ტრირის უნივერსიტეტი
ტრირის უნივერსიტეტი | |
---|---|
დევიზი | Treveris ex urbe deus complet dona sophiae |
დაფუძნდა | ახალი უნივერსიტეტი 1970, ისტორიულად, ძველი უნივერსიტეტი არსებობდა: 1473-1798 წწ. |
ტიპი | საზოგადოებრივი (საჯარო) დაწესებულება |
თანამშრომელი | 973 (2010 წლის მაისი) |
კანცლერი | კლაუს ჰემბახი |
პრეზიდენტი | მიხაელ იეკელი |
პროფესორი | 175 (2010 წლის მაისი) |
სტუდენტი | 11 564[1] |
ქალაქი | ტრირი (სიდიდით მხარის მეორე ქალაქი) |
ქვეყანა | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა |
კავშირები | Verein zur Förderung eines Deutschen Forschungsnetzes[2] , German Rectors' Conference[3] , German University Sports Federation[4] , ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , Informationsdienst Wissenschaft[6] , Q105658851?[7] , Q1978997?, Franco-German University[8] , Q106469270?[9] და German National Research Data Infrastructure (NFDI) e.V.[10] |
https://www.uni-trier.de/ |
ტრირის უნივერსიტეტი (გერმ. Universität Trier) — სახელმწიფო სასწავლო დაწესებულება გერმანიაში. დაარსდა 1970 წლის 15 ოქტომბერს. 172 წლის შემდეგ ტრირში კვლავ გაჩნდა სახელმწიფო სასწავლო დაწესებულება. ტრირის უნივერსიტეტი ორგანიზაციულად მჭიდროდ უკავშირდება ტრირის თეოლოგიურ სკოლას, თუმცა ნომინალურად და სტრუქტურულად იგი ცალკე დაწესებულებას წარმოადგენს და იწოდება როგორც ტრირის თეოლოგიური ფაკულტეტი.
დღესდღეობით ტრირის უნივერსიტეტი 14.800 სტუდენტს ითვლის, რომლებიც 6 სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით ეუფლებიან ცოდნას.
უნივერსიტეტის ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველდაფუძნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1455 წელს პაპმა ნიკოლოზ V ტრირის არქიეპისკოპოს იაკობ I ფონ ზირკს ნება დართო დაეარსებინა უნივერსიტეტი, მაგრამ საჭირო სახსრების უქონლობის გამო მან ეს ვერ მოახერხა. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ქალაქ ტრირმა 1472 წელს საბოლოოდ 2000 გულდენად მიიღო სადამფუძნებლო მოწმობები, ხოლო უმაღლესი სასწავლებელი კი 1473 წლის 16 მარტს გაიხსნა.
აქ ასწავლიდნენ თეოლოგიას, ფილოსოფიას, მედიცინასა და სამართალს. ძირითადად მასწავლებლობდნენ სასულიერო პირნი და დამატებითი (მეორადი) პროფესიის დოცენტები. ახალი სასწავლო დაწესებულება ისე წარმატებული აღმოჩნდა, რომ ქალაქის მესვეურნი უნივერსიტეტს სარჩენად არსებული ბიუჯეტის 10% პროცენტს გამოუყოფდნენ. გამოხდა ხანი და სასწავლო დაწესებულების შესანახად საჭირო ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვა ქალაქსა და მის ხაზინას, იძულებელი შეიქნენ უფრო მომჭირნედ მოჰკიდებოდნენ თანხებს – დაეზოგათ პედაგოგებზე.
ასეთი ფინანსური სირთულეებით დაიწყო უნივერსიტეტმა თავიდანვე ცხოვრება, რასაც თან სდევდა ტრირის მოსახლეობის შემცირება – თუ 1363 წელს ქალაქის მცხოვრებთა რიცხვი 10.000 შეადგენდა, 1542 წელს ტრირელთა რაოდენობა უკვე 8.500 იყო. მოსახლეობის რაოდენობის შემცირების მიზეზი შავი ჭირი იყო. 1554 წელს გარდაიცვალა დეკანი ამბროზიუს პელარგუსი და იმის გამო მის გარდა აქ სხვა დოცენტი არ იყო, მისი ადგილი დაუკავებული დარჩა. 1560 წელს კურფიურსტ იოჰან VI ფონ დერ ლაიენმა შესთავაზა იეზუიტებს საკუთარ თავზე აეღოთ სასწავლებლის ხელმძღვანელობა. სწორედ ამ იეზუიტების სახელს უკავშირდება ტრირში თეოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტის მუშაობის განახლება. თეოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტმა კი შეეძლო მუშაობის განახლება, მაგრამ სხვა მეცნიერებათა სწავლების საქმე დარჩა უყურადღებოდ. სამართლის ფაკულტეტის სეკულარული რეფორმა 1667 წელს უსახსრობის გამო შეფერხდა. უსახსრობა არ იძლეოდა პედაგოგების დასაქმების საშუალებას. XVII საუკუნის მეორე ნახევარში ქალაქ ტრირის, როგორც ქალაქის, მისი მოსახლეობისა და საერთოდ, ეპარქიის ფინანსურმა მდგომარეობამ უკიდურეს ნიშნულს მიაღწია.
