თენგიზ აბულაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან აბულაძე, თენგიზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბულაძე.
თენგიზ აბულაძე

თენგიზ აბულაძე
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1924
ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 6 მარტი, 1994 (70 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პროფესია რეჟისორი, სცენარისტი, თეატრალური პედაგოგი
ჯილდოები სსრკ-ის სახალხო არტისტილენინური პრემია
საქართველოს ღირსების ორდენი შრომის წითელი დროშის ორდენი საპატიო ნიშნის ორდენი

თენგიზ ევგენის ძე აბულაძე (დ. 31 იანვარი, 1924, ქუთაისი — გ. 6 მარტი, 1994, თბილისი) — ქართველი კონორეჟისორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1967), დაღესტნის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1972), სსრკ სახალხო არტისტი (1980). 1992-1994 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1943–1946 სწავლობდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩის სახელოსნო). აბულაძის სადიპლომო ნამუშევარია კინონარკვევი „დიმიტრი არაყიშვილი“.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ აბულაძეს შემოქმედების ადრეულ წლებში კინორეჟისორ რევაზ ჩხეიძესთან ერთად გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები „ჩვენი სასახლე“ (1953), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ ( ეკატერინე გაბაშვილის მოთხრობის მიხედვით, 1955; ბოლო ფილმისთვის მიღებული აქვს მთავარი პრიზი „ოქროს შტო“ კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე და პირველი პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1956).

კადრი ფილმიდან „ნატვრის ხე“

აბულაძის პირველი დამოუკიდებელი ფილმია „სხვისი შვილები“ (1958; საპატიო დიპლომი ტაშკენტის აზიისა და აფრიკის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1958; ფინეთის ჟურნალისტთა და კინემატოგრაფისტთა კავშირების დიპლომები ჰელსინკის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1959; დიპლომი ლონდონის პრემირებული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე და II პრემია „ვერცხლის ნეადა“ პორეტა-ტერმის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ორივე 1960; პრემია თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1965); ფილმში დიდი ოსტატობითაა გამოკვეთილი პერსონაჟთა ცხოვრებისეული ხასიათები.

ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (ნოდარ დუმბაძის მიხედვით, 1962; პირველი ხარისხის დიპლომი ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1964) ჟანრით ტრაგიკომედიაა, სადაც ხალასი და ჯანმრთელი იუმორი შეზავებულია დრამატულ მოვლენებთან. ხაზგასმულია ადამიანის ადგილი, როლი, მოვალეობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე. ფილმში მკვეთრად გამოჩნდა რეჟისორის მხატვრულ-პლასტიკური აზროვნება, მოვლენათა ღრმა და, ამასთან, ლაკონიური გადმოცემის უნარი, სახეთა დამაჯერებლობა.

1967 წელს აბულაძემ შექმნა ტრილოგიის პირველი ფილმი „ვედრება“ (ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა მიხედვით; მთავარი პრემია „გრან-პრი“ სან-რემოს საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974), სადაც გადმოცემულია სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლა ღრმა ფილოსოფიურ ჭრილში, დასმულია სიკვდილ-სიცოცხლის პრობლემები. ფილმისთვის დამახასიათებელია მაღალი გამომსახველობითი კულტურა. რეჟისორმა მკვეთრი პლასტიკური ხერხებით გამოკვეთა და აჩვენა მოვლენებისადმი მისეული მიდგომა, ადამიანებისადმი კეთილი დამოკიდებულება, დახვეწილი რეჟისორული გააზრება და მხატვრული ხედვა.

1976 შექმნა ტრილოგიის მეორე ფილმი „ნატვრის ხე“ (გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით; მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე, 1977; ჟიურის სპეციალური პრიზი „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1977); ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1978; პრემია დონატელოს „დავითი“ იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე, 1979; რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, 1979; კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1983).

კადრი ფილმიდან „მონანიება“

ტრილოგიის ბოლო ფილმია „მონანიება“ (1984; კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპრეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“; პრიზები ჩიკაგოსა და ჰეუგესუნის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ყველა 1987; იტალიის კინემატოგფისტთა ეროვნული ასოციის პრემია საუკეთესო საზღვარგარეთული ფილმისათვის, 1988). ფილმმა ერთხელ კიდევ წარმოაჩინა აბულაძის მსოფლმხედველობა, მისი უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა საზოგადოების წინაშე, რეჟისორის დახვეწილი მხატვრული აზროვნება, მოვლენების ზუსტად და მხატვრულ სახეებში გადმოცემის უნარი (ტრილოგიისათვის აბულაძეს 1988 ლენინური პრემია მიანიჭა).

