წინასწარმეტყველები ისლამში
|
წინასწარმეტყველები (არაბ. النبيون ან-ნაბიიუნ ან არაბ. الأنبياء ალ-ანბია' , სიტყვასიტყვით მაცნეები, ასევე შუამავლები, ფეიღამბრები) არიან ადამიანები, რომლებსაც ისლამური მოძღვრების მიხედვით, მიეცათ სწავლება ღვთაებრივი ზეშთაგონებით და დაევალათ ამ სწავლების გავრცელება. ბრძენ ყურანსა და სუნნაში მოხსენიებულია ზოგიერთი მათგანი, თუმცა მათი საერთო რაოდენობა ბევრად მეტია. არის გადმოცემები რომ მათი რიცხვი 124 000 იყო, თუმცა ეს გადმოცემები არასანდოა.[1]
მაცნეების დასები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისლამური სწავლებით, მაცნეები რამდენიმე დასისაგან შედგებიან. პირველი, ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე დასი არიან სიმტკიცის მფლობელნი (არაბ. أولو العزم უვლუ ლ-'აზმ) — ნუჰი, იბრაჰიმი, მუსა, 'ისა და მუჰამმადი ﷺ. [2] შემდეგი ჯგუფი არიან შუამავლები (არაბ. رسل, რუსულ). ესენი არიან ის ადამიანები, რომლებსაც დაევალათ ექადაგათ ღვთიური კანონი ისეთ ხალხში, რომლებსაც ის მანამდე არ ჰქონდათ ნაქადაგები, ანდაც მიეცათ ღვთიური კანონის ახალი ფორმა მათივე ხალხისთვის. რაც შეეხება დანარჩენ მაცნეებს, მათ დაევალათ ერთღმერთიანობისკენ მოეწოდებინათ თავიანთი ხალხებისათვის, ასევე აღმოეფხვრათ ის გადაცდომები და უმართებულო წესები, რაც ადამიანებს შორის დამკვიდრდა მათი წინა შუამავლის ქადაგების შემდგომ.
მაცნეთა სახელები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძენ ყურანსა და სუნნაში ზოგიერთი მაცნის სახელია მოხსენებული. პირველი მაცნე იყო ადამი, რომელიც იყო ასევე პირველი ადამიანი. მას შემდგომ კი კაცობრიობას მრავალი მაცნე მოევლინა. ტრადიციული ისლამური ქრონოლოგიით შემდეგ მაცნედ ითვლება იდრისი, მას ბევრი აიგივებს ბიბლიურ ენოქთან, რადგან ისიც ზეცად ამაღლდა, თუმცა სხვა მითითება ამ ორი პიროვნების იგივეობაზე არ გვაქვს.
- ნუჰი (იგივდება ბიბლიურ ნოესთან) — ნუჰი შუამდინარეთის ტერიტორიაზე ქადაგებდა, თუმცა ადამიანთა დიდმა ნაწილმა ის უარყო, რასაც წარღვნა მოჰყვა, ნუჰმა ააგო ხომალდი და გადარჩა სხვა მორწმუნეებთან ერთად, საერთო ჯამში მან იცოცხლა 950 წელი[3]
- ჰუდი —- ის 'ადის ტომში ქადაგებდა, თუმცა 'ადიანების დიდმა ნაწილმაც უარყო, რის გამოც განადგურდნენ.[4]
- სალიჰი — ქადაგებდა სამუდის ტომში, არაბეთის ნახევარკუნძულის.ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. სამუდიანები კლდეში კვეთდნენ თავის ქალაქებს[5] და ამიტომაც მათი ქალაქები მიუვალი იყო, რის გამოც ისინი ამპარტავნებაში ჩავარდნენ, უარყვეს სალიჰი და დაკლეს ფაშატი აქლემი[6], ამიტომაც მათ საშინელმა მეხმა მოუღო ბოლო.[7]
- იბრაჰიმი (იგივდება ბიბლიურ აბრაამთან) —- დაიბადა შუამდინარეთში. ახალგაზრდობაშივე ეწინააღმდეგებოდა თვისტომების მრავალღმერთიანობას - ჯერ გაანადგურა მათი კერპები[8], შემდეგ უარყო ციური სხეულების თაყვანისცემა [9] და გადასახლდა შუამდინარეთიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში თავის მეუღლე სარასა და ძმისშვილ ლუტთან ერთად[10], სადაც მას ასევე ბევრი გამოცდა ელოდა. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა შვილი[11], შემდეგ კი მეორე ცოლთან, ეგვიპტის ფარაონის მიერ ნაჩუქარ მხევალ ჰაჯართან ეყოლა ვაჟი ისმა'ილი, რომლის მსხვერპლად შეწირვაც ებრძანა (ბიბლიური ცნობით, მეორე ვაჟი ისაკი უნდა შეწირულიყო, თუმცა ისლამური ტრადიცია დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ სამსხვერპლოდ ისმა'ილი იქნა გამორჩეული[12] და ამის მტკიცებულებად მოჰყავს ის, რომ პირმშო ძის შეწირვა ებრძანა ბიბლიურ აბრაამსაც[13]), რომელიც ბოლო მომენტში შეიცვალა სამხვერპლო ცხოველით. ამის შემდეგ იბრაჰიმს სარასგანაც ეყოლა ვაჟი ისჰაყი (იგივდება ბიბლიურ ისაკთან), ხოლო ჰაჯარი და ისმა'ილი გაუშვა საცხოვრებლად ჰიჯაზში, სადაც ისინი დასახლდნენ. იბრაჰიმმა და ისმა'ილმა ააგეს ქა'აბის ტაძარი.
