ესბეკის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საერთო ხედი

ესბეკი, ესბექი, ეზბეკიხუროთმოძღვრული კომპლექსი და ნასოფლარი ართვინის ვილაიეთში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს იუსუფელის რაიონში, ისტორიულ მხარე იმიერ ტაოში, ქალაქ იუსუფელიდან 30 კმ-ში სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ესბეკთან (თურქ. Sarıtosum), მდინარე ოლთისის ერთ-ერთი მარცხენა შენაკადის სანაპიროზე.

კომპლექსი დიდ მოვაკებულ ტერიტორიაზეა გაშლილი და ორ ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის: სამნავიანი ბაზილიკა, ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია, XV-XVI საუკუნეების აგურით ნაგები დარბაზული ეკლესია; სამარხი-სამლოცველოს, საერო შენობათა და მთაზე მდებარე საგუშაგო ციხე-კოშკის ნაშთები. ზემოჩამოთვლილ შენობათაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით დგას მცირე ზომის ქვის დარბაზული ეკლესია. ოდესღაც აქ ეკლესიების გარდა იყო დასახლებული ადგილიც.

არქიტექტურული თვალსაზრისით ესბეკი ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ნაგებობათა ადრეული პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია. ესბეკის მთავარ ნაგებობას – სამნავიან ბაზილიკას, ანალოგიური ტიპის ეკლესიებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საერთო არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო: სიგრძივი ღერძის მიმართულებით განთავსებული თაღების განიერი მალები, პასტოფორიუმების სპეციფიკური გადაწყვეტა, დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებზე სარკმლების უგულებელყოფა. არქიტექტურულ ტიპითა და გამოყენებული საამშენებლო საშუალებებით იგი მიეკუთვნება IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს. ზემოხსენებული დარბაზული ეკლესიაც, დანაწევრებული, პატარა სივრცით IX-X საუკუნეების მიჯნით თარიღდება.

თავის დროზე ესბეკი იყო სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე პატარა დასახლებული ადგილი გამაგრებული ციხითა და გალავნით. ესბეკის შესახებ ისტორიულ ცნობებს ჩვენამდე არ მოუღწევია. კომპლექსი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით კი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.

ცალკეული ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესბეკის სამნავიანი ბაზილიკა
Esbek4.jpg

ტაძრის ნაშთები

ესბეკის კომპლექსი (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 40°43′22″ ჩ. გ. 41°48′18″ ა. გ. / 40.72278° ჩ. გ. 41.80500° ა. გ. / 40.72278; 41.80500
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა თურქეთი
პროვინცია ართვინი
რაიონი იუსუფელი
ადგილმდებარეობა სოფ. ესბეკი.
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი სამნავიანი ბაზილიკა
თარიღდება IX-X სს.

სამნავიანი ბაზილიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამნავიანი ბაზილიკა ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს, რომელმაც ჩვენამდე საგრძნობლად დაზიანებული სახით მოაღწია – შენობის კედლების ზედა ნაწილები საერთოდ ჩანგრეულია და აღარც მისი გადამხურავი კამარები არსებობს. დაზიანების მიუხედავად ბაზილიკა დღესაც აღიქმება, როგორც დომინანტი ესბეკის კომპლექსისა და დიდ შთაბეჭდილებას ახდენს დახვეწილი ფორმებით, სიძველითა და იმპოზანტურობით.

ესბეკის სამნავიან ბაზილიკას ანალოგიური ტიპის ნაგებობებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია საერთო არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტის რიგი თავისებურებების გამო. ბაზილიკა ადგილობრივი, ნაწილობრივ დამუშავებული მონაცრისფრო ქვებითაა აგებული. ყოველგვარ დეკორატიულ შემკულობას თუ წარწერებს მოკლებული ტაძრის ფასადების სადა ზედაპირი, გაცოცხლებულია დიდი კვადრებითა და პატარა ქვებით შექმნილი თარაზული რიგების რიტმული მონაცვლეობით. ესბეკის ბაზილიკის ინტერიერი შედგება შუა განიერი და ორი გვერდითი მეტისმეტად ვიწრო და გრძელი ნავებისაგან, რომლებიც კორიდორებს უფრო მოგვაგონებს. გვერდითი ნავები ცენტრალურთან დაკავშირებულია ორ-ორი ფართო თაღით, რომლებიც მასიურ ბურჯებზეა გადაყვანილი.

ესბეკის ეკლესია გამოირჩევა სიგრძივი ღერძის მიმართულებით განთავსებული თაღების მალების სიდიდით, რომლებიც თითქმის ორჯერ აღემატება გვერდითი ნავების განივი თაღების სიგანეს. ბაზილიკის შუა ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევრწრიული აფსიდით, რომლის ღერძზე ერთი დიდი სარკმელია გაჭრილი. აფსიდის ორივე მხარეს მოთავსებულია პასტოფორიუმები (ცალკე გამოყოფილი სათავსოები – სადიაკვნე და სამკვეთლო) საკუთარი აფსიდიოლებითა და და თითო პატარა სარკმლით. პასტოფორიუმები გვერდითი ვიწრო ნავების გაგრძელებას წარმოადგენენ და მათ ვიწრო გასასვლელებით უკავშირდებიან.