1722 წელს მოხერხდა მნიშვნელოვანი რეფორმის ჩატარება საერო საგნებში. ფრანც ლუდვიგ ფონ პფალც-ნოიბურგმა პედაგოგიური პერსონალი ჯერ სახელმწიფო ხელფასით უზრუნველყო, რამაც მრავალი სახელგანთქმული სწავლულის დასაქმება გახადა შესაძლებელი, კერძოდ კი იმ დროისათვის სახელგანთქმული სწავლულები ფრიდრიხ შპეე ფონ ლანგენფელდი და იოჰან ნიკოლაუს ფონ ჰონთჰაიმი.
XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იმატა უარყოფითმა დამოკიდებულებებმა იეზუიტების მიმართ, რაც იმით გამოიხატა, რომ მათ საყვედურობდნენ, ან ბრალად სდებდნენ შეთქმულებების ორგანიზებას ძალაუფლების გაფართოების მიზნით. 1764 წელს ორდენის მეოხებით დამოუკიდებელი თეოლოგიური ფაკულტეტი შეიქმნა, რომელსაც ბენედიქტინელთა პატარა წარმომადგენლობა განაგებდა.
1773 წელს პაპმა გააუქმა არსებული „იესოს საზოგადოება“. იეზუიტთა თეოლოგიური და ფილოსოფიური ფაკულტეტი ერთმანეთს გამოეყო და ერთხანს კლემენტინეს სემინარიად იარსება, ხოლო მოგვიანებით ლექციების კურსის წაკითხვა ბენედიქტინელთა ფაკულტეტს დაევალა.
1794 წელს ტრირი საფრანგეთის რევოლუციის ჯარებმა დაიკავეს.
1798 წლის 6 აპრილს ტრირის უნივერსიტეტი კელნის, მაინცისა და ბონის უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად დაიხურა ფრანგთა ადმინისტრაციამ.
ახალდაფუძნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1969 წელს მაშინდელმა მხარის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო გარდა მაინცისა გაეხსნა კიდევ მეორე უმაღლესი სასწავლებელი. გადაწყვეტილების მიღებიდან უკვე ერთ თვეში ახალი უმაღლესი სასწავლებლების ადგილებად ტრირი და კაზერსლაუტერნი შეირჩა. 1970 წელს გაიხსნა ორი პროფილის უნივერსიტეტი ფილიალებით ტრირსა და კაიზერსლაუტერნში – კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებები შეისწავლებოდა, ხოლო ტრირის უნივერსიტეტში კი ჰუმანიტარული.
სანამ ტრირის უნივერსიტეტს ააშენებდნენ ტარფორსტში, მეცადინეობა მოზელის ერთ ნაპირზე მდებარე ყოფილი პედაგოგიური უმაღლესი სასწავლებლის შენობაში.
1975 წელს, უნივერსიტეტის ორივე ნაწილი ერთმანეთისაგან განცალკევდა და მათი სუვერენიზაცია მოხდა.
1977 წელს ტარფორსტის კამპუსზე უნივერსიტეტის პირველი ნაგებობები შევიდა ექსპლოატაციაში. სტუდენტური სასადილო ჯერ სარდაფში იყო განთავსებული, სადაც ახლა ბიბლიოთეკის წიგნთსაცავი მდებარეობს.
1981 წელს მორიგ სამშენებლო ფაზებში სხვა შენობა–ნაგებობები აიგო. 1988 წლიდან უნივერსიტეტს აუდიმაქსი აქვს და საკუთარი სტუდენტური სასადილო. ამდროს აშენდა პირველი სტუდენტური საერთო საცხოვრებელი.
1990–იანი წლებში ფრანგული ჯარებმა დატოვეს ქვეყანა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი მეორე კამპუსის მშენებლობა დაიწყო. 1992 წელს ერთი კილომეტრის მოშორებით სამხედრო ჰოსპიტლის მთავარი კორპუსი იქირავეს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლად იყენებდნენ. 2007 წელს მოხდა პეტრისბერგის საერთო საცხოვრებლის ძვირადღირებული და საფუძვლიანი სანირება და ამჟამად ამ შენობაში გეოგრაფია–გეოლოგიის, ინფორმატიკისა და სამეურნეო ინფორმატიკის შემსწავლელი გაყოფილებებია განთავსებული, აქვე უდევს ბინა გარემოსა და ტექნიკის სამართლის ინსტიტუტს (შემოკლ. „IUTR“) და შრომითი სამართლისა და შრომითი ურთიერთობების ინსტიტუტი (შემოკლ. „IAAEG“). სასწავლო განყოფილებების ახალბინადრობის შედეგად შესაძლებელი გახდა გამოთავისუფლებულ ადგილას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია კამპუსზე გადასულიყო.