- ლუტი (იგივდება ბიბლიურ ლოტთან) ' — იბრაჰიმის ძმის შვილი, რომელმაც ირწმუნა მისი და თან გაჰყვა მას, როდესაც ის შუამდინარეთიდან გადასახლდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. დასახლდა ღაურ-ზუღარის მხარეში, სადაც ოთხი სოფელი იყო, თუმცა მოსახლეობა სარწმუნოებითა და მაღალი ზნეობით არ გამოირჩეოდა,[14] ასევე ამ სოფლის მცხოვრებლებში ნორმად იყო მიჩნეული მამათმავლობა.[15] მათ უარყვეს ლუტის შეგონებანი, ამიტომ ისინი ჯერ ცეცხლოვანი წვიმით განადგურდნენ, მათ ნასახლარს კი მიწისძვრა დაატყდა და პირქვე ამოაბრუნა,[16] შემდეგ კი იმ ადგილას, სადაც ეს სოფლები იყო, წარმოიშვა მარილიანი ტბა. ასევე დაიღუპა ლუტის ცოლიც, რომელიც ადგილობრივი იყო და თავის ხალხთან დარჩენა არჩია.[17]
- ისმა'ილი (იგივდება ბიბლიურ ისმაელთან) — იბრაჰიმისა და ჰაჯარის ვაჟი. ისლამური ტრადიციით ის იყო გამორჩეული მსხვერპლად შესაწირად, თუმცა ბოლო მომენტში სამსხვერპლო ცხოველი შეწირეს. შემდეგ, როცა ისმა'ილის ნახევარძმა ისჰაყი დაიბადა, ისმა'ილი და დედამისი ჰიჯაზში გადასახლდნენ. ჰაჯარმა იპოვა ზამზამის წყარო, რომელთანაც დაიდო ბინა. შემდეგ კი ისმა'ილი ჯურჰუმის ტომელ ქალზე დაქორწინდა. შემდგომში ის ეხმარებოდა მამამისს იბრაჰიმს ქა'აბის ტაძრის მშენებლობაში. ასევე ის ითვლება მუსთა'რიბა (არაბ. المستعربة გაარაბებული) არაბების წინაპრად.
- ისჰაყი (იგივდება ბიბლიურ ისაკთან) — იბრაჰიმისა და სარას ვაჟი. მისი დაბადება უკვე ხანდაზმულ მშობლებს ანგელოზებმა ახარეს.[18]. ის ასევე ითვლება ებრაელთა წინაპრად.
- ია'ყუბი (იგივდება ბიბლიურ იაკობთან) — ისჰაყის ვაჟი. მისი დაბადება ბაბუამის იბრაჰიმსა და ბებიამის სარას ეხარა.[19]. მას ჰყავდა ორი ცოლი და თორმეტი ვაჟი. მას ეწოდება ისრაილიც და ითვლება ებრაელთა ეპონიმად. ცნობილია მისი ანდერძი, როდესაც მან სიკვდილის წინ დაიბარა ვაჟები და უანდერძა, ერთღმერთიანობისაგან არ გადაეხვიათ.[20]
- იუსუფი (იგივდება ბიბლიურ იოსებთან) — ია'ყუბის ვაჟი. ია'ყუბს პირველი ცოლისგან ჰყავდა ათი ვაჟი, ხოლო მეორისაგან ორი - იუსუფი და ბინიამინი, რომლებიც ძალიან უყვარდა. ამიტომ უფროსი ძმები ეჭვიანობდნენ მათზე განსაკუთრებით კი იუსუფზე.[21] მათ მოიფიქრეს ხრიკი და იუსუფი მონად მიჰყიდეს ეგვიპტურ ქარავანს, თავად კი მამას ტირილით მიუტანეს იუსუფის სისხლიანი პერანგი, თითქოს იუსუფი მგელმა დაგლიჯა.[22] იუსუფს დიდი გამოცდები შეხვდა ეგვიპტეში, რომლებიც ღირსეულად გაიარა, მაგრამ მაინც ციხეში აღმოჩნდა. მან ამცნო ეგვიპტელებს რომ შვიდი წელი მოუსავლიანობა იქნებოდა, რის გამოც იგი მეფემ დაიახლოვა და ხაზინები ჩააბარა.[23] შიმშილობისას მას თავისმა ძმებმაც მიაკითხეს და საბოლოოდ მან მთელი ოჯახი ეგვიპტეში გადაიყვანა. ასევე ცნობილია იუსუფის სიკვდილისწინა ვედრება.[24]
- შუ'აიბი — შუ'აიბი ცხოვრობდა და ქადაგებდა მადიანის მხარეში (ბიბლიური მადიამი). რადგან მუსა ეგვიპტიდან მადიამის მხარეს გაიქცა ეგვიპტელის მოკვლის შემდეგ, ხოლო იქ ადგილობრივი უხუცესის ქალიშვილი შეირთო, ამიტომაც ზოგიერთი მას აიგივებს ბიბლიური მოსეს სიმამრთან, რომელიც ბიბლიაში სხვადასხვა სახელით მოიხსენიება — რაგოელ,[25] იოთორ,[26] ან იობაბ.[27]. არც ისაა გამორიცხული რომ მუსას რამდენიმე ცოლი და შესაბამისად რამდენიმე სიმამრი ჰყავდა, თუმცა რაიმე უფრო მკაფიო მითითება ამ პიროვნებების იგივეობაზე არ არსებობს. მადიანელთა დიდმა ნაწილმაც უარყო შუ'აიბი, მას აყვედრიდნენ უსინათლობას და ემუქრებოდნენ, რომ არა შენი გვარიშვილობა, აქვე მოგკლავდითო.[28] ამიტომ ისინი ძლიერი მიწისძვრით განადგურდნენ.[29]
- აიუბი (იგივდება ბიბლიურ იობთან) — იგი დიდი ოჯახისა და ქონების პატრონი იყო, რის შემდეგაც ღმერთმა გამოსცადა დანაკარგებით, თუმცა აიუბს ღვთისგმობა არ დასცდენია და სულ ვედრებაში იყო, ამიტომ მას დანაკარგები ორმაგად აუნაზღაურდა.[30]
- მუსა (იგივდება ბიბლიურ მოსესთან) — მუსას მთელი ცხოვრება სასწაულებითა და ღვთის მფარველობითაა სავსე. მუსას მიეცა თავრათი.[31] მუსას დაბადებამდე ფარაონს მკითხავმა უთხრა, რომ ისრაელის ტომიდან გამოსული კაცი მისი საბედისწერო აღსასრულის მიზეზი გახდებოდა, ამიტომ ფარაონი ახოცვინებდა ისრაელის ტომის ახალდაბადებულ ვაჟებს. შემდეგ კი დიდებულებმა ურჩიეს, ასე მონები აღარ გვეყოლება, ჯობს ერთ წელს დავხოცოთ ახალშობილი ბიჭები, მეორე წელს კი დავტოვოთო. მუსას ძმა ჰარუნი იმ წელს დაიბადა, რომელსაც ახალშობილებს არ ხოცავდნენ. როცა მუსა დაიბადა, ღმერთმა შთააგონა დედამისი, რომ მოემზადებინა კალათი და მდინარეში ჩაეშვა იგი.[32] მდინარეში ჩაშვებული კალათი იპოვა 'ასიამ, ფარაონის მეუღლემ, მას შეეცოდა ბავშვი და სასახლეში შეიფარა, თუმცა ფარაონს არ მოეწონა ეს ამბავი.[33] ჩვილი მუსა უარს ამბობდა ძიძებზე, სანამ დედას არ დაუბრუნეს.[34] დედამ მას საიდუმლოდ ასწავლა თავისი ნამდვილი ვინაობა და ასევე ერთღმერთიანობის საფუძვლები. მუსა ფარაონის სასახლეში ცხოვრობდა, ვიდრე ქუჩაში არ წააწყდა ებრაელისა და ეგვიპტელის ჩხუბს. იგი ჩხუბში ჩაერია თვისტომი ებრაელის დასახმარებლად და ეგვიპტელი შემოაკვდა,[35] ამის შემდეგ მას მოუწია ეგვიპტის დატოვება და მადიანის მხარეში გადახვეწა. იქ ის მწყემსად დაუდგა ადგილობრივ უხუცესს, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ თავისი ქალიშვილი მიათხოვა მას. მუსამ გადაწყვიტა უკან დაბრუნებულიყო. გზად მან ტუვას ხეობაში იხილა ღვთაებრივი სინათლე, სადაც მას ებრძანა წასულიყო და ექადაგა ფარაონისთვის[36] , საიდანაც იწყება მუსას მისია, სადაც იგი ჯერ ჯადოქრებს ამარცხებს,[37] შემდეგ ფარაონის სიჯიუტის გამო მის ქვეყანას უბედურება ატყდება თავს,[38] ბოლოს კი ებრაელებთან ერთად მუსა გადის ეგვიპტიდან და ფარაონს ზღვა შთანთქავს,[39] თუმცა ებრაელები მაინც აყვედრიან მუსას, იხსენებენ ეგვიპტის მაძღარ ცხოვრებას,[40] სამირის შეგონებით ოქროსგან ასხამენ ხბოს ღრუ ქანდაკებას,[41] ბოლოს კი პირდაპირ თხოვენ მუსას - ჩვენც გვინდა ისეთი კერპები, წარმართებს რომ აქვთო.[42] ბოლოს კი მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა წმინდა მიწაზე შესულიყო - იქ დიდძალი ხალხი ცხოვრობს და გაგვჟლეტენო.[43] საინტერესოა ასევე მუსასა და ხიდრის შეხვედრა, როდესაც აღმოჩნდა, რომ თუმცა მუსას დიდი ცოდნა ებოძა ღმერთისაგან, იყვნენ სხვა მაცნეებიც, რომლებსაც მეტი ცოდნა ჰქონდათ[44] და მუსასა და ყარუნის ამბავი, რომელიც ამქვეყნიური სიკეთეებით ამპარტავნებდა და მუსას თავს აჭარბებდა.[45]
- ჰარუნი (იგივდება ბიბლიურ აარონთან) — მუსას ძმა. ის იმ წელს დაიბადა, როდესაც ახალშობილ ებრაელებს არ ხოცავდენენ, ამიტომ თავის ოჯახში გაიზარდა. მუსა ენას უკიდებდა, ამიტომ როდესაც მას მისია ებოძა, სახალხო ქადაგებები და მჭევრმეტყველება ჰარუნის საქმე იყო.
- დაუდი ან დავუდი (იგივდება ბიბლიურ დავითთან) — ებრაელთა წინამძღოლი და შემდეგ მეფე. მან დაამარცხა ჯალუთი (ბიბლიური გოლიათი),[46] დაუდს მიეცა წიგნი ზაბური.[47] ასევე დაუდმა, ღმერთის შეწევნით, ისწავლა და ქსოვდა ჯაჭვის პერანგებს, თუმცა მისის გარდაცვალების შემდეგ ჯაჭვის პერანგებს ვეღარ ქსოვდნენ შუა საუკუნეებამდე,[48] ასევე რელიგიური გადმოცემებში შექებულია დაუდისეული ნებაყოფლობითი ღვთისმსახურების მეთოდები - ღამის ლოცვა და დღეგამოშვებით მარხვა - [49]
- სულაიმანი (იგივდება ბიბლიურ სოლომონთან) — დაუდის ვაჟი და მემკვიდრე. ახალგაზრდობაშივე მან სიბრძნით გადააჭარბა მამამის დაუდს.[50] მასვე ებოძა მეუფება არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ ცხოველებზე, ფრინველებზე, ჯინებსა და ქარზეც, ხოლო მდნარი სპილენძი წყაროსავით ამოედინებოდა მისთვის.[51] ყურანი დაბეჯითებით უარყოფს ბიბლიურ[52] და თალმუდისეულ ცნობებს, თითქოს სულაიმანი ცოლების გავლენით კერპებს სცემდა თაყვანს, ან ჯადოქრობას იყენებდა ჯინების დასამორჩილებლად.[53]
- ილიასი (იგივდება ბიბლიურ ელიასთან) — ილიასი მოუწოდებდა თავის ხალხს მიეტოვებინათ კერპ ბა'ლის (ბიბლიური ბაალი. მთელ რიგ სემიტურ ენებში ბა'ლ ნიშნავს პატრონს, ქმარს, მფარველს და ა.შ.) თაყვანისცემა და ერთღმერთიანობას დაბრუნებოდნენ.[54] ხალხურ ლეგენდებში იგი ხშირად მოიხსენიება ალ-ხიდრთან ერთად, თითქოს ისინი მარადიული ახალგაზრდები არიან, მოგზაურობენ ქვეყნად, ესწრებიან ჰაჯჯს და ა.შ. მთელ რიგ ხალხებში, რომლებიც წინათ ქრისტიანები იყვნენ, შემდეგ კი მიიღეს ისლამი ან ცხოვრობენ ისეთ ადგილებში, სადაც წინათ ქრისტიანობა იყო გავრცელებული (შუა აღმოსავლეთი, მცირე აზია, ყირიმი, ბალკანეთი და სხვ.), ყოველი წლის 5-6 მაისს აღინიშნება ალ-ხიდრისა და ილიასის დღეობა[55].
- ალ-იასა'ი (იგივდება ბიბლიურ ელისესთან) — ალ-იასა'ი ორჯერაა ყურანში ნახსენები.[56] სახელის მსგავსების გამო ბევრი მუსლიმი თეოლოგი და ისტორიკოსი მას ბიბლიურ ელისესთან აიგივებს.
- ზულ-ქიფლი — ეს მაცნეც ორჯერ იხსენიება ყურანში.[57] მას როგორც წესი იეზეკიელთან აიგივებენ ხოლმე სახელის ჟღერადობის მსგავსების გამო, თუმცა ამასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული უფრო მყარი მტკიცება არა გვაქვს.
- იუნუსი (იგივდება ბიბლიურ იონასთან) — იგი მოხსენიებულია ისლამურ წყაროებში როგორც იუნუს იბნ მათთა და ასევე როგორც ზუ ნ-ნუნი (ვეშაპთან მყოფი).[58] მას ებრძანა ექადაგა ერთღმერთიანობა ნინევიის (თანამედროვე ჩრდილოეთ ერაყი) მოსახლეობისთვის, თუმცა იგი მალევე გაბრაზდა თავის ხალხზე, რომლებიც უარყოფდნენ მას და გემით შეეცადა სხვა ქვეყანაში წასვლას, თუმცა ეს ვერ შესძლო, რადგან გემმა ცურვა ვერ გააგრძელა. იუნუსი მიხვდა რაშიც იყო საქმე და გემიდან თავად გადახტა, სადაც ის ვეშაპმა ჩაყლაპა. ის ვეშაპში მჯდომიც აგრძელებდა ღმერთის ხსენებას და ნანობდა თავის საქციელს, რის გამოც სამი დღის შემდეგ ვეშაპმა ის უდაბურ ნაპირზე ამოანთხია. ღმერთმა მას მოუვლინა დიდფოთლებიანი გოგრა საკვებად და საჩრდილობლად.[59] იუნუსის წასვლის შემდეგ ცა გაშავდა და ჩამობნელდა, რის გამოც ხალხი შეშფოთდა, გამოიკვლიეს მიზეზი და გაიგეს, რომ იუნუსმა დატოვა ისინი, ხალხი შეშფოთდა, ერთად შეიკრიბა მოინანია და ღმერთს შესთხოვა პატიება. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც მთელმა იმ ხალხმა, რომლებსაც მაცნე გაეგზავნათ, ირწმუნეს და სწორ გზას დაადგნენ.[60]
- ზაქარია (იგივდება ბიბლიურ ზაქარიასთან) — ზაქარია იყო ღვთისმსახური და მსახურობდა სალოცავში. მას დიდი ხნის განმავლობაში არ ეძლეოდა შვილი და ევედრებოდა ღმერთს მემკვიდრისთვის, რის შემდეგაც უკვე ხანდაზმულს ღმერთმა აჩუქა იაჰია.[61] ასევე ზაქარია იყო მეურვე მარიამისა, როცა იგი ტაძრად ცხოვრობდა[62] გადმოცემის თანახმად, იაჰიას მკვლელობის შემდეგ მის მოსაკლავადაც გაიგზავნა რაზმი, რომლებსაც ზაქარია ხის ფუღუროში დაემალა, თუმცა მომხდურებმა ხე დაწვეს (მეორე ვერსიით - გახერხეს) და ზაქარიაც მოკლეს.
- იაჰია (იგივდება ბიბლიურ იოანე ნათლისმცემელთან) — ზაქარიას ვაჟი და 'ისას დეიდაშვილი (ან დედის ბიძაშვილი).[63] იაჰია სასწაულებრივად შეეძინათ ზაქარიას და მის მეუღლეს, და ეს სახელიც მანამ არავის დარქმევია. იაჰია ხშირად მიდიოდა და ქადაგებდა იუდეველთა შორის, მოუწოდებდა მათ წესიერებას და უკრძალავდა უწესოს.[64] რის გამოც ის ადგილობრივმა მეფემ მოაკვლევინა.
- 'ისა(იგივდება ბიბლიურ იესო ქრისტესთან) — 'ისა ბოლოსწინა მაცნეა ღმერთის მიერ მოვლენილი. იგი მარიამს სასწაულებრივად ჩაესახა, რის გამოც მას იუდევლებმა დაწვა დაუპირეს, რადგან მარიამი ღვთისმსახურთა ოჯახიდან იყო.[65] თუმცა ჩვილმა 'ისამ დაილაპარაკა და იუდევლები შიშით უკუიქცნენ.[66] მას შემდეგ 'ისა ქადაგებდა იუდეველთა შორის და მისი ქადაგებები მრავალი სასწაულით იყო განმტკიცებული.[67] იუდეველებმა მაინც უარყვეს ის და რომაელებთან დაასმინეს, თითქოს ამბოხს გეგმავდა. გადმოცემის თანახმად, რომაელებმა ალყა შემოარტყეს სახლს, სადაც 'ისა თავის მოწაფეებთან (არაბ. الحواريون; ალ-ჰავარიუნ, თეთრსამოსიანნი) ერთად იმყოფებოდა. მაშინ 'ისამ თქვა - ვინაა ის, ვინც ჩემს მაგივრად გავა რომაელებთან და ჩემთან ერთად იქნება ზესთასოფელში? წამოდგა ყველაზე ახალგაზრდა მოწაფე. 'ისამ ის კვლავ დასვა და კითხვა გაიმეორა. ისევ იგივე მოწაფე ადგა და ასე განმეორდა სამჯერ. მაშინ ისა ზეცად ამაღლდა, რომაელებმა კი ეს მოწაფე შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს ჯვარცმით. არის სხვა გადმოცემებიც, თითქოს ჯვარს აცვეს გამცემი და ა.შ. თუმცა პირველი ვერსია ყველაზე სარწმუნოა ისლამური კრიტერიუმებით.[68] 'ისა დაბრუნდება უკანასკნელ ჟამამდე, როდესაც ის დამასკოს ლუდდის კარიბჭესთან მოჰკლავს ცრუ მესიას.[69] 'ისას ებოძა წიგნი ინჯილი.[70] 'ისას ასევე აქვს ცხებულის (არაბ. المسيح ალ-მასიჰ) წოდება.[71] თუმცა ისლამური სწავლება მკვეთრად ეწინააღმდეგება ყოველგვარ მითითებას 'ისას ღვთაებრიობაზე და უთითებს, რომ მოუხედავად იმ დიდი სასწაულებისა, რასაც 'ისა ახდენდა, ყველაფერი ხდებოდა ღმერთის ნებით და არა 'ისას პირადი ძალით.[72]
- მუჰამმადი ﷺ — მაცნეთა ბეჭედია, რომელმაც გადმოსცა ღმერთის მარადიული სიტყვა სამყაროებს (ჯინთა და ადამიანთა). მუჰამმადის ﷺ სახელი ყურანში სულ ოთხჯერაა ნახსენები, თუმცა მისი სახელობისაა 47-ე სურა, ასევე ის მოიხსენიება ბევრგან არაპირდაპირ. მუსლიმი აპოლოგეტები უთითებენ სხვადასხვა წმინდა წიგნებში ადგილებს, რომლებიც მათი აზრით მუჰამმადის ﷺ შესახებაა. ისტორიის მანძილზე ზოგიერთი ისლამური სექტა მუჰამმადის ﷺ გაღმერთებამდეც მივიდა, თუმცა ისლამური სწავლება მკვეთრ მიჯნას ავლებს ღმერთსა (შემოქმედს) და ადამიანებს (ქმნილებებს) შორის.
ყურანში ასევე მოიხსენიება რამდენიმე პიროვნება, რომლებიც ზოგი სწავლულის აზრით იყვნენ მაცნეები, ზოგი კი მათ ღვთივსათნო ადამიანებად მიიჩნევს, თუმცა არა მაცნეებად
- ზულ-ყარნაინი — ზულ-ყარნაინი იყო მეფე, რომელმაც მოახერხა დაეპყრო დასავლეთი, აღმოსავლეთი და აღემართა კედელი ია'ჯუჯ-მა'ჯუჯის წინააღმდეგ.[73] იგი მრავალ ცნობილ ისტორიულ პიროვნებასთან იგივდებოდა, მ.შ. ალექსანდრე მაკედონელთან, ეხნატონთან, კიროსთან და სხვ, ასევე ნაკლებად ცნობილ, სამხრეთ არაბეთის მეფე ას-სა'ბ იბნ მარასიდთან. ჰქონდა თუ არა მას ღვთიური ზეშთაგონება, ესეც ასევე კამათის საგანია ისლამურ თეოლოგიაში.
- ლუყმანი — ლუყმანი ცნობილია თავისი სიბრძნითა და დარიგებით, რომელსაც ის თავის ვაჟს აძლევს.[74] რადგან პირველ რიგში ის ერთღმერთიანობისაკენ მოუწოდებს თავის ვაჟს, სწავლულთა ერთი ნაწილი ფიქრობდა რომ ის იყო მაცნე, თუმცა მეორე ნაწილი მას ბრძენ და ღვთისმოსავ პიროვნებად მიიჩნევს.
- ტალუთი (იგივდება ბიბლიურ საულთან) — ტალუთი გამოირჩა ისრაელის ტომიდან, როცა მათმა დიდებულებმა მეფე მოითხოვეს. ტალუთი ასევე უძღოდა ისრაელის ტომს ბრძოლაში ჯალუთის არმიასთან.[75]
- 'უზაირი (იგივდება ბიბლიურ ეზრასთან) — 'უზაირი მოიხსენიება ყურანში, როგორც იუდეველთა თაყვანისცემის ობიექტი[76] მთელი რიგი სწავლულები არათუ მაცნედ არ მიიჩნევდნენ 'უზაირს, არამედ ადანაშაულებდნენ მას თაჰრიფში (წმინდა წერილის ტექსტებში მიზანმიმართულ ცვლილებებში).
შუა საუკუნეების სწავლული იბნ ჰაზმი მიიჩნევდა, რომ ორი ქალი, რომელსაც ღვთიური შთაგონება ეწვიათ (მუსას დედა და მარიამი) ასევე იყვნენ მაცნეები, რასაც მარიამთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე სწავლული ეთანხმება, თუმცა ტრადიციული ისლამური სწავლება ამ აზრს არ იზიარებს.
სხვა მაცნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არის რამდენიმე მაცნე, რომელიც ყურანში სახელით არ მოიხსენიება, თუმცა მათ შესახებ არის გადმოცემები.
- შისი (იგივდება ბიბლიურ სეითთან) — გადმოცემებით, შისი ადამის ვაჟია, რომელსაც მაცნეობა ებოძა მას შემდეგ, რაც მოხდა მის უფროს ძმებს შორის. მისი სახელი, ისევე როგორც ყაბილისა და ჰაბილისა, ისლამურ წყაროებში ისრაილიათებიდან არის შემოტანილი.
- ხიდრი — ასევე ხიზრი, ხიზირი. სიტყვასიტყვით მწვანეს ნიშნავს. ისლამური თეოლოგია მიიჩნევს, რომ სწორედ ხიდრი შეხვდა მუსას ნილოსის შესართავთან.[77] ამან დიდი ინსპირაცია მისცა უკიდურეს სუფიებს, რომლებიც მიიჩნევენ რომ ვალიებს უფლება აქვთ, გასცდნენ მაცნეების ნაქადაგებ კანონს და თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედონ, ამიტომაც ხიდრი მეტად მნიშვნელოვანო ფიგურაა სუფიურ აზრისში. ტრადიციული ისლამური თეოლოგია ასწავლის, რომ ხიდრი იყო მაცნე, რომელიც გაგზავნილი იყო სხვა ხალხში, ამიტომაც მასზე არ გავრცელდა ის კანონი, რაც მუსამ ისრაელის ტომს უქადაგა. მთელ რიგ ხალხებში იგი უკვდავ, მარადიულ ჭაბუკად არის მიჩნეული და ფოლკლორული ამბების ხშირი პერსონაჟია, ასევე 5-6 მაისს აღინიშნება ხიდრისა და ილიასის დღეობა ახლო აღმოსავლეთში, ბალკანეთში, ყირიმსა და კავკასიაში.
- იუშა'ი (იგივდება ბიბლიურ ისუ ნავინთან) — თუმცა ყურანში სახელით არ მოიხსენიება, მაგრამ ისლამური თეოლოგია მიიჩნევს, რომ იუშა'ი იყო ერთ-ერთი იმ ორთაგან, რომლებმაც მოუწოდეს ისრაელის ტომს ებრძოლათ[78] და ასევე იუშა'ი ახლდა მუსას ნილოსის შესართავისკენ მოგზაურობისას.[79]
- ჰიზყილი (იგივდება ბიბლიურ ეზეკიელთან) — თუმცა ზოგიერთი მიიჩნევს რომ იეზეკიელი ზულ-ქიფლია, მთელი რიგი სწავლულები გადმოგვცემენ ამბავს ჰიზყილის შესახებ, რომელმაც ღმერთს შესთხოვა გაეცოცხლებინა მკვდრები და ღმერთმა აუსრულა ეს სურვილი.
