ალექსანდრა ბერძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრა ბერძენი
იუგოსლავიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 20 მარტი, 1944
მმართ. დასასრული: 29 ნოემბერი, 1945
წინამორბედი: მარია რუმინელი
მემკვიდრე: მონარქია გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 25 მარტი, 1921
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 30 იანვარი, 1993, (71 წლის)
გარდ. ადგილი: ბურგეს-ჰილი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: პეტარ II, იუგოსლავიის მეფე
(ქ. 1944 - გარდ. 1970)
შვილები: ალექსანდრე, იუგოსლავიის კრონპრინცი
დინასტია: გლუქსბურგები
მამა: ალექსანდროსი, საბერძნეთის მეფე
დედა: ასპასია მანოსი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ალექსანდრა ბერძენი (ბერძ. Αλεξάνδρα της Ελλάδας, სერბ. Александра Карађорђевић; დ. 25 მარტი, 1921, ათენი, საბერძნეთი — გ. 30 იანვარი, 1993, ბურგეს-ჰილი, დიდი ბრიტანეთი) — გლუქსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთის მეფე ალექსანდროსისა და დედოფალ ასპასია მანოსის ქალიშვილი. იუგოსლავიის უკანასკნელი დედოფალი 1944-1945 წლებში როგორც მეფე პეტარ II-ის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრა დაიბადა 1921 წლის 25 მარტს ათენში. იგი იყო საბერძნეთის მეფე ალექსანდროსისა და დედოფალ ასპასია მანოსის ერთადერთი შვილი. მამამისი მის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა მაიმუნის ნაკბენისგან. დედის მხრიდან იგი წმინდა სისხლის ბერძენი იყო, ხოლო მამის მხრიდან იგი გერმანული, ბრიტანული, რუსული და დანიური ფესვებისა იყო.

მას შემდეგ, რაც მეფე ალექსანდროსი გარდაიცვალა საბერძნეთს რეგენტის სტატუსით მართავდა ალექსანდრას დიდი ბებია, მეფე გეორგიოს I-ის ქვრივი, დედოფალი ოლღა კონსტანტინეს ასული რომანოვა, რის შემდეგაც აღსდგა ალექსანდრას ბაბუის, მეფე კონსტანტინოს I-ისა და დედოფალ სოფია პრუსიელის მმართველობა. მათ არ მოსწონდათ ალექსანდრას დედა, დედოფალი ასპასია, რადგან ყველას ერჩია, რომ მეფე ალექსანდროსს კონსტანტინოსის სხვა შვილების მსგავსად ევროპელი მონარქის შვილზე ქორწინებით გაემყარებინა მოკავშირეები, თუმცა მოგვიანებით ასპასიასა და სამეფო ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა დათბა.

1944 წლის 20 მარტს ლონდონში ალექსანდრა დააქორწინეს იუგოსლავიის მეფე პეტარ II-ზე, რომელიც იყო ბიცოლამისის, დედოფალ ელიზაბეტა რუმინელის დის, დედოფალ მარია რუმინელისა და მეფე ალექსანდრე I-ის ვაჟი. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1945 წლის 29 ნოემბერს იუგოსლავიაში მონარქია დაემხო და კომუნისტური წყობა დამყარდა, რის გამოც სამეფო ოჯახი ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში. ალექსანდრა და პეტარი დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-ის კარზე დასახლდნენ, ლონდონში. ამ ამბამდე სულ ცოტა ხნით ადრე, 1945 წლის 17 ივლისს დაიბადა მათი ერთადერთი შვილი, პრინცი ალექსანდრე, რომელსაც სახელი მშობლების მამების პატივსაცემად დაარქვეს.

პეტარმა და ალექსანდრამ მთელი თავიანთი დარჩენილი ცხოვრება დიდ ბრიტანეთში გაატარეს. 1970 წლის 3 ნოემბერს, 47 წლის ასაკში გარდაიცვალა პეტარი, რის შემდეგაც ალექსანდრა ბურგეს-ჰილში გადავიდა, სადაც 1993 წლის 30 იანვარს, 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი თავიდან უინძორის სასახლეში დაკრძალეს, თუმცა 2013 წლის მაისში მისი, მისი მეუღლისა და დედამთილის ნეშტები სერბეთში გადაასვენეს და ქალაქ ოპლენაკში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • John Van der Kiste, Kings of the Hellenes: The Greek Kings, 1863–1974, Sutton Publishing, 1994 ISBN 0-7509-2147-1.
  • Alan Palmer and Michael of Greece, The Royal House of Greece, Weidenfeld Nicolson Illustrated, 1990 ISBN 0-297-83060-0.
  • Ricardo Mateos Sainz de Medrano, La Familia de la Reina Sofίa, La Dinastίa griega, la Casa de Hannover y los reales primos de Europa, Madrid, La Esfera de los Libros, 2004 ISBN 84-9734-195-3.
  • Julia Gelardi, Born to Rule : Granddaughters of Victoria, Queens of Europe, Headline Review, 2006 ISBN 0-7553-1392-5.
  • Marlene Eilers König, Descendants of Queen Victoria.
  • Hugo Vickers, Alice, Princess Andrew of Greece, London, Hamish Hamilton, 2000 ISBN 0-241-13686-5.
  • Thomas de Foran de Saint-Bar, Les Karageorges, Rois de Serbie et de Yougoslavie, Éditions Christian, 1999 ISBN 2-86496-077-X.