შირვანშაჰების სახელმწიფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირვანშაჰების სახელმწიფო
შაჰთა მმართველობა
861 — 1538
გერბი
დედაქალაქი შირვანი (861-918), შემახა (918-1192), ბაქო (1192-1538)
ენა სპარსული (ოფიციალური), არაბული (რელიგიური), აზერბაიჯანული (სალაპარაკო)[1]
რელიგია სუნიტური ისლამი
დინასტია შირვანშაჰი

მაზიადიდები (861-1027) , ქესრანიდები (1027-1382) , დერბენდიდები (1382-1538)

აბასიანთა სახალიფო

შირვანშაჰების სახელმწიფოVI საუკუნის პირველ ნახევარში შექმნილი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა დაახლოებით 1000 წლის განმავლობაში - 1538 წლამდე. მდებარეობდა მდინარეებს შაბრანსა და გილგილს შორის. შირვანშაჰების სახელმწიფოს არაბთა სახალიფოზე დამოკიდებულების გამო ამ პერიოდის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა[2].

861 წელს არაბული წარმოშობის მაზიადიდებმა შირვანშაჰების სახელმწიფოს დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სახელმწიფოს საზღვრები მოიცავდა ჩრდილოეთით მდინარე დერბენტს და სამურს, სამხრეთით მდინარე მტკვარს, დასავლეთით გოქჩაისა და შაქის, აღმოსავლეთით კასპიის ზღვას. მრავალი წლის მანძილზე ისტორიულ ასპარეზზე მყოფი შირვანშაჰების სახელმწიფოს, გარკვეულ დროს, სხვადასხვა დინასტიები მართავდნენ: მაზიადიდები (861-1027), ქესრანიდები (1027-1382) და დარბანიდები (1382-1538). 1538 წელს სეფიანთა იმპერიამ მიიერთა შირვანშაჰების სახელმწიფო[3].

სახელმწიფოს დედაქალაქი თავდაპირველად იყო ქალაქი შირვანი, X საუკუნის პირველი მეოთხედიდან ქალაქი იეზიდია, იგივე შემახა, ხოლო XII საუკუნის ბოლოდან - ბაქო[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირვანშაჰების პირველი დინასტიის დამფუძნებელი იყო აბასიდის სარდალი იეზიდ იბნ მაზიად აშ-შაიბანი - მაზიადიდების ტომიდან.

მისმა შთამომავლებმა და მემკვიდრეებმა, ისარგებლეს ცენტრალური ხელისუფლების დასუსტებით, შირვანი გამოაცხადეს დედაქალაქად და 861 წელს მიიღეს შირვანშაჰების ტიტული.

917 წელს შირვანი შეუერთდა მეზობელ საამიროს ლაიზანს. 918 წელს ახალი ქალაქი შემახა გახდა სახელმწიფოს დედაქალაქი. 981-982 წლებში შირვანშაჰებმა დაიმორჩილეს გაბალა და ბარდა, XX საუკუნის ბოლოს - XI საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ომები დერბენტთან. ეს მეტოქეობა საუკუნეებს გაგრძელდა. 1030-იან წლებში მათ მოუწიათ რუსების, სარირებისა და ალანების თავდასხმების მოგერიება[3].

ბაქოს ციხის კარიბჭე, რომელიც აშენდა შირვანშაჰ მანუჩაჰრ III დროს

1060-იან წლებში შირვანშაჰების სახელმწიფოს თავს დაესხნენ არანიდან. შემდეგ ტერიტორიაზე შეიჭრნენ თურქ-სელჩუკები, რომლებმაც გაანადგურეს შირვანი და აიძულეს შირვანშაჰ ფარიბურზი ეღიარებინა სელჩუკი სულთნის ავტორიტეტი. 1080-იან წლებში ფარიბურზმა, ისარგებლა მეზობლების დასუსტებით, რომლებიც ასევე სელჩუკების შემოსევას ექვემდებარებოდნენ, გააფართოვა თავისი ძალაუფლება არანზე და დანიშნა განჯაში გამგებელი[3].

XII საუკუნის პირველ მეოთხედში შირვანშაჰების სახელმწიფოს ომობდა ივერიასთან და თურქ-სელჩუკებთან.  შირვანშაჰ ახსითან I-ის (1160-1196) მეფობის დროს სახელმწიფოში მეცნიერებისა და კულტურის აღზევების ხანა დადგა.

შირვანშაჰ აფრიდუნ I იყო დავით აღმაშენებლის თანამედროვე. შირვანი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. დავითმა დაიპყრო კახეთი (1104 წ), შემდეგ თბილისის ირგვლივ არსებული ციხე-სიმაგრეები და საქართველო შირვანთან უშუალო კავშირში შევიდა. 1112 წელს შირვანშაჰის ვაჟი მანუჩაჰრი დაქორწინდა დავით აღმაშენებლის ასულ თამარზე. თუმცა ამას არ მოჰყოლია მშვიდობიანი ურთიერთობები[4].

