ჯავახეთის წყაროსთავი
ჯავახეთის წყაროსთავი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°14′23″ ჩ. გ. 43°09′50″ ა. გ. / 41.2398139° ჩ. გ. 43.1641639° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | თურქეთი |
სასულიერო სტატუსი | ტაძრის ადგილას აშენდა მეჩეთი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
დეტალები
| |
წყაროსთავის საკათედრო ტაძარი, ჯავახეთის წყაროსთავი, ერუშეთის წყაროსთავი — შუა საუკუნეების ქართული მონასტერი, ხუროთმოძღვრების ძეგლი, საეპისკოპოსო კათედრალი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ფოსოში, კარწახის ტბის მახლობლად (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
წყაროსთავის კათედრალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროსთავის საკათედრო ტაძარი მდებარეობდა კარწახის ტბის ჩრდილო-დასავლეთით 2,55 კმ-ში. ვახუშტი ბატონიშვილი მის შესახებ წერს:
დღესდღეობით ტბაში არცერთი მდინარე არ ჩაედინება, გარდა სოფელ კარწახიდან მომდინარე მცირე რუსი, რომელიც პერიოდულად ივსება მთებიდან თოვლის დნობის დროს. ტბის დასავლეთით არის ვიწრო ხეობა, საიდანაც ჩქეფს წყარო, რომელიც საბოლოოდ მტკვარში ჩაედინება. სწორედ ამ წყაროს თავზე მდებარეობდა ეკლესია რის გამოც ადგილმაც და ეკლესიამაც წყაროსთავი დაირქვა. როგორც ჩანს ფოსო იმთავითვე მჭიდროდ იყო დასახლებული. ის მოხსენიებულია მესხური დავითნის ქრონიკაში. ერთიანი საქართველოს ეპოქაში წყაროსთველ ეპისკოპოსს მე-14 ადგილი ეკავა. მემატიანე ჯუანშერის (XI ს.) ცნობით, პირველი ტაძარი VI საუკუნის დასაწყისში, ვახტანგ გორგასალის ძის მირდატის დროს აშენდა. წყაროსთავის საეპისკოპოსო ერთ-ერთი უძველესი იყო საქართველოში. XVI საუკუნის დოკუმენტის, სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხის[1], ცნობით, წყაროსთველის სამწყსო იყო პალაკაციო-კოლას შორის მთიდან არტაანის ჩათვლით ტერიტორია. ამ საბუთში ჩამოთვლილ 13 ეპისკოპოსში წყაროსთველი მეშვიდე ადგილზეა დასახელებული.
„Ⴆ. წყაროსთუჱლის სამწყსო ზევთი და იმას ზეით პალაკაციო კოლის სამზღურამდინ, მტკუარს აქეთი: აქათ არტანი.“
| |
(ანდრძი წმინდისა მეფისა დავით აღმაშენებლისა)
|
1904 წელს მოსე ჯანაშვილი ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს გეოგრაფიაში“ იტყობინება, რომ „ამ მაკურთხევლის სამწყსოს არე-მარე მთლად გაოხრებულია, თუმცაღა დიდებული ტაძარი ჯერ ისევ მთელია. მისი წარწერა გვაუწყებს: ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოსი. ქრისტე შეიწყალე ხუროთმოძღვარი და მაშენებელი ამის წმინდა საყდრისა. ქრისტე შეიწყალე იოანე სამთავნელი ეპისკოპოსი“[2].
ამჟამად ძეგლი აღარ არსებობს, XX საუკუნის 70-იან წლებში იგი მთლიანად დაანგრიეს, ხოლო მის ადგილას მეჩეთი ააშენეს. ეკლესიის ქვები გაბნეულია მთელი სოფლის ტერიტორიაზე.
