რანუჩო I ფარნეზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რანუჩო I ფარნეზე
Ranuccio First Farnese.jpg
პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 3 დეკემბერი, 1592
მმართ. დასასრული: 5 მარტი, 1622
წინამორბედი: ალესანდრო
მემკვიდრე: ოდოარდო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 28 მარტი, 1569
გარდ. თარიღი: 5 მარტი, 1622, (52 წლის)
მეუღლე: მარგერიტა ალდობრანდინი
შვილები: ოდოარდო, პარმის ჰერცოგი
მარია, მოდენის ჰერცოგინია
ვიტორია, მოდენის ჰერცოგინია
დინასტია: ფარნეზეები
მამა: ალესანდრო, პარმის ჰერცოგი
დედა: მარია პორტუგალიელი
რელიგია: კათოლიციზმი

რანუჩო I ფარნეზე (იტალ. Ranuccio I Farnese; დ. 28 მარტი, 1569, პარმა, იტალია — გ. 5 მარტი, 1622, პარმა, იტალია) — ფარნეზეების დინასტიის წარმომადგენელი. პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი 1592-1622 წლებში. ჰერცოგ ალესანდრო ფარნეზესა და ინფანტა მარია პორტუგალიელის უფროსი ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანუჩო ფარნეზე დაიბადა 1569 წლის 28 მარტს პარმაში. იგი იყო პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგ ალესანდრო ფარნეზესა და მისი მეუღლის, ინფანტა მარია პორტუგალიელის ვაჟი. მამის მხრიდან იგი საღვთო რომის იმპერატორ კარლ V-სა და რომის პაპ პავლე III-ის შთამომავალი იყო, ხოლო დედის მხრიდან პორტუგალიის მეფე მანუელ I-სა. როდესაც იგი რვა წლის იყო დედა გარდაეცვალა, თუმცა მამამისი მეორედ აღარ დაქორწინებულა.

1592 წლის 3 დეკემბერს რანუჩო I გარდაცვლილი მამის ტახტს იკავებს და პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი ხდება. იგი აბსოლუტიზმის დიდი ქომაგი იყო, რის გამოც დიდებულებს მრავალი პრივილეგია ჩამოართვა. მისი მმართველობის პერიოდიდან ყველაზე ცნობილია 1612 წლის „დიდი სამართალი“, რა დროსაც მრავალი პიაჩენცელი არისტოკრატი დაისაჯა სიკვდილით. იმავდროულად მისი საყვარელი, კლაუდია კოლა და დედამისი ჯადოქრობაში დაადანაშაულეს, რის გამოც რანუჩომ ორივე მათგანი კოცონზე დაწვა. მისმა ასეთმა დაპირისპირებამ ადგილობრივ დიდებულებთან მკვეთრად შეარყია რანუჩოს ავტორიტეტი იტალიელ წარჩინებულებში, რის გამოც, როდესაც იგი თავისი უფროსი ვაჟის, პრინცი ოდოარდოსათვის საცოლეს ეძებდა თანამემამულე მონარქებისაგან ქალიშვილის მითხოვებაზე უარი მიიღო. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა ტოსკანის დიდ ჰერცოგ კოზიმო II-თან მოლაპარაკებების წარმოება და ოდოარდოს მარგერიტა მედიჩიზე დაქორწინება.

როგორც პორტუგალიის მეფე მანუელ I-ის შვილთაშვილი, რანუჩო თავიდანვე მიიჩნეოდა პორტუგალიის ტახტის ერთ-ერთ მემკვიდრედ. ამის გამო, როცა 1580 წელს ენრიკე I-ის გარდაცვალებით ავისის დინასტია შეწყდა და ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო, მამამისმა 11 წლის რანუჩოს სახელითაც განაცხადა პრეტენზია, თუმცა ამოდ, რადგან პორტუგალიის ტახტი ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ დაიპყრო, რომელიც ასევე მანუელის შვილიშვილი იყო.

რანუჩოს მმართველობის პერიოდში მისი საჰერცოგოს დაქვემდებარებაში შევიდა კოლორნოს, სალა-ბაგანცასა და მონტეჩიარუგოლოს ტერიტორიები. შეიძლება ითქვას, რომ მან პარმას კულტურული რესტავრაცია ჩაუტარა. მან ააგო ფარნეზეების სასახლე და 4,500 ადგილიანი სამეფო თეატრი. ამასთან ერთად, დაარსდა პარმის უნივერსიტეტი და გაფართოვდა ქალაქის გალავანიც.

რანუჩო I გარდაიცვალა 1622 წლის 5 მარტს, 52 წლის ასაკში, რის შემდეგაც ტახტი მისმა ვაჟმა, ოდოარდო ფარნეზემ დაიკავა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რანუჩოს თავის ცოლთან, მარგერიტა ალდობრანდინთან ჰყავდა ცხრა შვილი:

  1. ალესანდრო (1602), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. მარია (1603), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. ალესანდრო (1610), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ოდოარდო (1612-1646), პარმისა და პიაჩენცის ჰერცოგი. ცოლად შეირთო ტოსკანის ჰერცოგის ასული მარგერიტა მედიჩი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  5. ოდოარდო (1613-1614), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. მარია კატერინა (1616-1646), ცოლად გაჰყვა მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  7. მარია (1618), გარდაიცვალა ჩვილი;
  8. ვიტორია (1618-1649), მარია კატერინას გარდაცვალების შემდეგ ცოლად გაჰყვა მის ქვრივს, ფრანჩესკო I-ს, რომელთანაც შეეძინა ერთი ქალიშვილი და გადაჰყვა მასზე მშობიარობას;
  9. ფრანჩესკო მარია (1619-1647), კარდინალი;

გარდა ამისა, რანუჩოს ქორწინებამდე ურთიერთობა ჰქონდა ბრიზეიდა კერელოტისთან, რომელთანაც ჰყავდა ორი უკანონო შვილი:

  1. ოტავიო (1598-1643);
  2. იზაბელა (1600-1645), ცოლად გაჰყვა პალესტრინას ჰერცოგ ჯულიო ჩეზარე კოლონას;

ამას გარდა, სხვადასხვა საყვარლისგან მას კიდევ ოთხი უკანონო შვილი ჰყავდა:

  1. ფრანჩესკო (1602), გარდაიცვალა ჩვილი;
  2. ალესანდრო (1603), გარდაიცვალა ჩვილი;
  3. მაურა მარგერიტა (1604-1663), მონაზონი პარმის სან-პაოლოს მონასტერში;
  4. კატერინა (1616-1675), მონაზონი პარმის სანტ-ალესანდროს მონასტერში;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "Farnese family (Italian family)". Encyclopædia Britannica. britannica.com. Retrieved 23 December 2009.
  • Ceriotti, Luca; Dallasta, Federica (30 June 2008). Il posto di Caifa. L'Inquisizione a Parma negli anni dei Farnese: L'Inquisizione a Parma negli anni dei Farnese (in Italian). FrancoAngeli. ISBN 9788846493804.