ლუ სიუნი
ჭოუ შუჟენი | |
---|---|
周樹人 (Zhōu Shùrén) | |
ლუ სიუნი, 1930 წელი | |
დაბადების თარიღი | 25 სექტემბერი, 1881 წელი |
დაბადების ადგილი | შაოსინგი, ჭეძიანგი, ცინგის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1936 წელი (55 წლის ასაკში) |
გარდაცვალების ადგილი | შანხაი, ჩინეთის რესპუბლიკა |
ფსევდონიმი | ლუ სიუნი (ჩინ.: 魯迅) |
საქმიანობა | მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ლექტორი, საჯარო მოხელე |
ენა | ინგლისური ენა, ჩინური ენა და იაპონური ენა |
ეროვნება | ჩინელი |
მოქალაქეობა |
ცინის დინასტია ჩინეთის რესპუბლიკა |
ალმა-მატერი | ტოჰოკუს უნივერსიტეტი, Kobun Institute და Sendai Medical College |
პერიოდი | 1902–1936 |
ჟანრი | მოთხრობა, ესკიზი, ნოველა, პოეზია, პროზა, ესე, ლიტერატურული, კრიტიკა, ისტორია, ავტობიოგრაფია, რედაქცია, ლექცია, თარგმანი |
თემატიკა | ტრადიციული ჩინური კონფუცისტური საზოგადოების, ღირებულებებისა და აზროვნების კრიტიკა |
მიმდინარეობა | ახალი კულტურის მოძრაობა, ოთხი მაისის მოძრაობა, სოციალური და სოციალისტური რეალიზმი |
Magnum opus | შეშლილის დღიურები (1918 წელი) |
ჯილდოები | 100 heroes and model figures who have made outstanding contributions to the founding of New China |
მეუღლე | Zhu An და Xu Guangping |
პარტნიორ(ებ)ი | Xu Guangping |
შვილ(ებ)ი | Zhou Haiying |
ხელმოწერა | |
ჭოუ შუჟენი (დ.25 სექტემბერი, 1881 — გ.19 ოქტომბერი, 1936 ) — ცნობილი, როგორც ლუ სიუნი,[1] ჩინელი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ლექტორი და სახელმწიფო მოხელე. თანამედროვე ჩინური ლიტერატურის წამყვანი ფიგურა. იყენებდა ტრადიციულ და ხალხურ ჩინურ ენებს და იყო მოთხრობების ავტორი, რედაქტორი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე, ესეისტი, პოეტი და დიზაინერი. 1930-იან წლებში, რესპუბლიკური ეპოქის ჩინეთში (1912-1949 წწ.) გახდა მემარცხენე მწერალთა ლიგის ხელმძღვანელი ლუ სიუნი დაიბადა მემამულეთა და სახელმწიფო მოხელეების ოჯახში შაოსინგში, ჭეძიანგში. ახალგაზრდობისას, ოჯახის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. ლუ ცდილობდა იმპერიული გამოცდების ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის გაღარიბების გამო იძულებული გახდა ესწავლა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლაში, სადაც ასწავლიდნენ "უცხოურ განათლებას". სკოლის დამთავრების შემდეგ ლუმ სწავლა იაპონიაში გააგრძელა. მოგვიანებით დაინტერესდა ლიტერატურის შესწავლით, მაგრამ საბოლოოდ ოჯახის უსახსრობის გამო იძლებული გახდა ჩინეთში დაბრუნებულიყო. ჩინეთში დაბრუნების შემდეგ ლუ სიუნი რამდენიმე წლის განმავლობაში ადგილობრივ საშუალო სკოლებსა და კოლეჯებში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. შემდგომში საქმდება ჩინეთის რესპუბლიკის განათლების სამინისტროში.
1919 წლის 4 მაისის მოძრაობის შემდეგ, ლუ სიუნის ნაწერებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინურ ლიტერატურასა და კულტურაზე. 1949 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, ლუ სიუნმა მაო ძედუნის და მთავრობის მოწონება დაიმსახურა. თავად მაო ძედუნი ლუ სიუნის ნაშრომების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიუნი იზიარებდა სოციალისტურ იდეებს, იგი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას არ შეერთებია.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუ სიუნი დაიბადა შაოსინგში, ჭეძიანგში. როგორც პრეთანამედროვე ჩინეთში იყო გავრცელებული, ლუ სიუნს მრავალი სახელი ჰქონდა. მისი დაბადების სახელი იყო ჭოუ ჭანგშოუ (ჩინ.: 周樟壽; ფინინი: Zhōu Zhāngshòu). თავაზიანობის სახელი იუშანი (ჩინ.: 豫山; ფინინი: Yùshān), მაგრამ მოგვიანებით შეიცვალა, როგორც იუცაი (ჩინ.: 豫才; ფინინი: Yùcái). 1898 წელს, ძიანგნანის საზღვაო აკადემიაში წასვლამდე, მან მიიღო სახელი შუჟენი (ჩინ.: 樹人; ფინინი: Shùrén), რაც გადატანითი მნიშვნელობით განათლებულ კაცს ნიშნავს.[2] საერთაშორისო საზოგადოებაში ის ცნობილია, როგორც ლუ სიუნი, რომელიც მისი ლიტერატურული ფსევდონიმია. სახელი გამოჩნდა 1918 წელს, როდესაც პირველად გამოქვეყნდა მისი მოთხრობა "შეშლილის დღიური".[3]
ლუ სიუნის დაბადების დროისთვის ჭოუს ოჯახის სიმდიდრე საუკუნეებს ითვლიდა. ჰქონდათ მრავალი მიწის ნაკვეთი, ფლობდნენ ლომბარდს და ოჯახის რამდენიმე წევრი სამთავრობო სტრუქტურებშიც იყო დასაქმებული. ლუს ბაბუა, ჭოუ ფუცინგი პეკინის საიმპერატორო ხანლინის აკადემიაში დაინიშნა თანამდებობაზე, რაც იმ დროს დამწყები საჯარო მოხელისთვის ყველაზე მაღალი რანგის თანამდებობა იყო.
