ლაურა მარტინოცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ლაურა მარტინოცი
Laura Martinozzi duchessa Modena.jpg
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 14 ოქტომბერი, 1658
მმართ. დასასრული: 16 ივლისი, 1662
წინამორბედი: ლუკრეცია ბარბერინი
მემკვიდრე: მარგერიტა მარია ფარნეზე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მაისი, 1639
დაბ. ადგილი: ფანო, იტალია
გარდ. თარიღი: 19 ივლისი, 1687, (48 წლის)
გარდ. ადგილი: რომი, იტალია
მეუღლე: ალფონსო IV, მოდენის ჰერცოგი
(ქ. 1655 - გარდ. 1662)
შვილები: მარია, ინგლისის დედოფალი
ფრანჩესკო II, მოდენის ჰერცოგი
მამა: ჯიროლამო მარტინოცი
დედა: ლაურა მაზარინი
რელიგია: კათოლიციზმი

ლაურა მარტინოცი (იტალ. Laura Martinozzi; დ. 27 მაისი, 1639, ფანო, იტალია — გ. 19 ივლისი, 1687, რომი, იტალია) — იტალიელი არისტოკრატი, კარდინალ მაზარინის დისწული. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინია 1658-1662 წლებში როგორც ალფონსო IV-ის ცოლი. მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო II-ისა და ინგლისის დედოფალ მარია მოდენელის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლაურა დაიბადა 1639 წლის 27 მაისს ფანოში, რომის პაპის ოლქში. იგი იყო კარდინალ ჯულიო მაზარინის უფროსი დის, ლაურა მაზარინისა და მისი ქმრის, ჯიროლამო მარტინოცის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მამამისი ფანოს გრაფი იყო, მათი საგვარეულო კი ანტიკური რომიდან იღებს სათავეს. როდესაც ის დაიბადა საფრანგეთში მაზარინების აღზევება იწყებოდა. ბიძამისს, კარდინალ მაზარინს დიდი გავლენა ჰქონდა დედა-დედოფალ ანა ავსტრიელზე, რომელიც მცირეწლოვანი მეფის, ლუი XIV-ის ნაცვლად მართავდა ქვეყანას. შესაბამისად, ლაურას, მის დებსა და დეიდაშვილებს საფრანგეთში დიდი ძაალაუფლება ჰქონდათ. ფრანგებმა მათ მაზარინიტებიც კი შეარქვეს. დღეისათვის ეს ისტორიული ტერმინია აღნიშნავს კარდინალი მაზარინის შვიდ დისწულს: ლაურა მარტინოცი, ლაურა მანჩინი, ანა მარია მარტინოცი, ოლიმპია მანჩინი, მარია მანჩინი, ჰორტენზია მანჩინი და მარია ანა მანჩინი.

სარფიანი ქორწინებებით მაზარინიტებმა მოახერხეს და შეინარჩუნეს თავიანთი ძალაუფლება, მაგალითად: ჰორტენზია ინგლისის მეფის საყვარელი გახდა, ანა მარია კონტის პრინცზე დაქორწინდა, ოლიმპია სუასონის გრაფზე და ა.შ. თავად ლაურა მარტინოცი 1655 წლის 27 მაისს ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის უფროს ძეს, პრინც ალფონსოს.

1658 წელს მოდენის ახალი ჰერცოგი ალფონსო IV ხდება, რამაც ლაურა მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგინიად აქცია. ამავე წელს მან თავისი პირველი შვილი, მარია გააჩინა (სახელი ალფონსოს დედის, მარია ფარნეზეს პატივსაცემად დაარქვეს), რასაც 1660 წელს ვაჟის გაჩენაც მოჰყვა.

1662 წელს ალფონსო IV 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტახტს კი მათი ორი წლის ვაჟი, ფრანჩესკო II იკავებს, რომელსაც რეგენტად ლაურა მარტინოცი ენიშნება. აქედან იწყება მოდენაში ლაურას მმართველობის ხანა, რომელიც 12 წელს გაგრძელდა და მხოლოდ 1674 წელს დასრულდა, ფრანჩესკოს სრულწლოვანად გახდომით.

მენტალურად და ფიზიკურად სუსტი ფრანჩესკო მალევე მოექცა თავისი ნახევარ-ძმის, ჩეზარეს გავლენის ქვეშ, რომელმაც ლაურა არა მხოლოდ ჩამოაშორა პოლიტიკას, არამედ მოდენის საჰერცოგოდანაც გააძევებინა. ამის შემდეგ იგი იძულებული გახდა რომში ჩასულიყო, სადაც პაპმა შეიფარა. იგი სწორედ აქ, 1687 წლის 19 ივლისს, 48 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავისი პირველი შვილიშვილის, უელსის პრინც ჯეიმზის გაჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე. იგი გადაასვენეს და დაკრძალეს მოდენაში, ქმრის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1658-1718), ცოლად გაჰყვა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ს, რომელთანაც შეეძინა პრინცი ჯეიმზ ფრანცის ედუარდი და პრინცესა ლუიზა მარია;
  2. ფრანჩესკო II (1660-1694), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, მარგერიტა მარია ფარნეზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alessandro Cont, "Sono nato principe libero, tale voglio conservarmi”: Francesco II d’Este (1660-1694), “Memorie Scientifiche, Giuridiche, Letterarie”, Accademia Nazionale di Scienze Lettere e Arti di Modena, ser. 8, 12 (2009), 2, pp. 407–459.