შინაარსზე გადასვლა

ისლამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისლამის თემები

ისლამი

რწმენები

ალაჰი · ღმერთის ერთსახოვნება
მაჰმადი · ისლამის წინასწარმეტყველები

პრაქტიკა

შაჰადა · სალათი
მარხვა · ქველმოქმედება · ჰაჯი · ქა'აბა

წერილები და კანონები

ყურანი · სუნა · ჰადისი
კანონები · გზა · წერილთა განმარტებანი · სუფიზმი

ისტორია და ლიდერები

ისტორიის ქრონოლოგია
აჰლ ალ-ბაითი · საჰაბა
სუნიზმი · შიიზმი
მართლმორწმუნე ხალიფები · იმამები

კულტურა და საზოგადოება

მოძღვრებაარქიტექტურახელოვნება
კალენდარიბავშვებიდემოგრაფია
დღესასწაულებიმეჩეთებიფილოსოფია
პოლიტიკამეცნიერებაქალები

ისლამი სხვა რელიგიებთან კონტაქტში

ქრისტიანობა · იუდაიზმი
ინდუიზმი · სიქჰიზმი · ჯაინიზმი

იხილეთ მეტი

კრიტიკა · ისლამოფობია
ისლამური ტერმინები

ისლამის პორტალი
      

ისლამი (არაბ. الإسلام; ალ–ისლამ) — მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. მისი რელიგიური სწავლება დაფუძნებულია ყურანზე, როგორც ღმერთის პირდაპირ სიტყვაზე და სუნნაზე, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მაცნის, მაჰმადის (მუჰამედი/მუჰამადი) ქცევით მაგალითზე.

ისტორიულად ისლამი VII საუკუნეში წარმოიშვა არაბეთის ნახევარკუნძულზე, ჰიჯაზის მხარეში. ისლამის სწავლების მიხედვით, ღმერთი მანამდეც აგზავნიდა სხვადასხვა ერს შორის მაცნეებსა და წინასწარმეტყველებს, მათ შორის იყვნენ ბიბლიური პერსონებიც – ნუჰი (ნოე), მუსა (მოსე), 'ისა (იესო ქრისტე) და სხვები, რომლებიც ხალხში ქადაგებდნენ ერთღმერთიანობას. ერთღმერთიანობის ადეპტად მიიჩნევა იბრაჰიმი (აბრაამი).

ისლამის მიმდევარს ეწოდება მუსლიმი (ასევე მაჰმადიანი, მუსლიმანი ან მუსულმანი). 2009 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი 1,57 მილიარდს აღწევს და მსოფლიოს მოსახლეობის 23% შეადგენენ.[1] ისინი ძირითადად განსახლებული არიან ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში. მუსლიმთა დიდი ნაწილი განეკუთვნება მის ორ ძირითად შტოს – სუნიტურსა და შიიტურს. მათ გარდა არსებობენ სხვა მცირე ჯგუფები და ჰეტეროდოქსული სექტები.

სიტყვა ისლამი წარმოდგება არაბული სამთანხმოვნიანი ფუძისგან ს–ლ–მ (არაბ. سلم), რომლის მნიშვნელობები საკმაოდ ფართოა – მისგან ნაწარმოები სხვადასხვა თემები შეიძლება ნიშნავდეს როგორც მორჩილებას, ასევე მშვიდობას, თავისუფლებასა[2] და სხვა.

ისლამური სწავლების ქვაკუთხედია მონოთეიზმი. ყურანის მიხედვით, ღმერთი არის ერთადერთი (არაბ. الواحد; ალ–ვაჰიდ)[3] და უბადლო (არაბ. الأحد; ალ–აჰად)[4]. არსებობის მიზეზი კი ღმერთის თაყვანისცემა [5] და მისთვის თანაზიარის არგაჩენაა[6].

ისლამური მრწამსი შედგება ექვსი ძირითადი პირობისგან, რომლებიცაა ღვთის, ანგელოზების, წერილების, მაცნეების, უკანასკნელი დღისა და კარგისა თუ ცუდის ბედისწერის რწმენა.
პრაქტიკაში ისლამი ვლინდება ხუთი ბურჯით, რომლებიცაა რწმენის დამოწმება, ლოცვა, მარხვა რამადანის თვეში, მოწყალება და წმინდა ადგილების მოლოცვა.

ისლამამდელი არაბეთი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისლამამდელ პერიოდს ისლამურ ლიტერატურაში ეწოდება ჯაჰილია (უმეცრება). ამ პერიოდში არაბებს შორის გავრცელებული იყო წარმართობის სხვადასხვა ფორმები – წინაპართა კულტი, ფეტიშიზმი (ხეების, კლდეებისა და ქვების თაყვანისცემა), ტოტემიზმი (ლომის, მგლის, ხარისა და ა.შ. თაყვანისცემა). არაბებს შორის ქურუმთა სასულიერო წოდება არ არსებობდა, ამგვარად რელიგიას ორგანიზებული ფორმა არ ჰქონია, თუმცა იყვნენ წმინდა ადგილების მცველები და მუცლითმეზღაპრეები, რომლებიც საკმაო გავლენით სარგებლობდნენ.