ჭოუს დედა მიეკუთვნებოდა იმავე რანგის სოციალურ კლასს, როგორც ლუ სიუნის მამა. წარმოშობით იყო სოფლის პატარა ქაალაქიდან (ანციაოთოუ, ჭეძიანგი). იმის გამო, რომ იმდროინდელ ჩინეთში ფორმალური განათლება გოგოებისთვის სოციალურად შეუფერებლად იყო მიჩნეული, მას ოფიციალურად განათლება არ მიუღია, თუმცა ჩინურად წერა-კითხვა სახლში, დამოუკიდებლად ისწავლა. გვარი ლუ (ჩინ.: 魯) ჭოუ შუჟენის ფსევდონიმში დედის გვარიდან მომდინარეობს.[4]
ლუმ ადრეული განათლება კონფუციანურ სწავლებებზე იყო დაფუძნებული, სწავლობდა პოეზიას, ისტორიას, ფილოსოფიას - საგნებს, რომლებიც, მან მოგვიანებით დაახასიათა, როგორც არასასარგებლო და არასაინტერესო . სამაგიეროდ ლუ სიუნს უყვარდა ხალხური ამბები და ტრადიციები: ადგილობრივი ოპერები, მითოლოგიური არსებები და ისტორიები მთებისა და ზღვების კლასიკიდან. ასევე დაინტერესებული იყო მოჩვენებების შესახებ ისტორიებით, რომელსაც მას ბავშვობაში აღმზრდელი, წერა-კითხვის უცოდინარი ახ ჩანგი უყვებოდა (ლუ სიუნი მას დედა ჩანგის სახელით მოიხსენიებდა).[5]
იმ დროისთვის, როდესაც ლუ დაიბადა, მისი ოჯახის კეთილდღეობა ნელ-ნელა კლებულობდა. მამამისმა, ჭოუ პოიმ წარმატებით ჩააბარა პირვველი დონის იმპერიული გამოცდები, მაგრამ წარუმატეებლობა განიცადა პროვინციის დონის გამოცდებში.[5] 1893 წელს, ჭოუ პოი დაადანაშაულეს იმპერიული გამოცდების ჩასაბარებლად თანამდებობის პირის მოსყიდვისთვის. დანაშაულში ჩართული იყო ლუ სიუნის ბაბუა, ჭოუ ფუცინგი. მას შვილის დანაშაულისთვის განაჩენად თავის მოკვეთა მიესაჯა, თუმცა მოგვიანებით განაჩენი შეიცვალა და ნაცვლად სიკვდილით დასჯისა, იგი ხანგჭოუში დააპატიმრეს. ინციდენტის შემდეგ ჭოუ ბოის ჩამოართვეს თანამდებობა მთავრობაში და აუკრძალეს საჯარო სამსახურის გამოცდების ჩაბარება. ჭოუს ოჯახმა ხელი შეუშალა ლუს ბაბუის სიკვდილით დასჯას თანამდებობის პირთა მოსყიდვის გზით, სანამ ის საბოლოოდ გაათავისუფლეს 1901 წელს.[6]
მას შემდეგ, რაც ოჯახის მიერ მოქრთამვის მცდელობა გამოაშკარავდა, ჭოუ პოი ალკოჰოლური სასმელებითა და ოპიუმის მოხმარებით იყო დაკავებული და მისი ჯანმრთელობა გაუარესდა. ადგილობრივმა ჩინელმა ექიმებმა სცადეს მისი განკურნება მთელი რიგი ძვირადღირებული ყაბზობის რეცეპტებით, მათ შორის მონოგამური ჭიკჭიკებით, შაქრის ლერწმით, რომელიც სამჯერ გადაურჩა ყინვას, მელნისა და დოლის კანით და სხვა. მიუხედავად ამ ძვირადღირებული მკურნალობისა, 1896 წელს ჭოუ პოი ასთმის შეტევით 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.[6]
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუ სიუნმა 1898 წელს[7] ბედი სცადა ერთ-ერთ საჯარო სამსახურის გამოცდაში, მოგვიანებით კონფუციანური განათლების მიღებას თავი დაანება,[6] რადგან მიზნად ისახავდა სწავლის ხანგჭოუს უფრო პრესტიჟულ სასწავლებელში გაგრძელებას, თუმცა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა სწავლა ნანკინში, ძიანგნანის სამხედრო აკადემიაში გაეგრძელებინა.[8]
ლუს გადაწყვეტილებამ, დასწრებოდა სამხედრო სკოლას ოჯახს თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინა და ვინაობის დამალვის მიზნით დაავალეს სახელის შეცვლა (ოჯახის შერცხვენის თავიდან ასარიდებლად),[6] ზოგიერთი ნათესავი ამ გადაწყვეტილების გამო მისდამი უარყოფითად იყო განწყობილი. ლუ ნახევარი წლის განმავლობაში სწავლობდა ძიანგნანის საზღვაო აკადემიაში და დატოვა, მას შემდეგ რაც აღმოაჩინა, რომ საავტომობილო ოთახში გემბანის ქვედა ნაწილის თანამშრომლად უპირებდნენ სამუდამოდ დატოვებას, რაც დამამცირებლად მიიჩნია.[8] მოგვიანებით წერილობითი სახით გამოთქვა უკმაყოფილება აკადემიაში სწავლების ხარისხთან დაკავშირებით.[9]
სამხედრო სასწავლებლის დატოვების შემდეგ, ლუ სიუნმა გადაწყვიტა საჯარო სამსახურის პირველი დონის გამოცდებზე გასვლა და 500-დან 137-ე ადგილზე მოხვდა. ის უფრო მაღალი დონის გამოცდების ჩაბარებასაც გეგმავდა, თუმცა მოულოდნელად მისი ერთ-ერთი უმცროსი ძმა გარდაიცვალა.
