ტვიში (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტვიში (მრავალმნიშვნელოვანი).

ტვიშიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო. იგი მზადდება ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან, ტკბილის არასრული დადუღებით.

ღვინო „ტვიში“ ხასიათდება ღია ჩალისფერიდან ჩალისფერამდე შეფერვით, ნაზი ჰარმონიული გემოთი, ხილის ტონებით, ჯიშური არომატით და სასიამოვნო სიტკბოთი.

ღვინო „ტვიშის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10-11,5 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 30-50 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა – 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არა ნაკლებ 16 გ/დმ³.

„ტვიშის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 15 კმ²-ს.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ტვიში“ მდებარეობს ლეჩხუმში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო ზოლში; ჩრდილო განედის 42° 31' და აღმოსავლეთ გრძედის 42° 54' კოორდინატებზე, ზღვის დონიდან 435 მ სიმაღლეზე. სპეციფიკური ზონა მოიცავს რაჭის ქედის უკიდურესი დასავლეთი დაბოლოებისა და ხვამლის აღმოსავლეთ დაქანებებს. იგი მოიცავს სოფლებს ტვიშსა და ალპანას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]