წინანდალი (ღვინო)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/8c/Wine_bottle_of_Tsinandali.jpg/220px-Wine_bottle_of_Tsinandali.jpg)
წინანდალი — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი, მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელის და კახური მწვანეს ჯიშების ყურძნიდან (15 %-მდე).
ღვინო „წინანდალი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილია, განვითარებული ბუკეტით, ჯიშური არომატით.
მიკროზონის ტერიტორია მოიცავს ერთი მხრივ ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის ვაკეს. სამრეწველო ვენახები ძირითადად განლაგებულია ზღვის დონიდან 300-750 მ სიმაღლის ფარგლებში.
ღვინო „წინანდლის“ წარმოების სანედლეულო ბაზა მოიცავს შემდეგ სოფლებს: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი, გულგულა, იყალთო, რუისპირი.
ღვინო „წინანდლის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10,5 %-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია არაუმეტეს 3 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია არაუმეტეს 30 მგ/დმ³.
საბჭოთა პერიოდში „სამტრესტი“ უშვებდა თეთრი სამარკო სუფრის ღვინოს — წინანდალი №1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღვინის ეროვნული სააგენტო დაარქივებული 2020-01-02 საიტზე Wayback Machine.
|