არაბეთის ნახევარკუნძულის ეკონომიკური და რელიგიური ცხოვრების ცენტრი იყო მექა, რომლის ტერიტორია ნაკრძალად ითვლებოდა, სადაც მკვლელობა და შეურაცხყოფა დაუშვებლად მიიჩნეოდა. აქ იყო ქა'აბის შავი ქვა, რომელსაც ყველა არაბული ტომი თაყვანს სცემდა. გადმოცემით, იგი ღმერთმა არაბების საერთო წინაპარს, იბრაჰიმს გამოუგზავნა, რომ მისთვის და მისი ვაჟისთვის, ისმა'ილისთვის მიეთითებინა ადგილი, სადაც უნდა აეგოთ სამლოცველო. მის გარშემო განლაგებული იყო 360 კერპი. მათ მეთაურად ითვლებოდა ომის ღმერთი ჰუბალი. 440 წლისთვის ქა'აბის მცველი ხდება ყურაიშის ტომი, რომელსაც ეკუთვნოდა თავად მუჰამმადიც ﷺ .

ამასთან აღსანიშნავია, რომ არაბეთში ასევე გავრცელებული იყო ერთღმერთიანობა – ჰანიფობა. ჰანიფები ერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს და თავს მიიჩნევდნენ იბრაჰიმის მემკვიდრეებად.

არაბეთში ასევე გავრცელებული იყო იუდაიზმი და ქრისტიანობაც. იუდეველთა ტომები გაფანტული იყვნენ მთელს ნახევარკუნძულზე, ხოლო ზუ ნუვასმა, რომელიც 517–527 წლებში აკონტროლებდა ნახევარკუნძულის სამხრეთს, სახელმწიფო რელიგიად იუდაიზმი გამოაცხადა და აქტიურ მოქმედებებს ეწეოდა ქრისტიანებისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ რეგიონში.

ქრისტიანობა ძირითადად ბიზანტიელი და ეთიოპელი ვაჭრებისა და მისიონერების საშუალებით ვრცელდებოდა, არსებობდა ეთიოპიელთა სავაჭრო უბნები არაბულ ქალაქებში. ასევე ნესტორიანელი და მონოფიზიტი მისიონერები აქტიურად ქადაგებდნენ მთელ ნახევარკუნძულზე. ქრისტიანული თემის ცენტრად ქალაქი ნაჯრანი იყო მიჩნეული, რომლის მხარეშიც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანი იყო.[7]

ისლამის პირველი დღეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად, ისლამი იწყება 610 წელს, როდესაც მექაში მუჰამმადმა ﷺ დაიწყო ქადაგება. ისლამის მიხედვით, მექის ახლომდებარე მთის, ჰირა'ას გამოქვაბულში, მას გამოეცხადა არსება, რომელმაც მას უბრძანა წაეკითხა, მაგრამ სამჯერ უარი მიიღო. ბოლოს ამ არსებამ წაუკითხა მას შემდეგი სიტყვები: იკითხე, შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა, შექმნა ადამიანი სისხლის ლეკერტისაგან, იკითხე! და შენი უფალი უკეთილშობილესია, რომელმაც ასწავლა კალამი, ასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა! მუჰამმადს ﷺ შეეშინდა, დაბრუნდა სახლში და ყველაფერი თავის ცოლს, ხადიჯას უამბო. ხადიჯამ დაამშვიდა იგი და დაჰპირდა, რომ ამ ყველაფერს თავის ბიძაშვილს, ვარაყას აცნობებდა, რომელიც ქრისტიანი იყო, სახარება და ბიბლიის ნაწილები გადმოთარგმნილი და ჩაწერილი ჰქონდა არაბულ ენაზე. ვარაყამ, როდესაც ეს ამბავი მოისმინა, მუჰამმადს ﷺ უთხრა, რომ მასთან გამოცხადებული არსება იყო ანგელოზი ჯიბრაილი, ხოლო თავად მას მძიმე დღეები მოელოდა. თავის მხრივ ვარაყამ აღუთქვა მას მხარდაჭერა, მაგრამ მალევე გარდაიცვალა სიბერის გამო.[8]