პოლიტიკურად მემარცხენე სტუდენტური გაერთიანებები შეეცადნენ ცნობილი ტრირელი კარლ მარქსის პატივსაცემად მისი სახელი დარქმეოდა ამ უნივერსიტეტს, მაგრამ უნივერსიტეტის სენატისადმი მიწოდებული შესაბამისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. მემარცხენე სტუდენტები მიუხედავად ამისა მაინც გამოიყენებენ შეთავაზებულ სახელს, მათ შორის ოფიციალურადაც. მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის სტუდენტური ჯგუფები საერთო სტუდენტურ კომისიასთან (შემოკლ. AStA) ოფიციალურ მიმოწერისას თავის მხრიდან ტრირის უნივერსიტეტს ყოველთვის კარლ მარქსის სახელობის უნივერსიტეტად მოიხსენიებენ. მარქსის სახელს გამოიყენებენ ტრირის მემარცხენე სტუდენტები ასევე მათ მიერ შექმნილ სხვადასხვა საფოსტო ბარათებზე, საინტერნეტო გვერდებსა და Fairuseებზე. იმის გამო რომ უნივერსიტეტს ჯერ არა აქვს ოფიციალური მაისურები, ტრირის მემარცხენე სტუდენტთა ეს მაისურები ერთადერთად რჩება და მათი ყიდვაც უპრობლემოდ შეიძლება.
ტრირის უნივერსიტეტის ბეჭედი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ტრირის უნივერსიტეტის ბეჭედს, რომელიც დღესაც გამოიყენება, დართული აქვს ლათინურ ენაზე დევიზი, – "Treveris ex urbe deus complet dona sophiae", რასაც გერმანელები თარგმნიან ასე; "In der Stadt Trier führt Gott die Gaben der Weisheit zur Vollendung", ანუ ქართულად; ქალაქ ტრირში ღმერთი სიბრძნის სრულყოფად მიგვიძღვის.
ბეჭედზე გამოსახულია მრავალი უნივერსიტეტის მფარველი მოციქული პავლე, ამბროსსა და ავგუსტინეს შორის. ამ ეკლესიის მამათა გამოსახულებებს შორის ბაფთაზე წერია „S. almi studii treverensis“ (ტრირის უმაღლესი განათლების ბეჭედი). მარცხნივ და მარჯვნივ ფარზე მოთავსებულია ქალაქ ტრირისა და არქიეპისკოპოსის იოჰან II ფონ ბადენი გერბები. (ფონ ბადენი ქალაქ ტრირის კურფიურსტი იყო უნივერსიტეტის დაარსებისას.) სულ ახლახან მილენიუმის გასაყარზე უნივერსიტეტმა შეიცვალა (Fairuse) ორი ლურჯი სეგმენტით, რომელიც ასევე დამატებით ბეჭდად გამოიყენება.
ერთხანს ტრირის უნივერსიტეტის ბეჭედზე გარკვეული დროის განმავლობაში ასეთი წარწერაც იყო.
Deus :.: cómplet : dona : sophi(a)e :.: Treveris :.: ep(iscopo et) : urbe :
(ღმერთი ფლობს სიბრძნის ნიჭს ტრირელებთან, ეპისკოპოსთან და ქალაქთან ერთად.)
ტრირის უნივერსიტეტის მდებარეობა და სტუდენტთა ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტი 150 მ სიმაღლის პლატოზე მდებარეობს ქალაქის ზევით ტრირის კიურენცის, ტარფორსტისა და ოლევიგის უბნებს შორის.
უნივერსიტეტს ეკუთვნის ასევე მისი შენობა–ნაგებობების ირგვლივ გადაჭიმული ვრცელი ტერიტორია, რომელზეც გაშენებულია პარკები და სკვერები, სასეირნო გზები, სკულპტურები და ხელოვნური გუბურები.
უნივერსიტეტის სტუდქალაქის ტერიტორიის მეზობლად 2004 წელს მხარის ბაღის დათვალიერება ჩატარდა.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის არქიტექტურა თანამედროვეა. პირველი კამპუსის ცენტრს წარმოადგენს სტუდენტური სასადილოსა და აუდიმაქსს შორის მდებარე ფორუმი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და С შენობა (იურისტებისა და ეკონომისტების სასწავლო კორპუსი).
