ალფონსო IV დ’ესტე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალფონსო IV
Justus Sustermans - Portrait of Alfonso IV d'Este.jpg
მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 14 ოქტომბერი, 1658
მმართ. დასასრული: 16 ივლისი, 1662
წინამორბედი: ფრანჩესკო I
მემკვიდრე: ფრანჩესკო II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 14 ოქტომბერი, 1634
დაბ. ადგილი: მოდენა, იტალია
გარდ. თარიღი: 16 ივლისი, 1662, (27 წლის)
გარდ. ადგილი: მოდენა, იტალია
მეუღლე: ლაურა მარტინოცი
შვილები: მარია, ინგლისის დედოფალი
ფრანჩესკო II, მოდენის ჰერცოგი
დინასტია: დ’ესტეები
მამა: ფრანჩესკო I, მოდენის ჰერცოგი
დედა: მარია კატერინა ფარნეზე
რელიგია: კათოლიციზმი

ალფონსო IV დ’ესტე (იტალ. Alfonso IV d'Este; დ. 14 ოქტომბერი, 1634, მოდენა, იტალია — გ. 16 ივლისი, 1662, მოდენა, იტალია) — დ’ესტეს დინასტიის წარმომადგენელი. მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი 1658-1662 წლებში. ჰერცოგ ფრანჩესკო I-ის ძე. ჰერცოგ ფრანჩესკო II-ისა და ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დედოფალ მარია მოდენელის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსო დაიბადა 1634 წლის 14 ოქტომბერს მოდენაში. იგი იყო მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგ ფრანჩესკო I-ისა და მისი პირველი ცოლის, მარია კატერინა ფარნეზეს უფროსი ვაჟი. ალფონსოს დედა 1646 წელს გადაჰყვა მშობიარობას, რის შემდეგაც მამამისი კიდევ ორჯერ დაქორწინდა.

1655 წლის 27 მაისს მამამისმა იგი 16 წლის ლაურა მარტინოციზე დააქორწინა, რომელიც იყო საფრანგეთის მმართველ კარდინალ მაზარინის დისწული. ქორწინება საფრანგეთში, კომპიენის სასახლეში შედგა და მას სამეფო ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ამის შემდეგ წყვილი მოდენაში ჩავიდა, სადაც ლაურამ ორი ბავშვი გააჩინა, მათ შორის მომავალი ჰერცოგი.

1658 წლის 14 ოქტომბერს, მამის დაღუპვის შემდეგ, ალფონსო IV მოდენისა და რეჯიოს ახალი ჰერცოგი ხდება, თუმცა მისი მმართველობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. იგი წლების განმავლობაში იტანჯებოდა ჩიყვისაგან, რასაც შემდეგში ტუბერკულოზიც დაერთო. 1659 წელს დასრულდა საფრანგეთ-ესპანეთის ომი და ფრანგებმა მას გაწეული დახმარების სანაცვლოდ მანამდე ესპანეთის მფლობელობაში მყოფი იტალიური ქალაქი, კორეჯიო აჩუქეს, რომელიც მალევე მიუერთდა მოდენას.

ალფონსო IV გარდაიცვალა 1662 წლის 16 ივლისს მოდენაში, 27 წლის ასაკში. მის შემდეგ ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა, ფრანჩესკო II-მ დაიკავა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალფონსოს თავისი ცოლისაგან ორი შვილი ჰყავდა:

  1. მარია (1658-1718), ცოლად გაჰყვა ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე ჯეიმზ II-ს, რომელთანაც შეეძინა პრინცი ჯეიმზ ფრანცის ედუარდი და პრინცესა ლუიზა მარია;
  2. ფრანჩესკო II (1660-1694), მოდენისა და რეჯიოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი, მარგერიტა მარია ფარნეზე, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Biografia universale antica e moderna [Universal ancient and modern biography] (in Italian). XIX. presso Gio. Battista Missiaglia. 1824. p. 61.
  • Chiappini, Luciano (2001). Gli Estensi. Mille anni di storia. Ferrara.