მაქსიმა სორეგიეტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მაქსიმა სორეგიეტა
Koningin-maxima-okt-15-s.jpg
დედოფალი მაქსიმა 2015 წელს
ნიდერლანდების დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 30 აპრილი, 2013
მმართ. დასასრული: დღემდე
წინამორბედი: კლაუს ფონ ამსბერგი
მემკვიდრე: ამჟამად თანამდებობაზეა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 17 მაისი, 1971 (1971-05-17) (49 წლის)
დაბ. ადგილი: ბუენოს-აირესი, არგენტინა
მეუღლე: ვილემ-ალექსანდერი, ნიდერლანდების მეფე
შვილები: კატარინა, ორანის პრინცესა
ალექსია
არიანა
მამა: ხორხე სორეგიეტა
დედა: მარია დელ კარმენ სერუტი
რელიგია: კათოლიციზმი

მაქსიმა სორეგიეტა (ესპ. Máxima Zorreguieta; დ. 17 მაისი, 1971, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — ნიდერლანდების დედოფალი 2013 წლიდან დღემდე როგორც მეფე ვილემ-ალექსანდერის მეუღლე. იგი ნიდერლანდებისა და სრულიად ევროპის ისტორიაში პირველი ლათინოამერიკელი დედოფალია.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმა სორეგიეტა დაიბადა 1971 წლის 17 მაისს ბუენოს-აირესში, არგენტინაში. იგი არის არგენტინის უკანასკნელი სამხედრო დიქტატორის, ხორხე რაფაელ ვიდელას სოფლის მეურნეობის მინისტრის, ხორხე სორეგიეტისა და მისი მეორე ცოლის, მარია დელ კარმენ სერუტის ქალიშვილი. მას ორი ღვიძლი ძმა და ერთი და ჰყავს, თუმცა მისი ერთადერთი ღვიძლი და გარდაცვლილია. გარდა ამისა, მამის პირველი ქორწინებიდან მართა ლოპესთან, მაქსიმას ჰყავს სამი უფროსი ნახევარ-დაც. მას სახელი დიდი ბებიის, მაქსიმა ბონორინო გონსალესის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მის დაბადებამდე ექვსი წლით ადრე გარდაიცვალა. როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან იგი მაღალი სოციალური კლასის წევრთა შთამომავალია. მისი პაპა-ბებიები არგენტინაში გამოჩენილი მიწათმფლობელები, პოლიტიკოსები და დიქტატორები იყვნენ.

მაქსიმა სორეგიეტა 1977 წელს, 6 წლის ასაკში

იგი ბუენოს-აირესის ელიტურ უბანში აღიზარდა და დაწყებითი განათლება ორენოვან ნორთლენდის სკოლაში მიიღო. 1995 წელს მან უმაღლესი განათლების მიღება დაასრულა და აიღო არგენტინის პონთიფიკატის კათოლიკური უნივერსიტეტის ეკონომისტის დიპლომი. ამ კერძო უნივერსიტეტს მის დროს ადგილობრივი ეპისკოპოსები მართავდნენ, მათ შორის იყო რომის პაპი ფრანცისკეც, რომელიც არგენტინელია და იქ ხორხე მარიო ბერგოლიოს სახელით იყო ცნობილი.

1989-1990 წლებში, ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს იგი ერთ-ერთ სოლიდურ კომპანიაში მუშაობდა. 1992-1995 წლებში იგი ბუენოს-აირესის SA-ს გაყიდვების განყოფილებაში მუშაობდა, რა დროსაც მან კვლევა ჩაატარა ფინანსური ბაზრების შესახებ. 1996-1998 წლებში იგი ამერიკაში გადასახლდა, სადაც ნიუ-იორკში HSBC-ში მუშაობდა, რა დროსაც ეკავა ლათინური ამერიკის ინსტიტუციური გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შემდეგ, 1999 წლამდე იგი ნიუ-იორკში ბენზინის განვითარებადი ბაზრების განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2000-2001 წლებში იგი ბელგიაში, ბრიუსელში გადასახლდა, სადაც მუშაობდა გერმანიის სახელმწიფო ბანკში. გარდა ამისა, ბრიუსელში იგი მუშაობდა ინგლისურისა და მათემატიკის მასწავლებლად დაწყებით კლასებში.

