ფრედერიკ ნიდერლანდელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრედერიკ ნიდერლანდელი
დაიბადა 28 თებერვალი, 1797
გარდაიცვალა 8 სექტემბერი, 1881, (84 წლის)
საგვარეულო ორან-ნასაუს დინასტია
მეუღლე(ები) ლუიზა პრუსიელი
შვილ(ებ)ი ლუიზა, შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალი
მამა ვილემ I, ნიდერლანდების მეფე
დედა ვილჰელმინა პრუსიელი
რელიგია კალვინიზმი

ფრედერიკ ნიდერლანდელი (ნიდერლ. Frederik der Nederlanden; დ. 28 თებერვალი, 1797 — გ. 8 სექტემბერი, 1881) — ორან-ნასაუს დინასტიის წარმომადგენელი. ნიდერლანდების მეფე ვილემ I-ისა და დედოფალ ვილჰელმინა პრუსიელის უმცროსი ვაჟი. შვედეთისა და ნორვეგიის დედოფალ ლუიზა ნიდერლანდელის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედერიკი დაიბადა 1797 წლის 28 თებერვალს ბერლინში. იგი იყო დევნილობაში მყოფი ორანის პრინცის, ვილემ VI-ისა და მისი მეუღლის, ვილჰელმინა პრუსიელის შუათანა ვაჟი. მისი ერთ-ერთი აღმზრდელი თავად კარლ ფონ კლაუზევიცი იყო. იგი თავის უფროს ძმასთან, ვილემთან ერთად აქტიურად იბრძოდა ნაპოლეონის წინააღმდეგ, რა დროსაც 1813 წელს, 16 წლის ფრედერიკმა მონაწილეობა მიიღო ლაიფციგის ბრძოლაში.

1813 წელს ნაპოლეონმა დაკარგა ნიდერლანდები, სადაც აღსდგა ორანელთა მმართველობა ფრედერიკის მამის, მეფე ვილემ I-ის მმართველობის ქვეშ. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი ელბადან დაბრუნდა, ფრედერიკი და მისი ძმა, ვილემი ახალ კოალიციაში გაწევრიანდნენ, სადაც მათ მონაწილეობა მიიღეს ვატერლოოს ბრძოლაში, რომელში მარცხის შემდეგაც ნაპოლეონი მეორედ გადაასახლეს.

1816 წელს მამამისმა ფრედერიკს ყოველთვიური პენსიის სახით 19,000 ნიდერლანდური გილდერი დაუნიშნა. 1825 წლის 21 მაისს ფრედერიკმა ბერლინში ცოლად შეირთო თავისი ბიძაშვილი ლუიზა პრუსიელი, რომელიც იყო პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III-ისა და დედოფალ ლუიზა მეკლენბურგ-შტრელიცელის ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ლუიზას უფროსი და, შარლოტა ცოლად ჰყავდა სრულიად რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს, რომლის და, ანა პავლეს ასული რომანოვა ცოლად ფრედერიკის ძმას, ვილემს ჰყავდა.

1829 წელს ფრედერიკი საბერძნეთის მეფობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, რომელშიც ოტონ ბავარიელმა გაიმარჯვა. 1830 წელს იგი თავის ძმასთანე ერთად აქტიურად იბრძოდა ბელგიის რევოლუციის წინააღმდეგ. იგი ასევე იყო ვილემის 1831 წლის ათდღიანი ბელგიური კამპანიის წევრი.

1840 წელს ფრედერიკის ძმა, ვილემ II ნიდერლანდების მეფე გახდა, რომელმაც 1848 წელს ქვეყანა კონსტიტუციურ მონარქიაზე გადააწყო. 1849 წელს ვილემ II გარდაიცვალა და ქვეყანას დიდი ვალები დაუტოვა. აღსანიშნავია, რომ მის ცოლისძმასა და საკუთარ ქვისლს, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს თავისი ძმის ვალი, რომელიც მილიონ ნიდერლანდურ გილდერს შეადგენდა, ფრედერიკმა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ ეს ქმედება დაუფასა ახალმა მეფემ, ვილემ III-მ, რომელმაც ფრედერიკი თავის პირველ მრჩევლად დაინიშნა. მალევე იგი ნიდერლანდური არმიის გენერალი გახდა და ამ თანამდებობას 1868 წლამდე ატარებდა. ასევე ფრედერიკმა უზრუნველყო ვილემ III-სა და დედოფალ სოფია ვიურტემბერგელს შორის არსებული უთანხმოების აღმოფხვრა, რომლის გამოც მეფე-დედოფალი განქორწინებას აპირებდა. იგი გარდაიცვალა 1881 წლის 8 სექტემბერს, 84 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუიზა (1828-1871), ცოლად გაჰყვა შვედეთისა და ნორვეგიის მეფე კარლ XV-ს, რომელთანაც შეეძინა დანიის დედოფალი ლუიზა შვედი;
  2. ვილემი (1833-1834), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ვილემი (1836-1846), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ვილჰელმინა (1841-1910), ცოლად გაჰყვა ვიედის მთავარ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ალბანეთის მთავარი ვიედ I;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kurt von Priesdorff: Soldatisches Führertum. Band 4, Hanseatische Verlagsanstalt Hamburg, o. O. [Hamburg], o. J. [1937], DNB 367632799, S. 428–430, Nr. 1375.
  • Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 112.
  • Gustav von Glasenapp: Militärische Biographien des Offizier-Corps der Preussischen Armee. Berlin 1868, S. 13.
  • Friedrich von Oranien-Nassau (1797–1881). In: Meyers Konversations-Lexikon. 4. Auflage. Band 7, Verlag des Bibliographischen Instituts, Leipzig/Wien 1885–1892, S. 113-143.