სასპერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეთნიკური კავკასია

სასპერებიაქემენიდური ხანის სპარსეთის ერთ-ერთ სატრაპიაში შემავალი ტომების სახელწოდება. მატიენებთან და ალაროდებთან ერთად შეადგენდნენ მე-18 სატრაპიას და ყოველწლიური ხარკის სახით სპარსეთის მეფეს 200 ტალანტს უხდიდნენ. მათ ეკისრებოდათ აგრეთვე სამხედრო ვალდებულება — სპარსელ ხელისუფალთა მოთხოვნით ლაშქრის გამოყვანა. ასე მონაწილეობდნენ სასპერები, მაგალითად, მეფე ქსერქსეს (ძვ. წ. V საუკუნე) ლაშქრობაში საბერძნეთზე. აქ ისინი კოლხების მსგავსად ყოფილან აღჭურვილნი (თავზე ხის მუზარადები ხურებიათ, ხელთ გამოუქნელი ტყავის პატარა ფარები და მოკლე შუბები, დანები სჭერიათ), ჰეროდოტეს მიხედვით სასპერები ფართო ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხია (სპარსეთის ყურიდან შავ ზღვამდე, ამ ავტორის თანახმად, ოთხი ხალხი ცხოვრობდა — სპარსელები, მიდიელები, სასპერები და კოლხები).

სასპერების სახელწოდებას უკავშირებენ სპერის ოლქის, ძვ. აღმოსავლური ხანის სუბარელთა (ხური-მითანელთა), აგრეთვე აღმოსავლურ-ქართული ტომების — იბერების სახელწოდებებს. ზოგიერთ მკვლევარს ისინი აქემენიდურ ხანაში ქართლის ტომების ჰეგემონობით ჩამოყალიბებულ იბერიის წინამორბედ გაერთიანებად მიაჩნდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 125, თბ., 1985 წელი.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970.