მთავარი კორპუსის (A/B) და ბიბლიოთეკის ფასადები შემინულია, რაც განსაკუთრებით ლამაზია ღამით. მოზრდილი დისტანციიდანაც კარგად ჩანს უნივერსიტეტის გაჩირაღდნებულ შუშის შენობაში გვიან ღამემდე მოფუსფუსე პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. ბიბლიოთეკას გარდა მთავარი შესასვლელისა აქვს შემინული გადასასვლელები, რომელთა მეშვეობითაც ნებისმიერი სასწავლო კორპუსიდან შეიძლება ბიბლიოთეკაში შესვლა–გამოსვლა.
შიდა დაწესებულებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტის ადმინისტრაციას კამპუსზე უძევს ბინა (V-კორპუსი), აქვე არის სტუდენტთა სამდივნო, უცხოეთის საქმეთა აკადემიური სამსახური, და ე.წ. "ბაფოგის" (BAFöG) სამსახური. უნივერსიტეტს გააჩნია 5 საბავშვო ბაღი. უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის რამდენიმე დიდი პარკინგ–მოედანი, სპორტული დარბაზი, რომელშიც შედის ტენისისა და კალათბურთის დარბაზები, ასევე სარბენი ბილიკები. ცალკე აღშნიშვნის ღირსია ე.წ. "სტუდენტთა სახლი", სადაც ნებისმიერი ეროვნებისა და მოქალაქეობის სტუდენტს შეუძლია წინასწარ დაჯავშნოს ფართი დაბადების დღის, სწავლის დასრულების, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის და ა.შ. წვეულებით, პარტით, ან სხვა რამ საზეიმო ღონისძიებით აღსანიშნავად. მხარის ბაღების დათვალიერებისადმი განკუთვნილ ეზოში (Landesgartenschaugelände) არის ახალი ფეხბურთისა და ფრენბურთის მოედნები.
უცხოეთთან ურთიერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირის უნივერსიტეტი აწარმოებს მრავალრიცხოვან გაცვლით პროგრამებს უცხოეთის დამეგობრებულ უნივერსიტეტებთან. ევროპის უნივერსიტეტებს შორისაა ჯეზუს კოლეჯი (ოქსფორდი) და კატოვიცეს უნივერსიტეტი. აშშს პარტნიორ უნივერსიტეტებს შორისაა კლარკის უნივერსიტეტი (ვორსესტერი, მასაჩუსეტსი), ჰემლაინის უნივერსიტეტი (სენტ პოლი, მინესოტა), ასევე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი (ვაშინგტონი)
სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირის უნივერსიტეტს აქვს რამდენიმე სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი სახლი, რომელიც 1 400 კაცს იტევს. ამ საერთო საცხოვრებლებს განაგებს ტრირის სტუდენტთა ერთობა, ანუ ე.წ. "შტუდენდენვერკი". უნივერსიტეტის კამპუსზე სულ 5 საცხოვრებელი სახლი დგას – ტარფორსტის, ალიანსის, პეტრისბერგის, კლეებურგერ ვეგისა და ოლევიგისა. მიმდინარეობს დამატებით კიდევ ორი საერთო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
კამპუსის ფარგლებს გარეთ მდებარეობს მარტინ კლოსტერის საერთო საცხოვრებელი, რომელიც მოზელის ნაპირას მდებარეობს.
სატრანსპორტო კავშირი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტი და ქალაქის მაღლივი ნაწილები ქალაქის ცენტრს უკავშირდება ორი სატრანსპორტო არტერიით, რომელთაგან ერთი სამხრეთით და ერთიც ჩრდილოეთით მდებარეობს.
დღის განმავლობაში ორივე ტრასის მიმართულებით მოძრაობს ავტობუსები 6 წუთის ინტერვალით ქალაქის ცენტრიდან უნივერსიტეტის მიმართულებითა და პირიქით, ისე რომ 15 წუთის სხვაობით შეიძლება უნივერსიტეტიდან პორტა ნიგრასთან მოხვდე.
ტრირის უნივერსიტეტის სტუდენტთა სემესტრული გადასახადი შეადგენს ჯერჯერობით 165 ევროს. სტუდბილეთის ("ტუნიკა") ვადის გაგრძელებასთან ერთად სტუდენტი ინარჩუნებს არა მარტო ტრირის რეგიონში უფასო მგზავრობის უფლებას, არამედ ტრირი–ზაარბიუკენისა და ტრირი–ლუქსემბურგის მიმართულებითაც (ვასერბილიგამდე, ანუ უწინდელი გერმანია–ლუქსემბურგის საზღვრამდე), ასევე უფასოა მგზავრობა კობლენცამდე და მაინცამდე.
