შირვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირვანი, 1804 წელს შექმნილი რუკის მიხედვით.

შირვანი, შარვანი (აზერ. Şirvan, სპარს. شروان) — ისტორიული ქვეყანა აზერბაიჯანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, მტკვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პოლიტიკური ცენტრი — ემაზა. შეადგენდა კავკასიის ალბანეთის ნაწილს. ირანის მიერ შირვანის კოლონიზაციისა და აქ ჩრდილოეთისგან თავდასაცავი დიდი მშენებლობების ხანაში ცნობილი გახდა სახელი „შირვანი“ და, შესაბამისად, სასანიანთა მიერ დანიშნულ ადგილობრივი მმართველთა შორის — წოდება „შირვანშაჰი“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არაბთა სახალიფოს რღვევის ვითარებაში, 861 წლიდან, აქ დამკვიდრდნენ არაბი იაზიდიდები, რომლებმაც მიითვისეს „შირვანშაჰობაც“. იაზიდიდებმა მოქნილი და გონივრული პოლიტიკით მოიგერიეს თურქ-სელჩუკთა შემოსევები და სახელმწიფო შეინარჩუნეს. ეს განაპირობა ამიერკავკასიაში თურქთა ბატონობის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლამაც. ნიშანდობლივია, რომ ამ ბრძოლაში დავით აღმაშენებელი სწორედ შირვანს ამოუდგა მხარში; მისმა რამდენიმე ძლევამოსილმა ლაშქრობამ ქვეყანა თურქთაგან იხსნა. საქართველოს სიუზერენობით ორი ქვეყნის მრავალმხრივი, მჭიდრო ურთიერთობა შემდგომშიც გაგრძელდა. ამავე ხანაში გაჩნდა საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში წოდება „შირვანშაჰი“.

XII საუკუნეში შირვანმა სოციალური და კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობას მიაღწია: განვითარდა სოფლის მეურნეობა, ხელოსნური წარმოება, ვაჭრობა, ქალაქები და საქალაქო ცხოვრება; გამოცოცხლდა კულტურული ურთიერთობანი, შირვანშაჰების კარზე აღორძინდა ლიტერატურული ცხოვრება — აბუ ლა-ალა განჯევი, ხაკანი შირვანი, ფალექი შირვანი სპარსულენოვანი პოეზიიზ შედევრებს ქმნიდნენ.

მონღოლთა ბატონობამ შირვანიც დიდად დააზარალა. ჰულაგუიანთა და ოქროს ურდოს სახელწიფოთა შორის ბრძოლის ასპარეზი ხშირად შირვანი იყო. ჰულაგუიანთა ბატონობის დროს შირვანმა შეძლო გაურკვეული პოტიკური თავისთავადობის შენარჩუნება. 1382 წლიდან შირვანს მართავდა შირვანშაჰთა ახალი დინასტია. იბრაჰიმ I (1382-1417) თემურლენგის სიკვდილის შემდეგ დამოუკიდებელი მმართველი გახდა. XIV საუკუნეში შირვანი შედარებით ძლიერი და ეკონომიკურად დაწინაურებული სახელმწიფო იყო. გაფართოვდა ტრადიციული აბრეშუმით ვაჭრობა. მაგრამ თურქი ტომების ახალმა გაერთიანებამ შირვანის სახელმწიფო წელში გატეხა (1500). მომდევნო წლებში შირვანშაჰები, თუმცა წინააღმდეგობას უწევდნენ ახალ ძალას, მაგრამ უშედეგოდ - 1538 წელს სახელმწიფომ შეწყვიტა არსებობა. შირვანი სეფიანთა სახელმწიფოს ოლქად გადაიქცა. 1605 წელს შაჰმა აბას I-მა კონსტანტინე I-ს საგამგებლოდ შირვანი უბოძა. მას შაჰის დავალებით შირვანი ოსმალთაგან უნდა გაეთავისუფლებინა. 1748 წელს აქ წარმოიქმნა შირვანის სახანო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]