მუჰამმადი იწყებს საიდუმლოდ ქადაგებას. ისლამს იღებენ მისი ცოლი ხადიჯა, მისი ბიძაშვილი 'ალი, მისი მეგობარი აბუ ბაქრი და სხვები. 613 წელს მუჰამმადი ﷺ ღიად ქადაგებას იწყებს და მექელ წარმართთა არისტოკრატია მას დაუძინებელ მტრად ეკიდება. ისლამის მტრობით გამოირჩეოდნენ 'ამრ იბნ ჰიშამი, იგივე აბუ ჯაჰლი და მუჰამმადის ﷺ ბიძა, 'აბდულ–'უზზა იბნ 'აბდულ–მუტტალიბი, იგივე აბუ ლაჰაბი. ისინი ყველა საშუალებით ცდილობდნენ ხალხის დაშინებას, სახალხოდ დასცინოდნენ და შეურაცხყოფნენ მუსლიმებს, ემუქრებოდნენ მათ, ვისზეც ეჭვობდნენ რომ ისლამს მიიღებდა. აბუ ჯაჰლმა მოკლა სუმაია ბინთ ხაიატი, წარმართები აწამებდნენ ბილალს, სუმაიას ვაჟს 'ამმარს და სხვა მუსლიმებს, რომლებსაც გვარის მფარველობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. 613 წელსვე მუჰამმადმა მუსლიმთა ნაწილს მოუწოდა, გადასახლებულიყვნენ ეთიოპიაში. ეთიოპიის ნეგუსმა მიიღო ისინი, მაგრამ მათ მოჰყვა მექელ წარმართთა დელეგაცია, რომლებმაც მათი დაბრუნება მოითხოვეს.

616 წელს ისლამი მიიღო 'უმარმა, რომლის მოწოდებითაც მუსლიმებმა დაიწყეს ლოცვა სახალხოდ, ქა'აბასთან. 617 წელს ყურაიშის ტომის მახზუმისა და აბდ შამსის გვარების თაოსნობით, შეიკრიბა დარ ან–ნადვა, ანუ საბჭო, რომელმაც საყოველთაო ბოიკოტი გამოუცხადა მუსლიმებსა და მათ, ვინც უარს იტყოდა მათთან კავშირის შეწყვეტაზე. ამგვარად ჰაშიმის გვარის ის წარმომადგენლები, რომლებსაც ისლამი არ ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ნათესაურ კავშირს ინარჩუნებდნენ მუჰამმადთან ﷺ, ამ ბოიკოტის მსხვერპლი აღმოჩნდნენ. ბოიკოტს ჰაშიმის გვარიდან შეუერთდა მუჰამმადის ﷺ ბიძა აბუ ლაჰაბიც. ბოიკოტმა 2 წელი გასტანა და 619 წელს დასრულდა.

619 წელს გარდაიცვალნენ აბუ ტალიბი და ხადიჯა, მუჰამმადის ﷺ ორი უახლოესი ადამიანი. აბუ ტალიბის გარდაცვალებასთან ერთად მუჰამმადმა დაკარგა თავისი გვარის წინამძღოლის მხარდაჭერა და მფარველობა. იგი გაემგზავრა ტა'იფში, მაგრამ იქაურებმა უთხრეს: თუ შენ ღმერთის გამოგზავნილი ხარ, მეტად ღირსეული ხარ ჩვენთან სასაუბროდ. ხოლო თუ მატყუარა ხარ, მაშინ მეტად უღირსი ხარ ჩვენთან სასაუბროდ! და მონები წაუსიეს რომ ქალაქიდან გაეძევებინათ. ამის შემდეგ იგი ხვდება იასრიბელ (მედინა) მომლოცველებს, რომლებიც ქა'აბის მოსალოცად იყვნენ ჩამოსული მექაში. მედინელებმა მოისმინეს მუჰამმადის ﷺ სიტყვა და იგი თავის ქალაქში მიიწვიეს. მუჰამმადმა ﷺ მათთან ერთად გაგზავნა მუს'აბ იბნ 'უმაირი, რომელსაც მათთვის რელიგია უნდა ესწავლებინა.

მედინელთა შორის ისლამის გავრცელებით შეშფოთებული მექელი წარმართები შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, მექის შვიდივე გვარის წარმომადგენლები შეკრებილიყვნენ და მოეკლათ მუჰამმადი ﷺ, ამგვარად ჰაშიმის გვარი ვერ შეძლებდა ყველა გვარიდან აეღო სისხლი და იძლებული გახდებოდა, სისხლის საფასურით დაკმაყოფილებულიყო, რასაც მექელი წარმართები სიხარულით გადაიხდიდნენ. მაგრამ მუჰამმადმა ﷺ დატოვა მექა 622 წლის 17 ივნისს ღამით, როდესაც შეთქმულებს იგი უნდა მოეკლათ, და გაემართა მედინაში.