ავტობუსები ტრირში შუაღამემდე მოძრაობენ, დილის 6 საათიდან კი ისევ განაახლებენ მუშაობას. ღამის ორი სათიდან დილის 6 საათამდე შუალედში შესაძლებელია სპეციალური სატელეფონო გამოძახებით ზემოხსენებულ ხაზებზე მომუშავე ავტობუსებმა სტუდენტთა მოზრდილი ჯგუფებისთვის ტაქსის ფუნქციაც შეითავსონ, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის თუმც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც გადახდაა საჭირო.
სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სასწავლო განყოფილებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნივერსიტეტში 6 სპეციალური განყოფილება ფუნქციონირებს და ექვსივეს თავისი დეკანი ჰყავს. ტრირის უნივერსიტეტის სპეციალური განყოფილებები ნუმერირებულია სპეციალობების დაფუძნების თანმიმდევრობათა მიხედვით ამ სასწავლო დაწესებულების დაარსების დღიდან დღემდე.
- პირველი სასწავლო განყოფილება (FB I) - პედაგოგიკა, ფილოსოფია, ფსიქოლოგია.
- სწავლობს, ან გავლილი აქვს იმატრიკულაცია 2 322 სტუდენტი. (15,9%)
- მეორე სასწავლო განყოფილება (FB II) - ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, მედიათმცოდნეობა, ლინგვისტურ მონაცემთა დამუშავება.
- სწავლობს, ან იმატრიკულირებულია 3 573 სტუდენტი. (24,5%).
- მესამე სასწავლო განყოფილება (FB III) - ეგვიპტოლოგია, ისტორია, კლასიკური არქეოლოგია, ხელოვნების ისტორია, პაპიროლოგია, პოლიტიკის მეცნიერება.
- სწავლობს, ან იმატრიკულირებულია 1 842 სტუდენტი. (12,6%)
- მეოთხე სასწავლო განყოფილება (FB IV) - სამეურნეო (ეკონომიკური) და სოციალური მეცნიერებები. მათემატიკა, ინფორმატიკა, ეკონომიკური ინფორმატიკა.
- სწავლობს, ან იმატრიკულირებულია (3 179 სტუდენტი. (21,8%).
- მეხუთე სასწავლო განყოფილება (FB V) - სამართალმცოდნეობა.
- სწავლობს, ან იმატრიკულირებულია 1 498 სტუდენტი. (10,3%).
- მეექვსე სასწავლო განყოფილება (FB VI) - გეოგრაფია, გეოლოგია.
- სწავლობს, ან იმატრიკულირებულია 1 662 სტუდენტი. (11,4%).
ფილოლოგია ტრირის უნივერსიტეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1. გერმანისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გერმანისტიკის მიმართულება:
გარდა სამი ძირითადი მიმართულებისა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გერმანისტიკის ფარგლებში შიესწავლონ იდისტიკა, რაც გულისხმობს უპირველეს ყოვლისა იდიშისა და ამ ენაზე შექმნილი ტექსტების შესწავლა-დაუფლებას. იდისტიკა განსაკუთრებით პოპულარულია იმ სტუდენტთა შორის რომლებიც კომბინირებულად შეისწავლიან გერმანისტიკას და სლავისტიკას, ან გერმანისტიკას და ჰისპანისტიკას.
ტრირის უნივერსიტეტში არსებობს აგრეთვე სპეციალური გერმანისტიკული მიმართულება - გერმანული როგორც უცხოური ენა, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება იმ გერმანისტების მომზადებაზე, რომლებიც მომავალში არაგერმანელებს შესწავლიან გერმანულს მეორე, მესამე და ა.შ. ენად.
რომანისტიკის მიმართულება:
- ფრანგული ენა და ლიტერატურა.
- ფრანგული ენა. საფრანგეთის მცირე ენები. გერმანია-საფრანგეთის ურთიერთობათა თანამედროვე კვლევები.
- ესპანური ენა და ლიტერატურა (ისპანისტიკა).
- სამხრეთ ამერიკის კვლევები. (არგენტინა, ჩილე, მექსიკა)
- იტალიური ენა და ლიტერატურა.
- იტალიური ენის ისტორია. იტალიის თანამედროვე კვლევები.
- პორტუგალიური ენა და ლიტერატურა.
- ბრაზილიის კვლევები. პორტუგალიური - მსოფლიო ენა დაარქივებული 2011-11-06 საიტზე Wayback Machine.
ანგლისტიკის მიმართულება:
- ინგლისური ენა. კანადის კვლევები.
სლავისტიკის მიმართულება:
- სამხრეთსლავისტიკა:
- ბულგარისტიკა: (მიმდინარე პროექტები: პეტკო სლავეიკოვი, ილია ტროიანოვი, გიორგი გოსპოდინოვი)
- სერბო-ხორვატისტიკა - სერბულ-ხორვატული ენა (მიმდინარე პროექტები: ივო ანდრიჩი, მეჰმედ (მეშა) სელიმოვიჩი, ალექსანდარ ტიშმა) და ხორვატიის, სერბიისა და ბოსნიის ლიტერატურები.
