შინაარსზე გადასვლა

იბნ თაიმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იბნ თაიმია
დაბ. თარიღი 1263[1]
დაბ. ადგილი ჰარანი, მამლუქების სასულთნო[2]
გარდ. თარიღი 1328[1]
გარდ. ადგილი დამასკი, მამლუქების სასულთნო
დასაფლავებულია Sufism cemetery
მოქალაქეობა მამლუქების სასულთნო
საქმიანობა ფაკიჰი და პოეტი
განთქმული მოსწავლეები იბნ კაიიმ ალ-ჯაუზიია, ალ-დაჰაბი, იბნ კასირი, Ṣafadī, Khalīl ibn Aybak და Chihab al-Umari
მეუღლე [3]
მამა შიჰაბ ალ-დინ აბდ ალ-ჰალიმ იბნ ტაიმიია
დედა Sitt al-Na`am bint Abd al-Rahman al-Harraniya
ნათესავ(ებ)ი Majd ad-Din ibn Taymiyyah

იბნ თაიმია (არაბ. ابن تيمية), სრული სახელი თაყი ად–დინ აბუ ლ–'აბბას აჰმად ბინ 'აბდუ ლ–ჰალიმ ბინ 'აბდუ ს–სალამ ბინ 'აბდუ ლ–ლაჰ ბინ აბი ლ–ყასიმ ბინ მუჰამმად იბნ თაიმიია ალ–ჰარრანი ან–ნიმაირი (არაბ. تقي الدين أبو العباس أحمد بن عبد الحليم بن عبد السلام بن عبد الله بن أبي القاسم بن محمد ابن تيمية الحراني النميري) (დ. 22 იანვარი 1263 (661 ჰიჯრის შემდგომ) — გ. 26 სექტემბერი 1328 (728 ჰიჯრის შემდგომ))[4], აგრეთვე ცნობილია, როგორც შეიხულ–ისლამი (არაბ. شيخ الإسلام) და შეიხულ–ისლამი იბნ თაიმია (არაბ. شيخ الإسلام ابن تيمية) — მუსლიმი სწავლული, თეოლოგი. ცნობილი გახდა თავისი მწვავე დაპირისპირებებით როგორც სხვადასხვა სუფიურ ორდენებსა და შიიტურ დაჯგუფებებთან, ასევე აშ'არი–მათურიდი მრწამსის მიმდევრებთან. ამ უკანასკნელებმა, რომელთაც ასევე წარმოადგენდა დამასკოს ყადი, ანუ მოსამართლე, რამდენიმეჯერ მოახერხეს მისი დაპატიმრება და საბოლოოდ დამასკოს ციტადელის საპყრობილეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

იბნ თაიმია დაიბადა 1263 წელს ჰარრანში, რომელიც სირიის ჩრდილოეთში მდებარეობს. მისი დაბადება დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც მუსლიმები დიდი განსაცდელის წინაშე იდგნენ – ერთი მხრივ, მონღოლებმა აიღეს ბაღდადი და დაამხეს სახალიფო [5], ხოლო ხალიფა მისივე ქვეშევრდომმა მოკლა მონღოლთა საამებლად [6], მეორე მხრივ ჯვაროსნები ჯერ კიდევ არ იყვნენ განდევნილი წმინდა მიწიდან და მათი სამეფო–სამთავროები ჯერ ისევ არსებობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში.[7] გარდა საგარეო საფრთხისა, მუსლიმთა დაქსაქსულობას ასევე ხელს უწყობდა ახალაღმოცენებული სექტები და ურთიერთდაპირისპირებული განშტოებები. ამ განშტოებათა წარმომადგენლებს აქტიურად იყენებდნენ მონღოლები. მონღოლთა დავალებით [8], ისინი დადიოდნენ მუსლიმთა შორის და ქადაგებდნენ ერთი მხრივ თითქოსდა მონღოლები ია'ჯუჯ–მა'ჯუჯი იყვნენ, მათ წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა და ხალხი უნდა შეგუებოდა მათ მბრძანებლობასა და სისასტიკეს, ხოლო მეორე მხრივ მონღოლებს, რომელთა ზედაფენაც ფორმალურად ისლამის მიღების მიუხედავად კვლავ ჩვეულებრივ აგრძელებდა მუსლიმური მხარეების რბევას, აცხადებდნენ მუსლიმებად და მათ წინააღმდეგ ბრძოლას კრძალავდნენ. იბნ თაიმიას ბაბუაც და მამაც ჰანბალი მაზჰაბის სწავლულები იყვნენ და 1268 წელს, როცა იბნ თაიმიას ოჯახი მონღოლთა შემოსევებისგან უფრო დაცულ დამასკოში გადასახლდა (რომელსაც იმ პერიოდი მამლუქები მართავდნენ), იბნ თაიმიას მამა ხუტბას კითხულობდა ომაიანთა მეჩეთში დამასკოში და ქადაგებდა მისი კათედრიდან. ამ ქადაგებებს მრავალი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის თავად იბნ თაიმიაც, რომელსაც ასევე პატარა ასაკიდანვე ასწავლიდა ჰადისებს დამასკელი ქალი–სწავლული, ზაინაბ ბინთ მაქი იბნ 'ალი [9]. 1283 წელს გარდაიცვალა 'აბდუ ლ–ჰალიმი, როცა იბნ თაიმია 'ასაქურიას სასწავლებელში სწავლობდა. ამ სასწავლებლის დასრულების შემდეგ, 1296 წელს იგი თავად იწყებს მასწავლებლობას ომაიანთა მეჩეთში. მისი ფენომენალური მეხსიერებისა და გადმოცემის კარგი უნარის წყალობით მალევე იგი ხდება ძალიან პოპულარული ხალხში.

მონღოლთა შემოსევები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ პერიოდში ერაყი, ირანი და ხორასანი მონღოლთა გამგებლობის ქვეშ რჩებოდა. მამლუქები, რომლებიც მართავდნენ ეგვიპტეს, სირიასა და ჰიჯაზს (არაბეთის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილი), რამდენიმეჯერ შეეცადნენ ბაღდადის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. როცა მონღოლებმა დააპირეს დამასკოს აღება, ყალავუნი, მამლუქთა სულთანი გამოემართა მათ წინააღმდეგ ძლიერი ეგვიპტური ლაშქრით. 1299 წელს ხაზანდარის ველზე, ჰომსთან ახლოს მონღოლებმა დაამარცხეს მამლუქები და მათმა წინამძღოლმა მაჰმუდ ღაზან–ხანმა დამასკოს შეუტია. მიმდებარე პატარა ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობამ დამასკოს ციტადელს შეაფარა თავი. დამასკოში დიდი არეულობა სუფევდა.[10] ყაზან–ყაენმა, თუმცა მონათლული და აღზრდილი იყო ქრისტიანი დედის, ურუქ–ხათუნის[11] მიერ, ტახტზე ასვლამდე (1295 წ.) ისლამი მიიღო. ამის გათვალისწინებით, დამასკოდან მუსლიმ სწავლულთა დელეგაცია მიდის ნაბაქში, სადაც იმ დროს დაბანაკებული იყო ყაზან–ყაენი, რათა მასზე ზეგავლენა მოახდინონ და შეაჩერონ მისი შეტევა. დელეგაციას ახლავს იბნ თაიმიაც. როდესაც ყაზან–ხანმა დელეგაცია მიიღო, როგორც ისტორიკოსები აზ–ზაჰაბი და იბნ ქასირ ად–დიმაშყი გადმოგვცემენ[12], სწავლულებს ყაზან–ხანის წინაშე ვეღარაფერი უთქვამთ, გარდა იბნ თაიმიასი, რომელმაც პირდაპირ უთხრა მას:

შენ ამტკიცებ, რომ შენ ხარ მუსლიმი და თან გახლავს მუეძინები, ყადიები, იმამები და შეიხები, მაგრამ შენ შემოიჭერი ჩვენს ქვეყანაში. რისთვის? შენი წინაპრები არღუნი და ჰულაგუ თუმცა ურწმუნონი იყვნენ, მაგრამ მათ დადეს პირობა თავდაუსხმელობისა და იცავდნენ თავის დადებულ პირობას, შენ კი გატეხე ეს პირობა!!!

ყაზან–ხანმა მართლაც შეარბილა შეტევა დამასკოს ციტადელზე და გაათავისუფლა დატყვევებული მუსლიმები, ხოლო მალევე, როცა აღმოსავლეთიდან მის სამფლობელოებში ჩაღათას ულუსის არმიები შეიჭრნენ, საერთოდაც უკან გაბრუნდა და დატოვა სირიის საზღვრები.

ყაზან-ყაენი უბრძანებს კილიკიის სომხეთის მეფეს, ჰეთუმ II–ს ეახლოს ყუთლუშაჰ–ნოინს ლაშქრობაში. 1303 წ.

1303 წელს ყუთლუშაჰ–ნოინის სარდლობით მონღოლები ხელახლა შეიჭრნენ მამლუქთა სირიაში. ეგვიპტიდან მაშველი ძალების დაგვიანების გამო ხალხში მასობრივი პანიკა დაიწყო. მონღოლთა სისასტიკით დაშინებული ხალხი ტოვებდა სირიას და ცდილობდა პალესტინის ან ეგვიპტისთვის შეეფარებინა თავი. იბნ თაიმია ამჯერადაც უქადაგებდა ხალხს, არ მიეტოვებინათ სირია და დამასკო გაემაგრებინათ. ხალხის დიდ ნაწილში იბნ თაიმიას მიმართ ნდობა იმხელა ყოფილა, რომ იბნ იიასის და ალ-მაკრიზის თანახმად, ბევრი ადამიანი დარჩა და მაშველ ძალებს დაუწყო ლოდინი. ჰიჯრის 702 წლის 2 რამადანს (20 აპრილი 1303) მამლუქთა და მონღოლთა არმიები ერთმანეთს შეხვდნენ შაყჰაბის, იგივე მარჯ ას–საფარის ველზე, დამასკოს სამხრეთით და ამჯერად მამლუქებმა გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს მონღოლებზე. მონღოლთა არმია უკუიქცა და მას შემდეგ ილხანებს აღარ უცდიათ მამლუქებზე თავდასხმა.[13]

რელიგიური მოწოდება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარდა მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლისა, იბნ თაიმია ასევე აქტიურად იყო ჩართული რელიგიურ საქმიანობაში. უპირველესად იგი იმ დროის სირიაში გავრცელებულ რიფა'ი ტარიყასა და ითთიჰადიას პანთეისტურ სწავლებას უპირისპირდებოდა. იგი ასევე მკაცრად აკრიტიკებდა მონღოლ მმართველებს, რომლებიც აგრძელებდნენ ჩინგიზ-ყაენის იასას გამოყენებას სახელმწიფოს მართვისას და თვლიდა, რომ მათ მიერ ისლამის აღიარება ცარიელი სიტყვები იყო, სანამ ისინი იასას მაგიერ შარი'ათს არ დაეყრდნობოდნენ მმართველობისას.[14] მისივე აზრით, ასევე მიუღებელი იყო ითთიბა', ანუ თაყლიდი, ანუ ბრმა მიმდევრობა, როდესაც ესა თუ ის ადამიანი ირჩევდა რომელიმე სწავლულს, რომელსაც ბრმად მისდევდა ნებისმიერი შეხედულების აღსრულებისას. მისი აზრით, ეს ყურანისეული მითითების [15] დარღვევა იყო, სადაც იგი კრძალავს სწავლულების ბრმად მიმდევრობას წიგნის ხალხის მაგალითზე.[16] იბნ თაიმია სასტიკად ეწინააღმდეგებოდა გახალხურებულ რელიგიას, განსაკუთრებით მავლიდის აღნიშვნასა და სუფი წმინდანების საფლავებზე სალოცავების აშენებას. ამას სხვა რელიგიიდან ისლამში შემოტანილ, უსარგებლო დანამატად მიიჩნევდა და ყველას მოუწოდებდა, შეეწყვიტათ მსგავსი პრაქტიკა. იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა მეჩეთების გადამეტებულ პატივისცემას და ამტკიცებდა, რომ ასეთი პატივისცემა ისლამში მხოლოდ ორ მეჩეთს – მასჯიდ ალ–ჰარამსა და მასჯიდ ან–ნაბავის ეკუთვნის, მკაცრად აკრიტიკებდა ისლამში აღმოცენებულ მიმდინარეობებს – ჯაჰმიტებს, ჰულულიტებს, მუ'თაზილლებს, ყადარიებს, აშ'არიტებსა და ა.შ. გარდა ამ შეხედულებებისა, მას ჰქონდა რამდენიმე საკმაოდ საინტერესო შეხედულება, მათ შორის დედამიწის სფეროსებურებისა და მისი უდიდესი ნაწილის წყლით დაფარვის შესახებ[17], რომელიც იბნ ჰაზმ ალ–ანდალუსის აზრებს ემთხვევა, ასევე ფასების ნიხრის მოთხოვნა–მიწოდების მაჩვენებლებზე დამოკიდებულების შესახებ.

დატუსაღება და გარდაცვალება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მოწოდებებმა მას მრავალი მოწინააღმდეგე გაუჩინა და მათ მოახერხეს, 1306 წელს კაიროში იბნ თაიმია მართლმსაჯულების წინაშე წარადგინეს და 18 თვით კაიროს ციტადელის დილეგში გამოამწყვდიეს. ახალგათავისუფლებული იბნ თაიმია მალევე დააპატიმრეს 1308 წელს. 1320 წლის აგვისტოდან 1321 წლის თებერვლამდე იბნ თაიმია დამასკოს ციტადელში იყო დაპატიმრებული, რადგან მისი ფათვა, რომლის თანახმადაც კაცს ასე იოლად და უმიზეზოდ აღარ შეეძლო ცოლს გაჰყროდა, კაიროში არ მოიწონეს. ამის შემდეგ მას აუკრძალეს ჰქონოდა წიგნები, პერგამენტი, მელანი, კალამი და ა.შ. დააბრალეს ანთროპომორფიზმის მხარდაჭერა, ბოლო წვეთი აღმოჩნდა მისი ფათვა, რომლის თანახმადაც ყველა, ვინც წინასწარმეტყველ მუჰამმადის საფლავის მოსანახულებლად წავიდოდა მედინაში, მკრეხელობას სჩადიოდა და რელიგიაში არასაჭირო დანამატს ახორციელებდა ამ საფლავზე მისვლით. ამის შემდეგ დამასკოს ყადიმ ბრძანა იბნ თაიმიას დაპატიმრება და იგი საბოლოოდ დააპატიმრეს 1326 წელს, სიცოცხლის ბოლომდე სატუსაღოში დარჩა და იქვე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდგომ დაასაფლავეს დამასკოში, ერთ–ერთ საერთო სასაფლაოზე თავისი ოჯახის წევრების გვერდით. როგორც იბნ თაიმიას ბიოგრაფი, ალ–ბაზზარი წერს: "როცა ხალხმა გაიგო მისი სიკვდილის შესახებ, თითქმის მთელი დამასკო მოვიდა მისი დაკრძალვაზე ჯანაზას ლოცვის სალოცავად. თითქმის მთელ დამასკოში დუქნები და სახელოსნოები დაიკეტა, სახელმწიფო მოხელეები, სწავლულები, ვაჭრები, გლეხები – ყველა ფენის ადამიანი მოვიდა. თითქმის ყველა დამასკელი, ვისაც თავი მორწმუნედ მიაჩნდა, მოვიდა ამ დაკრძალვაზე, ჩემი ცოდნის თანახმად. გარდა სამი პიროვნებისა – ისინი ცნობილნი იყვნენ, როგორც იბნ თაიმიას მტრები მის სიცოცხლეში და ამგვარად, დაემალნენ მგლოვიარე ხალხს" [18]

მიუხედავად იმისა, რომ იბნ თაიმიას თანამედროვეთა მიერ მძიმე ხვედრი ხვდა წილად, მისი იდეები დროდადრო ჰპოვებდა მიმდევართა ჯგუფებს მთელი მუსლიმანური სამყაროს მასშტაბით. თითქმის ყველა მოძრაობა, რომელიც რელიგიის გახალხურების წინააღმდეგ იყო მიმართული, იბნ თაიმიას ნაშრომებს ეფუძნებოდა. ამის კულმინაცია იყო მუჰამმად იბნ 'აბდუ ლ–ვაჰჰაბის მოწოდება, ე.წ. "ვაჰაბიზმი" არაბეთის ნახევარკუნძულზე XVIII სს შუა ხანებიდან, რომელმაც თავის მხრივ სწორედ იბნ თაიმიას სწავლების მიმდევარი შეიხებიდან მიიღო რელიგიური განათლება მედინაში. თანამედროვე ისლამისტური მოძრაობები, რომლებიც სახელმწიფოების ისლამურ მმართველობაზე გადაყვანას მოითხოვენ, სწორედ იბნ თაიმიას ნაშრომებსა და ფათვებს ეყრდნობიან, რომელიც მან მონღოლების წინააღმდეგ გამოიტანა და არაისლამურ მმართველობის ფორმებს "დღევანდელობის იასას" უწოდებენ.

იბნ თაიმია ავტორია მრავალი ნაშრომისა და კრებულისა (350 ნაშრომი მისი მოსწავლის, იბნ ყაიიმ ალ–ჯავზიიას მიხედვით, ხოლო 500 ნაშრომი მეორე მოსწავლის, აზ–ზაჰაბის მიხედვით). მათგან აღსანიშნავია:

  • ფათვათა კრებული (არაბ. كتاب مجموع الفتاوى; მაჯმუ' ალ–ფათავა) 37 ტომიანი კრებული, რაც მოიცავს გადაწყვეტილებებს თითქმის ყველა საკითხზე.
  • წინასწარმეტყველისეული მეთოდოლოგია (არაბ. منهاج السنة النبوية; მანჰაჯ ას–სუნნა ან–ნაბავია) 4 (ზოგ გამოცემაში 8 და 9) ტომიანი კრებული, ძირითადად შიიტთა კრიტიკა.
  • ზომიერი მრწამსი (არაბ. العقيدة الواسطية; ალ–'აყიდა ალ–ვასიტია) წიგნი ისლამური მრწამსის შესახებ, რომელიც მიმართულია ორივე მხარეს გადაჭარბების წინააღმდეგ (მაგ: ხარიჯიმურჯი'ი, ყადარიჯაბარი, ჯაჰმიმუშაბბიჰა და ა.შ.)
  • მრწამსი ჰამელებისთვის (არაბ. العقيدة الحموية; ალ–'აყიდა ალ–ჰამავია) ისლამური მრწამსის საკითხების მიმოხილვა, რომელზეც ქალაქ ჰამას მცხოვრებლებმა მიმართეს იბნ თაიმიას და მანაც დაწერა მოკლე ბროშურა ამ თემაზე.
  • პირდაპირი გზის სახელმძღვანელო (არაბ. اقتضاء الصراط المستقيم; იყთიდა ს–სირატ ალ–მუსთაყიმ) მიმოიხილავს ანთროპომორფისტულ საკითხებს ისლამურ სექტებსა და ასევე სხვა რელიგიებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

http://www.ibntaymiyyah.com/

  1. 1.0 1.1 الزركلي خ. ا. الأعلام: قاموس تراجم لأشهر الرجال والنساء من العرب والمستعربين والمستشرقين — 15 — بيروت: دار العلم للملايين, 2002. — ტ. 1. — გვ. 144.
  2. Али-заде А. Ибн Таймия // Исламский энциклопедический словарьМосква: Ансар, 2007. — С. 302.
  3. არაბული ვიკიპედია — 2003.
  4. http://www.muslimphilosophy.com/ip/rep/H039.htm
  5. http://www.newyorker.com/archive/2005/04/25/050425fa_fact4
  6. http://www.antiwar.com/orig/butler.php?articleid=2533
  7. http://www.historynet.com/third-crusade-siege-of-acre.htm
  8. http://books.google.ge/books?id=LaV-IGZ8VKIC&pg=PA510#v=onepage&q&f=false
  9. Mohammad Akram Nadwi, Al-Muhaddithat: the women scholars of Islam, pp. 141.
  10. Wadi 'L-Khaznadar, R. Amitai, The Encyclopaedia of Islam, Vol XI, ed. P.J.Bearman, T.Bianquis, C.E.Bosworth, E. van Donzel and W.P.Heinrichs, (Brill, 2002), 18.
  11. Ryan, James D. (November 1998). „Christian wives of Mongol khans: Tartar queens and missionary expectations in Asia“. Journal of the Royal Asiatic Society. 8 (9): 411–421. doi:10.1017/s1356186300010506.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-05. ციტირების თარიღი: 2014-07-07.
  13. تقى الدين أحمد بن على المقريزى; السلوك لمعرفة دول الملوك; ج. ٢؛ ص. ٣٥٥-٣٥٧
  14. كتاب مجموع الفتاوى; ج. ٢٧، ص. ١٤٤
  15. ბრძენი ყურანი, სურა ათ–თაუბა, IX, აია 31
  16. كتاب مجموع الفتاوى; ج. ٢٢، ص. ٢٤٨-٢٤٩
  17. كتاب مجموع الفتاوى; ج. ٥ ص. ١٥٠. ج. ٦ ص ٥٤٦-٥٤٧.
  18. أبو حفص عمر بن علي البزار, الأعلام العلية في مناقب شيخ الإسلام ابن تيمية, ص. ٨٢-٨٣.