1120 წელს დავითმა ლაშქრობა მოაწყო შირვანის წინააღმდეგ. ამ ლაშქრობის შემდეგ დაიწყო მუსულმანური კამპანია შირვანის დასახმარებლად. არაბთა გაერთიანებული ლაშქარი საქართველოსკენ წავიდა, მაგრამ ბრძოლაში დამარცხდა. 1123 წელს დავითმა მორიგი ლაშქრობა მოაწყო შირვანის წინააღმდეგ, თუმცა ის ამჯერად წარუმატებელი აღმოჩნდა[4].

მანუჩაჰრ III 1120 წლიდან შირვანშაჰი გახდა. მან დავითთან დამეგობრება გადაწყვიტა, რასაც სელჩუკთა შემოსევა მოჰყვა. დავითის გარდაცვალების შემდეგ 1125 წელს მანუჩაჰრმა მოახერხა ხელისუფლებაში დარჩენა და დაუმეგობრდა კიდეც დავითის მემკვიდრე მეფე დემეტრეს. ისინი არანთან ერთობლივად იბრძოდნენ და არაერთი მარცხი მიაყენეს მას[4].

ყიზ-ყალასი. აგებულია ახსითან I დროს. XII საუკუნე

შირვანშაჰ მანუჩაჰრი გარდაიცვალა 1160 წელს. მისმა გარდაცვალებამ ქაოსი გამოიწვია. მისი ვაჟები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. უმცროსი ვაჟი ფარუხზად I დედამისი თამარის მოკავშირე იყო და პროქართულ ორიენტაციას უძღვებოდა. უფროსი ვაჟი კი ახსითანი წინააღმდეგი იყო მსგავსი პოზიციის. შედეგად უფროსმა ვაჟმა გაიმარჯვა და თამარი უმცროს ვაჟთან ერთად საქართველოში გაიქცა. სწორედ თამარმა დააარსა თიღვის ტაძარი ზნაურთან (ახლანდელი სამხრეთ ოსეთი) და იქ მონაზონი გახდა[4].

შირვანშაჰები XII საუკუნის პირველი ნახევრიდან დიდი თავდაცვითი ნაგებობების აშენება დაიწყეს ბაქოსა და აფშერონის სოფლებში. მათ შორის, ციხე-კოშკები და სიმაგრეები და სხვა მრავალი ნაგებობა - მეჩეთები, ქარვასლები და ა.შ. ქალაქი ბაქო საიმედო ნავსადგური იყო. იგი კარგი თავშესაფარი იყო უცხო ტომელთა შემოსევების დროს. ბაქოსგან განსხვავებით შემახა, განსაკუთრებით მიწისძვრის შემდეგ, ცუდად დაცული ქალაქი იყო.

XII საუკუნის პირველ ნახევარში შირვანშაჰ მანუჩაჰრ III-მ ბაქოს ირგვლივ ციხესიმაგრის გალავანი ააგო. დაახლოებით 1175 წელს ახსითან I-მა ააგო ყიზ-ყალას თავდაცვითი კოშკი.

ოთხკუთხა კოშკი მარდაკიანში

გერშასპ I-ის დროს 1204 წელს მარდაკანში ააგეს მრგვალი კოშკი. შირვანში ციხე-ნაგებობების აგება გამოწვეული იყო საგარეო პოლიტიკური მოვლენებით. ძირითადად, უცხოელი დამპყრობლების შემოსევით. ამ ძეგლების სამშენებლო წარწერებზე შირვანშაჰების სახელები იყო მოხსენიებული მათი დიდებული ტიტულების ჩამონათვალით, რომელიც ყოველთვის არ ემთხვეოდა რეალურ მდგომარეობას. სიმაგრეები, კოშკები მოწმობდნენ შირვანშაჰებისა და მსხვილი ფეოდალების, მათი ვასალების სიმდიდრეზე, რომლებმაც ეს შენობები ააშენეს ნავთობის წყაროებისა და მარილის მაღაროების ექსპლუატაციიდან მიღებული სახსრებით. შირვანშაჰები ამ პერიოდში ბაქოში ცხოვრობდნენ. ახსითან I-მა ყიზილ-არსლანის მიერ შირვანშაჰების დედაქალაქ შემახას დაპყრობის შემდეგ, გარკვეული დროით ბაქოში გადაიტანა რეზიდენცია. შემახას დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, რომელიც 1192 წელს მოხდა, ახსითან I-მა ბაქო შირვანის მესამე დედაქალაქად აქცია. ფარიბურზ III-ის დროს 1234-1235 წლებში დასრულდა ბაქოს ყურეში გამაგრების მშენებლობა[5].