შემდგომში ლუ სიუნი ჩაირიცხა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სკოლაში, მაღაროებისა და რკინიგზების სკოლა, რომელიც 1902 წელს დაასრულა. სკოლაში ლუ პირველად გაეცნო უცხოურ ლიტერატურას, ფილოსოფიასა და მეცნიერებას. ინტენსიურად სწავლობდა ინგლისურ და გერმანულ ენებს. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონია ისეთმა ნაწარმოებებმა, როგორიც არის ბიძია თომას ქოხი.[8] მცირედი ძალისხმევით სკოლაში წარმატებებს მიაღწია, თუმცა რასიზმის მსხვერპლი გახდა, ამ ფაქტორმა ხან-ჩინური ნაციონალიზმის შესახებ მის დამოკიდებულებაზე დიდი გავლენა იქონია. სკოლის დასრულების შემდეგ, ლუ სიუნი მიზნად ისახავდა ექიმად გახდომას.
1902 წელს, ლუ სიუნი ცინგის დინასტიის ხელისუფლების სტიპენდიით გაემგზავრა იაპონიაში, უცხოური მედიცინის შესწავლის მიზნით. იაპონიაში ის ჩაირიცხა კობუნის ინსტიტუტში, ჩინელი სტუდენტების მოსამზადებელ სკოლაში, რომლებიც იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლობდნენ. თანაკლასელის გავლენით, მან შეწყვიტა პიენწის ტარება (ჩინეთში თმის ამ სტილის ტარება ცინგის მანჯურიული დინასტიის დროს ხანელი მოსახლეობისთის სავალდებულო იყო) და თავისუფალ დროს ჯუჯუცუში ვარჯიშობდა.ლუ სიუნს გააჩნდა ორაზროვანი შეხედულება ჩინეთში რევოლუციური პოლიტიკის მიმართ და არ არის ცნობილი, შეუერთდა თუ არა რომელიმე რევოლუციურ პარტიას. იაპონიაში ყოფნის პერიოდში ის იყო ანტიჩინური რასიზმის მსხვერპლი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ზიზღი იაპონიაში მცხოვრები რამდენიმე ჩინელის ქცევით იყო გამოწვეული.ლუს ადრეული ნარკვევები, რომლებიც ტრადიციულ ჩინურ ენაზეა შესრულებული, გამოიცა იაპონიაში სწავლის დროს. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა ცნობილი უცხოური რომანების პირველი ჩინური თარგმანები, მათს შორის, თარგმნა ჟიულ ვერნის დედამიწიდან მთვარემდე და ოცი ათასი ლიგა ზღვის ქვეშ. 1904 წელს ლუმ სწავლა დაიწყო სენდაის სამედიცინო აკადემიაში, ჩრდილოეთ ჰონსიუში, მაგრამ იქ ორი წელიც არ დარჩენილა.ზოგადად მიაჩნდა, რომ სკოლაში სწავლა დამღლელი და რთული იყოა, ნაწილობრივ ენის სრულყოფილად არცოდნის გამო. სენდაიში სწავლისას ის დაუმეგობრდა თავის ერთ-ერთ პროფესორს, ფუჯინო გენკუროს, რომელიც მას კლასის ჩანაწერების მომზადებაში დაეხმარა. მათი ამ მეგობრობის გამო ლუ კლასელებმა ფუჯინოსგან სპეციალური დახმარების მიღებაში დაადანაშაულეს. ლუ სიუნის სამედიცინო სკოლაში სწავლის პერიოდში, რუსეთ-იაპონიას შორის ომი (1904-1905) დაიწყო. ომის ნაწილი ჩინეთის სადავო მიწაზე მიმდინარეობდა. ომის მიმდინარეობის პარალელურად ლექტორები გაკვეთილების დასრულების შემდეგ სტუდენტებს რეგულარულად აჩვენებდნენ ფოტოებს ფრონტის ხაზიდან. ბიოლოგიის ერთ-ერთი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ლუს აჩვენეს ფოტო, რომელზეც იაპონელი ჯარისკაცი ჩინელი მამაკაცისთვის თავის მოკვეთას აპირებდა, რომელიც მათი ვერსიით რუსების ჯაშუში იყო. ნახანის წინასიტყვაობაში, მისი მოთხრობების პირველ კრებულში ლუმ განმარტა, თუ როგორ იმოქმედა მასზე ამ სცენის ნახვამ, შეწყვიტა უცხოური მედიცინის შესწავლა და გადაწყვიტა თავისი მოღვაწეობა ლიტერატურის სფეროში გაეგრძელებინა.[10]
