ილია ზდანევიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ილია ზდანევიჩი
Илья Зданевич.jpg
დაიბადა 21 აპრილი, 1894(1894-04-21)[1] [2] [3]
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 25 დეკემბერი, 1975(1975-12-25)[1] [2] (81 წლის) ან 25 სექტემბერი, 1975(1975-09-25)[3] (81 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი

ილია ზდანევიჩი, ფსევდონიმი ილიაზდი (დ. 21 აპრილი, 1894, თბილისი, რუსეთის იმპერია — გ. 25 დეკემბერი, 1975, პარიზი, საფრანგეთი) — პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი ფუტურისტი, მწერალი, პოეტი, მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ზდანევიჩის მამა მიხეილი პოლონელი იყო, ფრანგული ენის მასწავლებელი, ხოლო დედა ვალენტინა — ქართველი, პიანისტი, პეტრე ჩაიკოვსკის მოსწავლე, გვარად გამყრელიძე.

1917 წელს დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ზდანევიჩს თავის ძმა კირილთან (ასევე ცნობილი მხატვარი და ხელოვნებათმცოდნე) ერთად დიდი წვლილი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობაში. მათი აქტიური მონაწილეობით ფიროსმანის ნამუშევრები მოსკოვში გამოფინეს.

1915-1917 წლებში მუშაობდა პეტროგრადის გაზეთ „რეჩის“ და ბრიტანეთის სამხედრო კორესპონდენტად, სადაც გაიცნო მორგან ფილიპს პრაისი, რომელთანაც უკანასკნელის გარდაცვალებამდე, 1973 წლამდე ჰქონდა ურთიერთობა.

1917 წლის მაისში პეტროგრადიდან თბილისში გადავიდა, ხოლო შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილის მიწვევით მონაწილეობა მიიღო თბილისის უნივერსიტეტის ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების მიერ ორგანიზებულ ტაო-კლარჯეთის ექსპედიციაში, რომელშიც ასევე მონაწილეობდა მხატვარი ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, დიმიტრი შევარდნაძე და ასევე ინჟინერი ანატოლი კალგინი. ექსპედიციის დროს აზომა და ჩახატა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლები. 1921 წელს ეს მასალა გამოფინა პარიზის დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, ხოლო ბიზანტინისტთა ყოველწლიურ ყრილობაზე მონაწილეობისას ცდილობდა მსმენელთა ინტერესი აღეძრა თურქეთის ტერიტორიაზე მოხვედრილი ამ ძეგლებისადმი[4].

ექსპედიციის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში დიმიტრი ბაქრაძის ქუჩაზე დედასთან ერთად, შემდეგ — ბათუმში, კონსტანტინოპოლში გამგზავრებამდე.

თბილისში 1917 წელს პირველი კაფე-კლუბი „ფანტასტიკური სამიკიტნო“ გაიხსნა, — აქ ილია ზდანევიჩმა მეგობრებთან ერთად ფუტურიზმის შემსწავლელი სახლი დააარსა, მანვე კაფის კამარის მარჯვენა მხარე მოხატა. გრიგოლ რობაქიძე ილია ზდანევიჩისა და თბილისის ურთიერთობა ასე აღწერდა:

ვიკიციტატა
„ტფილისი უცნაური ქალაქია, ხოლო 1919–1920 წლებში კიდევ უფრო გაუცნაურდა. გამორეკილი თუ გამოქცეული რუსები თავს აქ აფარებდნენ... ვინ არ იყო მაშინ ტფილისში? ფუტურისტებმაც აქ გადადგეს ნაბიჯი დადაიზმისკენ. მათ შექმნეს ორგანო „41 გრადუსი“. ტფილისშივე იყო ილია ზდანევიჩი, დიდებული იყო, როცა კაფეებში თავის სმერტ გაპპოს-ს კითხულობდა...“

1920 წლის ოქტომბერში გაემგზავრა საფრანგეთში, რათა ხელოვნების ახალ მიღწევებს გასცნობოდა. საფრანგეთის ვიზის მოლოდინში ერთი წელი გაატარა კონსტანტინოპოლში, სადაც სწავლობდა აია-სოფიის ტაძრის არქიტექტურას. 1921 წლის ოქტომბერში ჩავიდა პარიზში.