მედინაში ისლამმა სწრაფად მოიკიდა ფეხი. ქალაქის არაბულმა მოსახლეობამ ისლამი მიიღო და შემწენი (არაბ. الأنصار‎; ალ–ანსარ. მხ. რ. არაბ. نصير ნასირ) ეწოდათ, მექიდან გადმოსახლებულებს კი მუჰაჯირები (არაბ. المهاجرين‎; ალ–მუჰაჯირინ). მედინაში ასევე ცხოვრობდნენ იუდეველთა ტომები, რომლებსაც ზიმმის სტატუსი მიეცათ. მუჰამმადმა ﷺ შეადგინა მედინის კონსტიტუცია (არაბ. دستور المدينة‎; დუსთურ ალ–მადინა), სადაც დაწვრილებით აღწერა ყველა მხარის (მუჰაჯირების, ანსარისა და ზიმმიების) უფლება–მოვალეობები.[9]

მექელებმა რამდენიმე ბრძოლა გაუმართეს მუსლიმებს, მათ შორის 627 წელს გამართული თხრილის ბრძოლა მედინასთან, როდესაც მედინელ იუდეველთა ტომი, ბანუ ყურაიზა, წარმართებს მიემხრო და მათი დამარცხების შემდეგ სასტიკად იქნა დასჯილი – მამაკაცები დახოცეს, ქალები კი მონად გაყიდეს. ბანუ ნადირი და ბანუ ყაინუყა'ი, შედარებით ნაკლებად დაისაჯნენ – ისინი გადაასახლეს. საბოლოოდ 628 წელს დაიდო შეთანხმება ჰუდაიბიაში, რომელმაც ზავი დაამყარა მუსლიმებსა და წარმართებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ეს ზავი დაირღვა მათი მოკავშირე ტომების მიერ. 629 წელს მუჰამმადმა ﷺ აიღო მექა თითქმის უსისხლოდ. იგი გარდაიცვალა 632 წლის 8 ივნისს.

მუჰამმადის ﷺ გარდაცვალების შემდეგ მის მოადგილედ, ანუ ხალიფად არჩეული იქნა აბუ ბაქრი. აბუ ბაქრს პირველი შეტაკება მოუხდა რჯულგანდგომილ ტომებთან, რომლებმაც მუჰამმადის ﷺ სიკვდილის შემდეგ უარყვეს აბუ ბაქრისდამი მორჩილება, ან გაჰყვნენ ახალგამოცხადებულ წინასწარმეტყველებს – მუსაილიმას, საჯჯასა და ტულაიჰას. მუსლიმებმა მოახერხეს მათი დამარცხება და სახალიფოს კონტროლის აღდგენა თითქმის მთელ არაბეთის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ მუსლიმებმა ერთდროულად შეუტიეს ბიზანტიასა და სპარსეთს, რომელთა დაპყრობა დაასრულა 'უმარმა.

ამავე პერიოდში ისლამი პირველად შემოდის საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც შემოდის მუსლიმების არმია ჰაბიბ იბნ მასლამასა და სურაყა იბნ 'ამრის სარდლობით. ისინი დაცვის სიგელს აფორმებენ ქართლის ქრისტიან ერისმთავართან, ხოლო მოსახლეობაში ისლამის საქადაგებლად წარმოგზავნილია ჯგუფი 'აბდურ–რაჰმან იბნ ჯაზ ას–სულამის თაოსნობით.[10]

თანდათანობითი გაფართოებით სახალიფოს ხელისუფლების ქვეშ მოექცა ტერიტორიები ესპანეთიდან სინდამდე, რამდენიმეჯერე ალყაში მოექცა კონსტანტინოპოლიც. ამ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა ისლამი და მეტ–ნაკლებად არაბული კულტურაც. თუმცა შიდა დაპირისპირებებმა დაასუსტა სახალიფო. 656 წელს აჯანყებულებმა მოკლეს 'უმარის მემკვიდრე, 'უსმანი. ამავე აჯანყებულებმა მოახდინეს შინაომის პროვოცირება 'ალისა და მუ'ავიას შორის. საბოლოოდ, 661 წელს მათ ასევე მოკლეს 'ალი. ამით დასრულდა სახალიფოს პირველი პერიოდი და დაიწყო ომაიანების დინასტიის მმართველობის პერიოდი.

დინასტიური სახალიფოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ომაიანთა სახალიფომ გააგრძელა ტერიტორიული ექსპანსია, მაგრამ მალევე ისინი წააწყდნენ სოციო–ეკონომიკურ პრობლემებს – მოსახლეობაში ისლამის გავრცელებასთან ერთად ჯიზიით მიღებული შემოსავალი მცირდებოდა. ამიტომ 700 წელს გამოიცა კანონი, რომლის თანახმადაც გამუსლიმებული ადგილობრივები აგრძელებდნენ ჯიზიის გადახდას და კვლავ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად, მავალიებად რჩებოდნენ. ამან შეაფერხა ისლამის გავრცელების პროცესი დაპყრობილ ხალხებში, ასევე ნოყიერი ნიადაგი შექმნა მათ შორის სექტანტური (ძირითადად, ში'იზმის განშტოებების) სწავლებების გავრცელებისთვის.

ამ კანონს მრავალი წამყვანი მუსლიმი ღვთისმეტყველი დაუპირისპირდა, მათ შორის იმამი აბუ ჰანიფა ნუ'მან იბნ საბითი, რომელსაც მიეწერება ფრაზა: ახალგამუსლიმებული თურქი ისეთივე მუსლიმია, როგორც ჰიჯაზელი არაბი. ამ მიდგომებმა დააჩქარა ომაიანთა კრახი. აბუ მუსლიმ ალ–ხურასანიმ შეკრიბა ომაიანთა მმართველობით უკმაყოფილო სოციალური ფენები, არაარაბი მუსლიმები და წამოიწყო აჯანყება მათ წინააღმდეგ სახალიფოს აღმოსავლეთ ნაწილში, ხორასანში. 750 წელს ეს აჯანყება წარმატებით დასრულდა. ომაიანთა ხალიფა, მარვან II (მურვან ყრუ) გაქცევისას მოკლეს, ხოლო ომაიანთა გვარის გადარჩენილმა წევრმა, 'აბდუ რ–რაჰმან იბნ მუ'ავიამ იბერიის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.[11]

'აბბასიანთა მმართველობა თითქმის ხუთასი წლის მანძილზე გაგრძელდა. სწორედ მათი მმართველობის პერიოდს ემთხვევა ისლამური ოქროს ხანა, როდესაც ისლამური სამყარო სამეცნიერო მიღწევების თვალსაზრისით დაწინაურდა. სახელმწიფო აფინანსებდა უცხოენოვანი სამეცნიერო ტრაქტატების თარგმნას, ხელფასს უხდიდა და მფარველობდა სამეცნიერო მოღვაწეებს.[12] სამეცნიერო მოღვაწეობას ასევე ხელი შეუწყო ქაღალდის გავრცელებამ. 756 წელს 'აბბასიანმა ხალიფა ალ–მანსურმა ტანის დინასტიას 4000 მეომარი გაუგზავნა ან ლუშანის აჯანყების ჩახშობაში დასახმარებლად. ამის შემდეგ ჩინელებსა და სახალიფოს შორის მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა, რამაც განაპირობა ჩინური მიღწევების გავრცელება მუსლიმებს შორის, მათ შორის ქაღალდის. სახალიფოს ტერიტორიაზე ასევე დარჩა მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა ბიზანტიური, ირანული და ინდური კულტურისა. ამ უპირატესობებმა განაპირობა ისლამური ოქროს ხანის დაწყება. ამ პერიოდში მოღვაწეობდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიცაა იბნ ალ-ჰაისამი, იბნ სინა, ალ–ჯაზარი, იბნ ჰაზმი, იბნ ან–ნაფისი, ალ–ხვარაზმი და სხვები. 859 წელს ფესში გაიხსნა ალ–ყარავიინის უნივერსიტეტი. ბაღდადში არსებობდა დარ ალ–ჰიქმა, რომელსაც უდიდესი ბიბლიოთეკა ჰქონდა.[13]

'აბბასიანთა პერიოდშივე დასრულდა ისლამში რელიგიურ–სამართლებრივი სკოლების, მაზჰაბების ჩამოყალიბება. ასევე ფილოსოფიური ტრაქტატების გავრცელებამ ჩამოაყალიბა მისტიური მიმდინარეობა – სუფიზმი. სახალიფოს სათავეში 15 წლით (833-848) აღმოჩნდნენ მუ'თაზილიტური შეხედულების მქონე ხალიფები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს ინკვიზიციის მსგავსი საგამოძიებო ორგანო. თუმცა ხალიფა ალ–მუთავაქქილმა გააუქმა ეს ორგანო და მუ'თაზილიტებიც განდევნა თანამდებობებიდან.

'აბბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ გავლენებს ზღუდავდნენ ჯერ ბუიდთა დინასტია, ხოლო შემდეგ სელჩუკები, რომლებიც მათ მხოლოდ რელიგიურ ხელისუფლებას უტოვებდნენ პოლიტიკური ხელისუფლების ლეგიტიმიზაციის სანაცვლოდ. 1258 წელს მონღოლებმა აიღეს ბაღდადი, მოკლეს 'აბბასიანი ხალიფა ალ–მუსთა'სიმ ბი ლ–ლაჰი (მონღოლური ტრადიციით, სამეფო სისხლის დაქცევა უბედურების ნიშანი იყო, ამიტომ ჰულაგუმ ბრძანა ცოცხალი ხალიფა შეებოჭათ, ხალიჩაში გაეხვიათ და ცხენებით გაეთელათ, ხოლო მეორე გადმოცემით იგი თავის ხაზინაში ჩაკეტეს და შიმშილით მოკვდა[14]). მონღოლებმა ასევე გაანადგურეს ბაღდადის დარ ალ–ჰიქმა, გადმოცემის თანახმად, ტიგროსში გადაყრილი წიგნების მელანმა მასში წყალი რამდენიმე დღით გააშავა.[15]

'აბბასიანთა ბაღდადის სახალიფო განადგურდა, ხოლო ხალიფობის პრეტენდენტი, ალ–მუსთანსირ ბი ლ–ლაჰ II, მამლუქებმა შეიფარეს და გამოაცხადეს ხალიფად 1261 წელს. იგი მამლუქთა ლაშქართან ერთად გაემართა ბაღდადის დასაბრუნებლად, მაგრამ მონღოლებმა მოკლეს. მის ნაცვლად მამლუქებმა ხალიფად ალ–ჰაქიმი დანიშნეს. ამგვარად 'აბბასიანთა სახალიფომ არსებობა განაგრძო ეგვიპტის მამლუქთა პატრონაჟის ქვეშ 1517 წლამდე, როდესაც ოსმალთა სულთანმა ხალიფის ტიტული ოფიციალურად გადაიბარა.[16]

ამ პერიოდისთვის ისლამი სუფი დერვიშებისა და ვაჭრების საშუალებით გავრცელდა ისეთ ადგილებშიც, სადაც ისლამური მმართველობა არ ყოფილა, კერძოდ საჰელში, შუა აზიასა და ციმბირის თათრებში, ჩინეთში, ბენგალში, თანამედროვე ინდონეზიის ტერიტორიაზე და ა.შ. ოსმალებმა მიაღწიეს ვენას 1529 წელს, მაგრამ წმინდა ლიგის ძალებმა ისინი უკუაგდეს.

ამავე პერიოდში სეფიანთა დინასტია ირანში ახორციელებს სუნიტების გაში'იტების პოლიტიკას. სუნიტ სწავლულებს მიეცათ არჩევანი დაეტოვებინათ ირანი, მიეღოთ ში'იზმი ან სიკვდილით დაისჯებოდნენ. თავის მხრივ ოსმალებიც ატარებდნენ ში'იტთა საწინააღმდეგო პოლიტიკას. XVIII საუკუნის შუა ხანებიდან არაბეთის ნახევარკუნძულზე იბნ თაიმიასა და იბნ ყაიიმ ალ–ჯავზიიას სწავლებების მიმდევარმა ჰანბალი სწავლულმა, მუჰამმად იბნ 'აბდულ–ვაჰჰაბმა ჩამოაყალიბა სწავლება, რომლის თანახმადაც აუცილებელი იყო ისლამის ფესვებთან დაბრუნება. ეს სწავლება მსოფლიოში ვაჰაბიზმის სახელით გახდა ცნობილი.

ისლამის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოზე მცირდებოდა, რეკონკისტამ დაასრულა იბერიის ნახევარკუნძულზე ქრისტიანული სამეფოების ხელისუფლების დაბრუნება, ნორმანებმა დაიპყრეს სიცილია. ოსმალეთის იმპერია დაკნინების გზას დაადგა, რასაც მისი დამარცხება მოჰყვა პირველ მსოფლიო ომში და 1924 წელს სახალიფოს ოფიციალური გაუქმება. დიდ მოგოლთა იმპერია 1857 წელს გააუქმა ბრიტანეთმა და მის ნაცვლად ბრიტანული კოლონიური მმართველობა დაამყარა ინდოეთში. XX საუკუნის დასაწყისისთვის ისლამურ სამყაროში სულ რამდენიმე დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა, მათი უმრავლესობაც ნახევრადკოლონიურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდა ევროპულ ქვეყნებთან.

თანამედროვე პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნიდან მუსლიმები ჩნდებიან ახალ ტერიტორიებზე – მრავალი მათგანი კოლონიებიდან მეტროპოლიაში მიემგზავრება, ასევე ისინი ჩნდებიან ამერიკაშიც. კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლამ ისლამის არნახული პოლიტიზაცია გამოიწვია. ისლამის ანტიკოლონიურ იარაღად ქცევის სათავეებთან იდგნენ იმამი შამილი, ჯამალუდდინ ალ–აფღანი, ჰასან ალ–ბანნა, მუჰამმად 'აბდულლაჰ ალ–ჰასანი, მირზა 'ალი ხანი და სხვები.

ისლამის პოლიტიზაციამ გამოიწვია არამუსლიმი უმცირესობების მდგომარეობის გართულება მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებში. მუსლიმური ქვეყნები თითქმის მთლიანად დაიცალა იუდეველთა თემებისგან, რომლებიც ისრაელის სახელმწიფოსთან გაიგივდნენ, ხოლო ქრისტიანები ხშირად ხდებოდნენ ბრბოს სამართლის მსხვერპლი მას შემდეგ, რაც ამერიკამ მოახდინა ავღანეთისა და ერაყის ოკუპაცია. თავის მხრივ მუსლიმური უმცირესობები აღმოჩნდნენ მსხვერპლი კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმისა, სადაც ნახევარ მილიონამდე მუსლიმი მოკლეს. მუსლიმები ინდოეთში თემთაშორისი ძალადობის მსხვერპლი ხდებოდნენ,[17] 2012 წელს ბირმის არაქანის შტატში ბუდისტებმა დაწვეს მუსლიმთა სოფლები, 166 მუსლიმი მოკლეს.[18] მუსლიმთა უფლებები იზღუდებოდა მუსლიმური უმრავლესობის ქვეყნებშიც. ალბანეთში ენვერ ხოჯას რეჟიმმა აკრძალა ყოველგვარი რელიგიური პრაქტიკა, ხოლო მიუხედავად არჩევნებში გამარჯვებისა, არმია არ აძლევდა საშუალებას ისლამისტურ პარტიებს მიეღოთ ხელისუფლება ტუნისში, თურქეთში, ეგვიპტესა და ალჟირში. მრავალ ქვეყანაში აკრძალული იყო ჰიჯაბით სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლა. იძულებითი სეკულარიზაციის პოლიტიკას კვლავ ისლამის უკიდურესი პოლიტიზაცია მოჰყვა, იდეოლოგიურად ამას საფუძველი ჩაუყარეს საიდ ყუტბმა, რაშიდ ალ–ღანუშიმ, მარვან ალ–ჰადიდმა, 'აბდულლაჰ 'აზზამმა და სხვებმა. ამ იდეოლოგიის გავრცელებას მმართველობებმა წნეხის გაძლიერებით უპასუხეს, რასაც მოჰყვა შეიარაღებული ამბოხებები, სამოქალაქო ომები, რომლებიც მოგვიანებით გლობალურ გასამხედროებულ ორგანიზაციებსა და ტერორიზმში გადაიზარდა.

