სკვითინები — ძველი დასავლურ-ქართველური ტომი, უძველესი და ყველაზე სრული ცნობები სკვითინების შესახებ დაცულია ბერძენი ისტორიკოსის ქსენოფონტის „ანაბასისში“. სკვითინები ბინადრობდნენ მდინარეჭოროხის დასავლეთით, პონტოს ტავრის სამხრეთ კალთებზე, ტრაპეზუნტის ხაზამდე. სკვითინების სახელი დაცულია პონტოს ტავრის ამ ნაწილის უძველეს სახელწოდებაშიც — „სკვიდისში“. ტერმინი „სკვითინები“ საფუძვლად უდევს ზანური (მეგრულ-ჭანური) რიცხვითი სახელი შქვითი (შვიდი). ბერძნულში „შ“ ბგერის უქონლობის გამო თავკიდური ბგერა „სკვითინები-ს“ შესაბამისი ბერძნული სიგმითაა გადმოცემული. სტრაბონის „გეოგრაფიაში“ მოცემულია სკვიდისის კალთებზე მცხოვრებთა სახელწოდების ბერძნული შესატყვისი — ჰეპტაკომეტაი, რაც შვიდსოფლელებს ნიშნავს, ხოლო თურქულ გეოგრაფიის ნომენკლატურაში შემონახულია ამ ადგილის სახელი კურა სებაა, რაც ასევე 7 სოფელს ნიშნავს. ეთნიკური სახელის სკვითინების წარმოშობა დაკავშირებული უნდა იყოს 7 ეთნიკურ-სოციალური ერთეულის გაერთიანებასთან ერთ დიდ ეთნიკურ-პოლიტიკურ ერთეულად (ძვ. წ. V საუკუნის დასასრული). ამ გაერთიანების სათავეში ერთი მმართველი იდგა. ადმინისტრაციული ცენტრი იყო ქალაქი გვიმნიასი. „ანაბასისში“ გვიმნიასი მოხსენიებულია დიდ, მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქად (ასეთი ეპითეტებით ქსენოფონტი მცირე აზიის მრავალ ქალაქთაგან მხოლოდ 3-ს იხსენიებს). იქვე ჩამოთვლილია ჭირნახულით მდიდარი სოფლებიც. როგორც ჩანს, სკვითინების სახელმწიფოს ტიპის გაერთიანება იყო, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება. გვაინდელი წყაროები ასეთ ერთეულს აღარ ასახელებენ.