„მონანიების“ შემდეგ თენგიზ აბულაძემ ახალ ფილმზე დაიწყო ფიქრი, რომელიც ნანა ჯანელიძის თქმით, ილიას მკვლელობით უნდა დაწყებულიყო და გალაკტიონის თვითმკვლელობით დასრულებულიყო.

სხვა ფილმები: „სვანური ჩანახატები“ (1965), „სამკაული ჩემი სატრფოსათვის“ (1971), „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ („დაღესტანი“, ტელეფილმი, 1972).

პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ აბულაძე არის კანის IX (1956 წ) და XXXX (1987) საერთაშორისო კინოფესტივალების პირველი პრემის, მთავარი დიდი და ფიპრესის პრიზების მფლობელი, პორტა — ტერმას (იტალია) მეორე პრემიის (1960) მფლობელი, იტალიის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის (1989) მფლობელი, სან-რემოს (იტალია) საავტორო ფილმების XVII საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრის მფლობელი (1974) ბრატისლავას პირველი ხარისხის (1964), ედინბერგის (1956), ლონდონის (1960), ტაშკენტის (1958) ჰელსინკის (1956) საერთაშორისო კინოფესტივალების დიპლომების მფლობელი. რიგის X საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზისა და დიპლომის (1977) მფლობელი. თეირანის VI საერთაშურისო კინოფესტივალის პრიზის ოქროს „ფრთოსანი ჯიხვი“-ს, (1977) მფლობელი, კინოხელოვნებაში ღვაწლისათვის (თბილისი) „ოქროს არწივი“-ს (1993) და კაბურგის (საფრანგეთი) რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზის (1983) მფლობელი, ჩიკაგოს XXII საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზის (1987) მფლობელი. შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979), არჩეული იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს: IX, X, XI და XV მოწვევის დეპუტატად, საქართველოს პირველი მოწვევის პარლამენტის წევრად (1992) დაჯილდოებულია ღირსების (1994) და საპატიო ნიშნის (1966) ორდენებით, შრომის წითელი დროშის ორი ორდენით (1971 , 1976), ივანე ჯავახიშვილის (1986) და „თავდადებული შრომისათვის“ (1976) მედლებით.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიგა ლორთქიფანიძე: „მონანიება“ უბრწყინვალესი ფილმია, მაგრამ მის ასეთ წარმატებაში კონიუნქტურამაც ითამაშა როლი. ეს იყო მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა, ამის გაბედვა მხოლოდ თენგიზ აბულაძეს შეეძლო. მე მახსოვს ის ამბავი, როდესაც თენგიზმა „მონანიების“ სცენარი ედუარდ შევარდნაძეს მისცა წასაკითხად. ჩვენ განებივრებულები ვიყავით, რომ ედუარდი პასუხს ორ-სამ დღეში გვაძლევდა, როცა რაღაცის გადარჩენა იყო საჭირო, ან ფული გვჭირდებოდა რამის გასაკეთებლად. გავიდა ორი თვე და პასუხი არ ისმის. თენგიზმა რეზო ჩხეიძეს უთხრა: მე მგონი, ედუარდს უჭირს გადაწყვეტა, შეუძლებელია, ამ ფილმის გადაღება და უხერხულ მდგომარეობაში ნუ ჩავაყენებთ. ვეტყვი, რომ მე სხვა თემაც მაქვსო. რეზო დაეთანხმა. დაურეკა მთავრობის ტელეფონით და გადასცა თენგიზის ნათქვამი. მან მეორე დღესვე დაგვიბარა და იქ უთხრა ედუარდმა: მე წავიკითხე, ეს გენიალური სცენარი, მაგრამ უნდა მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. მოსკოვი ამას არ მიიღებს, არც კინოკომიტეტი, არც ტელევიზია. ამიტომ, ასეთი რამ მოვიფიქრე, აქაურ ტელევიზიას გადავაღებინოთ, მაგრამ სცენარი არავის წააკითხოთო. „მონანიების“ ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა. ამიტომ, თენგიზს თავი მოვალედ მიაჩნდა, მხარში ამოსდგომოდა ედუარდს. უკვე ავადმყოფი, ძალიან გამხდარი და შეცვლილი მოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, ბოლომდე იჯდა და ამით გამოხატავდა მადლიერებას შევარდნაძის მიმართ.
  • აი რას იხსენებს რეჟისორის მეუღლე მზია მახვილაძე: „მაგდანას ლურჯას“ დაბრკოლება შეხვდა, ფილმის ჩამორთმევა უნდოდათ, მაგრამ მერე დიდი წარმატება მოჰყვა და ცუდის გახსენება აღარ მინდა. რიყეზე ბაზრის ეპიზოდს იღებდნენ და მე და მამაჩემი წავედით სანახავად. გაოცდა მამაჩემი, ეს რამხელა შრომა ყოფილაო და მას შემდეგ, ყოველ დილით 6 საათზე დგებოდა და თავისი ხელით უმზადებდა საუზმეს: იმდენს შრომობს, ყველა მხარში უნდა ამოვუდგეთო. „მაგდანას ლურჯა“ კანის ფესტივალზე დილით აჩვენეს, მაგრამ ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ საღამოსაც გაიმეორეს. ფილმის წარმატებას ჩვენთან ერთგვარი გაკვირვება მოჰყვა. კონსტანტინე გამსახურდიამ მწარედ იხუმრა: ევროპაში ვირებით გავედითო. რეზოს და თენგიზს კანში გამარჯვების შემდეგ ბევრი მოტრფიალე გაუჩნდა. ახლა „სხვის შვილებზე“ რომ ვფიქრობ, მიკვირს, რა არის იმ ფილმში ისეთი, რომ გაეკრიტიკებინათ, მაგრამ ბრძოლით მოუხდა ამ სურათს გატანა. „მე, ბებია, ილიკო და ილარიონსაც“ გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რატომ გურიაში არ არის გადაღებულიო. თენგიზი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა სახვით გადაწყვეტას, რომ ხელი შეუშალა გურიის სიმწვანემ.

