ჯმერკის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჯმერკის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერიშუა საუკუნეების ქართული მონასტერი ისტორიულ კლარჯეთში. დაარსდა 830-840-იან წლებში და იხსენიება კლარჯეთის „ათორმეტ უდაბნოთა“ შორის. მდებარეობს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ართვინის რაიონში, ქალაქ ართვინის აღმოსავლეთით 34 კმ-ში მდებარე ისტორიულ სოფელ ჯმერკთან (ქორდეთი, თურქ. Çımenli ჩიმენლი) ახლოს. მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით კი სამცხე-ჯავახეთის და ტაო-კლარჯეთის ეპარქიას ეკუთვნის.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი განლაგებულია ძლიერ დამრეც ფერდობზე, ახლანდელი სოფელ ჩიმენლის ახლოს. აქ სამონასტრო ნაგებობებისათვის მოუწყვიათ სუბსტრუქციებით ამოშენებული ოთხი ტერასა, ერთი მეორის ზემოთ. სულ ზედა ტერასაზე იდგა ეკლესია, მომდევნოზე — რაღაც მოზრდილი შენობა, ალბათ სატრაპეზო. ორ ქვედა ტერასაზე საერთოდ აღარაფერი დარჩა. მეტწილად განადგურებულია ეკლესიაც: მთლიანად ჩაქცეულია მისი გადახურვა და შიდა კედლები; გარე კედლებიდან დასავლეთისა ასევე მთლიანად დანგრეულია, ჩრდილოეთისა — 0,7-1,3 მეტრის სიმაღლის ზემოთ, არათანაბრად; სამხრეთ კედლისაგან შემოინახა განაპირა ნაწილები 2-3 მეტრის სიმაღლეზე. საკურთხევლის აფსიდი თითქმის მთლიანად გამქრალია, მაგრამ ჩანს მისი მიმდებარე სათავსების პატარა აფსიდები, რომელთაც გეგმაში უცნაური ოვალურ-ნალისებრი მოხაზულობა აქვთ. პირითი წყობა შერჩა მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტს. ის შედგება სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვისაგან. ჰორიზონტალური რიგები დაცული არ არის. ასეთივე ხასიათისაა სუბსტრაქციის წყობაც, ოღონდ მასში სჭარბობს უფრო დიდი (50X100 სმ ზომისა და მეტიც) ქვები.

ამ ნაშთიდან ჩანს, რომ ჯმერკის ეკლესია იყო მართკუთხა ნაგებობა და ჰქონდა სამნაწილიანი საკურთხეველი. რაიმე დამატებით ინფორმაციას არც ნიკო მარის აღწერა იძლევა — მისი მოგზაურობის დროს ეკლესია არსებითად უკვე ისეთსავე მდგომარეობაში იყო, როგორშიც დღესაა. მისი არქიტექტურული ტიპის დანამდვილებით დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ის ფაქტი, რომ შემორჩა მხოლოდ გარე კედლები, უფრო ბურჯებიანი (სვეტებიანი) სტრუქტურების — სამნავიანი ბაზილიკის ან „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი შენობის სასარგებლოდ უნდა მეტყველებდეს. კედლების წყობის მიხედვით ეკლესია IX საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. შესაძლოა, ისიც მონასტრის თავდაპირველი, ე.ი. 830-840-იან წლებში აგებული ეკლესიაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ხოშტარია — კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები, არტანუჯი, 2005.