1906 წლის მარტში, ლუ სიუნმა მოულოდნელად და ფარულად შეწყვიტა სწავლა და მიატოვა კოლეჯი. იმ დროს ეს არავინ იცოდა. ტოკიოში ჩასვლის შემდეგ დარწმუნდა, რომ საელჩო არ გააუქმებდა მის სტიპენდიას და ადგილობრივ გერმანულ ინსტიტუტში დარეგისტრირდა, სადაც გაკვეთილებზე დასწრება აუცილებელი არ იყო. მან დაიწყო ნიცშეს კითხვა და ნიცშეს ფილოსოფიის გავლენით დაწერა არაერთი ესე იმ პერიოდში.[10]
1906 წლის ივნისში, ლუს დედას შეატყობინეს ჭორი, რომ ლუ სიუნი დაქორწინდა იაპონელ გოგონაზე და მისგან შვილი შეეძინა. მან არარსებული ავადმყოფობის საბაბით მოითხოვა ლუს სახლში დაბრუნება, სადაც აიძულებდა გარიგებით ქორწინებას.[11] რომელსაც ლუ დათანხმდა და ცოლად შეირთო ჭუ ანი, ლუსგან სრულიად განსხვავებული, წერა კითხვის უცოდინარი გოგონა.[12] წყვილმა იქორწინა, თუმცა რომანტიკული ურთიერთობა არასდროს ჰქონიათ. მიუხედავად ამ ფაქტისა, ლუ სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მეუღლეზე.[10] ქორწინების ცერემონიიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ლუ უმცროს ძმასთან ერთად იაპონიაში დაბრუნდა და დატოვა ახლადშერთული ცოლი.[10]
იაპონიაში დაბრუნების შემდეგ გაიარა ლიტერატურისა და ისტორიის არაფორმალური გაკვეთილები, გამოაქვეყნა რამდენიმე ნარკვევი სტუდენტურ ჟურნალში[13] და 1907 წელს დაიწყო რუსულის გაკვეთილებზე დასწრება. ლუ ცდილობდა ძმასთან ერთად დაერარსებინა ლიტერატურული ჟურნალი, თუმცა რიგი პრობლემების გამო პროექტმა ვერ გაამართლა. 1909 წელს ლუმ და მისმა ძმამ გამოაქვეყნეს დასავლური მხატვრული ლიტერატურის თარგმანები, მათ შორის ედგარ ალან პოს[14] ზღაპრები, მაგრამ 1500 დაბეჭდილი ეგზემპლარიდან გაიყიდა მხოლოდ 41 მათგანი.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1909 წელს ლუ სწავლის გერმანიაში გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ უსახსრობის გამო იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 1909 წლიდან 1911 წლამდე ადგილობრივ კოლეჯებსა და საშუალო სკოლებში ხანმოკლე დროით ეკავა მასწავლებლის თანამდებობა, თუმცა ფინანსურად არადამაკმაყოფილებელი იყო, რამეთუ ვერ უზრუნველყოფდა მისი ძმის ჭუოჟენის განათლების ხარჯებს იაპონიაში.[15]
ლუ ეს წლები ტრადიციულ ჩინურ ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა: აგროვებდა ძველ წიგნებს, იკვლევდა პრე-თანამედროვე ჩინურ მხატვრულ ლიტერატურას,[16] იკვლევდა და შიფრავდა უძველესი საფლავის ქვის წარწერებს და აგროვებდა თავისი მშობლიური ქალაქის, შაოსიანგის ისტორიას. მეგობართან პირად წერილებში მან გამოხატა იმედგაცრუება საკუთარი წარუმატებლობის, ჩინეთის პოლიტიკური მდგომარეობისა და მისი ოჯახის მუდმივი სიღატაკის გამო.