ახალი წიგნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს რეჟისორის საიუბილეოდ ახალი წიგნი — „თენგიზ აბულაძე, ანარეკლები“ დაიბეჭდა.ამ გამოცემის ღირსება ის არის, რომ მასში თავმოყრილია სხვადასხვა ადამიანთა მოგონებები და კიდევ, ფოტომასალა, რომელიც უნიკალურია და ყველას დააინტერესებს. მისი შემდგენლები არიან: ნანა ჯანელიძე და ნინო ნატროშვილი, ხოლო დიზაინერები — ნინო აბულაძე და ზურაბ მიქელაძე. წიგნის გამოცემაში განსაკუთრებული წვლილი „საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრმა“ შეიტანა.

„გადავწყვიტეთ, მისი ანარეკლი მოგვეძებნა მათში, ვისთანაც მეგობრობდა და მუშაობდა“, — წერს ნანა ჯანელიძე წინასიტყვაობაში, საიდანაც ვიგებთ, რომ წიგნზე მუშაობა 1994 წელს, თენგიზ აბულაძის გარდაცვალების შემდეგ დაუწყიათ.

ნანა ჯანელიძის გარდა, გამოცემაში შესულია: გუგული მგელაძის, რობერტ სტურუას, ნანი ჩიქვინიძის, ციცინო ციციშვილის, სერგო ორჯონიკიძის, მანანა აბაზაძის, გია ჭუბაბრიას, გივი გიგაურის, ნოდარ გაბუნიას, გია ბადრიძის, რეზო კვესელავას, ალექსანდე ანტიპენკოს, გულიკო ომაძის, ზურაბ ინაშვილის, ოთარ მეღვინეთუხუცესის, კახი კავსაძის, ნათია ამირეჯიბის, თამაზ ჭილაძის, ავთო მახარაძის, მიხეილ აგრანოვიჩის, სოსო ცისკარიშვილის, ედუარდ შევარდნაძის, ელემ კლიმოვის, ანდრეი სმირნოვის, სოფიკო ჭიაურელის და სხვათა მოგონებები.

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბულაძის რეჟისორული მოღვაწეობით ახალი ეტაპი დაიწყო ქართულ კინემატოგრაფიაში. იგი საკუთარი სტილისა და ხელნაწერის, მაღალი რანგის ხელოვანია, რომელსაც მყარი მხატვრული პრინციპები, მაღალი ზნეობრიობა საშუალებას აძლევს მოვლენები, ფაქტები, საგნები ასახოს ეპოქის შესაფერის მხატვრულ დონეზე. აბულაძე 1974-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, ამავე წლიდან იგი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პირველი შემოქმედებითი გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელია, 1976-იდან კი — საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითთ.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოკუმენტური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ჩვენი სასახლე“ (1953) — სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი რეზო ჩხეიძესთან ერთად
  • „ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ (1954) — დამდგმელი რეჟისორი რეზო ჩხეიძესთან ერთად
  • „დიმიტრი არაყიშვილი“ (1955) — სცენარისტი, დამდგმელი რეჟისორი
  • „სვანური ჩანახატები“ (1965) — რეჟისორი
  • „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“ (1972) — ტელერეჟისორი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვენცაძე ა., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 35-37.
  • Зоркая Н., Тенгиз Абуладзе, წგნ.: Молодые режисёры советского кино, Л.- М., 1962
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 26, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]