მონღოლთა შემოსევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შირვანშაჰთა სასახლე ბაქოში

XIII საუკუნის პირველ მეოთხედში შირვანი დაექვემდებარა მონღოლთა შემოსევას. 1222 წელს ხანგრძლივი ალყის შემდეგ ციხე-ქალაქი შემახა აიღეს და გაანადგურეს. ქალაქის მაცხოვრებელნი ამოხოცეს. მონღოლთა არმიამ დაიპყრო და გაანადგურა მთელი სახელმწიფო. შემდგომ წლებში შირვანში შემოიჭრნენ ყივჩაღები, ქართველები, ასევე ხორეზმშაჰ ჯალალ ად-დინის ჯარი. 1231 წელს მონღოლებმა კვლავ შეუტიეს ამიერკავკასიას და გაანადგურეს განჯა, ბარდა, ბეილაგანი და შაბარდანი. მონღოლთა შემოსევებისას გადარჩენილმა ფეოდალებმა, დიდგვაროვანმა ხალხმა და ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობამ მთებს შეაფარეს თავი.

შირვანისა და არანის ქალაქები და რაიონები აიღეს მონღოლებმა, რომლებმაც შირვანშაჰ ფარიბურზ III-ის მეფობის დროს წერტილი დაუსვეს შირვანშაჰების სახელმწიფოს დამოუკიდებლობას.

გეოგრაფი ბაქუვი 1403 წელს წერდა, რომ მონღოლებმა ვერ აიღეს ზღვასთან ახლოს გამაგრებული ციხე - ბაქო. მხოლოდ მთელი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ქალაქი იძულებული გახდა დამორჩილებოდა მათ[5].

ერთიანი მონღოლური იმპერიის დაშლის შემდეგ, შირვანი აღმოჩნდა ირანის ჰულაგუიანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. მისი ცენტრი თავრიზში იყო. ქვეყნის ნგრევას ამძიმებდა მუდმივი ომები ჰულაგუიდებსა და ოქროს ურდოელთა შორის, რომელთა ჯარები არაერთხელ შეიჭრნენ ამიერკავკასიაში და გაანადგურეს შირვანის მიწები. XIV საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, ჰულაგუიდების იმპერიის დასუსტებასთან და შემდგომ დაშლასთან ერთად, შირვანშაჰების სახელმწიფო იბრძოდა გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის, მონაწილეობდა ახალი მომთაბარე სახელმწიფოების ომებში.

1386 წელს შირვანშაჰი იბრაჰიმ I გახდა თემურლენგის მოკავშირე, რომელიც თავისი ჯარით ამიერკავკასიაში შეიჭრა. 1395 წელს თემურლენგმა მას ქალაქი დერბენტი გადასცა და შირვანშაჰს მიანდო ქალაქის გადასასვლელის დაცვა[3][5].

თემურლენგის სიკვდილმა გამოიწვია მისი იმპერიის დაშლა და ომი მემკვიდრეებს შორის, რომლის დროსაც იბრაჰიმ I დაიპყრო განჯა და ყარაბაღის უმეტესი ნაწილი. თუმცა 1412 წელს იგი ბრძოლაში დამარცხდა ყარა-იუსუფთან, რომელიც თურქმანთა სახელმწიფოს ყარა-ყოიუნლუს მმართველი იყო. ეს სახელმწიფო მოიცავდა სამხრეთ აზერბაიჯანს, სომხეთს, ქურთისტანსა და ერაყს. შირვანი კვლავ განადგურებული იყო და იბრაჰიმ I გახდა ყარა-ყოიუნლუს მმართველის ვასალი. 1468 წელს ყარა-ყოიუნლუს ადგილზე წარმოიშვა თურქმანთა სახელმწიფო აყ-ყოიუნლუ, რომელთანაც შირვანშაჰების სახელმწიფოს მოკავშირული ხასიათის ურთიერთობა ჰქონდა[3].

სეფიანთა შემადგენლობაში გადასვლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნის ბოლოს შირვანშაჰებს ჰყავდათ ახალი ძლიერი მტერი სეფიანთა სახელმწიფოს სახით. უკვე 1500 წლის შემოდგომაზე შაჰ ისმაილმა წამოიწყო ლაშქრობა შირვანშაჰ ფარუხ-იასარის წინააღმდეგ, აიღო შემახა და სრულიად დაამარცხა შირვანშაჰის არმია. მომდევნო წელს ისმაილმა, ერთთვიანი ალყის შემდეგ, აიღო ბაქო, მიითვისა შირვანშაჰების მთელი საგანძური. 1509 წელს შაჰ ისმაილმა კვლავ გაგზავნა თავისი ჯარი შირვანში, დაიკავა შემახა და ბაქო. ქალაქი დერბენტის დამორჩილებაც მოახერხა. ამ ლაშქრობის შემდეგ ისმაილ I-სა და შირვანშაჰებს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ 1538 წელს ისმაილის მემკვიდრე შაჰ თამაზ I თავს დაესხა შირვანს. 1539 წელს მაზიადიდების დინასტია დასრულდა ბოლო შირვანშაჰ შაჰ რუხის სიკვდილით და შირვანის ტერიტორია შევიდა სეფიანთა სახელმწიფოში[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ашурбейли С. А. История города Баку. Период средневековья.
  2. ГОСУДАРСТВО ШИРВАНШАХОВ
  3. Peter B. Golden, «An Introduction to the History of the Turkic Peoples»
  4. საისტორიო ნარკვევები / რ. მეტრეველი. თბ., 2009.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]