გურჯაანი (ღვინო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გურჯაანიადგილწარმოშობის დასახელების, კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის თეთრი მშრალი ღვინო. მზადდება რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან. დასაშვებია 15%-მდე კახური მწვანეს ჯიშის ყურძნის გამოყენება.

ღვინო „გურჯაანი“ ხასიათდება ღია ჩალისფერი შეფერვით, გემოზე ჰარმონიული, სრული, დახვეწილი, ჯიშური არომატით და განვითარებული ბუკეტით.

ღვინო „გურჯაანის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,5%-ს, შაქრის მასიური კონცენტრაცია — არაუმეტეს 3 გ/ დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,5 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,0 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის, კონცენტრაცია — არანაკლებ 16 გ/დმ³, გოგირდოვანი მჟავის საერთო მასის კონცენტრაცია — არაუმეტეს 210 მგ/დმ³, თავისუფალი გოგირდოვანი მჟავის კონცენტრაცია — არაუმეტეს 30 მგ/დმ³.

გურჯაანის მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობი შეადგენს 1151,5 ჰა-ს.

მევენახეობის სპეციფიკური ზონა გურჯაანი მდებარეობს მდინარე ალაზნის შუა წელში. მიკროზონის უკიდურესი წერტილების სიმაღლეები ზღვის დონიდან 250-1000 მ-ის ფარგლებში იცვლება. მოიცავს შიდა კახეთის სოფლების: ბაკურციხის, კოლაგის, ვეჯინის, ძირკოკის, ჭანდარის, სოფელ გურჯაანის, გურჯაანის საგარეუბნო ზონის, კოტეხის, ჩუმლაყის, შაშიანის, კალაურის და ვაჩნაძიანის ტერიტორიის ზედა ნაწილს, ალაზნის ვაკის მეორე ტერასიდან დაწყებული და ვრცელდება ცივ-გომბორის მთების ჩრდილო-აღმოსავლეთის კალთებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]