1911 წელს ის დაბრუნდა იაპონიაში თავისი ძმის, წუოჟენის სამშობლოში დასაბრუნებლად, რათა წუოჟენს ოჯახის ფინანსურ მხარდაჭერაში შეძლებოდა დახმარება. წუოჟენს იაპონიაში ფრანგულის შესასწავლად დარჩენა სურდა, მაგრამ ლუ წერდა, რომ "ფრანგული.. კუჭს არ ავსებს". მან მეორე ძმა ძიაჟენს ბოტანიკოსობა გადააწყვეტინა.[15] 1911 წელს დაწერა თავისი პირველი მოთხრობა ნოსტალგია, მაგრამ იმდენად იმედგაცრუებული გახდა შედეგით, რომ ხელნაწერი გადააგდო. წუოჟენმა ლუსგან მალულად ეს ხელნაწერები გადაარჩინა და ორი წლის შემდეგ, თავისი სახელის ქვეშ გამოაქვეყნა. [16]
1912 წელს სინხაის რევოლუციის შედეგად დაემხო ცინგის დინასტია და დაარსდა ჩინეთის რესპუბლიკა, ლუ განათლების ეროვნულ სამინისტროში თანამდებობაზე დაინიშნა. იგი თავიდან ნანკინში მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით სამინისტროსთან ერთად გადადის პეკინში, სადაც 1912 წლიდან 1926 წლამდე ცხოვრობდა.[17] თავიდან მისი სამსახური ძირითადად წიგნების გადაწერას მოიცავდა, მაგრამ მოგვიანებით სოციალური განათლების განყოფილების უფროსად დაინიშნა და საბოლოოდ დაწინაურდა მდივნის თანაშემწის თანამდებობაზე. მისი ორი მთავარი მიღწევა იყო პეკინის ბიბლიოთეკის განახლება და გაფართოება, ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის დაარსება და პოპულარული ლიტერატურის ბიბლიოთეკის დაარსება.[15]
1912 წელს ციენ ტაოსუნთან და ხიუ შოუშანგთან ერთად შექმნა 12 სიმბოლოს ეროვნული ემბლემა. 1912-1917 წლებში ის იყო არაეფექტური ცენზურის კომიტეტის წევრი, არაფორმალურად სწავლობდა ბუდისტურ სუტრებს, კითხულობდა ლექციებს სახვითი ხელოვნების შესახებ დაწერა და გამოაქვეყნა წიგნი შაოსინგის ისტორიის შესახებ და დაარედაქტირა და გამოაქვეყნა თანგისა და სუნგის დინასტიების ხალხური მოთხრობების კრებული.[15] მან შეაგროვა და გამოაქვეყნა წიგნი ძველი პოეტის ძი ქანგის შემოქმედებაზე, დაწერა ჩინური მხატვრული ლიტერატურის მოკლე ისტორია.[17] მას შემდეგ რაც იუენ შიქაიმ 1915 წელს თავი ჩინეთის იმპერატორად გამოაცხადა, ლუ მცირე ხნით იძულებული გახდა კონფუცის პატივსაცემად გამართულ რიტუალებში მოეღო მონაწილეობა.[15]
1917 წელს, ძველმა მეგობარმა, ციენ სიუენთუნგმა ლუ მიიწვია რადიკალური პოპულისტური ლიტერატურული ჟურნალის რედაქტორად. თავიდან ლუ სკეპტიკურად იყო განწყობილი და ეჭვობდა რომ მისი ნაშრომი რაიმე სოციალურ მიზანს ემსახურებოდა და ციენს უთხრა "წარმოიდგინე რკინის სახლი: ფანჯრებისა და კარების გარეშე, სრულიად ურღვევი და ხმის დამახშობლებით სავსე - სრულიად ჩუმი-ყველაფერი სახლში სიკვდილისთვის ხელსაყრელი. დაიძინებ და ვერაფერს იგრძნობ. ნუთუ სწორია ყვირილი, ღრმად მძინარეთა აღგზნება, სიკვდილის წინ მათი უნუგეშო ტანჯვა-წამება?"[18](p134) ციენმა უპასუხა, რომ სწორია, თუ მძინარეები გაიღვიძებენ, მაგრამ "იმედია კიდევ იქნება იმედი, რომ ერთ დღეს შეიძლება რკინის სახლი დაინგრეს."[18](pp134-135) ცოტა ხნის შემდეგ, 1918 წელს ლუმ ჟურნალისთვის დაწერა პირველი მოთხრობა შეშლილის დღიური, რომელიც 2 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა.[19][20][18]
1919 წელს ლუმ თავისი ოჯახი საცხოვრებლად შაოსინგიდან პეკინის დიდ ქალაქში გადაიყვანა,[15] სადაც ცხოვრობდა დედასთან, ორ ძმასთან და მათ იაპონელ ცოლებთან ერთად. ასე გაგრძელდა 1923 წლამდე, სანამ ლუ თავის ძმას წუოჟენს არ დაუპირისპირდა, რის შემდეგაც ლუ ცოლთან და დედასთან ერთად სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად. არც ლუს და არც წუოჟენს არ გაუსაჯაროებიათ უთანხმოების მიზეზი, მაგრამ წუოჟენის მეუღლემ მოგვიანებით ლუ დაადანაშაულა მის მიმართ სექსუალურ ლტოლვაში.[21] ზოგიერთი მწერალი ვარაუდობს, რომ მათი ურთიერთობა შესაძლოა ფულთან დაკავშირებული საკითხების შედეგად გაუარესდა. ზოგიერთის აზრით ლუ წუოჟენის ცოლის ბანაობის დროს შევიდა სააბაზანოში, ან იაპონიაში ყოფნის დროს წუოჟენის მეუღლესთან ჰქონდა შეუსაბამო "ურთიერთობა", რაც წუოჟენმა მოგვიანებით აღმოაჩინა. ძმასთან დაპირისპირებს შემდეგ ლუ დეპრესიაში ჩავარდა.[22]
