დავით დადიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით დადიანი

დავით დადიანი (დ. 26 იანვარი, 1812, ჭაქვინჯი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 30 აგვისტო, 1853) — სამეგრელოს მთავარი (1846-1853 წწ.), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840 წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება. 1829-1840 წლებში მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც პოლკოვნიკის წოდება მიიღო. სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას. ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო. მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით. თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე. მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით 1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო. შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა. ახლო ურთიერთობა ჰქონდა პ. იოსელიანთან და მ. ბროსესთან. დაჯილდოვებულია წმიდა ანას, წმინდა ვლადიმირის, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია მარტვილის მონასტერში, საგვარეულო აკლდამაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • კალანდია გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, გვ. 286-287, თბ., 2012 წელი.
  • მაკალათია ს., სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია, თბ., 1941;
  • მეუნარგია ი., სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელი პერიოდი და დავით დადიანი, თბ., 1939