ახაშენი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ახაშენიადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის წითელი ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო.

ღვინო „ახაშენი“ ხასიათდება მუქი ლალისფერი შეფერვით ჯიშური გემოზე ჰარმონიული, ხავერდოვანი, სრული, დახვეწილი, სასიამოვნო სიტკბოთი, ხილის ტონებით და ჯიშური არომატით.

ღვინო ,,ახაშენის ქიმიური მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს:

ღვინო „ახაშენის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 30-50 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,0-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია — არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია — არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

„ახაშენის“ მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს დაახლოებით 112 ჰა-ს.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა ახაშენი მდებარეობს შიდა კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის შუა წელში. ახაშენის დასახლებული პუნქტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთი მიმართულებით მდინარე ალაზნამდე მანძილი 9,5 კმ-ია, ხოლო საპირისპირო მხარეს — სამხრეთ-დასავლეთისაკენ - ცივ-გომბორის ქედის თხემურ ნაწილამდე — 14,5 კმ. მევენახობის გაადგილების თვალსაზრისით, ახაშენის ტერიტორია მოიცავს ცივ-გომბორის ქედის ტყისპირა კალთების გაგრძელებას და ალაზნის ვაკის მეორე ტერასას. მიკროზონაში ვენახები მოქცეულია 350-700 მეტრის სიმაღლის ფარგლებში არსებულ ფართობებზე და მოიცავს სოფლების: ახაშენის, ჩუმლაყის ტერიტორიის შუა და ზედა ნაწილს, ფაფრის მინდვრების მასივს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]