ურთიერთობა ვილემ-ალექსანდერთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმა სორეგიეტა და პრინცი ვილემ-ალექსანდერი 2001 წელს

1999 წელს სევილიაში, ესპანეთში, მაქსიმა შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს, ნიდერლანდების პრინც ვილემ-ალექსანდერს. ორივე მათგანი აქ სევილიის საგაზაფხულო ბაზრობაზე იყო ჩასული. როგორც შემდგომში მან ინტერვიუში განაცხადა, თავდაპირველად არ იცოდა, რომ ალექსანდერი პრინცი იყო. რამდენიმე შეხვედრის შემდეგ ვილემ-ალექსანდერმა უთხრა, რომ იგი არა უბრალო პრინცი, არამედ ორანის პრინცი და ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრე იყო. სევილიაში ისინი შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის შემდეგ კვლავ შეხვედრილიყვნენ ნიუ-იორკში, რაც ასეც მოხდა. მათი სასიყვარულო ისტორია სწორედ ნიუ-იორკიდან იწყება, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვილემ-ალექსანდერი მას მშობლებს არ აცნობდა.

წყვილის ურთიერთობასა და საბოლოოდ საქორწინო გეგმებს უკმაყოფილება მოჰყვა ნიდერლანდებში, რადგან მაქსიმას მამა, ხორხე სორეგიეტა არგენტინის დიქტატორის მინისტრი იყო, ეს კი ინტერესთა კონფლიქტს იწვევდა. მამამისი მინისტრად მხოლოდ ე.წ. ბინძური ომის დაწყებისას დაინიშნა, რასაც მოჰყვა საშინელი რეპრესიები და არგენტინაში შვიდწლიანი სამხედრო დიქტატურის დამყარება, რომელმაც 10,000-30,000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დედოფალ ბეატრიქსის მოთხოვნით ჰოლანდიელმა პროფესორმა მიჩელ ბაუდმა, რომელიც ლათინოამერიკის ექსპერტია, ჩაატარა კვლევა მაქსიმას მამის მონაწილეობის შესახებ ბინძურ ომში. ხორხე სორეგიეტა ირწმუნებოდა, რომ თავისი მინისტრობის პერიოდში იგი სამოქალაქო პირთა მხარეს იყო. როგორც ბაუდის კვლევამ დაადგინა, სორეგიეტა არ მონაწილებდა არცერთ იმ სასტიკ ჟლეტასა თუ რეპრესიაში, რომელიც ამ ომის პერიოდში განხორციელდა. ამის გამო, ის ფაქტი, ხორხე სორეგიეტა დაესწრებოდა თუ არა მათ ქორწილს რამდენიმე თვის განმავლობაში იყო განხილვის საგანი.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსიმასა და ვილემ-ალექსანდერის ქორწილის ფოტო

2001 წლის 30 მარტს ოფიციალურად გახდა ცნობილი მაქსიმასა და ვილემ-ალექსანდერის ნიშნობის ამბავი. ამ დროს მაქსიმამ ხალხ ჰოლანდიურ ენაზე მიმართა ტელევიზიის საშუალებით. 2001 წლის 17 მაისს მიენიჭა ნიდერლანდების მოქალაქეობაც. ამის შემდეგ გამოიცა სპეციალური სამეფო ბრძანებულება, რის მიხედვითაც მას აქვს ორმაგი მოქალაქეობა: არგენტინისა და ნიდერლანდების.

