები აქვს. პილასტრები და აფსიდის მხრები დამთავრებულია ორნაწევრიანი იმპოსტებით (ჩრდილოეთის იმპოსტი დიდი ზომისაა). სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის სარკმლები შიგნიდან გარეთ მკვეთრად ვიწროვდება. შენობა შიგნიდან შელესილია. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის გვერდები და ძირი ერთ ქვაშია გამოკვეთილი. სარკმლის ორივე გვერდზე ქვაში ჩაკვეთილია ერთხაზოვანი სამი ნახევარწრე. ზედა წრეზე დაფუძნებულია ქვაში ნაკვეთი მცირე ჯვარი. ამავე ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ამოკვეთილია წყვილი ხაზით მოჩარჩოებული ჯვარი. მეორე ჯვარი ფრონტონის არეშია. შენობა გადახურულია ღარიანი კრამიტის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ.5, თბ., 1990.