კახი კავსაძე
| კახი კავსაძე | |
| დაბადების სახელი | კახი კავსაძე |
| დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
| დაიბადა | 5 ივნისი, 1935 |
| საქმიანობა | მსახიობი |
კახი კავსაძე (დ. 5 ივნისი, 1935) — ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი.
დაიბადა თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი, ლოტბარი დავით კავსაძე 1941 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ის წითელი არმიის 224-ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ ჩავარდა. ქართველ ტყვეთა ბანაკში დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად. ომის შემდეგ, 1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება — სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო პირის მიერ. გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.[1]
კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან, არის საქართველოს სახალხო არტისტი (1981), ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურიატი (1989).[2]
აღსანიშნავი როლებია: ადამი („ღვთაებრივი კომედია”), თავადი კოწია („გუშინდელნი”), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა”), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო”), სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე”), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III”), კენტი („მეფე ლირი”), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე”), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”);
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- (ინგლისური) კახი კავსაძე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ კახი კავსაძე სტუმრად არქივში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.
- ↑ Geocinema.ge