მამაწმინდის ეკლესია
მამაწმინდის ეკლესია – ეკლესია თურქეთში, ართვინის ვილაიეთში, ისტორიულ კლარჯეთში, ქალაქ ბორჩხადან სამხრეთ–აღმოსავლეთით 10 კმ–ში, ისტორიულ სოფელ ებრიკაში (თურქ. იბრიქლი). სოფლის ერთ-ერთ უბანს, ეკლესიის გავლენით, მამაწმინდა ეწოდება.
მამაწმინდის ეკლესია მიეკუთვნება კუპელჰალეს ტიპს. გუმბათი ეყრდნობა ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებიდან გამოწეულ მართკუთხა შვერილებს. აფსიდი ეკლესიას არ გააჩნია - საკურთხეველი მართკუთხაა და გადახურულია ცილინდრული კამარით. არ არის არც დამატებითი სათავსები. გადასვლა გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე აფრების მეშვეობით ხორციელდება. გუმბათის ყელი შიგნიდანაც და გარედანაც მრგვალია, სრულიად გლუვი. მასში ოთხი სარკმელია. შენობის ქვედა კორპუსის ოთხივე კედლის ცენტრში გაჭრილია თითო სარკმელი. შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. ვრცელი კარიბჭე (შიდა ფართობით ლამის ეკლესიის ტოლი) კარის წინ მოგვიანებით უნდა იყოს მიშენებული - ის ფარავს ეკლესიის დასავლეთ სარკმელს. კედლები გარედან მოპირკეთებულია ასე თუ ისე წესიერად თლილი ფოროვანი შირიმის ქვით, შიგნით - ნატეხი ქვით. ინტერიერი მთლიანად შელესილი და მოხატული ყოფილა. დღეს ეკლესია მძიმე მდგომარეობაშია: ტაძრის სახურავზე ამოსულია ხეები, კედლები სანახევროდ სუროთია დაფარული; სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი ჩამოწოლილი მიწითაა დაფარული; ეკლესია გადათხრილია ოქროსმაძიებელთა მიერ; მხატვრობა ბევრგან ჩამოშლილია, ალაგ-ალაგ - განზრახ დაზიანებული, შემორჩენილი ფრესკები სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს.
მამაწმინდის ეკლესიის არქიტექტურული გადაწყვეტა ცხადად გვიჩვენებს არქიტექტურული შემოქმედების დაქვეითებას. პრიმიტიული გეგმა, საერთო პროპორციები, გუმბათის მაღალი, გლუვი, ცილინდრული ყელი და სამშენებლო ტექნიკის თავისებურებანი საფუძველს გვაძლევს ის XVI საუკუნით დავათარიღოთ. იმავე ხანებშია შესრულებული ეკლესიის მოხატულობაც, რომელიც სტილისტურად უკვაშირდება ე.წ. „ხალხურ ნაკადს“. მასში, ქრისტოლოგიურთან ერთად, დიდი ადგილი უკავია ძველი აღთქმის სცენებსაც.
მამაწმინდის ეკლესია თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხოშტარია დ., „კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები“, გამომცემლობა „არტანუჯი“, თბ. 2005
- კუდავა ბ., მამაწმინდის ეკლესიის საქტიტორო წარწერა (ახალი მასალა კლარჯეთის ეპიგრაფიკიდან), საქართველოს სიძველენი, 19, თბ. 2016, გვ., 144-163
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაო-კლარჯეთი დაარქივებული 2008-09-12 საიტზე Wayback Machine.