გაბრიელ მთავარანგელოზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.
გაბრიელ მთავარანგელოზის ხატი (XII საუკუნე, ქ. ნოვგოროდი)

გაბრიელი (ებრ. גַּבְרִיאֵל, გავრიელ; ლათ. Gabrielus, არაბ. جبريل‎‎ ღაბრილ, ჯიბრილ) — მაღალი რანგის ანგელოზი სხვადასხვა რელიგიაში. იგი ღმერთის მაცნედ ევლინება ადამიანებს. გაბრიელი პირველად დანიელის წიგნშია ნახსენები ძველ აღთქმაში. მისი სახელი, შესაძლებელია, ნიშნავდეს „ღვთის კაცს“ ან „ღვთის გმირს“. ანგელოზ გაბრიელს ზოგჯერ „ღვთის მარცხენა ხელს“ უწოდებენ.

იუდაიზმში გაბრიელი მთავარანგელოზია, რომელიც ღმერთის მაცნეა. ზოგჯერ მას სიკვდილის ანგელოზადაც მიიჩნევენ, ცეცხლისა და მეხის უფლად. უმეტესად ის ღმერთის მთავარი მაცნეა და, ტრადიციულად, ერთადერთი ანგელოზია, რომელსაც სირიულად და ქალდეურად შეუძლია ლაპარაკი. გაბრიელს ხშირად შეცდომით აიგივებენ მიქაელთან, რომელიც ხმლით ხელში დარაჯობს ედემის ბაღს (მოგვიანებით კი — სამოთხეს) და იცავს ადამის, ევასა და მათი შთამომავლებისგან.

ისლამში გაბრიელი ითვლება ოთხი მთავარანგელოზიდან უფროსად. მას სიმართლის გამცხადებელს უწოდებენ.

გაბრიელი ასევე ნახსენებია ბაჰაიზმში, კერძოდ, ბაჰაულას მეტაფიზიკურ ნაშრომებში „შვიდი ხეობა“ და „ოთხი ხეობა“.