დემეტრე I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დემეტრე.
დემეტრე I
Demetre I (Matskhvarishi).jpg
დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ფრესკა
საქართველოს მეფე
მმართ. დასაწყისი: 1125
მმართ. დასასრული: 1156
წინამორბედი: დავით IV აღმაშენებელი
მემკვიდრე: დავით V
დაბ. თარიღი: დაახლ. 1093
გარდ. თარიღი: 1156
შვილები: 1. დავით V
2.გიორგი III
3.რუსუდანი
დინასტია: ბაგრატიონები
მამა: დავით IV აღმაშენებელი
დედა: რუსუდან ბაგრატუნი

დემეტრე I, საქართველოს მეფე 1125-1156, დავით აღმაშენებლის მემკვიდრე. მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1138 დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში მოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.

1130 დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია. 1154 (1155) დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I-მა ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად („აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა“). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა.

საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მეტრეველი რ., ქსე, ტ. 3, გვ. 458, თბ., 1978
წინამორბედი:
დავით IV
საქართველოს მეფე
1125 - 1156
შემდეგი:
დავით V