- დასავლეთსლავისტიკა:
- პოლონისტიკა: (მიმდინარე პროექტები: ადამ მიცკევიჩი, ხელმუტ კაიზარ)
- ბოჰემისტიკა
- აღმოსავლეთსლავისტიკა:
- რუსისტიკა: მიმდინარე პროექტი: ანდრეი ბელი
- უკრაინისტიკა
ძველ საეკლესიო სლავურ ენას შეისწავლიან როგორც სავალდებულო საგანს ოთხ სემესტრად არა მარტო სამხრეთსლავისტიკის, არამედ ყველა დანარჩენი სლავური ფილოლოგიების სტუდენტები.
სინოლოგიის მთავარი მიმართულება:
- ჩინური ენა. ჩინეთის ისტორია, თანამედროვე პოლიტიკა და ეკონომიკა.
ტრირის უნივერსიტეტი სინოლოგიის მიმართულებით სწავლის მსურველებს სთავაზობს Bachelor-ის და Master-ის პროგრამებს სახელწოდებებით "თანამედროვე ჩინეთის კვლევები" და "ჩინეთი - კულტურა და კომუნიკაცია". სინოლოგიის შესწავლა შეიძლება მთავარ და მეორე სპეციალობად. არასინოლოგთათვის დამატებითი სერტიფიკატის მოპოვებაც შესაძლებელია . სინოლოგიის კომბინირება ტრირის უნივერსტეტში შეიძლება სხვა, ნებისმიერ ფილოლოგიასთან, ასევე პოლიტოლოგიასთან, სოციოლოგიასთან, ისტორიასთან.
Bachelor-ის პროგრამის „თანამედროვე ჩინეთის კვლევები“ ("Moderne China-Studien"), (პირველი სპეციალობის) ფარგლებში გარდა ჩინური ენისა ისწავლება და აქცენტი კეთდება შემდეგ ისტორიულ, კულტურათმცოდნეობითსა და ქვეყანათმცოდნეობით შინაარსებზე:
- თანამედროვე ჩინური ენა I-IV
- ჩინეთმცოდნეობის საფუძვლები
- შესავალი ჩინურ ენათმეცნიერებასა და ლიტერატურათმცოდნეობაში
- ჩინეთის ძველი ისტორია და სულიერების ისტორია
- ჩინეთის ახალი ისტორია
- თანამედროვე ჩინეთი
- მედია და ჩინეთი
- ინტერკულტურული კომპეტენცია
- მეორე სპეციალობის ფარგლებში შეიძლება შემდეგი მოდულების დასრულება:
- სწავლის თანმხლების ენობრივი მეცადონეობები I და II
- ჩინეთის ისტორია
- ჩინეთის თანამედროვე ლიტერატურა
- ჩინეთის სახელმწიფო. კულტურა და საზოგადოება
- თანამედროვე ჩინეთის კვლევის რჩეული ასპექტები
ტრირის სინოლოგიის მთავარი თემა და შინარსი არის „ჩინეთი კულტურა და კომუნიკაცია“ ("China - Kultur und Kommunikation") და იგი მოიცავს შემდეგ მოდულებს:
- ჩინური ენა წინწაწეულთათვის I და II
- კლასიკური ჩინური I და II
- თანამედროვე ჩინური ენათმეცნიერება
- ჩინური კულტურის ისტორიის ცენტრალური ასპექტები
- სულიერი კონფრონტაცია და საზოგადოების ცვალებადობა X და XXI საუკუნეების ჩინეთში
- კონფუციანიზმი გუშინ და დღეს. ტრირის უნივერსიტეტის სინოლოგიის ფაკულტეტტთან არსებობს აგრეთვე აქტიური სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული „კონფუცის სახელობის ინსტიტუტი“ დაარქივებული 2012-05-12 საიტზე Wayback Machine. .
- ინტერკულტურული კომუნიკაცია
სინოლოგიის საუნივერსიტეტო კურსი სრულდება 6 სემესტრში.
გარდა ამისა, ტრირის სინოლოგია ეკონომიკის (ე.წ. BWL-სა და ე.წ. VWL-ის) სტუდენტებს არჩევით მოდულებს ჩინურ ენაში. სინოლოგიის ეს მოდულები მოითხოვს დროს ოთხ სემესტრად, და შედგება ძირითადად ჩინური 1, 2, 3 და 4 კურსებისაგან, ასევე მოდულების გავლის მსურველები ვალდებული არიან გაიარონ შემდეგი საგნები „შესავალი ჩინურ ენათმეცნიერებაში“, „შესავალი ჩინურ ლიტერატურათმცოდნეობაში“, „შესავალი ჩინეთის პოლიტიკურ სისტემაში“, „ჩინური პრესა“, „ჩინურ-გერმანული და გერმანულ-ჩინური თარგმანი“ (ცალ-ცალკე). მოდულები სრულდება დიდი, დამამთავრებელი გამოცდით ჩინურ ენაში. გამოცდა პირველ ტურში კლაუზურის (წერითი) სახით ტარდება, ხოლო მეორე ტურში კი გამოიცდება სტუდენტის ზეპირი უნარ-ჩვევები (აუდირება). გამოცდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტი მიღებს (დამატებით) სერტიფიკატს "აღმოსავლეთაზიის კვლევები".