2002 წლის 2 თებერვალს ამსტერდამში, ბეურს ვან ბერლაგის კათედრალში შედგა მაქსიმა სორეგიეტასა და პრინცი ვილემ-ალექსანდერ ორანელის ქორწინება. მიუხედავად იმისა, რომ ვილემი კალვინისტია, ქორწინების შემდეგაც კი მაქსიმა კათოლიკედ დარჩა.

მაქსიმა და მისი ქმარ-შვილი 2013 წელს, დედოფალ ბეატრიქსის ტახტიდან გადადგომის შემდეგ ესალმება ხალხს

მაქსიმას მშობლები მათ ქორწილს არ დასწრებიან. მამამისს, ხორხე სორეგიეტას განუცხადეს, რომ სამხედრო დიქტატურის მინისტრობის გამო ვერ შეძლებდა ამ ღონისძიებაზე დასწრებას, რადგან ამით ნიდერლანდები არგენტინის მთავრობას გააღიზიანებდნენ, მაქსიმას დედამ კი ქმრის გარეშე ქორწილში მისვლაზე უარი განაცხადა.

დედოფლობა და აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 30 აპრილს მისი დედამთილი, დედოფალი ბეატრიქსი ტახტიდან გადადგა თავისი ვაჟის, ვილემ-ალექსანდერის სასარგებლოდ, რითაც მაქსიმა დედოფალი გახდა. ახალ ამპლუაში იგი განსაკუთრებულად ინტერესდება ემიგრანტების ნიდერლანდურ კულტურაში ინტეგრაციით. იგი იყო სპეციალური საბჭოს პრეზიდენტი, რომელმაც პარლამენტს რეკომენდაცია გაუწია ქვეყანაში ქალი ემიგრანტების მიღების შესახებ. იგი ასევე ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს იმიგრანტებისათვის ნიდერლანდური ენის სწავლას, რათა შემდგომში მათ ადვილად მოახდინონ საზოგადოებასთან ასიმილაცია. თავად დედოფალ მაქსიმასათვის ნიდერლანდური მშობლიური ესპანურისა და საერთაშორისო ინგლისურის შემდეგ მესამე ენაა. გარდა ამისა, სასაუბრო დონეზე იცის ფრანგულიც.

ნიდერლანდების მეფე-დედოფალი 2016 წელს სამეფო ტახტზე

იგი აქტიურად მონაწილეობს ნიდერლანდების წარმომადგენელთა ღონისძიებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჯერ კიდევ 2004 წლის 20 ოქტომბერს იგი ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს წევრი გახდა, რომელიც არის ქვეყნის უმაღლესი საკონსულტაციო ორგანო და ადმინისტრაციული სასამართლო. 2003-2005 წლებში იყო ეთნიკური უმცირესობების ქალთა კომიტეტის თავმჯდომარე. გარდა ამისა, მას მაღალი თანამდებობა უკავია ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის მრავალფეროვნებისა და ინტეგრაციის მართვის კათედრის მმართველთა საბჭოში. იგი ქმართან ერთად არის ორანის საქველმოქმედო ფონდის მფლობელი. ამას გარდა, მაქსიმა ხელმძღვანელობს თავისი განსვენებული მამამთილის, პრინცი კლაუს ფონ ამსბერგის სამეურვეო საბჭოს სოციალური კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის განვითარებისა და თანასწორობის საკითხებში. არაერთი ლექცია ჩაატარა უტრეხტის უნივერსიტეტშიც.

დედოფალი მაქსიმა

დედოფალი მაქსიმა მსოფლიო სამეფო ოჯახების წევრებიდან ერთ-ერთია, რომელიც მთელს მსოფლიოში იცავს ლგბტ პირების უფლებებს და ღიად უცხადებთ მათ მხარდაჭერას. ნიდერლანდების სამეფო ოჯახიდან იგი პირველია, რომელიც დაესწრო ლგბტ უფლებების კონფერენციას, რომელიც 2008 წლის 5 მარტს გაიმართა.