ძეგლის აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წყაროსთავი წარმოადგენდა VI საუკუნის ბაზილიკას, რომელიც გეგმით წააგავდა ოპიზის ტაძარს. X საუკუნეში გადაკეთდა გუმბათოვან ტაძრად. გეგმაში დასავლეთ ნაწილში ოთხკუთხა და რვაკუთხა (დასავლეთი წყვილი) ბოძების 3 წყვილით დაყოფილი 3 ნავი ჯქონდა. აღმოსავლეთ ნაწილში 3 მკლავი იყო. აქედან აღმოსავლეთ მკლავს საკურთხევლის აფსიდით დასრულებული ღრმა ბემა ჰქონდა. სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები უაფსიდო იყო. სამივე მკლავი გუმბათქვეშა კვადრატს ეკვროდა. საკურთხევლის ორივე მხარეს გეგმით მართკუთხა სათავსები იყო, ხოლო სამხრეთით და დასავლეთით - თაღებით გახსნილი გალერეა. მთელი ტაძარი შემოსილი იყო სწორ რიგებად ნაწყობი, სუფთად გათლილი მსხვილი კვადრებით. რვაწახნაგა გუმბათის ყელში გაჭრილ 4 სარკმელს გარედან შეწყვილებულ სვეტებზე ამოყვანილი თაღედი ამკობდა. სარკმლის სათაურები სადა იყო, უსარკმლო სიბრტყეები გუმბათის ყელზე - კვეთილი ორნამენტითა და ჯვრის გამოსახულებით შემკული, თაღების შეერთების ადგილზე მოთავსებული იყო ღვთისმშობლის, იოანე ნათლისმცემლისა და სხვა რელიეფური გამოსახულებანი. აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული იყო ღვთისმშობელი ყრმით. ე. თაყაიშვილი, ფრაგმენტების სახით შემორჩენილი ქართული წარწერებისა და აგრეთვე წარწერების ძვ. პირების მიხედვით, ვარაუდობდა, რომ ტაძარი დასრულებული სახით XI-XII საუკუნეებში იყო აგებული. შემდგომი შესწავლის საფუძველზე ხუროთმოძღვრებისა და დეკორის ხასიათით იგი X საუკუნის შუა წლების ძეგლებს მიაკუთვნეს.
-
წყაროსთავის ტაძარი
-
ტაძრის გუმბათის ყელი
წყაროსთავი ძველი ქართული მწერლობის მნიშვნელოვანი კერა იყო. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები ექვთიმე გრძელი (XI ს.), საბა მწერალი (XIII ს.) და სხვები. ცნობილია წყაროსთავიდან მოღწეული ძვირფასი ხელნაწერები: წყაროსთავის სახარება (Q № 907), გადანუსხული იოანე ფუკარალისძისა და გიორგი სეთაიძის მიერ 1195 წელს. ე. წ. წალკის ოთხთავი (XII-XIII სს.) და სხვა. 1902 წლის მოინახულა და აღწერა ქართული კულტურის მკვლევარმა ე. თაყაიშვილმა.
დღეს-დღეისობით მშვენიერი გუმბათოვანი ტაძრიდან მხოლოდ ქვებიღა შემორჩა რომელთაც მნახველი სოფლის გარშემო მიმოფანტულს უხვად ნახავს, რომლებსაც ადგილობრივები სახლების შესამკობად იყენებდნენ.
წარწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Ⴂ~Ⴈ
ႤႮ
ႦႨ
— გიორგი ეპისკოპოზი
ქვემოთ ქვაზე გამოსახულ ჯვრის გვერდით ასომთავრული წარწერა იყო:
Ⴕ~Ⴄ Ⴘ~Ⴄ
Ⴂ~Ⴈ ႤႮႱ
ႩႮႦႨ
— ქრისტე, შეიწყალე გიორგი ეპისკოპოზი
წყაროსთავის პატარა ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ტერიტორიაზე, უწინდელი საეპისკოპოსო კათედრის დღეს კი მეჩეთის ჩრდილო-დასავლეთით შემორჩენილია დარბაზული ტიპის ეკლესია, რომლისაგანაც ჩამოშლილია სამხრეთი კედელი.
წყაროსთველი მღვდელთმავრების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გიორგი წყაროსთველი — ტაძრის მაშენებელი
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მეჩითი წყაროსთავის ტაძრის ადგილას
-
ქვედა წყარო სოფ. ჯავახეთის წყაროსთავში
-
ზედა წყარო სოფ. ჯავახეთის წყაროსთავში
-
ქვაჯვარი და ნიში სოფლის განაპირას
-
ჩუქურთმიანი თლილი ქვები ეკლესიიდან, მიტოვებული სახლის კედლებში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბერიძე ვ., მენაბდე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 364.
- Е. Такаишвили, «Материалы по археологии Кавказа», XII, М. 1909, გვ. 45-51
- პ. ზაქარაია, „Зодчество Тао-Кларджети“, 1990 წ.
- ვ. ბერიძე, „Архитектура Тао-Кларджети“, 1981 წ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავახეთის წყაროსთავი დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine.