ექექი
ექექის ტაძარი | |
ექექის ტაძარი (ე. თაყაიშვილის ექსპედიციის ფოტომასალა, 1917) | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 40°23′56″ ჩ. გ. 41°25′27″ ა. გ. / 40.39889° ჩ. გ. 41.42417° ა. გ. |
ფუნქციური სტატუსი | დანგრეული |
ხუროთმოძღვრების აღწერა
|
ექექი — X საუკუნის II ნახევრის გუმბათოვანი ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თორთომის ხეობაში, ისტორიულ ტაოში (ამჟამად სოფ. ვიშნელი, თურქეთი).
გეგმით „ნახევრად თავისუფალი ჯვრის“ ტიპის ნაგებობა, რომლის აღმოსავლეთი მკლავი აფსიდიანი იყო, დანარჩენი სამი მკლავი კი — სწორკუთხა. საკურთხეველს ორივე მხარეს ასევე აფსიდით დასრულებული თითო პატარა სათავსი — სამკვეთლო და სადიაკვნე ჰქონდა. გუმბათი ეყრდნობოდა კედლების კუთხეებს. კვადრატული ფუძიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდებოდა პანდანტივების მეშვეობით, რომლებშიც „ჩახაზულია“ დეკორატიული ტრომპები, შესასვლელები მოწყობილი იყო სამხრეთის მკლავსა და დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთ კედელში. ნათდებოდა რვაწახნაგა გუმბათის ყელში დატანებული 8-თაღოვანი სარკმლით. თითო სარკმელი იყო აგრეთვე აფსიდებში, ჩრდილოეთ და დასავლეთ მკლავებში. ძუნწად მორთული ფასადი და გუმბათის ყელი შემოსილი იყო სუფთად გათლილი ქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს სადიაკვნესა და სამკვეთლოსაგან ყოფდა გეგმით სამკუთხა ღრმა ნიშები. კარ-სარკმელს აგვირგვინებდა მსუბუქი სათაურები. გუმბათის ყელს და ზოგი სარკმლის სათაურს ამკობდა პოლიქრომული ქვები.
1960 წელს ექექი, რომელიც გვიანდელი შუა საუკუნეების დროს მეჩეთად იყო გადაქცეული, მის ადგილას ახალი მეჩეთის აგებასთან დაკავშირებით დაანგრიეს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საყვარელიძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 114.
- Такайшвили, Е., Археологическая экспедиция 1917-го года в южные провинции Грузии, Тб., 1952. — с. 76-78.