ანა საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ანა საქსონიელი
Avsachsen.jpg
ორანის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 25 აგვისტო, 1561
მმართ. დასასრული: 22 მარტი, 1571
წინამორბედი: ანა ვან ეგმონტი
მემკვიდრე: შარლოტ დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 23 დეკემბერი, 1544
გარდ. თარიღი: 18 დეკემბერი, 1577, (32 წლის)
მეუღლე: ვილემი, ორანის პრინცი
შვილები: ხუთი შვილი
დინასტია: ვეტინები
მამა: მორისი, საქსონიის კურფიურსტი
დედა: აგნესა ჰესენელი
რელიგია: ლუთერანიზმი

ანა საქსონიელი (გერმ. Anna von Sachsen, ნიდერლ. Anna van Saksen; დ. 23 დეკემბერი, 1544, დრეზდენი, საქსონია — გ. 18 დეკემბერი, 1577, დრეზდენი, საქსონია) — ვეტინთა დინასტიის წარმომადგენელი. საქსონიის კურფიურსტ მორისის ქალშვილი. ორანის პრინცესა 1561-1571 წლებში როგორც ვილემ ორანელის მეორე ცოლი და მისი ხუთი შვილის დედა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანა დაიბადა 1544 წლის 23 დეკემბერს დრეზდენში. იგი იყო საქსონიის კურფიურსტ მორისისა და მისი ცოლის, აგნესა ჰესენელის უფროსი ქალიშვილი.

1553 წელს, ანას მამა გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი მისმა ძმამ, ავგუსტმა დაიკავა. სულ რამდენიმე თვეში ანას დედა ცოლად თავისი პირველი ქმრის ბიძაშვილს, თიურინგიის ლანდგრაფ იოჰან ფრიდრიხ II-ს გაჰყვა ცოლად. თავად ანა ძმის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა დრეზდენის სამეფო კარზე. აღსანიშნავია, რომ მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა თავის რძალ ანა დანიელთან.

1556 წელს ანას პაპამ მისი გათხოვების წინადადება წამოჭრა. მისი ძმა მის დაქორწინებას მხოლოდ პროტესტანტ მამაკაცზედასთანხმდა, რის გამოც მის საქმროდ ძირითადად შვედი და გერმანელი დიდებულები მოიაზრებოდნენ. მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა 1558 წელს, მას შემდეგ რაც ორანის პრინც ვილემის მეუღლე, ანა ვან ეგმონტი გარდაიცვალა. მალევე დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები, რასაც 1559 წელს ნიშნობა, ხოლო 1561 წელს ანა საქსონიელისა და ვილემ ორანელის ქორწინება მოჰყვა.

მათი ქორწინება მიზნად ისახავდა ორანის, ჰესენისა და საქსონიის პროტესტანტული კავშირის შექმნას კათოლიკური ქვეყნების წინააღმდეგ. მართალია წყვილს ქორწინებაში ხუთი შვილი შეეძინა, მაგრამ მათი კავშირი უბედური იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ანას ვილემის პირველი ქორწინებიდან ორი გერიც ჰყავდა. ვილემი მთლიანად ანტიჰაბსბურგულ კამპანიასა და ქვეყნის ესპანელებისაგან განთავისუფლებაზე იყო გადართული, რის გამოც ანას ყურადღებას საერთოდ არ აქცევდა, რამაც მათ ქორწინებაში სერიოზული ბზარები გააჩინა.

1567 წელს ანამ ვაჟი გააჩინა, რომელსაც მამამისის პატივსაცემად მორისი დაარქვა. ამის შემდეგ ვილემი ალბას ჰერცოგის წინააღმდეგ საომრად წავიდა და ანა მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1569 წელს ნახა, რის შემდეგაც ანამ მეხუთე ბავშვი გააჩინა, რის შემდეგაც ვილემმა იგი კვლავ დატოვა.

1570 წლის მაისში ანამ იან რუბენსი გაიცნო, გამოჩენილი მხატვრის, პეტერ პაულ რუბენსის მამა. ანა და იანი მალევე დაახლოვდნენ და ამავე წლის ზაფხულში რომანიც გააჩაღეს, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და იგი დაორსულდა. ვინაიდან ვილემს ანა ბოლო თვეების განმავლობაში ნანახიც კი არ ჰყავდა, ორსულობამ რომანს ფარდა ახადა. 1571 წლის მარტში ანამ უკანონო გოგონა გააჩინა, რომლის დაბადებიდან რამდენიმე დღეში, 22 მარტს ვილემი ოფიციალურად გაეყარა ანას. აღსანიშნავია, რომ განქორწინების მიზეზად არა ღალატი, არამედ ანას ფსიქიკური მდგომარეობა დასახელდა.

განქორწინების შემდეგ ანა მშობლიურ საქსონიაში დაბრუნდა და დრეზდენში დასახლდა. სწორედ აქ გაატარა მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები და გარდაიცვალა 1577 წლის 18 დეკემბერს, 32 წლის ასაკში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანას თავის ქმართან ჰყავდა ხუთი საერთო შვილი:

  1. ანა (1562), დაიბადა მკვდარი;
  2. ანა (1563-1588), ცოლად გაჰყვა ნასაუ-დილენბურგის გრაფ ვილჰელმ ლუდვიგს, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
  3. მორიც ავგუსტი (1564-1566), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. მორიცი (1567-1625), ორანის პრინცი 1618-1625 წლებში, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  5. ემილია (1569-1629), ცოლად გაჰყვა ინფანტ მანუელ პორტუგალიელს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი;

ანას თავისი საყვარლისგან ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:

  1. კრისტინა ვან დიეცი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Hellmut Kretzschmar. Anna: New German Biography. Volume 1, Duncker & Humblot, Berlin, 1953, ISBN 3-428-00182-6, p. 302
  • Hans Kruse. William of Orange and Anna of Saxony. A princely marriage tragedy of the 16th Century: Annals of Nassau, 54, 1934, pp. 1–134
  • Otto Rombach. Anna of Orange. 1960
  • Martin Spies. The portraits of Anne of Saxony: Annals of Nassau, 116, 2005, pp. 237–248
  • Hans-Joachim Böttcher: Anna Prinzessin von Sachsen 1544 – 1577. Dresdner Buchverlag, 2013. ISBN 978-3-941757-39-4.
  • Ingrun Mann. Anna of Saxony: The Scarlet Lady of Orange. Winged Hussar Publishing, 2017. ISBN 978-0996365727.
  • Femke Deen: Anna van Saksen. Verstoten bruid van Willem van Oranje. Atlas Contact, Amsterdam 2018. ISBN 978-9045024721.