1920 წელს, რამდენიმე კოლეჯში დაიწყო ლექციების წაკითხვა, მათს შორის პეკინის უნივერსიტეტში, პეკინის ნორმალურ უნივერსიტეტში და პეკინის ქალთა კოლეჯში, სადაც ასწავლიდა ტრადიციულ მხატვრულ და ლიტერატურულ თეორიას. მოგვიანებით მოხდა მისი ლექციის ჩანაწერების შეგროვება და გამოქვეყნდა, როგორც მხატვრული ლიტერატურის მოკლე ისტორია. განათლების სამინისტროში ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკის გამო (კვირაში სამი დღე სამი საათი), ლუს ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა. 1923 წელს რიქშას ავარიის შედეგად კბილები დაკარგა. 1924 წელს გამოუვლინდა ტუბერკულოზის პირველი სიმპტომები. 1925 წელს მან დააარსა ჟურნალი Wilderness და Weiming Society ახალგაზრდა მწერლების მხარდასაჭერად და უცხოური ლიტერატურის ჩინურ ენაზე თარგმნის წახალისების მიზნით.[22]
1911 წლის რევოლუციის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში განვითარდა ჩინური ლიტერატურული აქტივობა ათეულობით ჟურნალში. მათი საერთო მიზანი იყო ჩინური ენის რეფორმების გატარება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მარტივი საყოველთაო განათლება ჩინეთში. ლუ სიუნი ამ წამოწყების აქტიური მონაწილე იყო. [22]
1925 წელს ლუმ დაიწყო რომანტიკული ურთიერთობა პეკინის ქალთა კოლეჯის ერთ-ერთ სტუდენტთან - სიუ კუანგფინგთან.[23] 1926 წლის მარტში ომის მეთაურის ფენ იუსიანგის იაპონელებთან თანამშრომლობის წინააღმდეგ გამართული სტუდენტური პროტესტი ხოცვა-ჟლეტვაში გადაიზარდა, შედეგად პეკინის ქალთა კოლეჯის ორი სტუდენტი დაიღუპა. ლუს საპროტესტი აქციის მონაწილეებისადმი საჯარო მხარდაჭერამ აიძულა ადგილობრივი ხელისუფლებისგან გაქცეულიყო. მოგვიანებით, 1926 წელს, როდესაც ჭანგ წუოლინისა და ვუ პეიფუს მეთაურთა ჯარებმა პეკინი დაიკავეს, ლუმ ჩრდილოეთი დატოვა და სიამენში გაიქცა.[22]
სიამენში ჩასვლის შემდეგ, 1926 წელს, ლუმ მუშაობა დაიწყო სიამენის უნივერსიტეტში, თუმცა ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან წვრილმანი უთანხმოებით და მათი არაკეთილგანწყობით იმედგაცრუებული დარჩა. იმ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც სიამენში დაჰყო, ლუმ დაწერა თავისი ბოლო მხატვრული კრებული, ძველი ზღაპრების გადმოცემა. ამავე პერიოდში გამოსცა თავისი ავტობიოგრაფიის უმეტესი ნაწილი სახელით - გარიჟრაჟი ყვავილობს შებინდებისას. მან ასევე გამოსცა პოეზიის კრებული ველური ბალახი.[22]
1927 წლის იანვარში, ის და სიუ გადადიან კუანგჭოუში, სადაც ჭონგშანის უნივერსიტეტის ჩინური ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელად ინიშნება. პირველი, რაც თანამდებობაზე დანიშვნისთანავე გააკეთა, იყო სიუს "პირად ასისტენტად" აყვანა, ხოლო ერთ-ერთი ძველი კლასელის სიუ შოუშანგის ლექტორად დაქირავება. კუანგჭოუში ყოფნის დროს მან დაარედაქტირა მრავალი ლექსი და წიგნი,[24] მოწვეული ლექტორი იყო ჩინეთის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიაში. მან თავისი სტუდენტების მეშვეობით კავშირები დაამყარა კუომიტანგსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან (CCP).
1927 წლის აპრილში შანხაის აჯანყების შემდეგ, ლუ ცდილობდა უნივერსიტეტის კავშირების გამოყენებით თავისი რამდენიმე სტუდენტი პატიმრობიდან ეხსნა, თუმცა წარუმატებლობის გამო თანამდებობიდან გადადგა და 1927 წლის სექტემბერში შანხაის საერთაშორისო დასახლებაში გაემგზავრა. კუანგჭოუს დატოვების დროისთვის, ლუ სიუნი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი იყო. [25]
1927 წელს ლუ ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატად განიხილებოდა, მოთხრობისთვის ახ ცის რეალური ისტორია. მან ნომინაციის მიღებაზე უარი განაცხადა.
გვიანი კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1929 წელს ეწვია მომაკვდავ დედას და აცნობა კუანგფინგის ორსულობის შესახებ.[25] 1929 წლის 27 სექტემბერს სიუ კუანფინგს ლუ სიუნისგან შეეძინა ვაჟი, ხაი ინგი, რაც ითარგმნება როგორც შანხაის შვილი. მშობლები ფიქრობდნენ, რომ სახელს შვილი მოგვიანებით შეიცვლიდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა. ხაიინგი იყო ლუ სიუნის ერთადერთი შვილი.[26]
საცხოვრებლად შანხაიში გადასვლის შემდეგ, ლუმ უარით განაცხადა მასწავლებლის რეგულარულ თანამდებობაზე (თუმცა ხანდახან სხვადასხვა კამპუსში კითხულობდა ლექციებს) და პირველად შეძლო, ეცხოვრა მხოლოდ პროფესიონალ მწერლად, ყოველთვიური შემოსავლით - 500 იუენი. მთავრობის მიერ მიენიჭა სპეციალურად დანიშნულ მწერლის თანამდებობა ეროვნული, უმაღლესი განათლების სამინისტროში და მისი შემოსავალი 300 იუენით გაიზარდა.[25]
მოგვიანებით დაიწყო მარქსისტული პოლიტიკური თეორიის შესწავლა, დაამყარა კონტაქტი ადგილობრივ CCP წევრებთან და ლიტერატურულ კონფლიქტში ჩაერთო ქალაქის სხვა მწერლებთან. 1930 წელს ლუ სიუნი გახდა მემარცხენე მწერალთა ლიგის ერთ-ერთო თანადამფუძნებელი. მწერალთა ლიგამ არსებობა 1936 წლამდე გააგრძელა. 1931 წლის იანვარში კუომიტანგმა კანონები ცენზურის შესახებ გაამკაცრა, რომელიც ზღუდავდა მწერლებს, რომლებიც ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდა. საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი ან საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი მწერალი ან სიკვდილით ისჯებოდა ან სამუდამო პატიმრობა ელოდა წინ. იმავე თვის ბოლოს ლუ სიუნი მიიმალა. თებერვლის დასაწყისში, კუომიტანგმა სიკვდილით დასაჯა ოცდაოთხი ადგილობრივი მწერალი (მათ შორის ხუთი მწერალთა ლიგიდან).[27]
14 ლუნგხუას მოწამის სიკვდილით დასჯის შემდეგ ლუს პოლიტიკური შეხედულებები კუომიტანგის წინააღმდეგ შეიცვალა. არახელსაყრელი პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ლუ სიუნი რეგულარულად აქვეყნებდა ნაშრომებს 1930-იან წლებში სხვადასხვა პერიოდულ ჟურნალში, მათ შორის ლინ იუთანგის იუმორისტულ ჟურნალში - ორკვირიანი ანალექტები. მიუხედავად იმისა რომ, წლების წინ მან გარკვეული მიზეზების გამო შეწყვიტა მხატვრული ლიტერატურის წერა, 1934 წელს გამოაქვეყნა მოთხრობების ბოლო კრებული ძველი ზღაპრების გამოცემა. 1935 წელს CCP ძალებს, რომელთა ბანაკიც შაანქსიში იყო, გაუგზავნა დეპეშა, სადაც მათ გრძელი მარშის საბოლოო დასრულება მიულოცა. CCP-მ მოითხოვა, რომ ლუს დაეწერა რომანი კომუნისტური რევოლუციის შესახებ, რომელიც მოხდა ჩინეთის სოფლებში, მაგრამ მან უარი განაცხადა, ამ თემის შესახებ მწირი ცოდნის გამო. ლუ ხშირად ეტანებოდა სიგარეტს, რამაც გავლენა იქონია მისი ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებაზე. 1936 წლისთვის მას ქრონიკული ტუბერკულოზი განუვითარდა და იმავე წლის მარტში ბრონქიტული ასთმა და ცხელება დაეწყო.[28] ივნისიდან აგვისტომდე ის მძმედ ავად იყო და მისი წონა 83 ფუნტამდე (38 კგ) დაეცა. მოგვიანებით გარკვეულწილად გამოჯანმრთელდა და შემოდგომაზე დაწერა ორი ესე, რომლებიც სიკვდილის თემას ეხებოდა. მათ შორის იყო სიკვდილი და ესეც სიცოცხლეა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე მან დაწერა: "ჩქარა ჩაატარე პანაშვიდი... არ დადგა მემორიალი. დაივიწყე და იზრუნე საკუთარ ცხოვრებაზე - სულელი ხარ, თუ არა". შვილზე ის წერდა: „არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, რომ გახდეს უსარგებლო მწერალი ან მხატვარი“.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1936 წლის 18 ოქტომბერს, დილის 3:30 საათზე ლუ სიუნს სუნთქვის გაძნელებით გაეღვიძა. დაიბარეს ექიმი სუდო, პაციენტს ტკივილის შესამსუბუქებლად ინექციები გაუკეთეს. მთელი ღამე მის გვერდით გაატარა ცოლმა. ლუ სიუნი გარდაიცვალა მეორე დილით, 19 ოქტომბერს, დილის 5:11 საათზე. ლუს ნეშტი შანხაიში, ლუ სიუნის პარკის მავზოლეუმში დაკრძალეს. მოგვიანებით მაო ძედუნმა საფლავის ქვის ზემოთ კალიგრაფიული წარწერა გააკეთა. მას ვაჟი ჭოუ ხაიინი დარჩა, რომელიც ოთხი მაისის მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის CCP-ის წევრი გახდა.
მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლუ სიუნი ნობელის პრემიიის ლაურეატმა კენძაბურო ოემ მოიხსენია, როგორც "მე-20 საუკუნეში მოღვაწე აზიის უდიდესი მწერალი". ლუ სუინის გარდაცვალებიდან მალევე, მაო ძედუნმა მას "თანამედროვე ჩინეთის წმინდანი" უწოდა, მაგრამ გამოიყენა მისი ნამოღვაწარი, სკაუათარი პოლიტიკური მიზნების გასატარებლად. 1942 წელს, მან კონტექსტი შეუცვალა ლუს ერთ-ერთ ფრაზას და აუდიტორიას უთხრა, რომ ყოფილიყვნენ "მოწადინებული ხარები", ისევე როგორც ლუ სიუნი, მაგრამ მწერლებსა და ხელოვანებს, რომლებსაც სჯეროდათ გამოხატვის თავისუფლების, უთხრა, რომ ვინაიდან CCP-ის ტერიტორიები უკვე თავისუფალი იყო, მათ აღარ სჭირდებოდათ ლუ სიუნის მსგავსები ყოფილიყვნენ.
