ოთარ დადიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოთარ (დავით) კონსტანტინეს ძე დადიანი (დ. 1892, სოფ. ჭკადუაში, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი ოფიცერი, 1922-1924 წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სვანეთისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა თავად კონსტანტინე გიორგის ძე დადიანის (დ. 1852 — გ. 1903) და ელენე (და­უმ­ხან) ოთარის ასულ დადიშქელიანის (დ. 1855 — გ. 1894) ოჯახში. I მსოფლიო ომის დროს უფროს ძმასთან — მუშნი დადიანთან ერთად უნტერ-ოფიცრად (უმცროს ურიადნიკად) მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში და ჩაჩნური ცხენოსანი პოლკის რიგებში მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში კარპატებში. მიღებული ჰქონდა წმ. გიორგის IV, II და I ხარისხის ჯვრები. 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს ჯარში. 1921 წელს საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლის ივნისში მუშნი დადიანთან ერთად დააპატიმრეს აფხაზეთში ამბოხების მოწყობის დაგეგმვის ბრალდებით, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. 1922 წლიდან მეთაურობდა ერთ-ერთ პარტიზანულ რაზმს სვანეთში. 1923 წლის 1 დეკემბერს კოდორის მაზრაში დააპატიმრეს კოწია დადიშქელიანთან ერთად, მაგრამ კვლავ გაათავისუფლეს. 1924 წლის ივნისში მისი ძმის, მუშნი დადიანის დახმარებით ხელისუფლებამ ოთარ დადიანი შემოირიგა და სრული ამნისტია გამოუცხადა. იმავე წლის აგვისტოს აჯანყების დროს დადიანი კვლავ მონაწილეობდა ანტისაბჭოთა გამოსვლებში. აჯანყების დამარცხების შემდეგ საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა საშა გეგეჭკორმა შერიგების პირობით ძმები ტყიდან გამოიტყუა და დააპატიმრა სენაკის მაზრაში. მუშნი და ოთარ დადიანები მათ ნათესავთან, ნესტორ გარდაფხაძესთან და სხვა მსჯავრდებულებთან ერთად თბილისში დახვრიტეს. ცოლად ჰყავდა ლილი მარშანია (დ. 1897 — გ. 1957).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012.
  • ცხოვრება გვანჯი ჩიქოვანისა ; მუშნი დადიანი. წერილები, დღიურები / ემზარ კვიტაიშვილი ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; მხატვ. გოგი წერეთელი ; პროექტის ავტ.: გიორგი ყუფუნია, ოთარ ჭითანავა]. - თბ., 2011. - ISBN 978-9941-0-3803-7;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]