1927 წლიდან მუშაობდა ქსოვილის დიზაინერად „ბლექ-ბელერის“ ფირმაში, რომელიც 1928 წლიდან გადავიდა ფირმა „შანელის“ კუთვნილებაში. ზდანევიჩი მუშაობდა პარიზთან ახლოს მდებარე ქალაქ ანერ-სიურ-სენის გარეუბანში მდებარე ქარხანაში. 1931 წლიდან გახდა ამ ქარხნის დირექტორი, ხოლო 1933-1937 წლებში ამ ფირმის დირექტორია. 1928 წლიდან ცხოვრობდა ქალაქ სანუაში, რომელიც ამჟამად პარიზის გარეუბანია.

პარიზში გამოვიდა მისი სამი პოეტური კრებული (1923, 1948 და 1949 წლებში).

ილია ზდანევიჩი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი პირველი მეუღლე იყო მოდელი აქსელ ბროკარი, რომელთანაც შეეძნა ორი შვილი. 1927 წელს დაიბადა მათი პირველი შვილი მიშელი, რომლის ნათლიაც იყო კოკო შანელი. პირველი ქორწინება დასრულდა 1939 წელს. მისი მეორე მეუღლე გახდა ნიგერიელი პრინცესა იბირონკე აკინსემოინი, რომელთანაც იქორწინა 1940 წელს, მათ შეეძნათ შვილი, რომელსაც დაარქვეს შალვა. 1943 წელს საოკუპაციო ხელისუფლებამ იბირონკე ბანაკში გამოკეტა. ბანაკიდან გათავისუფლების შემდეგ იგი დაავადდა და გარდაიცვალა[5].

ილია ზდანევიჩის მესამე და უკანასკნელი მეუღლე იყო კერამიკის მხატვარი ელენე დუარ-მარე (გარდაიცვალა 1993 წელს), რომელთანაც იქორწინა 1968 წელს. ელენე იცავდა ქმრის შემოქმედებით მემკვიდრეობას, აწყობდა გამოფენებს და აქვეყნებდა პუბლიკაციებს. მანვე, ილიას ანდერძის მიხედვით, წამოიწყო მეუღლის ნამუშევრების გამოფენა მის მშობლიურ თბილისში. 1989 წელს, გამოფენის დასრულების შემდეგ ელენემ მუზეუმს გადასცა მრავალი ექსპონატი: წიგნები, ხელნაწერები, წერილები, აფიშები, პლაკატები, ფოტოსურათები. მისივე ინიციატივით პარიზში შეიქმნა „ილიაზდ-კლუბი“, რომლის წევრებიც არიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურის სფეროს მოღვაწეები.

ილია ზდანევიჩი 1975 წელს საფრანგეთში გარდაიცვალა, დაკრძალულია ლევილ-სიურ-ორჟის (ლევილის) ქართულ სასაფლაოზე[6].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 482, თბ., 2002 წელი.
  • კალანდია გ., ქართველი მხატვრები და თბილისი, თბ., 2014, გვ. 38
  • Сеславинский М. В., Рандеву: Русские художники во французском книгоиздании первой половины ХХ века: альбом-каталог. — Москва: Астрель, 2009. — С. 274—281. — 504 с. — ISBN 978-5-94829-036-2.
  • Сеславинский М. В., Французские библиофильские издания в оформлении русских художников-эмигрантов (1920-1940-е годы): монография. — Москва: ИД Университетская книга, 2012. — 254, [6] с.: ил с. — ISBN 978-5-454-00003-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 RKDartists
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 The Fine Art Archive — 2003.
  4. დოლაბერიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 327.
  5. Илья Зданевич. Государственный музей изобразительных искусств им. А.С. Пушкина. ციტირების თარიღი: 2018-06-02.
  6. Поместье Левиль во Франции — возвращение, которое грузины ждали 25 лет