მეტად უცნაურია ბაზილიკის მაშენებლის მიერ სარკმლების უგულებელყოფა არა მხოლოდ დასავლეთ ფასადზე, არამედ ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავების მთელ სიგრძეზე. პროფესორ ვ. ჯობაძის აზრით ეს გარემოება მიუთითებს ეკლესიის მაქსიმალური დავდაცვით ფუნქციის გათვალისწინებაზე. ეკლესიას, სავარაუდოდ ანათებდა დღეს არარსებული, მეორე სართულის დონეზე მოწყობილი პატრონიკეს ზედა რიგის სარკმლები და ორი კარი დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ბაზილიკის ინტერიერი მთლიანად ყოფილა შელესილი და დაფარული კედლის მხატვრობით. ამ უკანასკნელისგან შემორჩა საკმაოდ დაზიანებული და ჩამორეცხილი უმნიშვნელო ფრაგმენტები. საკურთხევლის აფსიდაში ძლივს გაირჩევა „ზიარების“ კომპოზიცია, რომელიც აფსიდის დიდი სარკმლის ორივე მხარესაა წარმოდგენილი. მაცხოვრის და მოციქულთა სახეების რბილი დამუშავება, შუქ-ჰაეროვანი მოდელირების გამოყენება XI საუკუნის კედლის მხატვრობის ტრადიციებს შეესაბამება, ხოლო მათი სამოსის ხაზობრივი და მოუხეშავი ფორმები აშკარად ხელმეორედ მოხატვის შედეგი უნდა იყოს. ესბეკის ბაზილიკა თავის დროზე გადახურული იყო მოჭიქული ლორფინებით. ესბეკის სამნავიანი ბაზილიკა მკლევარების აზრით მიეკუთვნება IX საუკუნის დასასრულს ან X საუკუნის დასაწყისს.

ცალნავიანი დარბაზული ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესბეკის ბაზილიკის სამხრეთ-დასვლეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დგას კარგად დამუშავებული ნაცრისფერი ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით ნაგები პატარა ცალნავიანი დარბაზული ეკლესია. ერთადერთი კარი გაჭრილია ჩრდილოეთის კედელში, რაც იშვიათობას წარმოადგენს ქართულ არქიტექტურაში და ადგილმდებარეობით არის განპირობებული. სამლოცველოს ინტერიერი წარმოდგენილია ერთიანი დაუნაწევრებელი პატარა სივრცის სახით. მკლევარების აზრით ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ნაგებობა ბაზილიკის თანადროული უნდა იყოს. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევრადწრიული აფსიდით, რომელიც კედლის სწორკუთხედშია ჩაწერილი და რომლის ორივე მხარეს კვადრატული თითო პატარა თახჩა თუ სახატეა გამოკვეთილი. საკუთრივ აფსიდი შემოსაზღვრულია ოდნავ შეისრული მოხაზულობის სატრიუმფო თაღით, რომელიც აფსიდის მხრებთან ჩასმულ მარტივპროფილიან იმპოსტებს ეყრდნობა.  ესბეკის დარბაზული ეკლესიის შიდა სივრცე საკმარისად ნათდება აღმოსავლეთისა და დასვლეთის კედლებში გაჭრილი თითო, არცთუ ისე მცირე ზომის სარკმლებიდან და ჩრდილოეთის კარიდან შემოსული შუქით. მეტად საინტერესოდაა გადაწყვეტილი აღმოსავლეთის სარკმლის ღიობის ზედანი, სადაც წითელი და ლურჯი ფერის მცირე კენჭების რიტმული შენაცვლებით მიღებულ წრეში ჩასმულია ჯვარი. ასეთივე კენჭებით შექმნილი სარტყლები ვერტიკალურად მიუყვება სარკმლის წირთხლებს.  სამლოცველო თავდაპირველად ცილინდრული კამარით იყო დასრულებული, რომლისგან დღეს არაფერი შემორჩა. ეკლესია ამჟამად ხის ძელებითაა გადახურული.

ესბეკის არქიტექტურულ ანსამბლში ასევე გაერთიანებულია XV-XVI საუკუნეებში აგებული აგურის დარბაზული ეკლესია და სათვალთვალო კოშკი, რომელთაც ირგვლივ შემოუყვება ქვის მასიური გალავანი კარიბჭით. გალავნის კედლის სიმაღლე ზოგ ადგილას 3-4 მეტრს აღწევს.

კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ესბეკის ტერიტორიაზე აღმართულია ქვის უზარმაზარი აკვედუკის კედლის შემორჩენილი ნაშთები. მისი სიმაღლე 1 მეტრიდან 7 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სისქე 1/2 მეტრიდან 1 მეტრამდე. აკვედუკი დასულებულია არხითა და ცისტერნებით, საიდანაც ხდებოდა ნათესების მორწყვა და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა. დღეს ეს აკვედუკი ფუნქციადაკარგულია, ხოლო ცისტერნები მოსახლეობას პურის საცხობად აქვს გამოყენებული.

წმიდა ნინოს წყარო სამონასტრო კომპლექსიდან დაახლოებით 3 კმ-ში მდებარეობს. გადმოცემის მიხედვით, ის წმიდა ნინოს ლოცვით აღმოცენებულა, ამიტომაც ეწოდება მას ამდაგვარად. ამ წყალში განბანვის შემდეგ უამრავი სულიერად და ფიზიკურად დავრდომილი ადამიანი განკურნებულა. წყაროსთან აშენებულია წმიდა ნინოს მშობლების – წმიდანთა ზაბულონისა და სოსანას სახელობის მცირე ეკლესია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გიორგი დვალაშვილი — ესბეკის ეკლესია // გუმბათი. - თბილისი, 2008. - ISSN 1987-5819. - 14-20 აპრილი. - N15 (29). - გვ.30
  • ლოლა ციცხვაია — ესბეკის ხუროთმოძღვრული ანსამბლი // საისტორიო მაცნე. - 2000. - N9. - გვ.43-48.
  • ლოლა ციცხვაია —  ესბეკის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, 2003.