2010 წლიდან იგი განსაკუთრებულად დაინტერესდა ქვეყანაში განათლების დონის აწევით. ამის გამო იგი ყურადღებას ამახვილებს ფინანსების სწორად განკარგვაზე და ცდილობს დააფინანსოს ხელმოკლე ახალგაზრდებისა და ბავშვების განათლება. ამავდროულად, იგი მეთვალყურეობს „დედოფლის ფინანსების პლატფორმის“ ფუნქციონირებას, რომელსაც ევალება მოსახლეობაში ფინანსებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და მათთვის კონსულტაციის გაწევა.

2015 წლის 10 ივნისიდან დედოფალი მაქსიმა არის მუსიკის სამეფო აკადემიის კათედრის საპატიო წევრი. ამის შემდეგ დედოფალი მაქსიმა ვალდებულია, რომ რაც შეიძლება მეტ ბავშვს მისცეს მუსიკალური განათლების საშუალება, საჭიროების შემთხვევაში კი იგი ამას საკუთარი ფონდიდან აფინანსებს.

დედოფალი მაქსიმა ასევე არის საწარმოო და ფინანსური კომიტეტის წევრი. ამის შემდეგ დედოფალი უზრუნველყოფს დამწყები და მცირე ბიზნესმენების საქმიანობის დაწყებისა და უკვე დაწყებულის წახალისებას. იგი აგრეთვე მუშაობს ქალი მეწარმეების რაოდენობისა და ნიდერლანდებში ბიზნესის მასშტაბების გაზრდაზე.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი სურათი დაიბადა წოდება
კატარინა ამალია Wassenaar, najaar 2014, de Prinses van Oranje.jpg 7 დეკემბერი, 2003,

ჰააგა, ნიდერლანდები

ორანის პრინცესა და ნიდერლანდების ტახტის პირველი მემკვიდრე
ალექსია Princess Alexia Juliana Marcela Laurentien (2019).jpg 26 ივნისი, 2005,

ჰააგა, ნიდერლანდები

ნიდერლანდების ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე
არიანა Princess Ariane Wilhelmina Máxima Ines (2019).JPG 10 აპრილი, 2007,

ჰააგა, ნიდერლანდები

ნიდერლანდების ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christoph Driessen: Geschichte der Niederlande. Von der Seemacht zum Trendland. Regensburg 2009, S. 256.
  • Het Koninklijk Huis (Memento des Originals vom 3. Mai 2013 im Internet Archive) i Info: Der Archivlink wurde automatisch eingesetzt und noch nicht geprüft. Bitte prüfe Original- und Archivlink gemäß Anleitung und entferne dann diesen Hinweis. (häufig gestellte Fragen; abgerufen am 2. Mai 2013)
  • Königlicher Beschluss vom 25. Januar 2002: Offizielle Bekanntmachung Staatsblad 2002 Nr. 41 (abgerufen am 6. Mai 2013)
  • Wird Prinzessin Máxima Königin? (Memento des Originals vom 3. Mai 2013 im Internet Archive)
  • Acevedo, Edberto Oscar; en "La Revolución de Mayo en Salta" (Ed. EUCaSa, Salta, República Argentina, año 2010). ISBN 978-950-623-064-7
  • Goyenechea, Mauricio, con la Fundación Vasco-Argentina Juan de Garay, en "Los vascos en la Argentina. Familias y protagonismo" (Ed. Fundación Vasco Argentina "Juan de Garay", 991 págs., año 2006).
  • Pardo de Guevara y Valdés, Eduardo, y el Instituto Padre Sarmiento de Estudios Gallegos de Santiago de Compostela, Xunta de Galicia; en "Actas de la XI Reunión Americana de Genealogía. España y América, un escenario común" (Santiago de Compostela, año 2002). ISBN 84-00-08336-9
  • Udaondo, Enrique; en "Diccionario Biográfico Colonial Argentino" (Institución Mitre, Ed. Huarpes, año 1945).