ელეონორ დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელეონორ დე ბურბონი
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 23 ნოემბერი, 1606
მმართ. დასასრული: 20 თებერვალი, 1618
წინამორბედი: ლუიზ დე კოლინი
მემკვიდრე: ამალია ფონ სოლმს-ბრაუნფელზი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 აპრილი, 1587
გარდ. თარიღი: 20 იანვარი, 1619, (31 წლის)
მეუღლე: ფილიპ ვილჰელმი, ორანჟ-ნასაუს პრინცი
დინასტია: ბურბონები
მამა: ანრი I, კონდეს პრინცი
დედა: შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალი

ელეონორ დე ბურბონი (ფრანგ. Éléonore de Bourbon, ნიდერლ. Eleonora van Bourbon; დ. 30 აპრილი, 1587 — გ. 20 იანვარი, 1619) — ბურბონთა დინასტიის კონდეს შტოს წარმომადგენელი. კონდეს პრინც ანრი I-ისა და მისი ცოლის, შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთისა და ნავარის მეფე ანრი IV-ის ბიძაშვილი. ორანჟისა და ნასაუს პრინცესა 1606-1618 წლებში როგორც ფილიპ ვილჰელმ ორანჟელის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელეონორი დაიბადა 1587 წლის 30 აპრილს საფრანგეთში. იგი იყო კონდეს პრინც ანრი I-ისა და მისი მეორე მეუღლის, შარლოტ კატრინ დე ლა ტრემუალის უფროსი ქალიშვილი. მისი დაბადებიდან ორ წელიწადში, 1589 წელს მამამისი გარდაიცვალა, დედამისი კი მის მოწამვლაში დაადანაშაულეს და დააპატიმრეს, რა დროსაც დაიბადა ელეონორის ძმა, კონდეს პრინცი ანრი II.

1606 წლის 23 ნოემბერს ელეონორი მიათხოვეს 51 წლის ორანჟ-ნასაუს პრინც ფილიპ ვილჰელმს. მათი ქორწინება ფონტენბლოს სასახლეში, პარიზში შედგა.

1611 წლის 25 ოქტომბერს ელეონორს ჰააგაში მისი რძალი, შარლოტ მარგარიტა დე მონმორანსი ესტუმრა. ნიდერლანდების გენერალური შტატების წევრებისაგან, ახალგაზრდა ქალბატონებმა თხუთმეტი საჩუქარი მიიღეს, რის შემდეგაც კონდეს პრინცესამ დატოვა ჰოლანდია და კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა თავის ქმართან.

ელეონორას ღრმად სწამდა ასტროლოგიის, რის გამოც იგი ყოველ თვე უამრავ ასტრონომს ქირაობდა, რაც 12, 000 გელდერი უჯდებოდა. ელეონორზე განსაკუთრებულად დიდი გავლენა ჰქონდა ჰაარლემელ წინასწარმეტყველს, რომლის რჩევებითაც იგი გენერალური შტატების რამდენიმე წარმომადგენელს დაუახლოვდა.

იგი ასევე დიდ ფულსა და ენერგიას ხარჯავდა ძვირადღირებული ნაჭრების, ქსოვილების, ნაქარგების, სამკაულებისა და ავეჯის შეძენაზე, რომელიც ამსტერდამში აზიური ქვეყნებიდან ჩაჰქონდათ. ცნობილია, რომ ერთხელ მან რამდენიმე კილომეტრ სიგრძის ძვირფასი ნაჭერი კი შეიძინა.

1618 წელს ელეონორის ქმარი ფილიპ ვილჰელმი გარდაიცვალა და ვინაიდან მას და ელეონორს შვილები არ ჰყოლიათ, ტახტზე მისი ნახევარ-ძმა მორისი ავიდა.

ელეონორი გარდაიცვალა 1619 წლის 20 იანვარს, 31 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]