ტრირის უნივერსიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს (მათ შორის უცხოელ სტუდენტებს) პრაქტიკის გავლის აძლევს საშუალებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
იაპონოლოგიის მიმართულება:
- იაპონური ენა. იაპონიის რელიგია და კულტურა.
ტრირის უნივერსიტეტის იაპონოლოგია სწავლის მსურველს სთავაზობს მთავარ სასწავლო და საკვლევ დარგებად კულტუროლოგიასა და ლიტერატურათმცოდნეობას. სწავლებისა და კვლევის დიაპაზონი მოიცავს ისტორიულ და უახლეს თემატიკას.
გარდა ამისა, ტრირის იაპონოლოგია ეკონომიკის (ე.წ. BWL-სა და ე.წ. VWL-ის) სტუდენტებს არჩევით მოდულებს იაპონურ ენაში. იაპონოლოგიის ეს მოდულები მოითხოვს დროს ოთხ სემესტრად, და იგი შედგება იაპონური (1,2,3,4) კურსებისაგან, ასევე მოდულების გავლის მსურველები ვალდებული არიან გაიარონ შემდეგი საგნები „შესავალი იაპონურ ენათმეცნიერებაში“, „შესავალი იაპონურ ლიტერატურათმცოდნეობაში“, „შესავალი იაპონიის პოლიტიკურ სისტემაში“, „იაპონური პრესა“, „იაპონურ-გერმანული და გერმანულ-იაპონური თარგმანი“ (ცალ-ცალკე). მოდულები სრულდება დიდი, დამამთავრებელი გამოცდით იაპონურ ენაში. გამოცდა პირველ ტურში კლაუზურის (წერითი გამოცდა) სახით ტარდება, ხოლო მეორე ტურში კი გამოიცდება ზეპირი უნარ-ჩვევები (აუდირება). წარმატებით დასრულებისას სტუდენტი მიღებს დამატებით სერტიფიკატს "აღმოსავლეთ აზიის კვლევები".
ტრირის უნივერსიტეტი წარჩინებულ სტუდენტებს (მათ შორის უცხოელ სტუდენტებს) აძლევს იაპონიის პარტნიორ-უნივერსიტეტებში პრაქტიკის გავლის საშუალებას.
- დაიტო ბუნკას (Daitô Bunka) უნივერსიტეტი, ტოკიო (2006 წლიდან)
- ჰიროსაკის (Hirosaki) უნივერსიტეტი, აომორი (1999 წლიდან)
- ნარას (Nara) ქალთა უნივერსიტეტი, ნარა (2006 წლიდან)
- ოსაკა გაკუინის (Ôsaka Gakuin) უნივერსიტეტი(1995 წლიდან)
- რეიტაკუს (Reitaku) უნივერსიტეტი, ჩიბა (1994 წლიდან)
- სოფიას (Sophia) უნივერსიტეტი, ტოკიო (1997 წლიდან)
- ტოჰოკუს (Tôhoku Gakuin) უნივერსიტეტი, სენდაი (2006 წლიდან)
- ტოკიო გაკუგეის (Tôkyô Gakugei) უნივერსიტეტი (1997 წლიდან)
- ვასედას (Waseda) უნივერსიტეტი, ტოკიო (2002 წლიდან)
ლატინისტიკის მიმართულება:
- ლათინური ენა, ლიტერატურა.
ფილოლოგიის შემსწავლელი (თუ სკოლაში არ გაუვლია) ვალდებულია უნივერსიტეტში გაიაროს ლათინურის ორსემესტრიანი კურსი და ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა, რათა მოიპოვოს ე.წ. ლატინუმი.
ახალი გრეცისტიკის მიმართულება:
- ძველი ბერძნული ენა
ფილოლოგიის ნებისმიერი დოქტორანდი გერმანიაში ვალდებულია (თუ სკოლაში უკვე არ გაუვლია) გაიაროს ბერძნულის ორსემესტრიანი კურსი და ჩააბაროს სახელმწიფო გამოცდა, რათა მოიპოვოს ე.წ. გრეკუმი.