სუნნისა და მუსლიმთა ერთობის მიმდევარნი (არაბ. أهل السنة والجماعة; აჰლ ას–სუნნა ვა ლ–ჯამა'ა) დღევანდელი მუსლიმების აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ. სუნიტთა მრწამსის მიხედვით, ისლამი ეფუძნება ყურანსა და ჰადისს, ანუ გადმოცემებს მუჰამმადის ﷺ ამა თუ იმ ქმედების მიმართ დამოკიდებულების შესახებ. ამგვარი გადმოცემები ჩაწერილია კრებულებში, რომელთაგან გამოარჩევენ ექვსს – საჰიჰ ალ–ბუხარი, საჰიჰ მუსლიმი, სუნან იბნ მაჯა, სუნან ან–ნასა'ი, ჯამი' ათ–თირმიზი, სუნან აბუ დავუდ.

სუნიტები იყოფიან მაზჰაბებად, ანუ რელიგიურ–სამართლებრივ სკოლებად, რომელთა შორის განსხვავებებია . ისინი ცნობენ ერთმანეთის ლეგიტიმურობას და განსხვავებულ საკითხებს იხთილაფი ეწოდება. მაზჰაბების რიცხვი ცხრაა, რომელთაგან დღეს გამოიყენება ხუთი – ჰანაფი, მალიქი, შაფი'ი, ჰანბალი და ზაჰირი. ხოლო ოთხი მაზჰაბი – ავზა'ი, ლაისი, ჯარირი და სავრი დღეს აღარ გამოიყენება.

სალაფიტები (არაბ. السلفية; ას–სალაფიია), იგივე ვაჰაბიტები (არაბ. الوهابية; ალ–ვაჰჰაბიია), ან აჰლუ ლ–ჰადისი (არაბ. أهل الحديث; ჰადისების მიმდევრები) წარმოადგენენ სუნიტური ისლამის ულტრაკონსერვატიულ განხრას, რომელთა იდეაფიქსი არის ისლამის საწყისებთან დაბრუნება. ისინი ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ რელიგიურ სიახლეებს, ასევე ადგილობრივ 'ადათებსა და ტრადიციებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიან ისლამთან. ისინი გამოირჩევიან ისლამური ტექსტების ფილოსოფიური გააზრების უარყოფითა და მათი მნიშვნელობის პირდაპირი მიღებით.

შიიტები (არაბ. شيعة علي; ში'ათ 'ალი, ალის პარტია) სიდიდით მეორე განშტოებაა. ისინი მრავალ სექტას წარმოადგენენ, რომელთა ძირითადი შეხედულებებიც განსხვავდება. მაგალითად იემენელი ში'იტები, იგივე ზაიდიტები, ჰანაფი სუნიტებისგან მხოლოდ იმით განირჩევიან, რომ ცნობენ იმამთა მემკვიდრეობით ხელისუფლებას, ხოლო ში'იტი–იმამიტები იმამებს მიაწერენ ყოვლისმცოდნეობისა და ყოვლისშემძლეობის თვისებებს. ში'იტთა შორის სამი ძირითადი შტო გამოიყოფა – იმამიტები, ზაიდიტები და ისმა'ილიტები.

სუფიზმი (არაბ. التصوف; ათ–თასავვუფ) მისტიკური მიმდინარეობაა ისლამში. მისი მიმდევრები გაწევრიანებული არიან ორდენებში, ანუ ტარიყათებში, რომლებსაც საკუთარი წესდება აქვთ. სუფიები სუნიტური ისლამის რომელიმე მაზჰაბს აკუთვნებენ თავს, მაგრამ ისლამის საფუძვლად მიიჩნევენ საიდუმლო ცოდნას, რომელიც გააჩნია უსტაზს (შეიხს, მურშიდს), რომელიც უმრავლესობისთვის უცნობია. ამიტომ მთავარია სწორედ უსტაზის მითითებებისადმი უსიტყვო მორჩილება და არა ისლამური ტექსტებით ხელმძღვანელობა.

