ამალია ცუ ზოლმს-ბრაუნფელსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამალია ცუ სოლმს-ბრაუნფელზი
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 23 აპრილი, 1625
მმართ. დასასრული: 14 მარტი, 1647
წინამორბედი: ელეონორ დე ბურბონი
მემკვიდრე: მერი სტიუარტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 31 აგვისტო, 1602
გარდ. თარიღი: 8 სექტემბერი, 1675, (73 წლის)
მეუღლე: ფრედერიკ ჰენდრიკი, ორანის პრინცი
შვილები: ცხრა შვილი
მამა: იოჰან ალბერტ I, სოლმს-ბრაუნფელზის გრაფი
დედა: აგნესა ფონ საინ-ვიტგენშტაინი
რელიგია: პროტესტანტობა

ამალია ცუ სოლმს-ბრაუნფელზი (გერმ. Amalie zu Solms-Braunfels, ნიდერლ. Amalia van Solms-Braufels; დ. 31 აგვისტო, 1602 — გ. 8 სექტემბერი, 1675) — გერმანელი არისტოკრატი. ორანის პრინცესა 1625-1647 წლებში როგორც ფრედერიკ ჰენდრიკ ორანელის მეუღლე. ინგლისის მეფე უილიამ III-ის ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია 1650 წელს

ამალია დაიბადა 1602 წლის 31 აგვისტოს გერმანიაში. იგი იყო სოლმს-ბრაუნფელზის გრაფ იოჰან ალბერტ I-ისა და მისი მეუღლის, აგნესა ფონ საინ-ვიტგენშტაინის ქალიშვილი. მან ბავშვობა და-ძმებთან ერთად გაატარა ბრაუნფელზის სასახლეში.

18 წლის ამალია ბოჰემიის დამხობილ დედოფალ ელიზაბეთ სტიუარტს, ფრიდრიხ V-ის მეუღლეს გაჰყვა ჰააგაში. აქ მან გაიცნო თავისი მეორე თაობის ბიძაშვილი, ორანის პრინცი ფრედერიკ ჰენდრიკი. 1625 წლის 4 აპრილს ამალია და ფრედერიკი დაქორწინდნენ. ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში ფრედერიკის ნახევარ-ძმა, პრინცი მორიცი გარდაიცვალა და ფრედერიკ ჰენდრიკი ორანის პრინცი გახდა.

ამალიას დიდი გავლენა ჰქონდა ქმარზე და მაშასადამე პოლიტიკაზეც. ჰააგას სამეფო კარზე ამალია ხშირად აწყობდა საზეიმო ღონისძიებებს. მთელი ნიდერლანდების მასშტაბით მათ არაერთი სასახლე ააგეს, რომელთაგან მხოლოდ ორი დაინგრა. ასევე მის სახელს მიეწერება თავისი უფროსი ქალიშვილის, ლუიზა ჰენრიეტას დაქორწინება ბრანდენბურგისა და პრუსიის ჰერცოგზე. გარდა ამისა, ამალიამ თავისი უფროსი ვაჟი, ვილემი დააქორწინა ელიზაბეთ სტიუარტის ძმის, ინგლისის მეფე ჩარლზ I-ის უფროს ქალიშვილ მერი სტიუარტზე, რომელთა ვაჟი, უილიამ III შემდეგში ინგლისის მეფე გახდა.

1647 წლის 14 მარტს ამალია დაქვრივდა, რის შემდეგაც ტახტი მისმა მცირეწლოვანმა ვაჟმა დაიკავა, რომლის რეგენტიც ამალია გახდა. 1649 წელს მან მოლაპარაკებები დაიწყო ესპანეთის მეფე ფილიპე IV-თან, რომლისგანაც ტრაუნჰაუტის ტერიტორია მიიღო.

ამალიამ უკანასკნელი წლები ჰააგას სამეფო კარზე გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1675 წლის 8 სექტემბერს, 73 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს მისი ქმრის გვერდით.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამალია თავის ქმართან და ქალიშვილებთან ერთადმ

ამალიასა და ფრედერიკ ჰენდრიკს სულ ცხრა შვილი შეეძინათ:

  1. ვილემ II (1626-1650), ორანის პრინცი 1647-1650 წლებში. ცოლად შეირთო მერი ინგლისელი, რომელთანაც შეეძინა ორანის პრინცი, ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის მეფე უილიამ III;
  2. ლუიზა ჰენრიეტა (1627-1667), ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგისა და პრუსიის ჰერცოგ ფრიდრიხ ვილჰელმს, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი;
  3. ჰენრიეტა ამალია (1628), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  4. ელიზაბეთი (1630), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  5. იზაბელა შარლოტა (1632-1642), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  6. ალბერტინა აგნესა (1634-1696), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დიეცის პრინც ვილემ ფრედერიკს, რომელთანაც შეეძინა სამი შვილი;
  7. ჰენრიეტა კათარინა (1637-1708), ცოლად გაჰყვა ანჰალტ-დესაუს მთავარ იოჰან გეორგ II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;
  8. ჰენდრიკ ლოდევიკი (1639), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  9. მარია (1642-1688), გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Harry Gerber: Amalie, Prinzessin von Oranien. In: Neue Deutsche Biographie (NDB). Band 1, Duncker & Humblot, Berlin 1953, ISBN 3-428-00182-6, S. 238 f.
  • Arthur Kleinschmidt: Amalie von Oranien, geborene Gräfin zu Solms-Braunfels. Ein Lebensbild. Johannes Räde, Berlin 1905 (mit Ahnentafeln).
  • Pieter Lodewijk Muller: Amalie von Oranien. In: Allgemeine Deutsche Biographie (ADB). Band 34, Duncker & Humblot, Leipzig 1892, S. 572–575.
  • Uwe Schögl (Red.): Oranien. 500 Jahre Bildnisse einer Dynastie aus der Porträtsammlung der Österreichischen Nationalbibliothek, Wien und der Niederländischen Königlichen Sammlung Den Haag. (Ausstellung vom 1. Februar bis 19. März 2002, Camineum der Österreichischen Nationalbibliothek, Wien). Österreichische Nationalbibliothek u. a., Wien 2002, ISBN 3-01-000028-6, S. 67–69.