ქაშქები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქასქები, ქაშქები — ძველი ხალხები; ცხოვრებდნენ პონტოს მთებში შავი ზღვის სამხრეთ სანაპირომდე, ხეთების სამეფოს ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთით. იხსენიებიან ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეების ხეთურ და ძვ. წ. XII-VII საუკუნეების ასურულ ლურსმულ წყაროებში. ქასქების ენა ისევე როგორც მათი ეთნიკური კუთვნილების საკითხი, გაურკვეველია. ვარაუდობენ, რომ ქასქები ადგილობრივი მცირეაზიული (პროტოხეთების მონათესავე) ტომები იყვნენ ან ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე აფხაზურ-ადიღეური წარმომავლობის ტომებს ენათესავებოდნენ. ეწეოდნენ ბინადარ და ნახევრად ბინადარ ცხოვრებას. ძვ. წ. XV საუკუნეში ქასქებმა დაარბიეს ხეთების დედაქალაქი ხათუსა. ქასქების მთავარი „ქალაქები“ იყო ხალილა და დუდუსქა. ქასქების საზოგადოება ე. წ. „სამხედრო დემოკრატიას“ წარმოადგენდა. ხეთების სამეფოს განადგურების შემდეგ (ძვ. წ. XII საუკუნე), ასურული წყაროების მიხედვით, ქასქები მცირე აზიის აღმოსავლეთ პერიფერიაზე, თაბალებისა და მუშქების მეზობლად ბინადრობდნენ. მკვლევრები ტერმინ „ქასქებს“ ჩერქეზების ტომთა სახელს უკავშირებენ, რამდენადაც ძველ ქართულ წყაროებში, მათ იხსენიებენ როგორც „ქაშაგებს“, არაბულ წყაროებში - „ქეშაქს“, ძვ. რუსულ ტექსტებში - „კასოგს“.

ძვ. წ. XIV-XIII სს-ის ხეთების მეფეთა წარწერები სავსეა მეომარ ხალხთან - ქასქებთან ბრძოლის აღწერით. ამ ტექსტებიდან ჩანს, რომ ხეთები ხშირად თავდაცვის მიზნით ებრძოდნენ ქასქებს. ცნობილია, რომ უკვე მეფე ხანთილის დროს ხეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკულტო ქალაქი ნერიქი ქასქებს სასტიკად დაურბევიათ. ხეთების მეფე მურსილი II იხსენიებს ქასქების მეფე ფიხუნიას. ქასქებს მოიხსენიებენ ხეთების დაცემის შემდეგაც. ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ. წ. 745-727 წწ.) ასახელებს ქასქების მეფე დადიილუს.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970