ალის წმინდა გიორგის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალის წმინდა გიორგის მონასტერი

ფოტო გადაღებულია 1896 წლამდე

ალის წმინდა გიორგის მონასტერი — თურქეთი
ალის წმინდა გიორგის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°29′32″ ჩ. გ. 42°46′14″ ა. გ. / 41.4922250° ჩ. გ. 42.7706361° ა. გ. / 41.4922250; 42.7706361
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ალის წმინდა გიორგის მონასტერი — ნაეკლესიარი, პოსოფის რაიონში, ისტორიულ სამცხეში, სოფელ ალში[1][2], თანამედროვე სოფელ ალქიოიში (თურქ. Alköy). ძეგლი მრავალჯერაა მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში[3][4][5][6][7]. ალის მონასტერი აღწერილია XIX-XX საუკუნის მკვლევართა მიერ და გამოქვეყნებულია მასალა მონასტრის ნაგებობებზე[8][9][10].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალის წმ. გიორგის მონასტერი სამცხის მნიშვნელოვან სასულიერო კერას წარმოადგენდა. მონასტერი სავარაუდოდ X-XI საუკუნეებში იყო დაარსებული. შემორჩენილია ალის მონასტერთან დაკავშირებული ხელნაწერები, რომლებიც ასახავენ მონასტრის ცხოვრებას. XIX საუკუნის 1870-იანი წლებისთვის მონასტრის ნაგებობები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო. 1890-იანი წლებისთვის კი მონასტერი მკვლევარებს უკვე ცუდ მდგომარეობაში დახვდათ. ადგილობრივ მოსახლეობას მონასტრის ქვები არა მარტო მეჩეთის, არამედ სასაფლაოების, საკვამურებისა და ღობეების მშენებლობისათვის გამოუყენებია. XX საუკუნის 20-იანი წლებისათვის მონასტრის ნაგებობები, მათ შორის ჯვარგუმბათოვანი ეკლესია, თითქმის სრულიად განადგურდა.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოსოფის რაიონის სოფელ ალში დაფიქსირებულია ალის მონასტრის ნაშთები: დანგრეული ეკლესიის ადგილი, სამონასტრო კომპლექსის კედლის წყობა, ემბაზი, ორნამენტიანი ქვები, კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები და საფასადო ქვების გაბნეული დეტალები. რადგან ალის მონასტრის ნაგებობები მთლიანად განადგურებულია, დეტალურად აღვწერთ მისგან შემორჩენილ ფრაგმენტებს.

მთავარი ტაძარი, ადგილობრივი მოსახლეების თქმით, სოფლის დასაწყისშივე ყოფილა, სადაც ამჟამად ბაზისების კვალია შემორჩენილი. მთავარი ტაძრის ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 30 მეტრზე, მონასტრის სხვა ნაგებობის კვალია. მისგან გადარჩენილია ჩრდილო-დასავლეთი კედელი და დუღაბის მოზრდილი ფრაგმენტები. აქვე, საცხოვრებელი სახლის ღობის კედლებში, გარეთა მხრიდან ჩატანებულია ქვები, რომლებსაც ეტყობა მოხატულობის კვალი. ამავე სახლის ღობის კედლებში, შიდა და გარე მხრიდან ჩატანებულია სამი წრე-რომბული და წრე-წნული ორნამენტის მქონე ქვა, ამავე სახლის ეზოში დგას ემბაზი, რომელიც თითქმის დაუზიანებლადაა შემონახული. იგი მთლიანი ნაცრისფერი ქვისგანაა გათლილი, რვაწახნაგაა და გარედან შემკულია თაღნარით. ემბაზის დიამეტრი 95 სმ, სიმაღლე 85 სმ, ხოლო სიღრმე 45 სმ-ია.

ალის სასაფლაოს ზღუდის კედელზე, მთავარი ტაძრის ადგილის სამხრეთით, დაახლოებით 40 მეტრზე, ვნახეთ ორნამენტიანი ქვა, წრე-რომბული ორნამენტით, დეტალი დაზიანებულია, მომტვრეული აქვს ლილვოვანი კიდურა ნაწილი, რომელიც ჰგავს აქვე ნანახ დეტალებს. სასაფლაოს კედელში ჩატანებულია ლილვიანი ქვა. სასაფლაოსთან საცხოვრებლის კედელში ჩატანებულია კიდევ ერთი წრე-რომბული ორნამენტის მქონე ქვა.

ალის მთავარი ტაძრის ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრზე, საცხოვრებელი სახლის კედელში აღმოჩნდა კიდევ ორი ორნამენტიანი ქვა.

აქვე მახლობლად, ადგილობრივი მოსახლის ეზოს ღობეში ჩატანებულია მართკუთხედის ფორმის ორნამენტიანი ქვა, რომლის ზედაპირი ნახევრადაა დამუშავებული. ეს, სავარაუდოდ, მრგვალი მცირე სარკმელია.

ალის მთავარი ტაძრის ადგილიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 მეტრზე, მეჩეთის ეზოს კედელში, მთავარი ტაძრის ადგილის აღმოსავლეთით, დაახლოებით 100 მეტრზე ჩატანებულია კბილანებისებრი ორნამენტის მქონე ქვა (მისი სახე ძნელად გასარჩევია). მეჩეთის ეზოსთან აღმოჩნდა მანამდე ნანახისგან განსხვავებული ორნამენტიანი ქვაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ს., „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბ., 1958.
  2. „გურჯისტანის ვილაიეთის რუკა“, 1953
  3. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა ყოფილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (S) კოლექციისა, ტ. II, ე. მეტრეველის რედაქციით, თბ., 1961.
  4. ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, საქართველოს სასტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ყოფ. მუზეუმის ხელნაწერები (H კოლექცია), კ. კეკელიძის რედაქტორობით, ტ. III, თბ., 1948.
  5. სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, XIII-XV სს. ტექსტების პუბლიკაცია, გამოკვლევა და საძიებელი ქრ. შარაშიძისა, თბ., 1982.
  6. ბაქრაძე დ., არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი, 1987.
  7. გვარამაძე ი., [ვინმე მესხი], ახალციხური ფელეტონი, გაზ. “დროება“, 1881, 11 აგვისტო.
  8. Уварова П. Посховский участокъ, Христіанскіе памятники, Матеріалы по археологіи Кавказа подъ ред. графини Уваровой, вып. IV, М., 1894.
  9. Девицкий В., Древности Посховского участка, СМОМПК, 35, 1905.
  10. Садовский В., Посховский участок Ардаганского округа Карсской области, СМОМПК, 5, Тифл., 1886.