შინაარსზე გადასვლა

ხახული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხახული
ხახული — თურქეთი
ხახული
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°30′44″ ჩ. გ. 41°27′19″ ა. გ. / 40.51222° ჩ. გ. 41.45528° ა. გ. / 40.51222; 41.45528
რელიგიური კუთვნილება ისლამი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია

ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ერზრუმის პროვინცია
მუნიციპალიტეტი თორთუმი
ფუნქციური სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი
თარიღდება X საუკუნის მეორე ნახევარი
დეტალები

ხახულის მონასტერი — შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ტაოში, მდინარე თორთომისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდინარე ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია), ერზერუმის პროვინციის თორთუმის რაიონის სოფელ ბაღბაშში. ტაძარში ამჟამად მოქმედებს მეჩეთი.

დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარი). თანდათან ხახულის მომიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკონომიურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა). ხახულში შეიქმნა მძლავრი ლიტერატურული კერა. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: იოანე ხახულელი (X-XI სს.), დავით თბილელი (XI ს.) და სხვა. ყრმობის ჟამს ხახულში მიიღო სწავლა-განათლება გიორგი მთაწმიდელმა. ხახულის მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მხოლოდ უმცირესმა ნაწილმა მოაღწია. XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.

ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა, გუმბათი აფსიდის კუთხეებსა და 2 თავისუფლად მდგომ ბოძს ეყრდნობა. დასავლეთის მკლავი ბოძების ორი წყვილით სიგრძეზე სამ "ნავად" იყოფა. აღმოსავლეთის მკლავი დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომლის ორივე მხარეს ასევე მცირე აფსიდებით დაბოლოებული თითო სათავსია. ტაძარი მდიდრულადაა მორთული ჩუქურთმებით. გუმბათის ყელი შემკულია გრეხილი შეწყვილებული ლილვებით და მათზე დაყრდნობილი თაღებით, სარკმელთა სათაურებიც მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთ შეწყვილებული სარკმლის კომპოზიცია. სარკმლის თავზე ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალუღად გაშლილი სხივებია, ხოლო მათ ფონზე შეწყვილებული სარკმლის თაღებსშუა ჩასმულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. მთელი კომპოზიცია დაგვირგვინებულია ფართოდ გაშლილი დეკორატიული თაღით, რომლის ზედაპირი დაფარულია ჩუქურთმით. ტაძარი უხვად არის შემკული ჩუქურთმებით (დასავლეთი მკლავის წნულიანი სვეტისთავები და სხვა). შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.

სოფლის სხვა ეკლესიები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხახულის სამონასტრო კომპლექსის აღმოსავლეთით ასიოდე მეტრში სოფელში დგას ორი მცირე ზომის დარბაზული ეკლესია.

პირველი ეკლესია დაზიანებულია, შემოცლილი აქვს პერანგის კედლები.

მეორე ეკლესია პირველთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია, აქვს კარი და ბოქლომი.

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: