შინაარსზე გადასვლა

მანავი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მანავიადგილწარმოშობის დასახელების უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება მწვანე კახურის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15 %-მდე რქაწითელის ჯიშის ყურძნის გამოყენება.

ღვინო „მანავი“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფრამდე, მომწვანო ელფერით, გემოზე ნაზი, ჰარმონიული, დახვეწილი, ხალისიანი. ხილის ტონებით, ჯიშური არომატით, განვითარებული ბუკეტით.

ღვინო „მანავის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5–12,5 %-ს, ტიტრული მჟავიანობა — 5–7 გ/დმ³, აქროლადი მჟავები — არაუმეტეს 1 გ/დმ³, შაქრების მასური კონცენტრაცია — 0,3 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია – არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია — არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია — არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

„მანავის“ მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 346 ჰა-ს.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „მანავი“ მდებარეობს გარეკახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გომბორის ქედის სამხრეთ და მის მიმდებარე ფერდობების მთისწინებზე ჩრდილო განედის 41°44' და აღმოსავლეთის გრძედის 45°27' და მათ მახლობლად მდებარე კოორდინატებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450–800 მეტრ სიმაღლის საზღვრებში. ივრის ზეგანის ამ ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ინდივიდუალობას განსაზღვრავს მისი ერთობლივი შემაღლებულ-ვაკისებრი, დატალღული, სუსტად დანაწევრებული რელიეფი და კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქში მდებარეობა.

ღვინო „მანავის“ მიკროზონა მოიცავს შემდეგ სოფლებს: თოხლიაური, მანავი, ბურდიანი, გიორგიწმინდა, ანთოკი, მარიამჯვარი, დიდი ჩაილური, პატარა ჩაილური, კაკაბეთი და ვერხვიანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]