პაფლაგონია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიზანტიის თემები მცირე აზიაში, დაახლოებით 842 წელი.

პაფლაგონიის თემი (ბერძ. θέμα Παφλαγονίας) — ბიზანტიის იმპერიის სამხედრო პროვინცია. თემი მდებარეობდა მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერძნული კოლონიზაციის ხანაში პაფლაგონიის ტერიტორიაზე დაარსდა ქალაქი სინოპი. ძვ. წ. VI საუკუნეში ჰეროდოტეს მიხედვით დაიპყრო ლიდიის მეფე კრეზმა, ხოლო შემდეგ შედიოდა აქემენიანთა იმპერიის III სატრაპიაში. ძვ. წ. IV საუკუნეში შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის სახელმწიფოში. ძვ. წ. 281 წლიდან მართავდნენ ადგილობრივი დინასტიები. ძვ. წ. 107 წლიდან ის მემკვიდრეობით მიიღო მითრიდატე VI–მ. ძვ. წ. 74-64 წლების ომის დროს პაფლაგონიის ასნაპირო მხარე რომის პროვინციებს, პონტოსა და ბითინიას შეუერთდა, დანარჩენი ნაწილი კი გალათეაში შევიდა. დიოკლეტიანეს დროს პაფლაგონია ცალკე პროვინციად ჩამოყალიბდა, რომლის ცენტრი ჰერმანიკოპოლისი იყო.[1]

ბიზანტიის იმპერიაში პაფლაგონია ცალკე თემი იყო. პაფლაგონიის თემი და მისი მმართველი სტრატეგოსი, პირველად მოხსენიებულია 826 წელს, თემი კი შესაძლოა წარმოიქმნა 820 წელს[2][3]. თემის ტერიტორია შეესაბამება ანტიკურ პერიოდში არსებულ პაფლაგონიის რეგიონს, რომელიც შედიოდა ოპსიკიონის და ბუკელარიონის თემში[4][5]. ადმინისტრაციული და საეკლესიო ცენტრი, ქალაქ განგრაში მდებარეობდა[6]. არსებობს მოსაზრება, რომ პაფლაგონიის რეგიონი ეკუთვნოდა არმენიაკონს და არა ბუკელარიონს. ვარაუდობენ, რომ შავ ზღვაში რუსების აქტივობამ განაპირობა პროვინციის ავტონომიური მართვლეობის ჩამოყალიბება[7]. არაბი გეოგრაფების იბნ ხორდადბეჰის და იბნ ალ-ფაქიჰის თანახმად, პროვინცია ითვლიდა 5 000 სამხედროს და 5 ციხესიმაგრეს[4][5][8]. აღსანიშნავი გამონაკლისი, ჩვეულ თემების იერარქიაში, არის კატეპანის არსებობა, ისინი პასუხისმგებელი იყვნენ ბიზანტიის სამხედრო ფლოტზე, რომლის ცენტრი ქალაქ ამასტრიაში მდებარეობდა[2][4].

1071 წელს, მანასკერტის ბრძოლის შემდეგ, რეგიონის დიდი ნაწილი თურქ-სელჩუკებმა დაიპყრეს; 1130 წელს, იოანე II კომნენოსის მეთაურობით, სანაპირო ტერიტორია ბიზანტიას დაუბრუნდა, მაგრამ შიდა ნაწილი თურქების ხელში დარჩა. მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, პაფლაგონია დავით კომნენოსის ხელში გადავიდა, მაგრამ 1214 წელს ნიკეის იმპერატორმა, თეოდორე I ლასკარისმა ამასტრიის დასავლეთ ნაწილი დაიპყრო. XIV საუკუნემდე ტერიტორია ბიზანტიის ხელში რჩებოდა, შემდგომ ის თურქებმა ან გენუელებმა დაიპყრეს.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გიორგაძე გ., პაფლაგონია // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 715.
  2. 2.0 2.1 McGeer, Nesbitt და Oikonomides 2001, p. 25.
  3. Oikonomides 1972, p. 349.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Kazhdan 1991, p. 1579.
  5. 5.0 5.1 Pertusi 1952, p. 136.
  6. Pertusi 1952, p. 137.
  7. Treadgold 1995, p. 31, 69.
  8. Treadgold 1995, p. 67–69.