ხარიჯიტები (არაბ. خوارج; ხავაარიჯ, განდგომილნი) არიან მუსლიმები, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ ხალიფების მმართველობითა და განუდგნენ მათ. მათი პირველი ჯგუფი 'უსმანის მკვლელობის დროს ჩამოყალიბდა, ხოლო მოგვიანებით 4000 მათგანი გამოეყო 'ალის არმიას, როდესაც იგი მუ'ავიასთან მოლაპარაკებაზე წავიდა. ხარიჯიტები გამოირჩეოდნენ თავისი ექსტრემისტული შეხედულებებით, ცოდვილ მუსლიმებსა და ასევე მათ, ვინც მათ აზრებს არ იზიარებდა, ურწმუნოებად მიიჩნევდნენ და ხოცავდნენ. მათგან მხოლოდ ერთმა ზომიერმა შტომ, იბადიტებმა (არაბ. الاباضية; ალ–იბადია) მოაღწიეს ჩვენს დრომდე, რომლებიც ძირითადად ომანში სახლობენ. არის მათი მცირე თემები ალჟირში, ტანზანიასა და ლიბიაში.

აჰმადია (არაბ. الأحمدية; ალ–აჰმადიია. ან ინგლ. القاديانية; ალ–ყადიანიია) არის მირზა ღულამ აჰმადის მიმდევართა ჯგუფი. ამ ჯგუფის სწავლებით, მირზა ღულამ აჰმადი არის მესია და მაჰდი. ეს ჯგუფი მუსლიმთა უმრავლესობის მიერ მკრეხელებად განიხილება და ხშირად სასტიკადაც უსწორდებიან მის მიმდევრებს.

იხილეთ ვრცლად აჰმადია

ყურანისტები (არაბ. قرآنيون; ყურ'ანიუნ) არიან მუსლიმები, რომლებიც უარყოფენ ჰადისებსა და სუნნას. ისინი ისლამის ლიბერალური, მოდერნისტული ინტერპრეტაციის მომხრეები არიან. ყურანისტებიც მუსლიმთა უმრავლესობას მკრეხელებად მიაჩნია.

ისლამის ერი (ინგლ. Nation of Islam) აფროამერიკული სინკრეტული სწავლებაა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარეს უოლეს ფარდ მუჰამმადმა და ელაიჯა მუჰამმადმა. ამ სექტის სწავლებით, სამყარო შექმნეს შავკანიანმა მეცნიერებმა, რომლებმაც ასევე ჩამოავლინეს ბიბლია და ყურანი. თეთრი ადამიანი წარუმატებელი ექსპერიმენტის შედეგი იყო. ისლამის ერის სექტას ეკუთვნოდა მალკოლმ იქსიც, რომელმაც 1964 წელს უარყო იგი და ამის მიზეზად იგი ყოფილმა თანამორწმუნეებმა მოკლეს. 1975 წელს ელაიჯა მუჰამმადის სიკვდილის შემდეგ, ორგანიზაციის ლიდერობა ერთ–ერთმა ვაჟმა, ვარის დინ მუჰამმადმა გადაიბარა. მან შეცვალა ორგანიზაციის სწავლება სუნიტური ისლამის თანახმად. 1981 წელს ლუის ფარახანმა აღადგინა ორგანიზაცია ამ სახელწოდებითა და ძველი სწავლებით, რომელსაც მიემხრნენ ისლამის ერის აღმსარებელთა ნაწილი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიური წყაროები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.pewforum.org/2009/10/07/mapping-the-global-muslim-population/
  2. Баранов Х. К. Арабско-русский словарь. 7-е изд. М.: Русский язык, 2001, ISBN 5-200-00699-6, с. 370.
  3. ბრძენი ყურანი, სურა არ–რა'დ, XIII, აია 16.
  4. ბრძენი ყურანი, სურა ალ–იხლას, CXII, აია 1.
  5. ბრძენი ყურანი, სურა აზ–ზარიათ, LI, აია 56.
  6. ბრძენი ყურანი, სურა ან–ნისა, IV, აია 48.
  7. Браницкий А. Г., Корнилов А. А. Религии региона. с. 64. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-28. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  8. صحيح البخاري، كتاب بدء الوحي، باب كيف بدء الوحي إلى رسول الله صلى الله عليه و سلم، ٣.
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-15. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-25. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  11. http://historyofislam.com/contents/the-age-of-faith/the-abbasid-revolution/
  12. http://www.bbc.co.uk/programmes/b01k2bv8
  13. http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=1905
  14. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-23. ციტირების თარიღი: 2014-11-10.
  15. http://www.historyofinformation.com/expanded.php?id=294
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-11. ციტირების თარიღი: 2008-06-11.
  17. http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,428133,00.html
  18. http://news.xinhuanet.com/english/world/2012-08/22/c_131800457.htm