შინაარსზე გადასვლა

შალვა ქიქოძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქიქოძე.
შალვა ქიქოძე
სრული სახელი შალვა ქიქოძე
დაიბადა 27 მაისი, 1894
დაბადების ადგილი ბახვი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 7 ნოემბერი, 1921
გარდაცვალების ადგილი ფრაიბურგი, გერმანია
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა
გრაფიკა
კარიკატურა

შალვა გერასიმეს ძე ქიქოძე (დ. 27 მაისი, 1894, ბახვი — გ. 7 ნოემბერი, 1921, ფრაიბურგი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრის მხატვარი, ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ვერ ხმარობდა მარჯვენა ხელს და ხატავდა მარცხენა ხელით.

შალვა ქიქოძის მამა — გერასიმე ქიქოძე — კოლეგიის რეგისტრატორი იყო. შალვა ქიქოძემ საშუალო განათლება მიიღო თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში 1902-1912 წლებში. ამ პერიოდში მან რუსულიდან ქართულად თარგმნა და დაასურათა არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი, შექმნა ილუსტრაციები „ამირანის“ თქმულებისთვის, ხატავდა რეაქციონერი პედაგოგების კარიკატურებს. 1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიით შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. პარალელურად ცდილობდა ჩაბარებას მოსკოვის ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელში, სადაც საბოლლოოდ 1916 წელს ჩააბარა. 1916-1918 წლებში „შალიკოს“ ფსევდონიმით მოსკოვის სათეატრო ჟურნალში «Рампа и жизнь» აქვეყნებდა მეგობრულ შარჟებს და კარიკატურებს. მოსკოვის თეატრ-კაბარეში «Летучая мышь» მოხატა ფარდა. ფარდა ამჟამად დაცულია მოსკოვის ა. ბახშურინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში. 1916 წელს საქართველოში არდადეგების დროს მონაწილეობა დიმიტრი შევარდნაძის მიერ ჩამოყალიბებულ „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ საქმიანობაში. მონაწილეობდა ამავე საზოგადოების მიერ მოწყობილ ექსპედიციაში ნაბახტევის მხატვრობის გადმოსაღებად, შეასრულა ფრესკების პირები. ცხენით იმოგზაურა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კახეთსა და აჭარაში და მოგზაურობა აღწერა დღიურებში.

შალვა ქიქოძე, ავტოპორტრეტი

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იმავე წლის ბოლოს აირჩიეს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ მდივნად. მჭიდროდ თანამშრომლობდა ჟურნალებთან „ლახტი“, „ეშმაკის მათრახი“, „ახირებული“, „თეატრი და ცხოვრება“, „თეატრი და მუსიკა“. ქმნიდა იმ პერიოდის პოლიტიკოსების, პოლიტიკური, საზოგადოებრივი და კულტურული მოვლენების კარიკატურებს. 1918 წლიდან მუშაობდა ჯაბადარის დრამატული სტუდიის სპექტაკლების გაფორმებაზე. 1919 წელს შექმნა დეკორაციები ჯ. ჯაკოსის პიესისთვის „ვითა ფოთლების“, ბრიეს მუსიკალური დრამისთვის „სარწმუნოება“ და სხვა. 1919 წელს მონაწილეობდა სამხედრო ტაძარში მოწყობილ მასშტაბურ გამოფენაში. პრესამ ერთხმად აღნიშნა მისი ნიჭი და ქართველმა საზოგადოებამაც ახალგაზრდა მხატვარზე დიდი იმედები დაამყარა.

1920 წლის 13 იანვარს „ქართველ ხელოვანთა საზოგადოების“ სტიპენდიით სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა პარიზში. პარიზში მისი ნამუშევრები იფინებოდა არაერთ გალერეაში, მათ შორის „ლა ლიკორნსა“ და „დამოუკიდებელთა სალონში“. 1921 წელს პარიზში ლადო გუდიაშვილისა და დავით კაკაბაძის ნამუშევრებთან ერთად მოეწყო ქიქოძის სურათების გამოფენაც. მისმა სურათებმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, რაც პარიზის პრესაშიც იყო აღნიშნული. 1921 წლის ივნისში ფილტვების დაავადების გამო იგი პარიზიდან გერმანიაში გაემგზავრა საკურორტო წამლობისათვის. შალვა ქიქოძე გარდაიცვალა 1921 წლის 7 ნოემბერს 27 წლის ასაკში. იგი დაკრძალულია ქალაქ ფრაიბურგში. დავით კაკაბაძემ და გერასიმე ქიქოძემ მხატვრის ნამუშევრები საქართველოში ჩაიტანეს. 1928 წელს „ქართველ მხატვართა საზოგადოებამ“ მოაწყო ქიქოძის პერსონალური გამოფენა და გამოსცა მის ნამუშევართა კატალოგი. მისი ნამუშევრები დაცულია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში თბილისში, ასევე მოსკოვის ა. ბახშურინის სახელობის სახელმწიფო თეატრის მუზეუმში და კერძო კოლექციებში.

ქიქოძე თანამედროვე ქართული ფერწერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული ხელოვნების განვითარებაში. მისმა ნამუშევრებმა გაამდიდრა ქართული ფერწერა როგორც თემატიკურად, ასევე მხატვრული თვალსაზრისით. ქიქოძის ფერწერისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, გამომსახველობა, მკაფიო ნახატი, კოლორიტი.

ქიქოძის ნამუშევრებია: „ხევსურეთი“ (1920), „გურული ქალი დოქით ხელში“ (1921), „აჭარელი ჩადრიანი ქალები“ (1921); აგრეთვე პარიზის ცხოვრების სცენები; „ლუქსემბურგის ბაღი“ (1920), „რესტორანში“ (1921). ზოგიერთ ნაწარმოებში ქიქოძე მიმართავდა სიმბოლურ-ალეგორიულ სახეებს: „დაკარგული მეგობრის გახსენება“ (1920), საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი).

  • ციციშვილი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 456-457.
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 538.
  • ციციშვილი მ, აბესაძე ი. „შალვა ქიქოძე“, თბილისი, 2015
  • კალანდია გ., „ქართველი მხატვრები და თბილისი“, გვ. 48 თბილისი, 2014,
  • კილაძე ც., „შალვა ქიქოძე - სამი მხატვარი“, ARS GEORGICA ელ-ჟურნალი, სერია B, 2012
  • აბესაძე ი., ბაგრატიშვილი ქ., „შალვა ქიქოძე, კულტურული მემკვიდრეობა“, თბილისი, 2005
  • აბესაძე ი., „შალვა ქიქოძე“, თბილისი, 1990
  • აბესაძე ი., შალვა ქიქოძე, „საბჭოთა ხელოვნება“, 1978, № 8;
  • დაუშვილი ვ., მხატვარი შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1970, № 8.
  • ბაგრატიშვილი ქ., შალვა ქიქოძე, «საბჭოთა ხელოვნება», 1965, № 1;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: