შინაარსზე გადასვლა

ჭეძიანგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჯეძიანი)
პროვინცია
ჭეძიანგი
浙江省
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრი ჰანჯოუ
შიდა დაყოფა ჰანჯოუ, ნინბო, ვენჭოუ, შაოსინი, სუჟოუ, Jiaxing, Jinhua, Quzhou, თაიჭოუ, Zhoushan და Lishui
კოორდინატები 30°18′00″ ჩ. გ. 120°12′00″ ა. გ. / 30.30000° ჩ. გ. 120.20000° ა. გ. / 30.30000; 120.20000
მმართველი Yuan Jiajun და Wang Hao
ფართობი 101,800 კმ²
მოსახლეობა 54,426,891 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 495 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ჩინელები 99.2%
ოფიციალური საიტი zj.gov.cn
ხანგჭოუს დასავლეთის ტბა

ჭეძიანგი (ჩინ.: 浙江; ფინინი Zhèjiāng) — სანაპირო პროვინცია აღმოსავლეთ ჩინეთში. მისი დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქია ხანოგჭოუ; სხვა აღსანიშნავი ქალაქებია ნინგპო და ვენჭოუ. ჭეძიანგი ჩრდილოეთით ესაზღვრება ძიანგსუსა და შანგხაის, ჩრდილო-დასავლეთით — ანხვეის, დასავლეთით — ძიანგსის, ხოლო სამხრეთით — ფუძიენს. აღმოსავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, რომლის მიღმაც რიუკიუს კუნძულებია განლაგებული. ჭეძიანგის მოსახლეობა 64.6 მილიონს შეადგენს, რითაც ის ჩინეთში სიდიდით მე-8 პროვინციაა. მას ხშირად „ჩინეთის ხერხემალს“ უწოდებენ, რადგან ჩინეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა, აგრეთვე აქ დაიბადნენ ისეთი გამორჩეული ფიგურები, როგორებიც არიან ჩინელი ნაციონალისტი ლიდერი ჩან კაიში და მეწარმე ჯეკ მა. ჭეძიანგის შემადგენლობაში შედის 90 ადმინისტრაციული ერთეული.

ჭეძიანგის ტერიტორია კონტროლდებოდა იუეს სამეფოს მიერ გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში. მოგვიანებით, ძვ. წ. 222 წელს, ის ცინის დინასტიამ მიიერთა. გვიანი მინგის დინასტიისა და მის შემდგომი ცინგის დინასტიის მმართველობის დროს, ჭეძიანგის პორტები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ვანგ ძინგვეის რეჟიმის მიერ იყო ოკუპირებული. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ, მაო წედუნგის პოლიტიკის შედეგად ჭეძიანგის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა.[1] ჩინეთის ეკონომიკური რეფორმების შემდეგ, ჭეძიანგი ჩინეთის ერთ-ერთ უმდიდრეს პროვინციად იქცა, რომელიც ეროვნულ დონეზე მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით მეოთხე ადგილზეა, ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე — მეხუთე ადგილზე; 2024 წლის მონაცემებით, ნომინალური მშპ $1.27 ტრილიონს შეადგენს.

ჭეძიანგის უმეტესი ნაწილი შემოფარგლულია ბორცვებით, რომლებიც მთლიანი ფართობის დაახლოებით 70%-ს იკავებს; ყველაზე მაღალი ადგილები სამხრეთითა და დასავლეთით მდებარეობს. ჭეძიანგს ასევე აქვს ჩინეთის კონტინენტური პროვინციებიდან ყველაზე გრძელი სანაპირო ზოლი. პროვინციაზე გაედინება ციენთანგის მდინარე, რომლისგანაც მომდინარეობს პროვინციის სახელი. პროვინცია მოიცავს სამ ათას კუნძულს. დედაქალაქი ხანგჭოუ არის დიდი არხის დასასრული და მდებარეობს ხანგჭოუს ყურეზე ჭეძიანგის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც შანგხაისა და ნინგპოს ერთმანეთისგან ჰყოფს. ყურეში მრავალი მცირე კუნძულია გაერთიანებული, რომლებსაც ჭოუშანის კუნძულები ეწოდება.

ხანგჭოუ ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქია და GaWC-ის კლასიფიკაციით, „ბეტა+“ სტატუსის მქონე მსოფლიო ქალაქად ითვლება.[2] ის მოიცავს ცნობილ დასავლეთის ტბას. ჭეძიანგში გავრცელებულია ჩინური ენის სხვადასხვა დიალექტი, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია უ ენის დიალექტი. ჭეძიანგი ასევე ერთ-ერთი მოწინავე პროვინციაა ჩინეთში კვლევისა და განათლების კუთხით. 2025 წლის მონაცემებით, Nature Index-ის მიერ დაფიქსირებული სამეცნიერო კვლევითი პროდუქტის მიხედვით, ჭეძიანგის სამი ძირითადი ქალაქი მსოფლიოს საუკეთესო 130 ქალაქში შედის (ხანგჭოუ მე-10, ნინგპო 85-ე და ვენჭოუ 130-ე).[3]

პროვინციის სახელი მომდინარეობს მდინარე ციენთანგის ადრინდელი სახელწოდებიდან — ჭე (ჩინ.: 浙江; ფინინი Zhèjiāng). მდინარე ხანგჭოუს გვერდით მიედინება და მისი შესართავი ქმნის ხანგჭოუს ყურეს. სახელი, ჩვეულებრივ, ითარგმნება, როგორც „მოღუნული“ ან „დახრილი მდინარე“, რაც მომდინარეობს ჩინური იეოგლიფის 折-ის მნიშვნელობიდან.[4] თუმცა, უფრო სავარაუდოა, რომ ის ფონო-სემანტიკური შედგენილობაა, რომელიც მიღებულია 氵 („წყლის“ რადიკალის, რომელიც მდინარის სახელებისთვის გამოიყენება) ფონეტიკურ 折-ზე (ფინინი zhé, მაგრამ რეკონსტრუირებული ძველი ჩინური *tet) დამატებით.[5] ეს სახელწოდება, სავარაუდოდ, ინარჩუნებს ადგილობრივი იუეს პროტო - უ სახელწოდებას, ისეთი ტოპონიმების მსგავსად, როგორიცაა იუხანგი, ქუაიძი და ძიანგი.

ქუახუციაოს კულტურა წარმოადგენდა ადრეულ ნეოლითურ დასახლებას ხანგჭოუს ტერიტორიაზე, რომელიც ძვ. წ. 6000–5000 წლებში არსებობდა.[6] ჭეძიანგი იყო ნეოლითური კულტურების კერა, კერძოდ: ხემუტუს კულტურისა (Hemudu, იწყება ძვ. წ. 5500 წელს) და ლიანგჭუს კულტურისა (Liangzhu, იწყება ძვ. წ. 3400 წელს).

ძიანგნანის გამზირი (Jiangnan Avenue) შებინდებისას, ხანგჭოუ, ჩინეთი.

თანამედროვე ჭეძიანგის ტერიტორია ძვ. წ. მეორე ათასწლეულში შანგის ცივილიზაციის ძირითადი გავლენის სფეროს მიღმა რჩებოდა. ამ პერიოდში ტერიტორიაზე სახლობდნენ ხალხები, რომლებიც ცნობილი იყვნენ საერთო სახელით — ტონგიუე (Dongyue). იუეს სამეფოს ისტორიულ ჩანაწერებში, კერძოდ, „გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდის“ ქრონიკებში გამოჩნდა. ქრონიკების თანახმად, სამეფო მდებარეობდა ჩრდილოეთ ჭეძიანგში, ხოლო „ში ძი“ (ისტორიული ჩანაწერები) იუეს მმართველებს სიას ლეგენდარული დამაარსებლის, იუ დიდის, შთამომავლებად მიიჩნევს. „იუეს სიმღერა“ (越人歌), რომელიც ძვ. წ. 528 წლისთვის ჩინურად ტრანსლიტერირდა, ადასტურებს, რომ იუეს ხალხი საუბრობდა ენაზე, რომელიც განსხვავდებოდა ჩრდილოეთ და შიდა ჩინეთის დიალექტებისგან. იუეს სახელმწიფოს ეკუთვნოდა კუძიენის მახვილი (ფრინველ-ჭიის ბეჭდის დამწერლობით) და აქ ცხოვრობდა მოფარიკავე იუენიუ (იუეს ქალბატონი). უს სამეფოს გაძლიერების შესაჩერებლად, ჩუს სამეფომ მხარი დაუჭირა იუეს გაძლიერებას. კუძიენის მეფის მმართველობისას იუემ აღიდგინა ძალები და ძვ. წ. 473 წელს მთლიანად დაიმორჩილა მეტოქე უს ტერიტორიები, რის შემდეგაც დედაქალაქი გადაიტანა უს ყოფილ დედაქალაქში (თანამედროვე სუჭოუ). სამხრეთით ძლიერი მოწინააღმდეგის გარეშე დარჩენილი იუე დაუპირისპირდა ჩუს, რომელმაც ძვ. წ. 333 წელს შეძლო მისი განადგურება. იუეს ყოფილი მიწები საბოლოოდ ცინის იმპერიამ მიიერთა ძვ. წ. 222 წელს და მათგან შეიქმნა ქუაიძის სარდლობა, რომლის შტაბი თავდაპირველად ძიანგსუში, ქალაქ უში იყო განთავსებული.

ხანის დინასტიისა და სამი სამეფოს პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუაიძის სარდლობა წარმოადგენდა თავდაპირველ ძალის ბაზას სიანგ ლიანგისა და სიანგ იუს მიერ ცინის იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხებისთვის. ამბოხმა თავდაპირველად წარმატებით აღადგინა ჩუს სამეფო, თუმცა ის საბოლოოდ ხანის დინასტიის მმართველობის ქვეშ მოექცა. გვიანი ხანის პერიოდში, რეგიონზე კონტროლი დაუბრუნდა ქუაიძის მთის ქვემოთ მდებარე დასახლებას, მაგრამ მინიუეს რეგიონზე ძალაუფლება ნომინალური იყო, ხოლო მისმა მცხოვრებლებმა დიდწილად შეინარჩუნეს საკუთარი პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები. ხანის იმპერიის დასრულების შემდეგ, ჭეძიანგი იყო იენ პაიხუსა და ვანგ ლანგის სამხედრო ბაზა, მანამ, სანამ არ დაამარცხეს სუნ ცე და სუნ ციუენი, რომლებმაც საბოლოოდ უს სამეფო დააარსეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ თავიანთი კარი ქუაიძიდან ძიენიეში (თანამედროვე ნანკინი) გადაიტანეს, მათ გააგრძელეს რეგიონის განვითარება და ისარგებლეს ჩრდილოეთ ჩინეთში არსებული არეულობისგან გამოქცეული ლტოლვილების შემოდინებით. შეიქმნა სამრეწველო ღუმელები და ვაჭრობა გავრცელდა მანჯურიამდე და ფუნანამდე (სამხრეთ კონტინენტური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია). სამი სამეფოს პერიოდში (220–280), ჭეძიანგი უს ნაწილი იყო. უ (229–280), რომელიც ცნობილია როგორც აღმოსავლეთ უ ან სუნ უ, სამ სამეფოს შორის ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს წარმოადგენდა. ისტორიული რომანი „სამი სამეფოს რომანი“ აღნიშნავს, რომ ჭეძიანგს საუკეთესოდ აღჭურვილი საზღვაო ფლოტი ჰყავდა. რომანი აღწერს, თუ როგორ ერიდებოდნენ ვეისა (魏) და შუს (蜀) სახელმწიფოები, მატერიალური რესურსების ნაკლებობის გამო, უსთან პირდაპირ დაპირისპირებას. უსთან შეიარაღებული სამხედრო კონფლიქტების დროს, ეს ორი სახელმწიფო ინტენსიურად იყენებდა შენიღბვისა და მოტყუების ტაქტიკას, რათა მოეპარათ უს სამხედრო რესურსები, მათ შორის ისრები და მშვილდები.

ექვსი დინასტიის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხანგჭოუ, ციენთანგის მდინარე.

ნანკინი (მაშინ ცნობილი როგორც ძიენქანგი) კვლავ ინარჩუნებდა მნიშვნელობას, თუმცა, ციენთანგის დასახლება, რომელიც ხანგჭოუს ყოფილი სახელი იყო, სამხრეთში მაინც რჩებოდა სამ მთავარ მეტროპოლიტენ ცენტრს შორის, რომელიც მნიშვნელოვან საგადასახადო შემოსავალს აწვდიდა ჩრდილოეთ ჩინეთის იმპერიულ ცენტრებს. სამხრეთის დანარჩენი ორი ცენტრი იყო ძიენქანგი და ჩენგტუ. 589 წელს ციენთანგის სტატუსი ამაღლდა და მას ხანგჭოუ ეწოდა. უს დაცემისა და ძინის დინასტიის (266–420) წინააღმდეგ უ ხუს აჯანყების შემდეგ, ჩინელი ელიტური ოჯახების უმეტესობამ ჩრდილოეთში არაჩინელ მმართველებთან და სამხედრო დამპყრობლებთან დაიწყეს თანამშრომლობა. ზოგიერთმა დაკარგა სოციალური პრივილეგიები და თავი შეაფარა იანგწის მდინარის სამხრეთით მდებარე ტერიტორიებს. ზოგიერთი ლტოლვილი ჩრდილოეთ ჩინეთიდან, ხანგჭოუს მახლობლად დასახლდა. მაგალითად, ჭუკე ლიანგის (181–234), ჩრდილოეთ ჩინეთის ცენტრალური ვაკიდან მოსული შუ ხანის სამეფოს კანცლერის, კლანი შეიკრიბა ხანგჭოუს პრეფექტურის გარეუბანში, სადაც ჩამოაყალიბეს ექსკლუზიური, დახურული სოფელი – ჭუკე ცუნი (ჭუკეს სოფელი), რომლის მცხოვრებლებსაც მხოლოდ გვარი „ჭუკე“ ჰქონდათ. ეს სოფელი საუკუნეების განმავლობაში განზრახ იზოლირებულად რჩებოდა მიმდებარე თემებისგან და საზოგადოებისთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი. ცენტრალური ვაკიდან მოსული ძლიერი, ელიტური ჩინელი ლტოლვილების მცირე ნაწილმა თავი იანგწის მდინარის სამხრეთით შეაფარა. თუმცა, ჭეძიანგის მთიანი გეოგრაფიისა და სახნავ-სათესი მიწების სიმცირის გათვალისწინებით, ამ ლტოლვილების უმეტესობა, სავარაუდოდ, სამხრეთ ჩინეთის სხვა ტერიტორიებზე დასახლდა, სადაც ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწები და მეტროპოლიტენის რესურსები იყო ხელმისაწვდომი. ტერიტორია მოიცავდა სამხრეთ ძიანგსუს, აღმოსავლეთ ფუძიენს, ძიანგსის, ხუნანის, ანხუეის პროვინციებსა და სხვა რეგიონებს, სადაც ნაკლებად შეკრული, ორგანიზებული რეგიონული მმართველობები იყო დამკვიდრებული. ზოგიერთმა ლტოლვილმა ჩრდილოეთიდან თავშესაფარი სამხრეთ ჩინეთში იპოვა, რაც მათ სოციალურ სტატუსსა და ჩრდილოეთში არსებულ სამხედრო ძალაუფლებაზე იყო დამოკიდებული. ძინის სამეფო - სამხრეთის დინასტიები ეჯიბრებოდნენ როგორც ცენტრალური ვაკის, ისე იანგწის სამხრეთით მცხოვრებ ზოგიერთ ხანის ელიტას.

სუეისა და თანგის დინასტიების პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჭეძიანგი, როგორც ძიანგნანის (იანგწის მდინარის დელტა) გული, რჩებოდა ყველაზე მდიდარ რეგიონად ექვსი დინასტიის (220 ან 222–589), სუეისა და თანგის დინასტიების პერიოდში. მას შემდეგ, რაც ის სუეის დინასტიის შემადგენლობაში შევიდა, მისი ეკონომიკური სიმდიდრე გამოყენებული იქნა სუეის დინასტიის ამბიციების დასაფინანსებლად, გაეფართოებინა გავლენა ჩრდილოეთითა და სამხრეთით, განსაკუთრებით კორეასა და ვიეტნამში. ამ გეგმამ სუეის დინასტია აიძულა, აღედგინა და გაეფართოებინა ქსელი, რომელიც მოგვიანებით ჩინეთის დიდი არხი გახდა. არხი რეგულარულად უზრუნველყოფდა მარცვლეულისა და რესურსების ტრანსპორტირებას ჭეძიანგიდან, მისი მეტროპოლიტენის ცენტრ ხანგჭოუს (და მისი უკანა ტერიტორიის მდინარე ჭე-ს და ხანგჭოუს ყურის სანაპიროების გასწვრივ) და სუჭოუს გავლით, ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკისკენ. კორეის ომში დამარცხებამ გამოიწვია სუეის თანგის დინასტიის მიერ დამხობა, რომლის მმართველობის ქვეშაც ქვეყანამ საუკუნოვანი „ოქროს ხანა“ გამოიარა. ჭეძიანგი იმპერიის ძიანგნანის აღმოსავლეთ ოლქის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იყო. თანგის დინასტიის პერიოდის განმავლობაში, დიდი არხი ეფექტურად ფუნქციონირებდა და მარცვლეულითა და მატერიალური რესურსებით ამარაგებდა ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკესა და იმპერიის მეტროპოლიტენის ცენტრებს. თანგის დინასტიის დაშლის შემდეგ, ჭეძიანგი გახდა რეგიონული სამეფოს, უიუეს, ტერიტორიის ნაწილი.

907 წელს თანგის დინასტიის დაცემის შემდეგ, მთელი ტერიტორია, რომელიც დღეს ჭეძიანგს წარმოადგენს, მოექცა უიუეს სამეფოს კონტროლის ქვეშ. ეს სამეფო დააარსა მეფე ციენ ლიოუმ, რომელმაც თავისი სამეფოს დედაქალაქად ხანგჭოუ (თანამედროვე ჭეძიანგის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი) აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ უიუეს მმართველობის ქვეშ ჭეძიანგი შედარებით მცირე დროის განმავლობაში იმყოფებოდა, რეგიონმა განიცადა ხანგრძლივი ფინანსური და კულტურული წინსვლა, რომელიც სამეფოს დაცემის შემდეგაც გაგრძელდა.

ციენ ლიუს პორტრეტი,უიუეს სამეფოს მეფე, შესრულებული მინგის დინასტიის პერიოდის მხატვრის მიერ.

მას შემდეგ, რაც უიუე ჩინეთის გაერთიანების დროს დაიპყრეს, უიუეს ყოფილ ტერიტორიებზე, ძირითადად ჭეძიანგში, მრავალი სალოცავი აღიმართა, სადაც უიუეს მეფეების ხსოვნას მიაგებდნენ პატივს, ზოგჯერ კი მათ თაყვანს სცემდნენ, როგორც ამინდისა და სოფლის მეურნეობის განმგებლებს. ამ სალოცავებიდან ბევრი, რომლებიც ცნობილია როგორც „მეფე ციენის სალოცავი“ ან „მეფე ციენის ტაძარი“, დღემდე შემორჩა. ყველაზე პოპულარული ადგილია ხანგჭოუს დასავლეთის ტბასთან მდებარე სალოცავი. ასევე, 940-იანი წლებში ჩინეთის პროვინცია ჭეძიანგი იყო ხუს (Hú) ოჯახის (ვიეტნამურად ჰო, Hồ) წარმოშობის ადგილი, საიდანაც წარმოიშვა ჰოს დინასტიის დამაარსებელი, ვიეტნამის იმპერატორი ჰო ქუი ლი.[7][8]

სუნგის დინასტიის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სუნგის დინასტიის პერიოდი (1223), ქალაქის კედელი შაოსინგში

დაახლოებით 960 წელს, უიუეს სამეფო, დამხობის შემდეგ, სუნგის დინასტიამ მიიერთა. სუნგის იმპერიის მმართველობის პირობებში, სამხრეთ ჩინეთის კეთილდღეობამ დაიწყო ჩრდილოეთ ჩინეთის დაჩრდილვა. 1127 წელს, ხანგჭოუ გახდა სუნგის დინასტიის დედაქალაქი სახელწოდებით ლინანი (Lin'an), რომელიც ცნობილი იყო სიმდიდრითა და სილამაზით. ვარაუდის მიხედვით, ხანგჭოუ იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ქალაქი იყო. შემდგომში, ჩრდილოეთ ჭეძიანგი და მეზობელი სამხრეთ ძიანგსუ ჩინურ კულტურაში გახდა ფუფუნებისა და სიმდიდრის სინონიმი. მონღოლთა დაპყრობამ და 1279 წელს იუენის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ დაასრულა ხანგჭოუს პოლიტიკური გავლენა, თუმცა მისი ეკონომიკა კვლავ აგრძელებდა აყვავებას. ცნობილი ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო ეწვია ქალაქს, რომელსაც ის „კინსაის“ უწოდებდა (ჩინური ძინგში-ს მიხედვით, რაც „დედაქალაქს“ ნიშნავს) და აცხადებდა, რომ ის იყო „მსოფლიოში საუკეთესო და კეთილშობილი ქალაქი“.[9] მწვანე ჭურჭლის კერამიკა, რომელიც ცელადონისგან მზადდებოდა, ამ რეგიონში ჯერ კიდევ III საუკუნის ძინის დინასტიის დროიდან იწარმოებოდა, მაგრამ კვლავ დაწინაურდა — განსაკუთრებით ლუნგციუენში — სამხრეთ სუნგისა და იუენის პერიოდში. ლუნგციუენის მწვანე ჭურჭელი ხასიათდება სქელი მინანქრით, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მოლურჯო-მომწვანო ელფერი და ფარავს დელიკატურად დამზადებულ, გაუფორმებელ ღია ნაცრისფერ ფაიფურისებრ მასას. იუენის ლუნგციუენის ცელადონებს უფრო თხელი, მომწვანო მინანქარი აქვს დიდ ჭურჭელზე, ორნამენტებითა და ფორმებით, რომლებიც ახლო აღმოსავლური კერამიკისა და ლითონის ნაწარმიდან არის ნასესხები. ისინი დიდი რაოდენობით იწარმოებოდა ჩინეთის ექსპორტისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და (მინგის დინასტიის დროს) ევროპაში. თუმცა, მინგის პერიოდისთვის წარმოების ხარისხი საგრძნობლად დაქვეითდა. სწორედ ამ პერიოდში განიცადა დაცემა ლუნგციუენის ღუმელებმა, და საბოლოოდ მისი ადგილი პოპულარობითა და კერამიკის წარმოებით ძიანგსიში მდებარე ძინგტეჭენის ღუმელებმა დაიკავა.[10]

სამფეხა კერამიკული ყვავილის ქოთანი მინგის დინასტიის პერიოდიდან, აღმოჩენილია ჭეძიანგის პროვინციაში. ის ინახება სმიტსონიანის მუზეუმში, ვაშინგტონში

XIII საუკუნის ბოლოს ჭეძიანგი საბოლოოდ დაიპყრეს მონღოლებმა და ის მეზობელ პროვინციებთან გააერთიანეს. 1368 წელს დაარსდა დღევანდელი სახით არსებული პროვინცია. სხვა სანაპირო პროვინციების მსგავსად, მინგის იმპერიის ადრეულ პერიოდში ჭეძიანგის სანაპიროზე აშენდა მრავალი ციხესიმაგრე, რომლებიც მიწის დასაცავად იყო განკუთვნილი მეზღვაურთა თავდასხმების წინააღმდეგ. ზოგიერთი მათგანი შენარჩუნებულია ან აღდგენილია, მაგალითად, ფუჩენგი პროვინციის სამხრეთით (ცანგნანი).

აღდგენილი ცინგის პერიოდის (1891) ხიდი სანაპირო გზაზე

გვიანი მინგის დინასტიისა და მის შემდგომი ცინგის რეჟიმის მმართველობის ქვეშ, ჭეძიანგის პორტები საერთაშორისო ვაჭრობის მნიშვნელოვან ცენტრებად იქცა. პირველი ოპიუმის ომის დროს, ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა დაამარცხეს ცინგის სახელმწიფო ნინგპოსა და ტინგხაიში. 1843 წელს ხელმოწერილი ნანკინის ხელშეკრულების პირობების თანახმად, ნინგპო გახდა ერთ-ერთი ხუთი ჩინური საორბიტო პორტიდან, რომელიც პრაქტიკულად შეუზღუდავად გაიხსნა უცხოური ვაჭრობისთვის. დასავლეთ ჭეძიანგის დიდი ნაწილი მოექცა თაიპინგის ზეციური სამეფოს კონტროლის ქვეშ, რამაც გამოიწვია ემიგრაცია და სიცოცხლის დიდი დანაკარგი, რადგან ამბოხებულები კლავდნენ ყველა უცხოელს. 1876 წელს ვენჭოუ გახდა ჭეძიანგის მეორე საორბიტო პორტი.

ჩინეთის რესპუბლიკის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის დროს, ჭეძიანგის დიდი ნაწილი ოკუპირებული იყო ჩინეთის რეორგანიზებული ეროვნული მთავრობის მიერ. დულიტლის რეიდის შემდეგ, ამერიკული B-25 თვითმფრინავების ეკიპაჟის წევრთა უმეტესობამ, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე დაეშვნენ, ანტი-იაპონისტი, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით შეძლეს უსაფრთხოდ თავის დაღწევა. იაპონიის საიმპერატორო არმიამ წამოიწყო ჭეძიანგი-ძიანგსის კამპანია, რათა დაეშინებინა ჩინელები, რომ არ დახმარებოდნენ ჩამოგდებულ ამერიკელ მფრინავებს. დულიტლის რეიდის მონაწილეების ძებნისას ძიანგსიში სულ მცირე 10,000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.[11][12]

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1949 წელს კონტინენტური ჩინეთი კონტროლ ქვეშ მოაქცია, ჩინეთის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც თაივანში იყო დაფუძნებული, 1955 წლამდე აგრძელებდა ტაჩენის კუნძულების კონტროლს ჭეძიანგის სანაპიროსთან, სადაც მათ კონკურენტი, ჭეძიანგის პროვინციული მთავრობაც კი შექმნეს. კულტურული რევოლუციის (1966–76) დროს, ჭეძიანგში ქაოსი სუფევდა, ხოლო მისი ეკონომიკა სტაგნაციას განიცდიდა, განსაკუთრებით რევოლუციის გადამწყვეთ ფაზაში (1966–69). სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკამ, რომელიც ხელს უწყობდა მარცვლეულის წარმოებას სამრეწველო და სასაქონლო კულტურების ხარჯზე, გააძლიერა ეკონომიკური სირთულეები პროვინციაში. მაოს „თვითკმარობის“ პოლიტიკამ და საზღვაო ვაჭრობის შემცირებამ შეწყვიტა ნინგპოსა და ვენჭოუს საპორტო ქალაქების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პორტების მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ მაო დიდ ინვესტიციებს დებდა რკინიგზაში შიდა ჩინეთში, სამხრეთ ჭეძიანგში, სადაც ტრანსპორტი კვლავ ცუდად იყო განვითარებული, მნიშვნელოვანი რკინიგზა არ აშენებულა. ჭეძიანგმა ნაკლები სარგებელი მიიღო ცენტრალური მთავრობის ინვესტიციებისგან, ვიდრე სხვა პროვინციებმა, რაც გამოწვეული იყო მისი ბუნებრივი რესურსების ნაკლებობით, ზღვიდან მოსალოდნელი დატბორვის რისკით და იმით, რომ მისი ეკონომიკური ბაზა ეროვნული საშუალო დონის იყო. თუმცა, მოგვიანებით ჭეძიანგი გახდა ჩინეთში კაპიტალისტური განვითარების ეპიცენტრი და ქვეყანაში ლიდერობდა საბაზრო ეკონომიკისა და კერძო საწარმოების განვითარებაში. ჩრდილო-აღმოსავლეთ ჭეძიანგი, როგორც იანგწის დელტის ნაწილი, არის ბრტყელი, უფრო განვითარებული და ინდუსტრიული.[1]

გეოგრაფია და კლიმატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვუჭენის (乌镇) წყლის ქალაქის საჰაერო პანორამა, დეკემბერი 2023.
ჭეძიანგი 1936 წელს.
დასავლეთის ტბის ხედი, ხანგჭოუ.
დასავლეთის ტბა ღამით.

ჭეძიანგი ძირითადად ბორცვებისგან შედგება, რომლებიც მისი საერთო ფართობის დაახლოებით 70%-ს იკავებს.[13] ყველაზე მაღალია სამხრეთითა და დასავლეთით, სადაც მდებარეობს პროვინციის უმაღლესი მწვერვალი, ხუანგმაოძიენის მწვერვალი (1,929 მეტრი). სხვა გამოჩენილი მთებია იენტანგი, თიენმუ, თიენთაი და მოკანი, რომლებიც 700-დან 1,500 მეტრამდე (2,300–დან 4,900 ფუტამდე) სიმაღლეს აღწევენ. ვაკეები და დაბლობები გვხვდება სანაპირო ზოლისა და მდინარეების გასწვრივ. პროვინციის ჩრდილოეთი მდებარეობს იანგწის დელტის სამხრეთით და შედგება დაბლობებისგან ქალაქების ხანგჭოუს, ძიასინგისა და ხუჭოუს ირგვლივ, სადაც ჩინეთის დიდი არხი ჩრდილოეთი საზღვრიდან შედის და ხანგჭოუში მთავრდება. შედარებით ბრტყელი ტერიტორია ასევე გვხვდება ცუეის მდინარის გასწვრივ ქალაქების ცუჭოუსა და ძინგხუას გარშემო. მთავარი მდინარეებია ციენთანგი და ოუ. მდინარეების უმეტესობა მაღლობებში ჭრის ხეობებს, სადაც მრავლადაა ჩქარობები და ასეთი ტოპოგრაფიისთვის დამახასიათებელი სხვა ელემენტები. ცნობილი ტბებია ხანგჭოს დასავლეთის ტბა და ძიასინგის სამხრეთის ტბა. ჭეძიანგის დაკლაკნილ სანაპირო ზოლის გასწვრივ სამი ათასზე მეტი კუნძულია. მათგან უდიდესი, ჭოუშანის კუნძული, კონტინენტური ჩინეთის სიდიდით მესამე კუნძულია ხაინანისა და ჩუნგმინგის შემდეგ. აქ ასევე მრავალი ყურეა, რომელთა შორის ხანგჭოს ყურე უდიდესია.