"ფახშაფტები" – სპეციალისტთა ერთობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]"ფახშაფტები", ანუ სპეციალობების მიხედვით დაყოფილი სტუდენტური თვითმმართველობები მოწოდებულია წარმოაჩინოს და დაიცვას სტუდენტთა ინტერსესები. ტრირის უნივერსიტეტში ასეთი სულ 15 "ფახშაფტი" ფუნქციონირებს:
- პედაგოგიკის სპეციალისტთა ერთობები.
- ფსიქოლოგიის სპეციალისტთა ერთობები.
- ფილოსოფიის სპეციალისტთა ერთობები.
- ლინგვას სპეციალისტთა ერთობები (გერმანისტიკა, რომანისტიკა, ანგლისტიკა, სლავისტიკა, მედიათმცოდნეობა).
- იაპონოლოგიის სპეციალისტთა ერთობები.
- სინოლოგიის სპეციალისტთა ერთობები.
- მესამე სასწავლო განყოფილების სპეციალისტთა ერთობები (ისტორია, პოლიტოლოგია, ანტიკური სამყაროს ისტორია, არქეოლოგია).
- ხელოვნების ისტორიის სპეციალისტთა ერთობები.
- ინფორმატიკის სპეციალისტთა ერთობები.
- მათემატიკის სპეციალისტთა ერთობები.
- ეკონომიკის ინფორმატიკოსთა ერთობები.
- სამეურნეო (ეკონომიკური) და სოციალური მეცნიერებების სპეციალისტთა ერთობები (საწარმოს ეკონომიკური მოძღვრებები (= BWL), სახალხო მეურნეობის მოძღვრებები (= VWL), სოციოლოგია, ეთნოლოგია).
- იურისპრუდენციის სპეციალისტთა ერთობები.
- გეოგრაფიისა და გეოლოგიის სპეციალისტთა ერთობები.
- სასკოლო პედაგოგიური სამსახურის სპეციალისტთა ერთობები.
თეოლოგიური ფაკულტეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეოლოგიური ფაკულტეტი არის ტრირის ეპარქიის სასწავლო დამოუკიდებელი დაწესებულება. მისი ხელმძღვანელი არის მაგნუს კანცელარიუსი (Magnus Cancellarius) დღესდღეობით ტრირის ეპისკოპოსი რაინჰარდ მარქსი. ფაკულტეტი თავდაპირველად უნივერსიტეტის ნაწილი იყო, რომელიც 1798 წელს უნივერიტეტთან ერთად იქნა გაუქმებული. 1950 წელს თეოლოგიური ფაკულტეტი ხელახლა დააფუძნეს. უნივერსიტეტის ახალდაფუძნების შემდეგ ეპარქიასა და რაინლანდ–პფალცის მხარეს შორის არსებობს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების მიღება მეორე იმატრიკულაციის გარეშე შეიძლება. სტუდენტებს უნივერსიტეტის ყველა აკადემიური შესაძლებლობის გამოყენების უფლება აქვთ. მაგალითისათვის მათ შეუძლიათ ბიბლიოთეკისა და გამოთვლითი ცენტრის გამოყენება. ფაკულტეტს 1992 წლიდან თავის 300 სტუდენტიანად პირველი კამპუსის E კორპუსში უდევს ბინა, ხოლო მეცადინეობა მიმდინარეობს ქალაქის ცენტრის ძველ შენობაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Emil Zenz: Die Trierer Universität 1473 - 1798. Paulinus-Verlag, Trier 1949
- Universitätsgründung Trier-Kaiserslautern. Eine Dokumentation. Meininger, Neustadt/Weinstraße 1971
- Arnd Morkel: Erinnerung an die Universität. SH-Verlag, Vierow bei Greifswald 1995. ISBN 3-89498-013-3
- Ralf Dorn (Hrsg.): Auf der grünen Wiese. Die Universität Trier: Architektur - Kunst - Landschaft. Porta-Alba-Verlag, Trier 2004. ISBN 3-933701-13-9
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტრირის უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი (გერმანული, ინგლისური და ფრანგული ენობრივი ოფციონებით)
- ტრირის უნივერსიტეტი რიცხვებში – 2007
- ↑ Statistisches Bundesamt Deutschland - GENESIS-Online
- ↑ https://www.dfn.de/verein/mv/mitglieder/
- ↑ https://www.hrk.de/mitglieder/mitgliedshochschulen/universitaeten-technische-hochschulen/
- ↑ https://www.adh.de/ueber-uns/mitgliedshochschulen.html
- ↑ https://eua.eu/about/member-directory.html
- ↑ https://idw-online.de/de/institution103
- ↑ http://www.uni-gr.eu/de/partner
- ↑ https://www.dfh-ufa.org/die-dfh/die-dfh-im-ueberblick/netzwerk
- ↑ https://www.uni-trier.de/universitaet/zentrale-einrichtungen/zentrum-fuer-lehrerbildung/suedwestverbund
- ↑ https://www.nfdi.de/verein/#mitglieder