- დანიალი (იგივდება ბიბლიურ დანიელთან) — იგი რამდენიმე გადმოცემაში მოიხსენიება, მათ შორისაა ში'იზმის მეოთხე იმამის, 'ალი იბნ ალ-ჰუსაინისთვის მიკუთვნებული გადმოცემა, სადაც ის დანიალს მაცნეს უწოდებს, ამიტომაც მთელი რიგი სწავლულები მიიჩნევენ მას მაცნედ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ هل يوجد حديث صحيح يوضح عدد الأنبياء والرسل؟ (18.03.08). ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ مراتب الأنبياء الكرام عليهم الصلاة والسلام (03.12.2006). ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-'ანქაბუთ, 29:14
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-აჰყაფ, 46:21-26
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ფაჯრ, 89:9
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყამარ, 54:30
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყამარ, 54:32
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ანბია', 21:50-72
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ან'ამ, 6:76-80
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-'ანქაბუთ, 29:26
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-'ანქაბუთ, 29:14
- ↑ قصة الذبيح (01.09.1999). ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ ბიბლია, შესაქმე, 22:2
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ჰიჯრ, 15:58
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ა'რაფ, 7:80-82
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ჰუდ, 11:82
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ათ-თაჰრიმ, 66:10
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ჰუდ, 11:71-73
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ჰუდ, 11:71-73; სურა ალ ანბია', 21:72-73
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ბაყარა, 2:132-133
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუსუფ, 12:8
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუსუფ, 12:16-17
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუსუფ, 12:54-55
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუსუფ, 12:102
- ↑ ბიბლია, გამოსვლა, 2:18
- ↑ ბიბლია, გამოსვლა, 3:1
- ↑ ბიბლია, მსაჯულნი, 1:16
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ჰუდ, 11:91
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ა'რაფ, 7:91
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ანბია', 21:83-84
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 5:44
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყასას, 28:7-10
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყასას, 28:8-12
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყასას, 28:12-13
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყასას, 28:15-19
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ტა ჰა, 20:10-36
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა აშ-შუ'არა, 26:42-47
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ა'რაფ, 7:133
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუნუს, 10:90.
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ბაყარა, 2:61.
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ტა ჰა, 20:81-97
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ა'რაფ, 7:138
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 5:22
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ქაჰფ, 18:60-82
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ყასას, 28:76-82
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ბაყარა, 2:251
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ან-ნისა', 4:63; სურა ალ-ისრა', 17:55; სურა ალ-ანბია', 21:105
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა საბა, 34:11
- ↑ كيفية صيام داود عليه السلام وكيف نوفق بينه وبين النهي عن صيام يوم الجمعة (31.03.04). ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ანბია', 21:78
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა საბა, 34:12
- ↑ ბიბლია, მესამე მეფეთა, 11:1-11
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ბაყარა, 2:102
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ას-საფფათ, 37:123-132
- ↑ Spring celebration, Hıdrellez. ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ან'ამ, 6:86; სურა სად, 38:48
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ანბია', 21:85-86; სურა სად, 38:48
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ანბია', 21:87; სურა ალ-ყალამ, 68:48
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ას-საფფათ, 37:139-148
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა იუნუს, 10:98
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა მარიამ, 19:4-10
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა აალ 'იმრან, 3:35-37
- ↑ მუჰამმად იბნ 'აბდულლაჰ ალ-ბუხარი. "ას-საჰიჰ" ჰადისი 3430
- ↑ მუჰამმად იბნ 'ისა ათ-თირმიზი. "ალ-ჯამი' ას-საჰიჰ" ჰადისი 2863
- ↑ ბიბლია ლევიანნი, 21:9
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა მარიამ, 19:16-34
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა აალ 'იმრან, 3:43-49; სურა ალ-მა'იდა, 5:109-115
- ↑ من هو الذي ألقي عليه شبه عيسى عليه السلام ؟ (11.11.07). ციტირების თარიღი: 18.07.26.
- ↑ მუჰამმად იბნ 'ისა ათ-თირმიზი, "ალ-ჯამი' ას-საჰიჰ" ჰადისი 2244
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 5:46
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 5:46
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 5:116-117; აჰმად იბნ ჰანბალი "ალ-მუსნად" ჰადისი 154
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ქაჰფ, 18:83-101
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ლუყმან, 31:12-19
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ბაყარა, 2:246-252
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ათ-თაუბა, 9:30
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ქაჰფ, 18:83-101
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-მა'იდა, 8:22-23
- ↑ ბრძენი ყურანი, სურა ალ-ქაჰფ, 18:60
| |||||||