ჭეძიანგს აქვს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი ოთხი მკაფიოდ გამოხატული სეზონით. გაზაფხული იწყება მარტში და არის წვიმიანი, ცვალებადი ამინდით. ზაფხული, ივნისიდან სექტემბრამდე, გრძელი, ცხელი, წვიმიანი და ნოტიოა. შემოდგომა, როგორც წესი, მშრალი, თბილი და მზიანია. ზამთარი მოკლეა, მაგრამ ცივი, გარდა უკიდურესი სამხრეთისა. საშუალო წლიური ტემპერატურა დაახლოებით 15°-დან 19°C-მდეა, იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 2°-დან 8°C-მდეა, ხოლო ივლისის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 27°-დან 30°C-მდეა. წლიური ნალექების რაოდენობა დაახლოებით 1,000-დან 1,900 მმ-მდეა. ადრეულ ზაფხულში ნალექი ბევრია, ხოლო ზაფხულის ბოლოს ჭეძიანგს საფრთხეს უქმნის წყნარ ოკეანეში წარმოქმნილი ტაიფუნები.

რუკა № სახელი ჩინურად ფინინი
1 ხანგჭოუ 杭州市 Hángzhōu Shì
2 ნინგპო 宁波市 Níngbō Shì
3 ხუჭოუ 湖州市 Húzhōu Shì Shì
4 ძიასინგი 嘉兴市 Jiāxīng Shì Shì
5 ძინხუა 金华市 Jīnhuá Shì
6 ლიშუეი 丽水市 Líshuǐ Shì
7 ციუჭოუ 衢州市 Qúzhōu Shì
8 შაოსინგი 绍兴市 Shàoxīng Shì
9 თაიჭოუ 台州市 Tāizhōu Shì
10 ვენჭოუ 温州市 Wēnzhōu Shì
11 ჭოუშანი 舟山市 Zhōushān Shì

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1 2 Wei, Yehua Dennis; Ye, Xinyue (2004-02-16). „Regional Inequality in China: A Case Study of Zhejiang Province“. Tijdschrift voor Economische en Sociale Geografie. 95: 44–60. doi:10.1111/j.0040-747X.2004.00292.x. ციტირების თარიღი: 2013-09-10.[მკვდარი ბმული]
  2. ↑ GaWC - The World According to GaWC 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 May 2017. ციტირების თარიღი: 2019-06-12
  3. ↑ Leading 200 science cities 2025| | Supplements | Nature Index (2025-11-14). ციტირების თარიღი: 2025-11-20
  4. ↑ People's Daily Online. "Origin of the Names of China's Provinces დაარქივებული 27 April 2016 საიტზე Wayback Machine. ." (in Chinese) .
  5. ↑ Baxter, William & al. Baxter-Sagart Old Chinese Reconstruction. Accessed 20 May 2012.
  6. ↑ Leping Jiang & Li Liu, The discovery of an 8000-year-old dugout canoe at Kuahuqiao in the Lower Yangzi River, China. დაარქივებული 27 September 2016 საიტზე Wayback Machine. antiquity.ac.uk
  7. ↑ K. W. Taylor (9 May 2013). A History of the Vietnamese. Cambridge University Press, გვ. 166–. ISBN 978-0-521-87586-8. 
  8. ↑ Kenneth R. Hall (2008). Secondary Cities and Urban Networking in the Indian Ocean Realm, C. 1400-1800. Lexington Books, გვ. 161–. ISBN 978-0-7391-2835-0. 
  9. ↑ Internet History Sourcebooks Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 April 2019. ციტირების თარიღი: 13 April 2019
  10. ↑ Vainker, Shelaugh. Chinese Pottery and Porcelain. London: British Museum Press, 1991.
  11. ↑ books.google.com/books?id=i2hjEAAAQBAJ&pg=PT107
  12. ↑ PBS Perilous Flight. Pbs.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 September 2017. ციტირების თარიღი: 2013-09-10
  13. ↑ The physical geography of Zhejiang. ციტირების თარიღი: 2020-01-24