ასპასია მანოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ასპასია მანოსი
Aspasia Manos 2.jpg
საბერძნეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 17 ნოემბერი, 1919
მმართ. დასასრული: 25 ოქტომბერი, 1920
წინამორბედი: სოფია პრუსიელი
მემკვიდრე: სოფია პრუსიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 სექტემბერი, 1896
დაბ. ადგილი: ათენი, საბერძნეთი
გარდ. თარიღი: 7 აგვისტო, 1972, (75 წლის)
გარდ. ადგილი: ვენეცია, იტალია
მეუღლე: ალექსანდროსი, საბერძნეთის მეფე
შვილები: ალექსანდრა, იუგოსლავიის დედოფალი
მამა: პეტროს მანოსი
დედა: მარია არგიროპულოსი
რელიგია: მართლმადიდებლობა

ასპასია მანოსი (ბერძ. Ασπασία Μάνου; დ. 4 სექტემბერი, 1896, ათენი, საბერძნეთი — გ. 7 აგვისტო, 1972, ვენეცია, იტალია) — ბერძენი დიდგვაროვანი. საბერძნეთის დედოფალი 1919-1920 წლებში როგორც მეფე ალექსანდროსის მეუღლე. იუგოსლავიის დედოფალ ალექსანდრა ბერძენის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასპასია მანოსი დაიბადა 1896 წლის 4 სექტემბერს ათენში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, პეტროს მანოსისა და მისი მეუღლის, მარია არგიროპულოსის ქალიშვილი.

მეფე ალექსანდროსი და დედოფალი ასპასია

1917 წელს ელეფთერიოს ვენიზელოსის მთავრობამ დაამხო მეფე კონსტანტინოს I-ის მმართველობა, რის შემდეგაც ტახტზე მისი ვაჟი, მეფე ალექსანდროსი დასვეს, სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრები კი საბერძნეთიდან გააძევეს. ამ პერიოდში ალექსანდროსმა ასპასიასთან დაიწყო ურთიერთობა, თუმცა მათ ქორწინებას მეფის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით კი დევნილობაში მყოფი დედოფალი სოფია პრუსიელი ეწინააღმდეგებოდა, რომელსაც სურდა, რომ თავისი ვაჟი რომელიმე ბრიტანელ პრინცესაზე დაექორწინებინა საბერძნეთ-ბრიტანეთის ალიანსის გასამყარებლად.

მიუხედავად მშობლების სურვილისა, მეფე ალექსანდროსმა 1919 წლის 17 ნოემბერს ცოლად შეირთო ასპასია მანოსი, რომელიც საბერძნეთის ახალი დედოფალი გახდა. მათმა ქორწინებამ იმდენად დიდი სკანდალი გამოიწვია, რომ წყვილი იძულებული გახდა დროებით საფრანგეთში, კერძოდ კი ათენში გაქცეულიყო. ამ პერიოდში ისინი მალავდნენ, რომ ქორწინებაში იყვნენ, რის გამოც ფრანგები მას მადამ მანოსს უწოდებდნენ. მათი ქორწინება ერთ წელიწადსაც არ გაგრძელებულა. ათენში დაბრუნებულ ალექსანდროსს ბაღში სეირნობისას მაიმუნმა უკბინა, რის შემდეგაც მეფე სულ რამდენიმე დღეში დაინფიცირდა და 1920 წლის 25 ოქტომბერს გარდაიცვალა. ამ დროს ასპასია ორსულად იყო. ბერძნულმა მთავრობა იმედოვნებდა, რომ დედოფალი ვაჟს გააჩენდა, რის გამოც რეგენტად დროებით ასპასიას განსვენებული ქმრის ბებია, დედოფალი ოლღა კონსტანტინეს ასული რომანოვა დანიშნეს. მას შემდეგ, რაც მან გოგონა გააჩინა (რომელსაც სახელად ალექსანდრა დაარქვა მამის პატივსაცემად) პრემიერ-მინისტრმა ტახტი კვლავ გაძევებულ მეფე კონსტანტინოს I-სა და დედოფალ სოფია პრუსიელს დაუბრუნათ.

თავისი ვაჟის ანდერძის გამო, დედოფალი სოფია იძულებული გახდა ასპასია თავის რძლად და სამეფო ოჯახის წევრად ეღიარებინა, ასევე კანინიერად სცნეს მათი ქორწინება, თუმცა მისთვის არასოდეს მიუციათ სამეფო გვარი. 1922 წლის 10 სექტემბერს მეფე კონსტანტინოსმა საბოლოოდ აღიარა ასპასიასა და ალექსანდროსის ქორწინება, რის შემდეგაც მათ ქალიშვილ ალექსანდრას მიენიჭა საბერძნეთისა და დანიის პრინცესის წოდება. მოგვიანებით ალექსანდრა ცოლად შერთეს იუგოსლავიის უკანასკნელ მეფე პეტარ II-ს.

მას შემდეგ, რაც ბერძნებმა კონსტანტინოს I კვლავ ჩამოაგდეს, დედოფალმა ასპასიამ დატოვა ათენი და იტალიაში, კერძოდ ვენეციაში გაემგზავრა, სადაც კუნძულ ლიდოზე დასახლდა და იქ გაატარა დარჩენილი ცხოვრება. იგი ასევე რამდენჯერმე ეწვია დიდ ბრიტანეთსაც. ვენეციაში ასპასიას ერთხელ ეწვია თავისი ქალიშვილი, მასთან ერთად კი მისი ქმარი და ვაჟიც.

ასპასია მანოსი გარდაიცვალა 1972 წლის 7 აგვისტოს ვენეციაში, 75 წლის ასაკში. იგი თავიდან ვენეციაშივე დაკრძალეს, თუმცა მოგვიანებით ათენში გადაასვენეს და მისი განსვენებული მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gelardi, Julia (2006), Born to Rule : Granddaughters of Victoria, Queens of Europe, Headline Review ISBN 0-7553-1392-5
  • Llewellyn Smith, Michael (1998), Ionian Vision : Greece in Asia Minor 1919–1922, London, Hurst & Co ISBN 1-85065-413-1
  • Mateos Sainz de Medrano, Ricardo (2004), La Familia de la Reina Sofίa, La Dinastίa griega, la Casa de Hannover y los reales primos de Europa, Madrid, La Esfera de los Libros ISBN 84-9734-195-3
  • Palmer, Alan and of Greece, Michael (1990), The Royal House of Greece, Weidenfeld Nicolson Illustrated ISBN 0-297-83060-0
  • Van der Kiste, John (1994), Kings of the Hellenes: The Greek Kings, 1863–1974, Sutton Publishing ISBN 0-7509-2147-1
  • Vickers, Hugo (2000), Alice, Princess Andrew of Greece, London, Hamish Hamilton ISBN 0-241-13686-5