მოსინიკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოსინიკები — ერთ-ერთი ძველი ქართველი ტომი სამხრეთ კოლხეთში. ცხოვრობდნენ ადრინდელ ანტიკურ ხანაში შავი ზღვის სანაპიროზე, ტრაპეზუნტისსა და კერასუნტის დასავლეთით. ძვ. წ. V საუკუნეში მოსინიკები ამ რაიონის სხვა ქართველ ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთში, XIX სატრაპიაში. მრავალ ცნობას მათ შესახებ გვაწვდვის ძველი ბერძენი ავტორი ქსენოფონტი, რომელსაც ძვ. წ. 401 წელს გაუვლია მოსინიკებით დასახლებულ ტერიტორიაზე. ამ დროს არსებობდა მოსინიკების ორი დიდი გაერთიანება, რომლებიც ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად ფართოდ იყენებდნენ წაბლს; სცოდნიათ ღვინის დაყენებაც. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მათ „მეფეს“ (შეიძლება იგულისხმება მთავარი ქურუმი) რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონია.

მოსინიკებში განვითარებული უნდა ყოფილიყო ლითონების დამუშავება. ზოგი ავტორი ფიქრობს, რომ სიტყვა „თითბრის“ სახელწოდება ევროპულ ენებში (Messing) მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მელიქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 134.
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 1, თბ., 1970