შინაარსზე გადასვლა

კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი
შვედეთის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 24 სექტემბერი, 1531
მმართ. დასასრული: 23 სექტემბერი, 1535
წინამორბედი: იზაბელა ავსტრიელი
მემკვიდრე: მარგარეტა ლეიონჰაფვუდი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 24 სექტემბერი, 1513
დაბ. ადგილი: რაცებურგი, გერმანია
გარდ. თარიღი: 23 სექტემბერი, 1535, (21 წლის)
გარდ. ადგილი: სტოკჰოლმი, შვედეთი
დაკრძ. ადგილი: უფსალის საკათედრო ტაძარი, შვედეთი
მეუღლე: გუსტავ I, შვედეთის მეფე
შვილები: ერიკ XIV, შვედეთის მეფე
დინასტია: ასკანიები
მამა: მაგნუს I, საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგი
დედა: კათარინა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

კათარინა საქსენ-ლაუენბურგელი (გერმ. Katharina von Sachsen-Lauenburg, შვედ. Katarina av Sachsen-Lauenburg; დ. 24 სექტემბერი, 1513 — გ. 23 სექტემბერი, 1535) — შვედეთის დედოფალი 1531-1535 წლებში როგორც მეფე გუსტავ I-ის პირველი მეუღლე. ვაზას დინასტიის პირველი კონსორტი და მეფე ერიკ XIV-ის დედა.

კათარინა დაიბადა 1513 წლის 24 დეკემბერს რაცებურგში, ჩრდილოეთ გერმანიაში. იგი იყო საქსენ-ლაუენბურგის ჰერცოგ მაგნუს I-ისა და მისი მეუღლის, კათარინა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის შუათანა ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ მისი უფროსი და — დოროთეა, შემდგომში დანიისა და ნორვეგიის დედოფალი გახდა. მას შემდეგ, რაც 1523 წელს შვედეთი კალმარის უნიიდან გავიდა, მისმა მეფე გუსტავ I-მა ცოლის შერთვა განიზრახა, რათა ვაზას დინასტია გაეგრძელებინა. მან თავდაპირველად თვალი კათარინას დას, დოროთეას დაადგა, რომელიც მალევე დანიაში გაათხოვეს. ამის გამო, კათარინასთან ერთად გუსტავის საცოლეებად მოიაზრებოდნენ სოფია მეკლენბურგელი, ანა პომერანიელი (რომელიც ცუდი მანერების გამო დაიწუნეს) და იადვიგა პოლონელი (რომელიც კათოლიკე იყო და რეფორმატორ მეფეზე დაქორწინებაზე უარი თქვა), რის გამოც, საბოლოო არჩევანი სწორედ კათარინაზე შეჩერდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქსენ-ლაუენბურგის საჰერცოგო ღარიბი იყო და იგი მზითევში დიდ ვერაფერს წაიღებდა, მას მაინც ჰქონდა თავისი უპირატესობები. პირველ რიგში, მათ ნათესაური კავშირი ჰქონდათ მრავალ გერმანელ მთავართან, რითაც შვედეთი დიდად იხეირებდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ კათარინას და დანიის დედოფალი იყო, რაც იმის შანსს იძლეოდა, რომ შვედეთ-დანიის არეული ურთიერთობა როგორმე დალაგდებოდა. ამის გამო, 1528 წლიდან საქორწინო მოლაპარაკებები ახალ ფაზაში შევიდა, მაგრამ ქორწილი რამდენიმე წლით გადაიდო. ამის მიზეზი შვედეთში მიმდინარე აჯანყებები იყო, რის გამოც მაგნუს I-მა გადაიფიქრა ქალიშვილის მითხოვება მეფეზე, რომლის მმართველობაც არასტაბილური იყო.

1531 წელს კათარინამ რამდენიმე ხომალდითა და სეფექალით დატოვა სამშობლო და შვედეთისკენ გაემგზავრა. შვედეთში მას თავისი მომავალი მული, პრინცესა მარგარეტა ვაზა დახვდა, რომელმაც გაარკვია ადგილობრივ წეს-ჩვეულებებში და მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინა იგი ძმას. 1531 წლის 24 სექტემბერს, კათარინას მე-18 დაბადების დღეზე, სტოკჰოლმში შედგა მათი ქორწილი, რითაც იგი შვედეთის დედოფალი გახდა.

კათარინას პიროვნებასა და დედოფლობაზე ცოტა რამაა ცნობილი, ვინაიდან იგი სრულიად აპოლიტიკური ადამიანი იყო, რის გამოც არც ძალაუფლება ჰქონია. რამდენადაც ცნობილია, სიცოცხლეში იგი ძალიან ახლოს იყო გუსტავის მეორე ცოლთან, მარგარეტა ლეიონჰაფვუდთან, რომელიც მისი შვედი სეფექალებიდან ერთ-ერთი იყო. შვედურ წყაროებში დედოფალი კათარინა აღწერილია როგორც ცივი, კაპრიზული, მელანქოლიური და უკმაყოფილო ხასიათის მქონე ქალი, რომელიც ახალ ქვეყანაში თავს უბედურად გრძნობდა და გამუდმებით შფოთავდა. 1533 წლის 13 დეკემბერს მან თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი, შვედეთის მომავალი მეფე ერიკ XIV გააჩინა, რითაც კათარინამ თავისი, როგორც დედოფლის უმთავრესი მოვალეობა შეასრულა.

1535 წლის სექტემბერში, მისი დაბადების დღისთვის შვედეთის სამეფო კარს ეწვივნენ კათარინას და, დედოფალი დოროთეა საქსენ-ლაუენბურგელი და მისი ქმარი, დანიისა და ნორვეგიის მეფე კრისტიან III. მათ პატივსაცემად გამართულ ბალზე, 1535 წლის 23 სექტემბერს, 22-ე დაბადების დღემდე სულ ერთი დღით ადრე, კრისტიანთან ცეკვის დროს ორსული კათარინა წაიქცა და მძიმედ დაშავდა. საშინელი გართულებების გამო, დედოფალი იმავე დღეს, საკუთარ საწოლში სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა.

მისი ტრაგიკული გარდაცვალებიდან სულ ერთ წელიწადში, 1536 წლის 1 ოქტომბერს გუსტავი მეორედ დაქორწინდა მარგარეტა ლეიონჰაფვუდზე, რომელიც შვედებისათვის იდეალური დედოფლის განსახიერებას წარმოადგენდა. ბევრი მკვლევარი ამტკიცებს, რომ სწორედ მასთან შედარებისას ჩამოყალიბდა ისტორიაში კათარინას აბსოლუტურად ნეგატიური პიროვნება და რომ იგი არ იყო ისეთი, როგორადაც მემატიანეები აღწერენ.

  • Wilhelmina stålberg: Anteqningar om svenska qvinnor (Notes on Swedish women) (Swedish)
  • Tegenborg Falkdalen, Karin, Margareta Regina: vid Gustav Vasas sida : [en biografi över Margareta Leijonhufvud (1516-1551)], Setterblad, Stockholm, 2016
  • Katarina, urn:sbl:12404, Svenskt biografiskt lexikon (art av Ivan Svalenius), hämtad 2016-12-26.
  • Larsson, Lars-Olof (2002). Gustav Vasa – landsfader eller tyrann?. Stockholm: Prisma. ISBN 91-518-3904-0