არტაანის პროვინცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არტაანი (მრავალმნიშვნელოვანი).
ადმინისტრაციული ერთეული
არტაანის პროვინცია
თურქ. Ardahan ili
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
რეგიონი აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონი
ადმ. ცენტრი არტაანი
შიდა დაყოფა არტაანი, ჩილდირი, დამალი, გიოლე, ჰანაქი და პოსოფი
კოორდინატები 41°00′00″ ჩ. გ. 43°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 43.00000° ა. გ. / 41.00000; 43.00000
ფართობი 11 376[1] კმ²
მოსახლეობა 98 907 (2018)[2] ,
87 748 (2021)[3]
სატელეფონო კოდი 478
საფოსტო ინდექსი 75000–75999
საავტომობილო კოდი 75
ოფიციალური საიტი http://www.ardahan.gov.tr
არტაანის პროვინცია — თურქეთი
არტაანის პროვინცია

არტაანის პროვინცია (თურქ. Ardahan ili) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი არტაანი. მოიცავს 6 რაიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაანის პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, ჩრდილოეთიდანსაქართველო, ასევე ესაზღვრება დასავლეთიდან ერზურუმისა და ართვინის პროვინციები, ხოლო სამხრეთიდანყარსის პროვინცია.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 133 756 კაცს. უდიდესი ქალაქია არტაანი (17 ათასი კაცი, 2000 წ.). XVII საუკუნეში არტაანის სანჯაყის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო ისლამი[4].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძვ.წ. XII საუკუნეში, რეგიონი სავარაუდოდ დიაოხის ტომობრივ გაერთიანებაში შედიოდა, შემდგომ ეს მხარე ასურეთისა და ურარტუს სამეფოების თავდასხმებს განიცდიდა. ძვ.წ. 760-იან წლებში, დიაოხი საბოლოოდ კოლხეთმა გაანადგურა და მისი ჩრდილოეთ მხარეები, სავარაუდოდ არტაანის მხარეც შემოიერთა, რითიც კოლხეთი საბოლოოდ გაუმეზობლდა ურარტუს, შემდგომ რაც კოლხეთ-ურარტუს ომებში გადაიზარდა. ურარტუს მეფე, სარდურ II ძვ.წ. 750-741 წლებში, შეიჭრა კოლხეთში, დამანგრეველმა ომებმა, ჩრდილოელ ტომებს გაუადვილა სამხრეთ კავკასიაში ფეხის მოდგმა, საბოლოოდ მათმა თარეშმა ბოლო მოუღო კოლხეთს. ეს მხარე პირველად მოხსენიებული აქვს სტრაბონს (ძვ. წ. 64/63 – ახ. წ. 23/24) როგორც იბერიის პროვინციის გოგარენეს შემადგენელი ნაწილი, რომელიც ძვ. წ. II საუკუნეში სომხეთის სამეფომ შეიერთა.

პტოლემეს არტაანი მოხსენიებული აქვს არტანისას (ლათ. appidum Artanisa) სახელით. არტაანი/არტანი წარმოადგენდა როგორც მხარის (არტანის ხევი), ასევე ციხე-ქალაქის სახელწოდებას. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა, ააშენა არტაანის ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი - ჰური[5]. იმავე ცნობით, ფარნავაზის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში დაარსებულ წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა[6]. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა[7].

თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა. XIII საუკუნიდან იქ განთავსებული იყო არტაანისა და კოლას ერისთავთა რეზიდენცია. საუკუნეების განმავლობაში არტაანი იყო საქართველოს სამეფოს განუყოფელი ნაწილი. 1555 წელს ოსმალეთის იმპერიის მიერ სამცხე-საათაბაგოს ოკუპირების შემდეგ სანჯაყის სტატუსით შევიდა იმპერიის შემადგენლობაში. XVI საუკუნეში არტაანი თურქებმა ორ ერთეულად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილაიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს დიდი არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. ქალაქის სახელწოდება „არტაანი“ XVII საუკუნეში უნდა იყოს შერქმეული.

1878 წელს რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად რუსეთის იმპერიის ფარგლებშია. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით და 1878 წელს ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა და 1917 წლამდე შედიოდა ყარსის ოლქის შემადგენლობაში. 1918-21 წლებში არტაანი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. ერთა ლიგამ ქალაქი საქართველოს ტერიტორიად აღიარა. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ საქართველომ არტაანის ოლქზე კონტროლი დაკარგა. 1921 წლის ყარსის ხელშეკრულების მიხედვით, არტაანი ართვინის, ოლთისის და რიზეს ოლქებთან ერთად, თურქეთის შემადგენლობაში მოექცა.

პროვინციის ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არტაანის პროვინციის ადმინისტრაციული დაყოფა
# რაიონები (ილჩე) მშობლიურ ენაზე დაარსების წელი ფართობი კმ²[1] სიმაღლე ზ. დ.
1 არტაანის რაიონი Ardahan Merkez 1992 1191.37 1799
2 ჩილდირის რაიონი Çıldır ilçe Cumh.önce 751.5 1911
3 დამალის რაიონი Damal ilçe 1992 329 2056
4 გიოლეს რაიონი Göle ilçe Cumh.önce 1399.88 2020
5 ჰანაქის რაიონი Hanak ilçe 1958 547 1826
6 პოსოფის რაიონი Posof ilçe Cumh.önce 623 1546
სულ 4.842

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორიაზე გადის ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ინფორმაცია პროვინციის ოფიციალური გვერდიდან (2017 წ)
  2. Population of provinces by years - 2000-2018Turkish Statistical Institute.
  3. Turkish Statistical Institute — 1926.
  4. Эвлия Челеби. Книга путешествия. Вып. 3 Земли Закавказья и сопредельных областей Малой Азии и Ирана. М. Наука. 1983, прим. 53. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-21. ციტირების თარიღი: 2020-09-14.
  5. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 10; 23
  6. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 24
  7. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 198