ხვანჭკარა (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხვანჭკარა (მრავალმნიშვნელოვანი).

ხვანჭკარაადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი, უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო. იგი მზადდება ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნისაგან.

ღვინო „ხვანჭკარა“ ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ღვინო „ხვანჭკარის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0 %-ს, შაქრის მასური კონცენტრაცია — 30-50 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5-7 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს — 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია — არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია — არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

„ხვანჭკარის“ მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს დაახლოებით 903 ჰა-ს.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ხვანჭკარა“ მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის ადმინისტრაციულ რაიონში, ლეჩხუმის ქედის სამხრეთ დაქანებებზე, ჩრდილოეთ განედის 42°30' და აღმოსავლეთი გრძედის 43°00' კოორდინატებს შორის არსებულ ფართობებზე. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 450-750 მეტრი სიმაღლის საზღვრებში. მიკროზონა ვრცელდება მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე განედური მიმართულების ხეობის გასწვრივ 35-40 კმ მანძილზე, მაღალი ქედებით დაცულ ქვაბულში. ვენახები გვხვდება, აგრეთვე, მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე — რაჭის ქედის ჩრდილო დაქანებებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]