1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსების შემდეგ, CCP ლიტერატურის თეორეტიკოსებმა მისი ნამუშევრები კომუნისტური ლიტერატურის მაგალითებად წარმოაჩინეს, მაგრამ თავის დროზე, ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან ლუს ყველა მოწაფის განწმენდა მოხდა. მაომ აღიარა, რომ ლუ სიუნი 1950-იან წლებში ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის "ან გაჩუმდებოდა ან ციხეში წავიდოდა".
პარტიის ლიდერები ლუ სიუნს აწერდნენ "კომუნისტური მომავლის გეგმის დახატვას", იგი მაო ძედუნმა "ჩინეთის კულტურული რევოლუციის მთავარ მეთაურად" გამოაცხადა, თუმცა ლუ პარტიას არასდროს შეერთებია. 1920-იან და 1930-იან წლებში ლუ სიუნი და თავისი თანამედროვეები ხშირად არაფორმალურად ხვდებოდნენ თავისუფალი ინტელექტუალური დისკუსიებისთვის, მაგრამ 1949 წლის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, პარტია ცდილობდა მეტი კონტროლი მოეხდინა ჩინეთის ინტელექტუალურ ცხოვრებაზე და შედეგად მსგავსი სახის შეხვედრები და ინტელექტუალური დამოუკიდებლობა აიკრძალა. ხშირად ძალადობრივი ფორმითაც კი.
საბოლოოდ, თავად ლუ სიუნის სატირული და ირონიული წერის სტილი გახდა დაცინვის ობიექტი. 1942 წელს მაო წერდა, რომ "ესეს სტილი არ უნდა იყოს ლუ სიუნის სტილის მსგავსი. (კომუნისტურ საზოგადოებაში) ჩვენ შეგვიძლია ხმამაღლა ვიყვიროთ და არ არსებობს შეფარული გამონათქვამების გამოყენების საჭიროება, რამეთუ ხალხს უჭირს მათი გაგება". 2007 წელს ლუ სიუნის ზოგიერთი ნამუშევარი ამოღებულ იქნა სასკოლო სახელმძღვანელოებიდან.
კულტურული რევოლუციის დროს, ჩინეთის კომუნისტური პარტია მხარს უჭერდა ლუ სიუნს, როგორც კომუნიზმის ერთ-ერთ მამას ჩინეთში, მაგრამ ირონიულად თრგუნავდა მის ინტელექტუალურ კულტურასა და წერის სტილს. მისი ზოგიერთი ესე და ჩანაწერი დღეს ჩინეთში დაწყებითი და საშუალო სკოლის სავალდებულო სასწავლო გეგმის ნაწილია.
როგორც მემარცხენე მწერალმა, ლუმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თანამედროვე ჩინური ლიტერატურის განვითარებაში. მისმა წიგნებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა როგორც ჩინეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. ლუ სიუნის ნამუშევრები შეტანილია ჩინეთის და იაპონიის საშუალო სკოლის სახელმძღვანელოებში. მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, 1980-იანი წლების ბოლომდე ლუ სიუნის ნამუშევრები აკრძალული იყო თაივანში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Or Lu Hsun; ჩინ.: 鲁迅; ფინინი: Lǔxùn; Wade–Giles: Lu Hsün, LOO-shoon)
- ↑ Zhou Zuoren (2002). 魯迅的青年時代 (Lu Xun's youth). 河北教育出版社 (Hebei Education Press). ISBN 978-7-5434-4391-4.
- ↑ Kowallis 10
- ↑ Kowallis 11–12
- ↑ 5.0 5.1 Denton "Early Life"
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Lovell 2009 xv
- ↑ Lee, Leo Ou-fan (1977). Modern Chinese Literature in the May Fourth Era (en). Harvard University Press, გვ. 169. ISBN 978-0-674-57911-8. „"Lu Xun was lured back briefly to take the first-level district examination in 1898."“
- ↑ 8.0 8.1 8.2 Denton "WESTERN EDUCATION: 1898–1902"
- ↑ Lovell 2009 xvi
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 Denton "JAPAN: 1902–09"
- ↑ Kowallis 22
- ↑ Veg
- ↑ Kowallis 20–23
- ↑ Hao, Ruijuan (Winter 2009). „Edgar Allan Poe in Contemporary China“. The Edgar Allan Poe Review. 10 (3): 117–122. doi:10.2307/41506373. JSTOR 41506373. ციტირების თარიღი: 22 January 2023.
- ↑ 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Denton "HOME AGAIN"
- ↑ 16.0 16.1 Lovell 2009 xviii
- ↑ 17.0 17.1 Kowallis 26
- ↑ 18.0 18.1 18.2 Shi, Song (2023). China and the Internet: Using New Media for Development and Social Change. New Brunswick, NJ: Rutgers University Press. ISBN 9781978834736.
- ↑ Lovell 2009 xx
- ↑ Jin 2017, pp. 254–259.
- ↑ Lovell 2009 xxv
- ↑ 22.0 22.1 22.2 22.3 22.4 Denton "MAY FOURTH: 1917–26"
- ↑ Lovell 2009 xxvi
- ↑ Kowallis 3
- ↑ 25.0 25.1 25.2 Denton "MOVE TO THE LEFT: 1927–1936"
- ↑ Lu & Xu 64
- ↑ Christopher Rea, The Age of Irreverence: A New History of Laughter in China (Oakland, CA: University of California Press, 2015), pp. 132, 148-149.
- ↑ Lovell 2009 xxx